Facebook Twitter

10 ივლისი 2023 წელი №ას-116-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრების ავტორი _ შ.პ.ს. „ა.თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ პ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბერისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეკრულებების შეწყვეტა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითადი სარჩელით); ხელშეკრულებების შეწყვეტა და თანხის დაკისრება (შეგებებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, პ.ბ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყდა მხარეებს შორის 2018 წლის 10 ივლისის აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულების, უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულებისა და იპოთეკის დადგენის შესახებ ხელშეკრულება №180817457 და 2018 წლის 16 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება №180840863; მოპასუხე შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს პირგასამტეხლოს სახით გადახდილად ჩაეთვალა ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე პ.ბ–ისათვის გადახდილი თანხა (ყოველთვიური ფულადი ვალდებულების სახით გადახდილი 182000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და მიწის ნაკვეთის შესაძენად გადახდილი 76 943 ლარი). შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს შეგებებული სარჩელი პ.ბ–ის მიმართ არ დაკმაყოფლდა. გადაწყვეტილება, როგორც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების, ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

2.1. 2022 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ჩანაწერებში, ქ.თბილისში, ........ (ყოფილი საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი, .......) მდებარე 5322 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით ..........

2.2. შუამდგომლობის დასასაბუთებლად განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: შეგებებული სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუკი არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, შესაძლებელია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, ვინაიდან თუკი მოპასუხე გაიგებს, რომ მოელის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ერთადერთმა მესაკუთრემ პ.ბ–მა შესაძლებელია ქონება გაასხვისოს მესამე პირზე, რითაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან ქონება აღარ იქნება მოპასუხის სახელზე. ამავდროულად, ქონებაზე ყადაღის დადება ვერ უზრუნველყოფს შეგებებული სარჩელის ავტორის ინტერესს, ვინაიდან პ.ბ–მა შესაძლებელია ხელოვნურად შექმნას კრედიტორული დავალიანება და მიაღწიოს სადავო ქონებაზე იძულებით აღსრულებას, მათ შორის, აუქციონის მეშვეობით, რასაც ვერ შეაჩერებს ყადაღა, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივი მდგომარეობა ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე შენარჩუნდეს უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 13 დეკემბრის გაჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში შ.პ.ს. „ა.თ–ი“- ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა:

- 2018 წლის 10 ივლისს, ერთი მხრივ, შ.პ.ს. „ა.თ–სა“ და პ.ბ–ს შორის დადებული „აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულების, უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულებისა და იპოთეკის დადგენის შესახებ“ ხელშეკრულება (№180817457) ცნობილ იქნეს შეწყვეტილად.

- 2018 წლის 16 ივლისს, ერთი მხრივ შ.პ.ს. „ა.თ–სა“ და პ.ბ–ს შორის „იპოთეკის შესახებ“ ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ო.ზ–ძის მიერ სანოტარო რეგისტრაციის ნომრით №180840863, ცნობილ იქნეს შეწყვეტილად.

- დაეკისროს მოპასუხე პ.ბ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს სასარგებლოდ მოპასუხისათვის გადაცემული და საბანკო გადარიცხვებით ჩარიცხული 327 000 აშშ დოლარი და 101 943 ლარი.

- დაეკისროს მოპასუხე პ.ბ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს სასარგებლოდ აღნაგობის ხელშეკრულების შესაბამისად შ.პ.ს. „ა.დ“-სთვის 2018 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 5 მარტამდე პერიოდში საბანკო გადარიცხვებით ჩარიცხული თანხები 270 000 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით.

3.2. 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადებაში (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ), რომლითაც მხარე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, იგი უთითებს, რომ 2022 წლის 09 დეკემბერს მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, რის გამოც მითითებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამოყენებულ იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

3.3. 2022 წლის 09 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული საჩივრის ავტორს საქმის განმხილველი შემადგენლობის მიერ განემარტა, რომ სასამართლო არსებითი გადაწყვეტილებით იმსჯელებდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხზე, ვინაიდან შესაფასებელი იყო, საჩივარში მითითებული მოთხოვნები წარმოადგენს მოთხოვნის დაზუსტებას, შემცირებას, გაზრდას თუ ა.შ.

3.4. ზემოაღნიშნული მსჯელობის, საქმის მასალებისა და განსახილველი განცხადების პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და არ იქმნებოდა საქმეზე მისაღების გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ვარაუდი. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ემსახურებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს. წარმოდგენილი განცხადებით უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროება არ დასტურდებოდა, რის გამოც შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. 2020 წლის 13 დეკემბრის განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელ ხ.გ–ს ჩაბარდა 2022 წლის 15 დეკემბერს (იხ. ტ.7, ს.ფ. 177). 2022 წლის 19 დეკემბერს შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს წარმომადგენელმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარმოადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა არ აღძრულა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების გამო, როგორადაც ეს მიიჩნია შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის დაუზუსტებლადაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უფლება გააჩნდა, მოეთხოვა მიკუთვნებითი ხასიათის სარჩელის უზრუნველყოფა. რაც შეეხება მოთხოვნის დაზუსტებას, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოში შ.პ.ს. „ა.თ–ი“ მოითხოვდა 321 კვ.მ. უძრავი ნივთის (ს/კ ......) შესაძენად პ.ბ–ისთვის გადაცემული 101 943 ლარის დაბრუნებას, დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ამავე თანხით შეძენილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა, რისა უფლებასაც მოსარჩელეს სსსკ 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ანიჭებს. გარდა ამ სასარჩელო მოთხოვნისა, შ.პ.ს. „ა.თ–ი“ პ.ბ–ისგან ითხოვს ასეულობით ათასი დოლარის თანხებს, რომელთა აღსრულებასაც ესაჭიროება უზრუნველყოფა, რათა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას, აღსრულება დამოკიდებული არ იყოს მოვალის კეთილ ნებაზე.

5. 2022 წლის 19 დეკემბერსვე შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს წარმომადგენელმა ხელახლა იშუამდგომლა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ჩანაწერებში, ქ.თბილისში, ........ (ყოფილი საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი, ......) მდებარე 5322 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით ........ შუამდგომლობაში მხარემ მიუთითა, რომ ვიდრე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა სარჩელის დაზუსტების დასაშვებობაზე, იგი შეგებებული სარჩელით გაცხადებული სასარჩელო ფულადი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაკმაყოფილების ალბათობა იყო მაღალი, არსებითად იმავე დასაბუთებით, რომელიც ასახულია 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადებაში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. პუნქტი), შუამდგომლობდა სარჩელის უზრუნველყოფას.

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, განცხადებას დაკმაყოფილებაზე კვლავ ეთქვა უარი, შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე ითხოვს მესამე პირისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, აეკრძალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ მოახდინოს არანაირი ცვლილების რეგისტრაცია უძრავი ქონების ჩანაწერებში. მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიება გულისხმობს მესამე პირისათვის, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კანონით გათვალისწინებული მოქმედების შესრულების აკრძალვას. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ამჟამად, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის (პ.ბ–ის) სახელზე. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: N ....., დაზუსტებული ფართობი შეადგენს 5 322 კვადრატულ მეტრს, ხოლო მითითებულ უძრავ ქონებას, უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, შეცვლილი აქვს საკადასტრო კოდი, რასაც საფუძვლად უდევს მესაკუთრის პ.ბ–ის განცხადება.

6.2. განჩინების თანახმად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, სასამართლოს, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს. პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე მიაპყრო ყურადღება და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და გამოსაყენებელი ღონისძიების თანაზომიერების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ შუამდგომლობის ავტორს ეკისრებოდა, რომელსაც ამ თვალსაზრისით საკმარისი/სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია.

6.3. სააპელაციო პალატამ, საქმის მასალებისა და განსახილველი განცხადების პირობებში, მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და არ იქმნებოდა ვარაუდი საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ემსახურებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს, რადგან არ წარდგენილა გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. მხოლოდ ფორმალური მითითება კი ვერ გახდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

6.4. პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებასაც, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) შეგებებული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2021 წლის 22 ივნისს და მას შეგებებული სარჩელით არ მოუთხოვია რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. მართალია, მხარე არ არის შეზღუდული, რომ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მაგრამ, მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომლითაც დადასტურდება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოიწვევს მოსარჩელისათვის გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს, ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. მოცემული განცხადებაში არ მითითებულა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისთვის აუცილებელ გარემოებებზე და არ წარმოდგენილა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნიდა თუნდაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ან გამოიწვევდა მოსარჩელისადმი ისეთ გამოუსწორებელ ზიანს, რაც მომავალში ვერ იქნება კომპენსირებული მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

7. 2020 წლის 20 დეკემბრის განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელ ხ.გ–ს ჩაბარდა 2022 წლის 24 დეკემბერს (იხ. ტ.7, ს.ფ. 284). 2023 წლის 09 იანვარს სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა საჩივარი 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე (გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღი _ 26.12.2022წ). საჩივრის თანახმად, 2022 წლის 19 დეკემბრის განცხადება იყო საკმარისად დასაბუთებული, რათა სასამართლოს დადებითად გადაეწყვიტა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი, თუმცა სააპელაციო პალატამ გარემოებები სათანადოდ არ შეაფასა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრისა და 2023 წლის 31 იანვრის განჩინებებით, არ დაკმაყოფილდა საჩივრები ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრისა და 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებებზე და ისინი განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 07 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივრებს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. სსსკ 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12.1. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

12.2. დასახელებული შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ. №ას-802-2022, 04.07.2022წ). ამგვარი დასაბუთებული ვარაუდი კი უნდა შექმნას განმცხადებელმა.

12.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა მხარეთა თანასწორობის პრინციპზე, ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად (იხ. სუსგ. №ას-985-925-2012, 19.07.2012წ). ამავდროულად, მარტოოდენ ის გარემოება, რომ სასამართლოში განსახილველი საქმე მიკუთვნებითი ბუნებისაა, ხოლო დავის საგანი სოლიდური თანხა ან ღირებულების ქონებაა, საკმარისი არ არის მისი უზრუნველყოფის აუცილებლობაზე დასკვნის გასაკეთებლად. კანონმდებლის ნორმატიულ ნებას არ წარმოადგენს, რომ სავარაუდო მოვალე თავისთავად არაკეთილსინდისერ სუბიექტადაც განიხილებოდეს, არამედ მოწინააღმდეგე არაკეთილსინდისიერების ვარაუდი უნდა შექმნას განმცხადებელმა სათანადო, კონკრეტული, რეალური დასაბუთების გზით.

12.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზე მართებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ტვირთი, რომელიც სასამართლოს აღუძრავს გონივრულ ეჭვს მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც წარმოშობს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკს.

12.5. ამრიგად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა უნდა ემყარებოდეს არა აბსტრაქტულ, ჰიპოთეტურ რისკებს, რომლებიც თანაბრად შეიძლება არსებობდეს ყველა მიკუთვნებითი სარჩელის განხილვისას, არამედ კონკრეტული საქმისათვის დამახასიათებელ და მისგან გამომდინარე რისკებს, რომელთა განხორციელების რეალურობაზეც მეტყველებს მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენები ან მოპასუხის წინარე ქმედებები.

12.6. განსახილველ შემთხვევაში, როგორც 12.12.2022 წლის, ისე 19.12.2022 წლის შუამდგომლობა ეფუძნებოდა არა კონკრეტულ გარემოებებს, არამედ მხოლოდ ზოგად ვარაუდებს, რომ მოპასუხემ, თუკი იგი დადგება მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების წინაშე, შესაძლოა არ მოინდომოს ნებაყოფლობითი აღსრულება და ამავდროულად, ხელი შეუშალოს იძულებითი აღსრულების პროცესსაც ნივთის გასხვისების, სანივთო თუ ვალდებულებითი უფლებებით დატვირთვით, ფორმალური გარიგების დადებით მისი გადამალვის მცდელობით ან ხელოვნური კრედიტორული დავალიანების წარმოშობით და მის დასაკმაყოფილებლად იძულებითი აღსრულების ღონისძიების წარმართვით.

12.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობებში აღწერილი ყველა ზემოაღნიშნული შემთხვევა თეორიულად მართლაც არის კრედიტორის სასარგებლო გადაწყვეტილების ხელშემშლელი ფაქტორი ნებისმიერ მიკუთვნებით დავაში, მაგრამ რისკების რეალიზების რეალურობის დასაბუთების გარეშე შუამდგომლობა იქცევა უსაფუძვლო ვარაუდს დაფუძნებულ, აბსტრაქტულ მსჯელობად, რამეთუ არავითარ წინარე გარემოებაზე, რაც ასეთი ვარაუდების გაჩენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, საჩივრების ავტორი არ უთითებს.

12.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის საფუძვლიანობისა და სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის დასასაბუთებელი ფაქტები არ არის იდენტური. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა გააჩნია მატერიალურ-სამართლებრივად დასაბუთებული მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ავტომატურად არ ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროების არსებობასაც. უზრუნველყოფის არსი მის გადაუდებელ და აუცილებელ ბუნებაში მდგომარეობს, თუმცა საჩივრის ავტორი შუამდგომლობაში არ აღნიშნავდა არც ერთ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის ხელშესახებ რისკზე მიუთითებდა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრიდან განცხადების წარმოდგენამდე დროის საკმაოდ ხანგრძლივ შუალედში სარჩელი იყო არაუზრუნველყოფილი, მოსარჩელეს მართებდა, მიეთითებინა, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებამ განაპირობა უზრუნველყოფის საჭიროების დღის წესრიგში დაყენება. ჰიპოთეტური მსჯელობა მასზედ, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღსრულების საშუალება არის მოპასუხის ქონება, რომლის განკარგვის შემთხვევაშიც, მოსარჩელე, შესაძლოა, დარჩეს დაკმაყოფილების გარეშე, საკმარისი ვერ იქნება უზრუნველყოფის ღონისძიების დასასაბუთებლად. პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, მით უფრო, ყველაზე მძიმე ზომის გამოყენება მარტოოდენ იმ დასაბუთებით, რომ სარჩელი აღსრულებითი ბუნების არის. სასამართლოს მართებს იკვლიოს, მიუთითებს თუ არა მოსარჩელე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობით წარმოშობილი რისკების დასასაბუთებლად კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და რამდენად რეალურია მათი განხორციელება. სარჩელის უზრუნველყოფა მიზანშეწონილია არა ყველა მიკუთვნებითი შინაარსის დავაში, არამედ იქ, სადაც გონიერი დამკვირვებლის სტანდარტით, იკვეთება აღსრულების გართულების თვალსაჩინო რისკები, მაგალითად, მოპასუხის არსებული ქონებრივი სირთულეების, არაკეთილსინდისიერებისა და ა.შ. გარემოებების დადასტურებისას.

12.9. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს შუამდგომლობათა განხილვის არცერთ ეტაპზე, მათ შორის, არც საჩივრის წარდგენისას, არ მიუთითებია, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხე მძიმე ქონებრივი მდგომარეობის წინაშეა (მაგალითად, მის ქონებაზე გავრცელებულია სხვა პირთა შეზღუდული უფლებები ან საჯაროსამართლებრივი აკრძალვები), ან რომ წინამდებარე დავის ნეგატიური შედეგებისგან თავის დასახსნელად მესამე პირთა წინაშე აწარმოებს მოლაპარაკებებს კრედიტორის საზიანო გარიგების დასადებად ან უკვე დადებული აქვს ასეთი შეთანხმება. საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შეგებებული სარჩელის აღძვრიდან სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის აღძვრამდე არსებულ წელიწადნახევრიან დროის შუალედში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო როგორც შეგებებული სარჩელის არსებობა, ისე მისი დაკმაყოფილების ალბათობა, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ქონების გასხვისების (ან ფორმალური გადამალვის), არც ვალდებულებებით დატვირთვის ღონისძიებებს, შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ევალებოდა იმგვარ ახალ გარემოებაზე მითითება, რაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დღის წესრიგში დააყენებდა სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებას. ამგვარი მითითება განმცხადებელს არცერთ შუამდგომლობაში/საჩივარში არ განუხორციელებია.

12.8. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებასაც _ ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. მართალია, კანონმდებელი ციტირებულ ნორმაში აქცენტს აკეთებს ყადაღის ღონისძიებაზე, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას, მაგრამ საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა, რომ უძრავი ქონების მიმართ ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნა თავისი მასშტაბებით ასევე მკაცრი აკრძალვის ღონისძიებას წარმოადგენს და პროპორციულობის პრინციპი სახელმძღვანელოა მსგავსი შინაარსის აკრძალვის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას.

12.9. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის უფლებების უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის უფლებრივი პოზიციების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-795-2022, 19.07.2022წ).

12.10. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისის ცენტრში მდებარე 5322 მ2 მიწის ნაკვეთის მიმართ აკრძალვის ღონისძიების გამოყენება ისე, რომ არავითარი მტკიცება ქონების ღირებულებისა და სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასოვნების შესახებ საჩივრის ავტორს არ წარუმართავს, თუმცაღა მას ასეთი ვალდებულება ეკისრებოდა სსსკ 1961 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად. ამავდროულად, შუამდგომლობის ავტორს არც იმ გარემოების მტკიცების ტვირთი დაუძლევია, რომ პ.ბ–ს სხვა ქონება, გარდა დასახელებული უძრავი ნივთისა (ს/კ ......), არ გააჩნდა, რის გამოც პროპორციულობის დაცვის აუცილებლობა შესაძლოა არ არსებულიყო. ამრიგად, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებულიც რომ ყოფილიყო, გამოკვეთილია მისი დაკმაყოფილების შემაფერხებელი სხვა საფუძველიც.

12.11. რაც შეეხება მოთხოვნის დაზუსტების უფლებამოსილებას, საკასაციო პალატა ხსენებულ საკითხს საჩივრის განხილვის ეტაპზე არ შეაფასებს, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, შ.პ.ს. „ა.თ–ს“ ამავდროულად უარი ეთქვა მოთხოვნის დაზუსტებაზეც, რისი მართლზომიერებაც შეფასებას უნდა დაექვემდებაროს არა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე წარდგენილი საჩივრის, არამედ საკასაციო საჩივრის განხილვის ფორმატში.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერც 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადებით და ვერც 2022 წლის 19 დეკემბრის განცხადებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება მოცემული საქმის მიმართ, ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, იკვეთება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების ძალაში დატოვების საფუძველი _ 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინების მიმართ სსსკ 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ხოლო 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინების მიმართ _ ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 1961-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს საჩივარი.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი