23 ივნისი 2023 წელი
№ას-227-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.კ–ი“
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) _ შ.პ.ს. „ე.თ.ე.“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „ს.კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 930 000 ლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 186 ლარის ოდენობით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, თანხის ლარში გადახდის გზით, რომლის ოდენობა უნდა დადგენილიყო შემდეგნაირად: მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 930 000 ლარის გადახდის დღეს მოქმედი ლარი-ევროს ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 2019 წლის 5 ნოემბერის ლარი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი (3.3093) და დადებითი ნაშთი (მისი არსებობის შემთხვევაში) გამრავლებული 42000 ევროზე.
1.4. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის - 46500 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 930 000 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველდღიურად 186 ლარის ოდენობით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელისათვის თანხის ლარში გადახდის გზით, რომლის ოდენობა დადგინდა შემდეგნაირად: მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 930 000 ლარის გადახდის დღეს მოქმედი ლარი-ევროს ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 2019 წლის 5 ნოემბრის ლარი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი (3.3093) და დადებითი ნაშთი (მისი არსებობის შემთხვევაში) გამრავლებული 42000 ევროზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის - 46500 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 18 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.02.01/10/249 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ველობილიკისა და ავტობუსის განცალკევებული ზოლის პროექტირების მიზნით, ქალაქ თბილისში, ......... და ...... ქუჩების გეგმარების მომსახურების შესყიდვას.
5.2. მომსახურების ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 90 კალენდარული დღით, რომელიც იწურებოდა 2019 წლის 16 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, დამკვეთი საპროექტო დოკუმენტაციის მასალების მიწოდებას ვადაზე ადრე ითხოვდა. 2019 წლის 6 აგვისტოდან (მას შემდეგ, რაც განახლდა სამშენებლო-სარეორგანიზაციო სამუშაოები ........ და ........ქუჩებზე) მოსარჩელემ რამდენჯერმე მიაწოდა საპროექტო დოკუმენტაციის მასალები დამკვეთს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას) და დამკვეთის მიერ დაქირავებულ მშენებელს (შ.პ.ს. „ჯ.გ–ს“).
5.3. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელ გ.ქ–ს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მ.მ–ძეს და მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელ - გ.გ–ს შორის ,,WhatsApp"-ის მეშვეობით გამართული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ ........ საპროექტო მასალები შემსრულებელმა დამკვეთის მშენებელს (შ.პ.ს. „ჯ.გ–ს“) მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ბევრად ადრე, 2019 წლის 15 აგვისტოს. მხარეებს შორის გამართული კიდევ ერთი მიმოწერით დგინდებოდა, რომ შემსრულებელმა ...... პროექტის მასალები დამკვეთის მშენებელს წარუდგინა 2019 წლის 21 აგვისტოს. ამ მიმოწერებში მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც „ს–“, რომელიც მოსარჩელე კომპანიასთან ერთად მუშაობდა პროექტზე.
5.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, გ.გ–სა და მ.მ–ძეს (აგრეთვე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელ გ.ა–ს) შორის ელ.ფოსტის მეშვეობით გამართული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილები შემსრულებელმა დამკვეთს დამატებით 2019 წლის 30 აგვისტოსა და 6 სექტემბერსაც მიაწოდა. სწორედ ზემოხსენებული (ვადამდე მიწოდებული) საპროექტო დოკუმენტაციის მეშვეობით ახორციელებდა ქ. თბილისის მერიის მიერ დაქირავებული სამშენებლო კომპანია - შ.პ.ს. „ჯ.გ–ი“ ......., ......... ქუჩების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში.
5.5. მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ ხელშეკრულებები გააფორმა სხვადასხვა ქვეკონტრაქტორთან, 2019 წლის 2 ივლისს მომსახურების ხელშეკრულება დაიდო მათ შორის - „ს–სთან“ (ფრანგული კომპანია), რომლის თანახმადაც, „ს–მ“ იკისრა ქართული ჯგუფისათვის თბილისის ................, .......... ქუჩების დიზაინის სამი კონცეპტის მომზადებასა და მოდელირებაში დახმარების აღმოჩენა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 52 500 ევროს.
5.6. შემსრულებელმა დამკვეთს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაცია ოფიციალურად ჩააბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღეს - 2019 წლის 16 სექტემბერს.
5.7. 2019 წლის 04 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შემსრულებელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო მერიის სხვადასხვა სამსახურის შენიშვნები შემსრულებლის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით (შემდეგში „პირველი შენიშვნების წერილი“). წერილი შემსრულებელს ჩაბარდა 2019 წლის 9 ოქტომბერს.
5.8. პირველ შენიშვნების წერილში გამოთქმულ პრეტენზიებს შემსრულებელმა პასუხი გასცა 2019 წლის 15 ოქტომბრის წერილით (შემდეგში „პირველი საპასუხო წერილი“). საპასუხო წერილს მოსარჩელემ დაურთო 20-გვერდიანი ცხრილი, რომელშიც მითითებული იყო დამკვეთის შენიშვნები და შემსრულებლის განმარტებები, კორექტირებები და დამატებები, რომლებიც სრულად პასუხობდა დამკვეთის მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას.
პირველი საპასუხო წერილი მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ვადის (5 სამუშაო დღე) სრული დაცვით, რომელსაც ითვალისწინებდა მომსახურების ხელშეკრულება საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. კერძოდ, ხსენებული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 9 ოქტომბერს, საპასუხო წერილი მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა 15 ოქტომბერს (მე-5 სამუშაო დღე იწურებოდა პარასკევს, 16 ოქტომბერს).
5.9. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა კიდევ ერთი წერილი („მეორე შენიშვნების წერილი“), სადაც აღნიშნული იყო ახალი შენიშვნები საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყო მოხსენიებული პირველი შენიშვნების წერილში, იმავე წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ:
ა) მისი გამოცდილება არ შეესაბამებოდა კონტრაქტორის გამოცდილების შესახებ მომსახურების ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პუნქტებს.
ბ) დააკისრა პირგასამტეხლო საპროექტო დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდებისათვის.
გ) შეუწყვიტა ხელშეკრულება და ჩამოართვა საბანკო გარანტია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამებოდა მომსახურების ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებას და მოპასუხემ სრულად გამოიყენა მოსარჩელის პროექტი ......, ......... ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში.
5.10. მეორე შენიშვნების წერილის საპასუხოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა საპასუხო წერილი („მეორე საპასუხო წერილი“), სადაც მიუთითა, რომ შენიშვნათა დიდი ნაწილი შეუსაბამოა (არ წარმოადგენს დარღვევას ტექნიკურ დავალებასთან მიმართებით), ხოლო მეორე ნაწილი არის მცირე მნიშვნელობის დარღვევა (უფრო თვალსაზრისი, ვიდრე დარღვევა), რომელთაც შემსრულებელი ერთ დღეში გაითვალისწინებდა, დამკვეთს რომ ამის შესახებ შემსრულებლისთვის ჯეროვნად ეცნობებინა. ამავე წერილით, მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტათ სადავო საკითხი, რომელსაც არ მოჰყოლია გამოხმაურება მოპასუხის მხრიდან.
5.11. იმის დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი მომსახურების ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და ამოცანებს შეესაბამებოდა, მოსარჩელემ საპროექტო სამუშაოების ექსპერტიზა დაუკვეთა, ექსპერტიზა ჩაატარეს კ.მ–მა (პროფესიით ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის, მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის სპეციალისტი, სტუ-ს საგზაო დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობის 50 წლის გამოცდილების მქონე) და ე.დ–მა (პროფესიით ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ს.ტ.უ-ს პროფესორი, სპეციალობით მუშაობის 41 წლის გამოცდილების მქონე).
5.12. 2020 წლის 21 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით (შემდეგში „ექსპერტიზის დასკვნა“) პასუხი გაეცა შემდეგ შეკითხვებს: (ა) რამდენად შეესაბამებოდა შემსრულებლის მიერ მომზადებული პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებას; (ბ) ჰქონდა თუ არა შემსრულებლის მიერ მომზადებულ პროექტს ხარვეზები, რა ტიპის ხარვეზები იყო და რა ვადაში შეიძლებოდა გამოსწორება; (ბ) გამოიყენა თუ არა დამკვეთმა შემსრულებლის მიერ მომზადებული პროექტი თბილისში, ......., ...... და ...... ქუჩების გეგმარებისათვის.
ექსპერტებმა განმარტეს, რომ: (ა) „შემსრულებლის მიერ მომზადებული პროექტი სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებას, იგი სრულად მოიცავს ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ სამუშაოებს და სრულად პასუხობს ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ამოცანებს. პროექტი შესრულებულია მაღალი პროფესიული ხარისხით და ფუნქციურად სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ დავალების მოთხოვნებს.“
(ბ) „პროექტის შესწავლისას ჩვენ გავეცანით პროექტთან დაკავშირებით „დამკვეთის“ მიერ გამოთქმულ სხვადასხვა პრეტენზიას (იხ. დამკვეთის წერილი ნომერი: 16-01192973588, თარიღი: 24/10/201). მათი შესწავლის შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ „დამკვეთის“ პრეტენზიები არ შეიძლება პროექტის ხარვეზებად იქნეს მიჩნეული, რამდენადაც ეს პრეტენზიები, ჯერ ერთი, მიმართულია პროექტის შესრულების ცალკეული დეტალების მიმართ და არ წარმოადგენენ პრეტენზიებს პროექტის არსებით ნაწილებზე და მეორე, პროექტის არსებული შესრულება და ის პრეტენზიები, რაც „დამკვეთის“ მიერ იქნა წარმოდგენილი, ერთნაირად არის თავსებადი არსებულ ტექნიკურ დავალებასთან, რომელიც ცალკეული დეტალების სხვადასხვაგვარი გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა, ისე, როგორც ეს გადაწყვიტა შემსრულებელმა და როგორც ამას უთითებს „დამკვეთი“, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად იოლად არის შესაძლებელი „დამკვეთის“ მოთხოვნების პროექტში ასახვა, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ეს შესაძლებელია მარტივად, მოკლე ვადაში, 2-5 სამუშაო დღეში“.
(გ)“ვიზუალური დაკვირვებით ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთისათვის“ წარდგენილი პროექტი გამოყენებულ იქნა თბილისში, ...... და ......... ქუჩების რეკონსტრუქციის დროს, რადგან აღნიშნული ქუჩების პრაქტიკული დაგეგმარება შესაბამისობაშია შემსრულებლის მიერ მომზადებულ პროექტთან." გარდა ამ შეკითხვებისა, ექსპერტიზამ დეტალურად გამოიკვლია დამკვეთის მეორე შენიშვნების წერილში გამოთქმული „პრეტენზიები“ და ყველა მათგანზე მოამზადეს კვალიფიციური შეპასუხება.
5.13. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, მოპასუხემ სრულად გამოიყენა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, თბილისში ........., ........... ქუჩების რეაბილიტაციისათვის.
5.14. მოსარჩელემ დამატებით მოამზადა მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ წარდგენილი პროექტის გრაფიკული გამოსახულებისა და ...... გამზირის რეალური (ფაქტობრივი) ვიზუალის შედარებითი ვიდეო-რგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ...... გამზირის ახლანდელი იერსახე ერთიერთად ემთხვევა შემსრულებლის მიერ წარდგენილ პროექტს.
5.15. ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს შეუწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება და არ გადაუხდია ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, მოსარჩელემ ვერ შეძლო ზოგიერთი კონტრაქტორისათვის თანხის გადახდა, რომლებიც მოპასუხემ მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით დაიქირავა. ერთ-ერთი ასეთი ქვეკონტრაქტორია „ს.“, რომლის 42 000 ევრო მართებს მოსარჩელე კომპანიას. აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ამ ხელშეკრულების შინაარსისა და მოსარჩელის მიერ „ს–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
5.16. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ა.დ–ვის“ მიერ გაცემული იყო საბანკო გარანტია 46500 ლარზე.
5.17. 2019 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხემ ს.ს. „ა.დ–ვას“ მოსთხოვა საბანკო გარანტიის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ 20 დღეზე მეტით ხნით დააგვიანა ვალდებულების შესრულება. 2019 წლის 06 ნოემბერს ს.ს. „ა.დ–ვამ“ მოპასუხეს გადაუხადა საბანკო გარანტიის თანხა, რაც მოსარჩელის მიერ გარანტისთვის ანაზღაურებული იქნა 2019 წლის 26 დეკემბერს.
5.18. მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: მუხ. 1.2 – „ხელშეკრულების ობიექტია: ველობილიკსა და ავტობუსების განცალკევებული ზოლის პროექტირების მიზნით, ქ. თბილისში, .......... გამზირის, ........ და ...... ქუჩების გეგმარების მომსახურება; მუხ. 2.3 - გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა (ტექნიკური დავალებები) თან ახლავს წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს“; მუხ 3.2 – „პროექტი წარმოდგენილად ჩაითვლება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ყველა საპროექტო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში“; მუხ. 4.1 - „მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს“.
5.19. 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 39 დღის განმავლობაში (ე.ი. 2019 წლის 15 სექტემბრიდან) საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის დარღვევის გამო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, მოპასუხის მოსაზრებით, იგი არ შეესაბამებოდა მომსახურების ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც, მოპასუხემ მიიჩნია, რომ (სათანადო ხარისხის) საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. ამავე მიზეზით მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების 9.5.ა პუნქტის („შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა)“მიმწოდებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში") საფუძველზე.
5.20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოპასუხის მოთხოვნით, საპროექტო დოკუმენტაციის მასალებს წარადგენდა მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში, რომელთა მიხედვითაც, მოპასუხის მიერ დაქირავებული სამშენებლო კომპანია ქ. თბილისის ......... გამზირის, ........ და ........ ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებდა. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 2019 წლის 16 სექტემბერს. საპროექტო დოკუმენტაციის შესახებ მოპასუხემ ორჯერ წარუდგინა მოსარჩელეს შენიშვნები. მოსარჩელემ გასცა ამომწურავი პასუხები მოპასუხის შენიშვნებზე და შეიტანა სათანადო კორექტივები საპროექტო დოკუმენტაციაში.
მოპასუხის შენიშვნებთან დაკავშირებით მოსარჩელემ დაუკვეთა საექსპერტო დასკვნა, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი (მათ შორის - მოპასუხის შენიშვნების შემდგომ გაკორექტირებული პროექტი) სრულად შეესაბამებოდა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებას.
5.21. დამკვეთის მიერ პირველი შენიშვნების წერილში გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრება შემდეგია: „წარმოდგენილი მასალის მიმართ „დამკვეთის“ მიერ წერილობით (წერილის ნომერი 16-01192771386, თარიღი 04.10.19, შემდგომში „პირველი წერილი“), გამოთქმულ შენიშვნებზე „შემსრულებლის“ მიერ პასუხი გაცემულია დამაჯერებლად და სრულად, გარდა შენიშვნებისა 11, 12, 13, სადაც მედიანური ზოლების არჩევანის დასაბუთება ბოლომდე არ არის გაშლილი. შესრულებული პროექტის შესწავლამ გვაჩვენა, რომ მედიანური ზოლების ალტერნატივა არის, ოღონდ წერილის პასუხში იგი არ არის ასახული ბოლომდე.“
5.22. დამკვეთის მიერ მეორე შენიშვნების წერილში გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრება შემდეგია: „შემსრულებელმა, პირველ წერილში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად ჩასწორებული მასალის ჩაბარების შემდეგ, „დამკვეთისაგან“ მიიღო მეორე წერილი სრულიად ახალი შენიშვნებით, რომლებზეც „შემსრულებელმა“ ასევე გასცა პასუხები. ამავე დროს, სრულიად შესაძლებელი იყო, გონივრული ვადის არსებობის შემთხვევაში, დამატებით მოთხოვნილი ცვლილებები შეტანილიყო წარდგენილ მასალაში, მათ შორის ორმხრივი კონსულტაციების პროცესშიც. დამკვეთის მიერ დასმული კითხვების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ორმხრივი შეხვედრები არც იგეგმებოდა, არანაირი განხილვა არ გამართულა და არც რაიმე ვადა (არათუ გონივრული) არ იყო მიცემული „შემსრულებლისათვის“ არც დამატებით შენიშვნებზე პასუხის გასაცემად და არც შესაძლო ხარვეზების გამოსასწორებლად.“
5.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ უპასუხა და გამოასწორა მოპასუხის ყველა შენიშვნა, ხოლო მეორე წერილში დაფიქსირებული შენიშვნები ვერ მიიჩნეოდა მომსახურების ხარვეზად (არამედ ისინი იყო მოსაზრებები, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროექტის არსებული შესრულება და ის პრეტენზიები, რაც „დამკვეთის“ მიერ იქნა წარმოდგენილი, ერთნაირად არის თავსებადი არსებულ ტექნიკურ დავალებასთან). ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოსწორება მარტივად შეიძლებოდა და მათ გამო ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსარჩელის მიერ შესრულებულ მთელ სამუშაოზე უარის თქმა გაუმართლებელი იყო, გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით, ისე, როგორც შემსრულებლის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლით, დასტურდებოდა, რომ დამკვეთმა გამოიყენა შემსრულებლის მიერ მომზადებული პროექტი .........., ....... და ........ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში.
5.24. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომ მოემზადებინა და წარედგინა მოპასუხისათვის ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რამაც, თავის მხრივ, გააბათილა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო ხარისხის საპროექტო დოკუმენტაცია.
5.25. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვადის დაცვით შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, დადგენილ ვადაში წარუდგინა მოპასუხეს საპროექტო დოკუმენტაცია და მოპასუხის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე პასუხიც ვადის დაცვით გასცა.
5.26. პალატამ მიუთითა მომსახურების ხელშეკრულების 1.6 მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2019 წლის 18 ივნისიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, დოკუმენტაციის მიწოდების ვადა იყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
მოსარჩელემ სრული საპროექტო დოკუმენტაცია მოსარჩელეს წარუდგინა 2019 წლის 16 სექტემბერს, მოპასუხე მოსარჩელის მიმართ გაგზავნილ შენიშვნების წერილებში აცხადებდა, რომ საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დამთავრდა 2019 წლის 15 სექტემბერს.
პალატის მითითებით, სადავო გარემოებას წარმოადგენდა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ვადის ათვლა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლსა და 127-ე მუხლზე მითითებით განამარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 90 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2019 წლის 18 ივნისიდან, არამედ - მომდევნო დღიდან (19 ივნისი), რომელიც მთავრდება 2019 წლის 16 სექტემბერს, გარდა ამისა, ვადის ათვლა 2019 წლის 18 ივნისიდანაც რომ დაწყებულიყო, ამგვარად გამოთვლილი ვადის ბოლო დღე (2019 წლის 15 სექტემბერი) ემთხვევა არასამუშაო დღეს (კვირა), შესაბამისად, ვადის ბოლო თარიღად მომდევნო სამუშაო დღე, კვლავ 2019 წლის 16 სექტემბერი (ორშაბათი) უნდა მიჩნეულიყო.
5.27. მომსახურების ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, „შემსყიდველი ვალდებულია, აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი“. მოპასუხემ თავისი შენიშვნები საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოსარჩელეს აცნობა 2019 წლის 4 ოქტომბრის წერილით, მოპასუხე აცხადებდა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული წერილი, თითქოს, იმავე დღეს, 4 ოქტომბერს ჩაბარდა, ამიტომ, 5 სამუშაო დღის ვადა ამოიწურა 2019 წლის 11 ოქტომბერს. აღნიშნული პალატის მოსაზრებით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, კერძოდ, მოსარჩელის 2019 წლის 15 ოქტომბრის საპასუხო წერილით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის 4 ოქტომბრის წერილი მოსარჩელეს 2019 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა. მოსარჩელემ შენიშვნებზე პასუხი მოპასუხეს 2015 წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა, თუმცა შესაძლებლობა ჰქონდა, ვალდებულება 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით შეესრულებინა. აღნიშნული აბათილებდა მოპასუხის არგუმენტს, რომ მოსარჩელემ დაგვიანებით წარადგინა პასუხი, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სრულად და ვადის დაცვით შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.
5.28. პალატის მოსაზრებით, არ ვლინდებოდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა გაუმართლებელი იყო, ხოლო მოპასუხისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის დაკისრება - საფუძვლიანი.
5.29. მომსახურების ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, „ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო 2019 წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“ ამავე ხელშეკრულების 8.6 პუნქტის მიხედვით, „ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“
მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა სახელშეკრულებო თანხა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში, ვინაიდან მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო 2019 წლის 15 ოქტომბერს, რადგან სწორედ 2019 წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა მოსარჩელემ მოპასუხეს საპროექტო დოკუმენტაცია მოპასუხის მიერ მოთხოვნილი კორექტივებით. ამ თარიღში (და მანამდეც) საპროექტო დოკუმენტაცია უხარვეზო იყო, რის გამოც მოპასუხეს უნდა მიეღო შესრულება. აქედან გამომდინარე, ყველაზე გონივრული ვარაუდით საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარება და გადახდა (10 სამუშაო დღე მიღება-ჩაბარების აქტიდან) უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2019 წლის პირველი ნოემბრისა.
5.30. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ არ შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება - მომსახურების თანხის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 186 ლარის დარიცხვა 2019 წლის 01 ნოემბრიდან გადაწვეტილების აღსრულებამდე, დასაბუთებული იყო და სარჩელი ამ ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა.
5.31. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი ზოგიერთი ქვეკონტრაქტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ერთ-ერთი ასეთი ქვეკონტრაქტორია კომპანია „ს.“, რომელთანაც 2019 წლის 02 ივლისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, „ს–მ“ იკისრა ქართული ჯგუფისათვის თბილისის .......... გამზირის, ...... გამზირის, ........ და .......... ქუჩების დიზაინის სამი კონცეპტის მომზადებასა და მოდელირებაში დახმარების აღმოჩენა, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 52 500 ევროს. „ს–სთან“ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 5 სექტემბრამდე (მუხ. 1.). „ს–მ“ სრულად და ვადის დაცვით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი თანხის 20% უნდა გადახდილიყო წინასწარ, როგორც ავანსი. აღნიშნული ნაწილი მოსარჩელემ გადაუხადა კომპანია „ს–ს“, რაც შეეხება დარჩენილ 80%-ს (42 000 ევრო), ხელშეკრულების მე-12 მუხლის მიხედვით, უნდა გადახდილიყო მომსახურების დასრულებისა და მოსარჩელის მიერ მისი მიღების შემდგომ, „ს–ს“ მიერ მიწოდებული ინვოისიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
5.32. კომპანია „ს–მ“ ინვოისი დარჩენილი თანხის (42 000 ევრო) გადახდაზე მოსარჩელეს წარუდგინა 2019 წლის 25 ოქტომბერს და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს თანხა გადაეხადა არა უგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული თანხის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოსარჩელეს დროულად გადაუხდიდა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას (930 000 ლარს), მაშინ მოსარჩელე შეძლებდა „ს–ს“ მიერ მოსარჩელის მიმართ წარდგენილი ინვოისით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას 2019 წლის 30 ნოემბრამდე.
ამისათვის, მოსარჩელეს დასჭირდებოდა მოპასუხისგან ლარით მიღებული თანხის ნაწილის კონვერტირება ევროდ. კომპანია „ს–ს“ მიერ ინვოისის წარდგენის დღესა (2019 წლის 25 ოქტომბერი) და გადახდის საბოლოო თარიღის (2019 წლის 30 ნოემბერი) შუალედში, ლარი-ევროს ყველაზე დაბალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაფიქსირდა 2019 წლის 11 ნოემბერს (3.2566), ხოლო ყველაზე მაღალი - 2019 წლის 5 ნოემბერს (3.3093). ყველაზე მაღალი კურსის მიხედვით, თანხის კონვერტირების შემთხვევაში, მოსარჩელეს ევროს შესაძენად და „ს–ს“ მიმართ ვალდებულების შესასრულებლად 138 990 ლარის (3,3093 * 42,000) გადახდა დასჭირდებოდა. თუმცა, ვინაიდან მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი თქვა მომსახურების თანხის გადახდაზე, მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილების შემდგომ, „ს–ს“ მიმართ ვალდებულება უნდა შეასრულოს ლარი-ევროს იმ ოფიციალური კურსის მიხედვით, რომელიც იარსებებს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის საბოლოო გადახდის დღეს. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ლარი-ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი იზრდება (ლარი უფასურდება ევროს მიმართ), რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ იმაზე მეტი თანხა (ლარი) უნდა დახარჯოს ევროს შესაძენად, ვიდრე იმ შემთხვევაში დახარჯავდა, თუ მოპასუხე თანხის გადახდის ვალდებულებას დროულად (არაუგვიანეს 2019 წლის 01 ნოემბრისა) შეასრულებდა.
5.33. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ დაარღვევდა ხელშეკრულების პირობას და დროულად გადაუხდიდა მოსარჩელეს სახელშეკრულებო თანხას (არაუგვიანეს 2019 წლის 01 ნოემბრისა), მოსარჩელე „ს–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების გასტუმრებისთვის ყველაზე მაღალი (2019 წლის 5 ნოემბრის (3.3093) კურსი) კურსის გათვალისწინებითაც კი, გადაიხდიდა არა უმეტეს 138 990 ლარს (3,3093 * 42,000). შესაბამისად, ამ ორ სიდიდეს (163329.60 ლარი -138990 ლარი) შორის სხვაობამ 2020 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით 24339 ლარი შეადგინა, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს, მაგრამ მხოლოდ 2020 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით. ვინაიდან მოსარჩელისათვის უცნობია, თუ როდის შევა კანონიერ ძალაში სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 930 000 ლარი დაეკისრება და მით უფრო, როდის აღსრულდება, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში ზუსტი ციფრის განსაზღვრა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 930 000 ლარის გადახდის დღეს მოქმედ ლარი-ევროს ოფიციალურ გაცვლით კურსზე და უნდა გამოითვალოს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფორმულით.
5.34. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. რომ არა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის გადახდაზე უარი, მოსარჩელე შეძლებდა კომპანია „ს–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებას. ამასთან, მოპასუხისათვის წინასწარ იყო სავარაუდო აღნიშნული ზიანი, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე „კომპანია“ ს–სთან ერთად ამზადებდა საპროექტო დოკუმენტაციას და, რომ სწორედ ამ პროექტისთვის დაიქირავა „ს“. გარდა ამისა, მოპასუხემ წინასწარ (მომსახურების ხელშეკრულების პერიოდში) იცოდა კომპანია „ს–სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ის, რომ მოპასუხის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულების დროული შესრულება უშუალო კავშირში იყო და განაპირობებდა მოსარჩელის მიერ კომპანია „ს–ს“ მიმართ ნაკისრი ძირითადი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულებას, რომელიც ევროდ იყო დაფიქსირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება საფუძვლიანი იყო და გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არც ამ ნაწილში არსებობდა.
5.35. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ა.დ–ვის“ მიერ გაცემული იქნა საბანკო გარანტია 46 500 ლარზე, რომლითაც აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას კისრულობდა ს.ს. „ა.დ–ვა“, მოპასუხის პირველივე მოთხოვნის საფუძველზე.
მოპასუხემ ს.ს. „ა.დ–ვას“ საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 25 ოქტომბერს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია „ძირითადი ხელშეკრულების“ 9.5 პუნქტი, კერძოდ, მომსახურების დასრულების ვადამ 20 დღეზე მეტით გადააჭარბა. ს.ს. „ა.დ–ვამ“ შეასრულა მოპასუხის მოთხოვნა. 2019 წლის 06 ნოემბერს ს.ს. „ა.დ–ვის“ მიერ მოპასუხისთვის გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა, მოსარჩელემ ს.ს. „ა.დ–ვას“ გადაუხადა 2019 წლის 26 დეკემბერს. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო, შესაბამისად, ს.ს. „ა.დ–ვის“ მიმართ საგარანტიო თანხის მოთხოვნა იყო უკანონო. აღნიშნული თანხა 46 500 ლარი აპელანტმა მიიღო ს.ს. „ა.დ–ვისაგან“, რომელიც შემდგომ 2019 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელემ ს.ს. „ა.დ–ვას“ გადაუხადა. შესაბამისად, აშკარა იყო პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის/აპელანტის ქმედებას შორის, რომ არა მოპასუხის მიერ „ძირითადი ხელშეკრულების“ შეწყვეტა, ს.ს. „ა.დ–ვა“ არ იქნებოდა ვალდებული, მოპასუხისთვის გადაეხადა საბანკო გარანტია, ხოლო, თავის მხრივ, შემდეგ მოსარჩელეს აენაზღაურებინა სადაზღვევო კომპანიისთვის გადახდილი თანხა - 46500 ლარი. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 46 500 ლარის დაკისრების თაობაზეც საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. 2019 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც განხილული იქნა ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების მიერ, არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ პირობებს.
6.2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა არაერთ ხარვეზს, რომელიც კორექტირებულ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული, აღნიშნულის გამო, ბუნებრივია, ვერ განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება, რადგან არ იყო სრულყოფილი და, შესაბამისად, ვერც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალდებულებას არ ასრულებს ან ასრულებს არაჯეროვნად, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები დაირღვა და მიმწოდებელს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
6.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
6.5. წარმოადგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებას, რამაც განაპირობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა თითქოს მოსარჩელეს ხელშეკრულება არ დაურღვევია, დაუსაბუთებელია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო პრეტენზიის ძირითადი ნაწილი მიემართება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი პროექტი არ შეესაბამებოდა ტექნიკურ დავალებას, ამასთან, ვალდებულება შესრულდა ვადაგადაცილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია შეასრულა თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნაკლოდ და დათქმული ვადის დაცვით.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (ს.უ.ს.გ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება,თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. მხარეებს შორის 2019 წლის 18 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.02.01/10/249 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ველობილიკისა და ავტობუსის განცალკევებული ზოლის პროექტირების მიზნით, ქ. თბილისში, .......... გამზირის, ........ და ...... ქუჩების გეგმარების მომსახურება ტექნიკური დავალების შესაბამისად.
14.2. მოსარჩელე, მოპასუხეს, ამ უკანასკნელის მოთხოვნით საპროექტო დოკუმენტაციის მასალებს აწვდიდა მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში, რომელთა მიხედვითაც, ხორციელდებოდა ქ. თბილისის .......... გამზირისა და ........ და ......... ქუჩების რეაბილიტაცია. სრული საპროექტო დოკუმენტაცია კი, მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 16 სექტემბერს მიაწოდა.
14.3. 2019 წლის 04 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ შენიშვნები გამოთქვა მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილი მენარდეს ჩაბარდა 2019 წლის 09 ოქტომბერს.
14.4. 2019 წლის 15 ოქტომბრის წერილით მოსარჩელემ, გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით, მოპასუხეს მიაწოდა თავისი განმარტებები, კორექტირებები და დამატებები.
14.5. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ახალი შენიშვნები.
14.6. ახალ შენიშვნებთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მოპასუხეს განუმარტა, რომ მათში ასახული გარემოებები არ წარმოადგენს დარღვევას ტექნიკურ დავალებასთან მიმართებით.
14.7. მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება - 930 000 ლარი.
14.8. მოპასუხემ გამოიყენა მოსარჩელის მიერ მომზადებული პროექტი .........., ........ და ........ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში.
14.9. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, კასატორმა ს.ს. „ა.დ–ვისაგან“ გამოითხოვა საბანკო გარანტიის თანხა - 46500 ლარი, რაც მას აუნაზღაურდა.
14.10. მერიისთვის გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა - 46500 ლარი, მოსარჩელემ გარანტს აუნაზღაურა.
15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და წარუდგინა კასატორს ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობაში მყოფი საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს საკასაციო პალატას აძლევს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შემსრულებლის მიერ მომზადებული პროექტი სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებას, იგი სრულად მოიცავს ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ სამუშაოებს და ამომწურავად პასუხობს ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ამოცანებს. პროექტი შესრულებულია მაღალი პროფესიული ხარისხით და ფუნქციურად სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. რაც შეეხება მოპასუხის შენიშვნებს, „დამკვეთის“ პრეტენზიები არ შეიძლება პროექტის ხარვეზებად იქნეს მიჩნეული, რამდენადაც ეს პრეტენზიები, ჯერ ერთი, მიმართულია პროექტის შესრულების ცალკეული დეტალების მიმართ და არ წარმოადგენს პრეტენზიებს პროექტის არსებით ნაწილებზე და მეორე, პროექტის არსებული შესრულება და ის პრეტენზიები, რაც „დამკვეთის“ მიერ იქნა წარმოდგენილი, ერთნაირად არის თავსებადი არსებულ ტექნიკურ დავალებასთან, რომელიც ცალკეული დეტალების სხვადასხვაგვარი გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მომზადებული სადავო პროექტი მოპასუხის მიერ გამოყენებულია .......... გამზირის, ....... და ........ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.
უდავოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მისი ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 18 ივნისი, ხოლო მომსახურების გაწევის ვადად -ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. იმავე კოდექსის 123.1 მუხლის შესაბამისად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მიხედვით, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ან/და სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.
კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2019 წლის 18 ივნისს, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების 90 - დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო დღიდან - 2019 წლის 19 ივნისიდან და დამთავრდეს 2019 წლის 16 სექტემბრის გასვლასთან ერთად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 სექტემბერი არის არასამუშაო დღე - კვირა, შესაბამისად, ვადის ათვლის 2019 წლის 18 ივნისიდან დაწყების შემთხვევაშიც, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეს 2019 წლის 16 სექტემბერი წარმოადგენდა.
17. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მასზეც, რომ პირველ შენიშვნების წერილზე მოსარჩელემ ვადის დარღვევით მოახდინა რეაგირება.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების 4.2 მუხლს, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აღმოეფხვრა საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის 2019 წლის 04 ოქტომბრის შენიშვნების წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 09 ოქტომბერს. საპასუხო წერილი მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 2019 წლის 15 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც, 5 - დღიანი ვადა იმავე წლის 16 ოქტომბერს იწურებოდა.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 15 ოქტომბრის წერილით გამოასწორა მოპასუხის ყველა შენიშვნა. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზები ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით აღმოფხვრა.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მართლსაწინააღმდეგო და ბარლეული ქმედება - მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს მიაწოდა საპროექტო დოკუმენტაცია, მოპასუხემ არ გადაუხდია შესაბამისი საზღაური, ამასთან, გარანტისგან უკანონოდ გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხა; ბ) ზიანი (დამდგარი უარყოფითი შედეგი) - მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი ქვე-კონტრაქტორის კომპანია „ს–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულება, რითაც მას უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ადგება ზიანი. გარდა ამისა, მოსარჩელემ გარანტს აუნაზღაურა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული საგარანტიო თანხა; გ) მიზეზობრივი კავშირი - ზიანი გამოწვეული იქნა მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შუსრულებლობით და საბანკო გარანტიის თანხის გარანტისაგან უკანონოდ გათხოვით. შესაბამისად, პალატა ვერც ზიანის დაკისრების ნაწილში გაიზიარებს კასატორის პოზიციას.
19. ვინაიდან, დადგენილია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო დამრღვევი მხარისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები კასატორისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც, მართლზომიერია.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი