Facebook Twitter

საქმე №ას-1309-2020 15 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კრედიტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე.ჯ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მსესხებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

- 14.09.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 968,58 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხაა 700 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 218,58 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი; 14.09.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 700 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 48%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 28 ლარს; 14.09.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 700 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,35 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა).

- 27.03.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2257,28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1800 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 357,28 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი; 27.03.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1800 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 36%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54 ლარს; 27.03.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1800 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,90 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა).

- 10.07.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 707,97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, საპროცენტო სარგებელი 154,97 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი; 10.07.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 500 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 48%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20 ლარს; 10.07.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 500 ლარზე, 20.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,25 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 14.09.2017 წელს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი T.P.C., 700 ლარიანი ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 48%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.2. 27.03.2017 წელს მსესხებელსა და კრედიტორს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T.P.C., 1800 ლარიანი ლიმიტით. წლიური საპროცენტო შეადგენდა 18%-ს კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ს - ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 10.07.2017 წელს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T.P.C., 500 ლარიანი ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 48%-ს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის დაფარვის წესი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.4. 20.09.2019 წლის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს: 1) 14.09.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1390,76 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 700 ლარი, პროცენტი - 218.58 ლარი, ჯარიმა - 472,18 ლარი. 2) 27.03.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2757,28 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1800 ლარი, პროცენტი 357.28 ლარი და ჯარიმა 600 ლარი; (3) 10.07.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 994,73 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, პროცენტი 154.97 ლარი და ჯარიმა 339,76 ლარი.

1.5. სასმართლოს განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს და სარგებლის ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის, 3000 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 208-ე მუხლები).

1.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 868-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებელი სარგებლობდა საკრედიტო ბარათებით, სხვადასხვა დროს ანგარიშიდან გაჰქონდა თანხა. დადგენილია, რომ მსესხებლმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

1.7. მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე და სარჩელი დააკმაყოფილა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

1.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სსკ-ის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი იყო შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა 14.09.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, 27.03.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 100 ლარის, ხოლო 10.07.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% და იგი შეამცირა 0,05%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 14.09.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 700 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,35 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა, 27.03.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1800 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,90 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა, ასევე 10.07.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 500 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,25 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მსესხებელმა და მოითხოვა მისი გაუქმება საპროცენტო სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის და გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხოლოდ ძირი თანხის დაკისრების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მსესხებლის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საკრედიტო ხელშეკრულებების დადების პერიოდში მოქმედი რედაქცია), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

9. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ. Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; სუსგ Nას-226-2019, 24.04.2020წ.).

10. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; №ას-1056-2021,17.12.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და მისი ოდენობა შეამცირა გონივრულ და თანაზომიერ ოდენობადე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.

11. მოპასუხისთვის დაკისრებულ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.. მოსარჩელის, როგორც საბანკო სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სსკ-ის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა (სუსგ Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; სუსგ Nას-1427-2019, 17.07.2020წ.). სადავო არ არის, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა შეწყვიტა ხელშეკრულება მასთან. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა (სუსგ Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; სუსგ Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.).

12. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია