საქმე №ას-1507-2022 30 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ.ს.ო.ვ–სი“ (ყოფილი სს „ს. და ა.მ.კ.ვ–სი“) (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.თ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქირის თანხის, პირგასამტეხლოს, კომუნალური მომსახურებისა და დაცვის საფასურის დაკისრება (სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.03.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „დ.თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი სს „მ.ს.ო.ვ–სის“ (ყოფილი სს „ს. და ა.მ.კ.ვ–სი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის თანხის 9197,41 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 2853,26 აშშ დოლარის, დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურების სანაცვლოდ - 1344 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და კომუნალური ხარჯის სანაცვლოდ - 590 ლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 01.09.2019 წელს მოსარჩელსა (მესაკუთრეს) და მოპასუხეს (დამქირავებელს) შორის დაიდო უძრავი ქონების (კომერციული ფართის) ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება. დამქირავებელს 17.07.2020 წლის ჩათვლით დროებით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ........ მდებარე შენობაში, მე-3 სართულზე 480 კვ.მ ფართი.
1.2. ხელშეკრულებით შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობები: კომერციული ფართის თითოეული კვადრატული მეტრის ქირისთვის ყოველთვიური გადასახადის ოდენობა შეადგენს 5,208 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რასაც ემატება დღგ და საერთო ჯამში გულისხმობს 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, დამატებული დღგ (5.1. პუნქტი); მესაკუთრე დამქირავებელს აწვდის 6.4. პუნქტში მითითებულ, საკუთარი შეხედულებით აუცილებლად ჩათვლილ დამატებით სერვისს; ქირის საფასურის გარდა დამქირავებელი მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდის მესაკუთრის მიერ დამატებით განხორციელებული სერვისების საფასურს (6.1 პუნქტი); მესაკუთრის მიერ დამატებით განხორციელებული სერვისები მოიცავს შემდეგ მომსახურებას: ა) ერთობლივი სარგებლობის გარე და შიდა ფართების კომუნალური მომსახურება; ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის აღჭურვისა და შენობის (გარდა ქირით გადაცემული კომერციული ფართი) უსაფრთხოების სისტემით უზრუნველყოფა); გ) საერთო სარგებლობის გარე და შიდა (გარდა ქირით გადაცემული კომერციული ფართის) ფართების დასუფთავების მომსახურება. მათ შორის, სანაგვე ყუთების განთავსება და სხვა (6.4. პუნქტი); მხარეები დამატებითი სერვისის მიწოდებისა და მიღების შესახებ აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც აღინიშნება სერვისის ოდენობა და სახეობა, რომელიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას და ჩაითვლება მის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად (6.7. პუნქტი); დამქირავებელი იხდის იმ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასურს, რომელიც მოიხმარა დაქირავებული კომერციული ფართის შიგნით, აგრეთვე - დასუფთავების მოსაკრებელი, დაქირავებული კომერციული ფართის პროპორციულად (7.1. პუნქტი); დამქირავებელს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრება ვადაგადაცილებული ვალდებულების 0,5%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (9.3. პუნქტი); მესაკუთრეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ: ა) დამქირავებელი არ გადაიხდის საანგარიშო თვის ან სისტემატური დაგვიანებით იხდის ამ ხელშეკრულების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში მითითებულ გადასახადებს (10.2. პუნქტი); მხარეთა მიერ ფორსმაჟორულ სიტუაციად განიხილება წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, ასევე, ომი, აჯანყება, ეპიდემია და სხვა ისეთი ვითარების დადგომა, რომელიც ობიექტურად ხელშემშლელია მხარეთათვის ვალდებულების შესასრულებლად (11.1 პუნქტი); ხელშეკრულების დებულებათა შეუსრულებლობა ფორსმაჟორული სიტუაციის დადგომისას არ განიხილება ვალდებულებათა შეუსრულებლობად ან დარღვევად და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, გარდა 12.3 პუნქტში აღნიშნული გარემოების ობიექტურად შესრულების შეუძლებლობისას (11.2 პუნქტი); ხელშეკრულება ძალაშია 01.09.2019 წლიდან 17.07.2020 წლის ჩათვლით (6.1 პუნქტი).
1.3. მოსარჩელე 04.09.2019 წლიდან მოპასუხეს ყოველთვიურად უგზავნიდა ინვოისებს, სადაც დამქირავებლის მიერ ყოველთვიურად ასანაზღაურებელი საიჯარო ქირისა და კომუნალური მომსახურების თანხასთან ერთად მითითებული იყო ასევე უსაფრთხოებისა და დაცვის გადასახადი. ბოლო ინვოისი შედგენილია 01.06.2020 წლის თარიღით.
1.4. ინვოისების თანახმად, გადაუხდელი საიჯარო ქირა შეადგენს 9197,41 აშშ დოლარს, ხოლო დაცვისა და უსაფრთხოების საფასური ჯამურად შეადგენს 1344 აშშ დოლარს.
1.5. მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 04.06.2020 წელს. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საიჯარო ქირის გადაუხდელობა (ხელშეკრულების 10.2. პუნქტი).
1.6. იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხე საიჯარო ქირას ვადაგადაცილებით იხდიდა და 2020 წლის თებერვლიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2853,26 აშშ დოლარს.
1.7. მოპასუხე წარმოადგენს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებას და ინდივიდუალური დაკვეთის ფარგლებში ახორციელებს ფინანსურ ანალიზებს/ფინანსური ბაზრის კვლევას.
1.8. საქართველოს ეროვნული ბანკის 14.02.2020 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოპასუხეს დროებით შეეზღუდა საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის შეზღუდვა დაკავშირებული არ არის СOVID-19 პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან.
1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2020 წლის განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა საიჯარო ფართში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ავეჯის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. განჩინების აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა აღწერა საიჯარო ფართში განთავსებული ნივთები. აღწერის შემდგომ ნივთები, 17.06.2020 წელს, მოპასუხეს გადაეცა.
1.10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი საიჯარო ქირის ნაწილში ცნო, ხოლო პაექრობის ეტაპზე - სარჩელი ცნო კომუნალური მომსახურების საფასურის ნაწილშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 3.2, 208.3 მუხლები).
1.11. სასამართლომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომლის არსებობისას შეუძლებელია ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამდენად, ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობასთან ერთად ადგილი უნდა ჰქონდეს მისით გამოწვეულ ვალდებულებათა შეუსრულებლობას. უდავოა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020 წლის №1 დეკრეტით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეზღუდათ გარკვეული უფლებები. მხარეებს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება შეიცავს ფორსმაჟორის განმარტებას, რომლის თანახმად, ერთ-ერთ ფორსმაჟორულ სიტუაციად მიიჩნევა ეპიდემიაც. ხელშეკრულება ასევე შეიცავს დათქმას, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობა უნდა აბრკოლებდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას. მხოლოდ ამ შემთხვევის დადგომისას, მხარეები თანხმდებიან, რომ ეს არ ჩაითვლება ვალდებულებათა შეუსრულებლობად და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ეპიდსიტუაციაზე მხოლოდ მითითება საკმარისი არ არის. საქმის მასალებით კი არ დასტურდება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაწესება, მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აისახა მის ბიზნეს საქმიანობაზე. უფრო მეტიც, მოპასუხის განმარტებით, იგი წარმოადგენს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებას და ინდივიდუალური დაკვეთის ფარგლებში ახორციელებდა ფინანსურ ანალიზს/ფინანსური ბაზრის კვლევას და პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური რყევების საფუძველზე, მათი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოპასუხის მიმართ გამოცემულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტს, მართალია, მის საფუძველზე მოპასუხეს დროებით შეეზღუდა საქმიანობა, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ობიექტურად დამაბრკოლებელ გარემოებად, მით უფრო ფორსმაჟორულ გარემოებად და მისგან გამომდინარე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობა განპირობებული არ ყოფილა ფორსმაჟორული ვითარებით. შესაბამისად, ადგილი აქვს ვადის გადაცილებას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე მუხლი).
1.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურების შესახებ და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხე იღებდა ამ მომსახურებას. მოპასუხე მიუთითებს, რომ მას ჰყავდა თავისი დაცვის სამსახური, ამის შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელეც და არ არსებობდა შეთავაზებული სერვისის გამოყენების საფუძველი, გარდა ამისა, ხელშეკრულება მოითხოვდა ამ სერვისზე დამატებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიუთითა, რომ მოპასუხესა და მესამე პირს შორის დამოუკიდებლად არსებული დაცვის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების არსებობა არ გამორიცხავს, რომ მოპასუხეს ესარგებლა მოსარჩელის მიერ შეთავაზებული დაცვისა და მომსახურების სერვისით. საიჯარო ფართი განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ ბიზნეს ცენტრში, სადაც შენობის პირველ სართულზე, დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურების გაწევის მიზნით, განთავსებულია დაცვის სამსახური, რომლის ერთ-ერთ ფუნქციასაც წარმოადგენს უსაფრთხოების მიზნით, ბიზნეს ცენტრში შემავალი/გამავალი ყველა პირის გაკონტროლება. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხეც. საგულისხმოა ასევე, რომ წარდგენილი ინვოისებით სხვა გადასახადებთან ერთად მოსარჩელე ითხოვდა დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურების საფასურის მოპასუხის მიერ ანაზღაურებას და ამ ფაქტს მოპასუხეც ადასტურებს. ის გარემოება, რომ, ინვოისების წარდგენის მიუხედავად, მოპასუხე არ ანაზღაურებდა დაცვისა და უსაფრთხოების მომსახურების ღირებულებას, არ გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან მის გაწევას და მოპასუხის მიერ მის მიღებას. ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული დაცვისა და მომსახურების საფასური შეადგენს 1433 აშშ დოლარს, რაც მოპასუხეს არ აქვს ანაზღაურებული.
1.13. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის 31148 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანის ფაქტის დასადასტურებლად შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ 04.06.2020 წლიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 17.06.2020 წლამდე საიჯარო ფართში შეგებებული სარჩელით მოსარჩელის არშეშვების ფაქტზე, რის გამოც, საქმიანობის შეუსრულებლობის შედეგად, მას მიადგა ზიანი. ზიანი მოიცავს იმ თანხებს, რაც ამ პერიოდში შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ გადაიხადა მესამე პირების სასარგებლოდ, თუმცა თანხის სანაცვლო მომსახურების მიღება ვერ შეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით მას უფლება ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის საფუძვლით ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. გარდა ამისა, მას ჰქონდა უფლება საიჯარო ფართში დამქირავებლის კუთვნილი ნივთების მიმართ გამოეყენებინა დაკავების უფლება სსკ-ის 568-ე მუხლიდან გამომდინარე, ხოლო მოგვიანებით, სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების აღსრულების მიზნით ნივთების აღწერის შემდგომ, ნივთები გადასცა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს. ამდენად, მისი ქმედება არ გასცდენია კანონის ფარგლებს.
1.14. სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია და სსკ-ის 568-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხეს გააჩნდა ლეგიტიმური უფლება ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ გამოეყენებინა საიჯარო ფართში არსებულ, დამქირავებლის კუთვნილ ნივთებზე დაყოვნების უფლება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლება გამქირავებელმა გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებამდე, ხოლო აღწერის შემდეგ, ნივთები კვლავ დამქირავებელს დაუბრუნდა. გარდა ამისა, შეწყვეტა ხელშეკრულების საფუძველზე, კანონის ფარგლებში განხორციელდა. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი გახდა დამქირავებლის მხრიდან საიჯარო ქირის გადაუხდელობა, რამაც გამოიწვია ფართში დამქირავებლის შეშვების აკრძალვა. სასამართლოს მითითებით, იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი, უნდა არსებობდეს ოთხი წინაპირობა, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მიზეზობრივი კავშირი შეგებებული სარჩელით მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოპასუხის ქმედების ბრალეულობა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის დავალიანების, ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს, კომუნალური მომსახურებისა და დაცვის საფასურის დაკისრების კანონიერება, ასევე - ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
9. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
10. დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქირის დავალიანებისა და კომუნალური მომსახურების საფასურის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო. ამრიგად, მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის დისპოზიციური ნების გამოვლენა და სარჩელის ნაწილობრივ ცნობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული დისპოზიციურობის პრინციპი მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი (სსსკ-ის 3.2 მუხლი). თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (სუსგ №ას-64-58-2015, 08.04.2015წ.). რადგან ქირის დავალიანებისა და კომუნალური მომსახურების საფასურის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, ამ მოქმედებას მხარე უკან ვეღარ წაიღებს - შემდგომში უარს ვერ განაცხადებს მის სამართლებრივ შედეგებზე. თავის მხრივ, სარჩელის ცნობის შემთხვევაში, საპროცესო თვალსაზრისით ფაქტობრივი გარემოებების კვლევა და მატერიალური სამართლის ნორმასთან მათი სუბსუმირების ვალდებულება აღარ არსებობს (შდრ. სუსგ №ას-1710-2019, 24.07.2020წ; №ას-1382-2022, 01.03.2023წ.). ამდენად, ქირის დავალიანებისა და კომუნალური მომსახურების საფასურის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნები, ამ ნაწილში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის პირობებში, მართებულად დაკმაყოფილდა.
11. რადგან დადგენილია ძირითადი ვალდებულების შესრულების წინაპირობა და მისი შეუსრულებლობა, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. მოპასუხე არ დაეთანხმა ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებისა და უსაფრთხოების/დაცვის გადასახადის მოთხოვნებს. როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც გაამახვილეს ყურადღება, თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ინდივიდუალური დაკვეთის ფარგლებში ახორციელებდა ფინანსურ ანალიზს/ფინანსური ბაზრის კვლევას და პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური რყევების საფუძველზე, მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო. მოპასუხეს არ დაუსაბუთებია (შესაბამისად, არც მტკიცებულებები წარუდგენია), რომ ეპიდსიტუაცია იყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოება. ვერც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოპასუხისთვის დროებით საქმიანობის შეზღუდვა ვერ გაათავისუფლებს მას სახელშეკრულებო პასუხისმგებლობისგან. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის წერილით ირკვევა, რომ მოპასუხისთვის საქმიანობის შეზღუდვა განაპირობა მის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევამ (ტ.1, ს.ფ. 137-138), რაც მოსარჩელის სახელშეკრულებო რისკად ვერ შეფასდება.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ., პ. 67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).
13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).
14. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.).
15. რაც შეეხება მოპასუხის მიერ აღძრულ შეგებებულ სარჩელს, საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას მასზე, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა, არ დასტურდება მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი. ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ ქირის გადაუხდელობის გამო შეეძლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, ამასთან, სსკ-ის 568-ე მუხლით, ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. შესაბამისად, მისი ქმედება არ გასცდენია კანონის ფარგლებს და არ იკვეთება ზიანის ანაზღაურებისათვის სსკ-ით დადგენილი წინაპირობების არსებობის ფაქტი (იხ. სუსგ №ას-1780-1758-2011, 22.01.2013წ; №ას-1741-2019, 28.07.2020წ; №ას-751-751-2018, 15.10.2020წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3399.91 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2379.94 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ს.ო.ვ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „მ.ს.ო.ვ–სის“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს თ. ო–ძის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 3399.91 ლარის (საგადასახადო დავალება №8194, გადახდის თარიღი 09.01.2023წ., გადახდილი თანხა 1813.01 ლარი; საგადასახადო დავალება №6360, გადახდის თარიღი 09.01.2023წ., გადახდილი თანხა 1586.90 ლარი) 70% – 2379.94 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია