Facebook Twitter

30 მაისი, 2023 წელი

№ას-188-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. "ჯ.უ.ე.ფ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. "ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს მიმართ, ზიანის - 30 400 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 30 400 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. ქ. თბილისში, ........ განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა აშენებულია 2005 წელს, გეგმაში რთული ფორმისაა და განლაგებულია დახრილ რელიეფზე. შენობის უკანა ფასადის მხარეს გადის მოპასუხის კუთვნილი 900 მმ-იანი სასმელი წყლის მილი.

5.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მილის გაუმართაობის შედეგად.

5.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 17 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 29 ივლისს განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ვიზუალური გამოკვლევა, მისი ტექნიკური მდგომარეობისა და დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის კედელზე არსებული ბზარები გამოწვეულია უკანა ფასადის მხარეს განთავსებული 900 მმ-იანი მილის დაზიანების შედეგად მოდინებული წყლით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საძირკვლის ქვეშ არსებული გრუნტების გაწყლიანება და საძირკვლების არათანაბარი ჯდენების განვითარება. შენობის კედლებზე არსებული ბზარები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა არსებული მდგომარეობით არ საჭიროებს გამაგრებით ღონისძიებებს. ბზარების პროგრესირებაზე დაკვირვების მიზნით, რეკომენდებულია შენობის შიდა ფართში გაიკრას თაბაშირის მანიშნები და განხორციელდეს მონიტორინგი.

5.4. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული იქნა ს.ს.ი.პ. “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2021 წლის 14 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის N006468621 დასკვნაც, რომლის თანახმად: ქ.თბილისში, …... მდებარე საცხოვრებელი სახლის შენობის გარე ფასადზე, ასევე, მის მიმდებარე კაპიტალურ ღობესა და დამხმარე სათავსებზე აღინიშნება ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულების ბზარები, ბზარები აღენიშნება შენობის შიდა კედლებსა და ჭერზეც, დეფორმირებულია ჰოლის იატაკზე მოწყობილი მეტლახის ფილები და სველ წერტილებში კაფელი, დეფორმირებულია ასასვლელი ხის კიბე, დაზიანებულია ნახევარსარდაფის სართულზე სამზარეულოს კედლებზე შპალერი. ქ.თბილისში, ........ მიმდებარედ არსებული 900 მმ-იანი დიამეტრის სასმელი წყლის მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 30 400.64 ლარი.

5.5. სარჩელზე თანდართული კომისიის 2020 წლის 15 ივნისის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით, ადგილზე გავიდა მუშა ჯგუფი (ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სადისპეტჩერო სამსახურის ინჟინერი, ბიზნესცენტრის მენეჯერი და ინჟინერ კონსტრუქტორი), რომელმაც დაადგინა შემდეგი: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2005 წელს, სამშენებლო ნორმების სრული დაცვით... შემოწმების პერიოდში ვიზუალური დათვალიერებით შენობის პირველ სართულზე შეიმჩნევა იატაკის მეტლახის საფრის დაზიანებები, დეფორმაცია და მეტლახის დამტვრევა, რაც სამუშაო ჯგუფის მოსაზრებით, გამოწვეულია სახლის უკანა კედლების მიმდებარედ გამავალი 900 მმ-ის მილიდან დაღვრილი წყლის საძირკველში გაჟონვით; ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლე ითხოვს საცხოვრებელი სახლის უკან გამავალი წყალსადენი მილის გადაბმის ადგილზე სათანადო სათვალთვალო ჭების აშენებას.

5.6. მოსარჩელე სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული 900მმ წყალმომარაგების მილის დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რაც დასტურდება მოსარჩელის საპრეტენზიო შინაარსის განცხადებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და მოპასუხის წერილებით, ამ უკანასკნელის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვითა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის 03.02.21 წ. წერილით.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ბრალით და მოსარჩელის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა 30 400 ლარია.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაიზიარეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მილის დაზიანების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დასკვნა გამოტანილი იქნა ვიზუალური დათვალიერებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, ისე, რომ არ გამოკვლეულა საძირკვლები, გრუნტი. ობიექტზე არ ჩატარებულა გეოლოგიური ექსპერტიზა და ექსპერტმა მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით მიიჩნია, რომ სახლის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის კუთვნილი, მწყობრიდან გამოსული მილიდან გამონადენმა წყალმა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გასაზიარებელი იყო, სარჩელზე თანდართული მოპასუხე კომპანიის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის სარემონტო სამუშაოების პირდაპირი ხარჯის ჯამი შეადგენს 18 621.39 ლარს, რაც მიახლოებულია ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვასთან, რომლის მიხედვით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირდაპირი ხარჯების ჯამი 21054.63 ლარია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მილიდან გადინებული წყლის შედეგად. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები და არასწორად დაადგინეს ზიანის ოდენობაც.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების შედეგად გამოდინებულ წყალსა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანებას შორის.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ, ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ. წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.).

13. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 აგვისტოს დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლებზე არსებული ბზარები გამოწვეულია უკანა ფასადის მხარეს განთავსებული 900 მმ-იანი მილის დაზიანების შედეგად გამოდინებული წყლით, რამაც შედეგად საძირკვლის ქვეშ არსებული გრუნტების გაწყლიანება და საძირკვლების არათანაბარი ჯდენა განაპირობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია სადავო უძრავი ქონების დაზიანების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზი - გრუნტის გაწყლიანების შედეგად საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, გაწყლიანების გამომწვევ მიზეზად კი, ექსპერტის მიერ ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული მოპასუხის კუთვნილი დაზიანებული მილიდან გამოდინებული წყალი.

გარდა ამისა, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა ს.ს.ი.პ. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2021 წლის 14 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მიმდებარედ არსებული 900 მმ-იანი დიამეტრის სასმელი წყლის მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ 30 400.64 ლარი შეადგინა.

ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება როგორც მოპასუხის კუთვნილი მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობის (წყლის მილის) დაზიანებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, ისე - ამ ზიანის ოდენობა.

16. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი).

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაქარწყლება და დადასტურება იმისა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანება განაპირობა არა მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის გაუმართაობამ, არამედ - სხვა მიზეზმა. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას აღარ განავრცობს, ვინაიდან წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე არც აღნიშნულ საკითხს შედავებია კვალიფიციურად და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია მის გასაბათილებლად.

17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის დაზიანებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის, ასევე, ზიანის ოდენობის დადასტურება, ხოლო მოპასუხემ, ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1064 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. ,,ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. "ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1520 ლარის (საგადასახადო დავალება №30, გადახდის თარიღი: 22.03.2023 წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 1064 (ათასსამოცდაოთხი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი