Facebook Twitter

25 ივლისი, 2023 წელი №ას-562-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი.დ–ძე

მესამე პირები _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,

დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; ე.ჯ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბავშვთან ურთიერთობის წესის ადგილის განსაზღვრა, ალიმენტისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.ჯ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.დ–ძის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. არასრულწლოვან შვილთან - ე.ჯ–თან, ურთიერთობის წესის შემდეგნაირად განსაზღვრა: ერთი კვირის განმავლობაში ბავშვი იმყოფებოდეს მამასთან (მოსარჩელესთან), ხოლო ერთი კვირის განმავლობაში - დედასთან (მოპასუხესთან), კერძოდ: ორშაბათს, დილის 10:00 საათიდან მომდევნო ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ცხოვრობდეს მამასთან სახლში, შემდეგი ორშაბათი დილის 10:00 საათიდან მომდევნო ორშაბათი დილის 10:00 საათამდე კი - დედასთან.

1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება.

1.3. შვილის - ე.ჯ–ის, საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

2. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან, 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებულ ე.ჯ–თან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევს, აღმზრდელობით ან სასწავლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი, სკოლა) სასწავლო პროცესის დასრულებიდან, მამის, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და კვირა დღეს, 10:45 საათზე, არასრულწლოვნის ცეკვის წრეზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით, ასევე, ყოველი კვირის სამშაბათი, აღმზრდელობით ან სასწავლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი, სკოლა) სასწავლო პროცესის დასრულებიდან, ოთხშაბათს, დილის სასწავლო პროცესის დაწყებამდე შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში არასრულწლოვნის მიყვანის ვალდებულებით. მოპასუხეს უარი ეთქვა ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებისა და არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - ალიმენტისაგან გათავისუფლებისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნათა ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ე.ჯ–ი მოსარჩელისა და მოპასუხის შვილია. მხარეები ერთად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.

5.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა შემდეგი დღეები: ყოველი კვირის სამშაბათი - 19:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველი კვირის პარასკევი, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველი კვირის შაბათი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველი წლის 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე პერიოდში დამატებით განესაზღვრა ყოველი კვირის ხუთშაბათი, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დედის შეგებებული სარჩელი და მამას ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა დაეკისრა, სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტიდან, 2019 წლის 28 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

5.3. მამას (მოსარჩელეს) აქვს ბავშვთან მყარი ურთიერთობა. იგი რეგულარულად იხდის ალიმენტს, თვეში - 700 ლარს.

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, აპელანტს ბავშვთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა: ყოველი კვირის პარასკევი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასრულებიდან - კვირის 10:45 საათამდე, ასევე - სამშაბათი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასრულებიდან ოთხშაბათს დილის სასწავლო პროცესის დაწყებამდე. შესაბამისად, ბავშვი კვირის განმავლობაში მამასთან უნდა იყოს სამი ღამე, რამდენიმე დღის მონაკვეთი და ერთი დღე სრულად.

5.5. სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების აღსრულების განყოფილების ფსიქოლოგმა, ნინო სამხარაძემ გამოიკვლია ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა და დაასკვნა, რომ იგი საჭიროებდა სტაბილურ გარემოს, სადაც ნეგატიური ინფორმაცია არ იქნებოდა. ბავშვს ღამით მამასთან დარჩენა არ სურდა და განმარტავდა, რომ ღამე იყო დიდი და დედა ენატრებოდა. მცირეწლოვანმა უარი განაცხადა მამასთან ერთად ბორჯომში დასასვენებლად წასვლაზე იმ მოტივით, რომ „იქ ბევრი ღამე“ დარჩებოდა და დედა მოენატრებოდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვს ცალსახად სურს, დროის უმეტესი ნაწილი სწორედ დედასთან გაატაროს.

5.6. არსებითად იგივე დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც. ბავშვის ნებიდან გამომდინარე, მასთან საუბარი ვერ შედგა, თუმცა პალატამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სასამართლოსთან კომუნიკაციის პროცესში მცირეწლოვანმა დახატა გოგონა წარწერით - „ელენე“ და „დედა“. სასამართლოს თხოვნით, დიდ თეთრ ფურცელზე დახატა კატაც, რომელსაც ასევე მიაწერა - „დედა“, ხოლო პატარა, წებოვან, ფერად ფურცელზე, საკუთარი ინიციატივით, დახატა მეორე კატა, წარწერით - „ელენე“ და პატარა ფურცელი მიაკრა დიდ ფურცელზე დახატული კატის სხეულს. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულით ცხადი იყო, რომ ბავშვმა უპირატესად დედასთან, მისი მფარველობის ქვეშ ყოფნის სურვილი გამოხატა. ასევე განუმარტა სასამართლოს ფსიქოლოგმაც, რომელიც ზემოხსენებულ კომუნიკაციას ესწრებოდა.

5.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობისათვის დადგენილი პერიოდის გაზრდა, არ შეესაბამებოდა ბავშვის ნებას, მას სტაბილურობის შეგრძნებას დაუკარგავდა და დაუზიანებდა ფსიქიკას. ამრიგად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, არ ვლინდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს ალიმენტი დაკისრებული აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და იგი მას მტკიცე თანხის სახით იხდის. ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად მისი დაკისრებიდან სარჩელის აღძვრამდე უნდა შეცვლილიყო აპელანტის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რაზეც აპელანტს არ მიუთითებია. მხოლოდ ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს ბავშვთან ურთიერთობის დრო გაეზარდა, ალიმენტის შემცირებას ვერ განაპირობებდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - ალიმენტისაგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის წესის, შემდეგნაირად განსაზღვრა: არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის სამშაბათს 18:00 საათიდან კასატორმა წაიყვანოს დედის საცხოვრებელი ადგილიდან და უკან დააბრუნოს ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზე; პარასკევს, 18:00 საათიდან კვირა დღის 11:00 საათამდე მცირეწლოვანი იმყოფებოდეს მამასთან; ასევე, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე მამისათვის არასრულწოვნის 14-14 დღით წაყვანის უფლების მინიჭება. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები, არასწორად შეაფასა არასრულწლოვანთან კომუნიკაციის შედეგი, რამაც, საბოლოოდ, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლად მიღებული გადაწყვეტილება განაპირობა. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მამა-შვილს შორის მეტი კომუნიკაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო. მცდარია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბავშვს დროის უმეტესი ნაწილის გატარება დედასთან სურს. პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ კომუნიკაციის პროცესში ბავშვის მიერ საკუთარი თავისა და დედის დახატვა ამ უკანასკნელის მფარველობის ქვეშ ყოფნის სურვილს გამოხატავდა, ეს ფაქტი ფსიქოლოგს მსგავსად არ შეუფასებია. გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მამასთან ურთიერთობისათვის დადგენილი პერიოდის გაზრდა, ბავშვს ფსიქოემოციურ მდგომარეობას დაუზიანებს, უსაფუძვლოა და სასამართლოს არც ეს პოზიცია შეესაბამება ფსიქოლოგის დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებს. კასატორის პოზიციით, იგი დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს, იმ პირობით, რომ თავად უზრუნველყოფს სრულფასოვნად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ საჭიროებებს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოთა მიერ შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესს, ამასთან, უსაფუძვლოდ მიაჩნია ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მამა-შვილს შორის ურთიერთობის ინტენსივობა განისაზღვრა ფსიქოლოგის დასკვნისა და მასში ასახული რეკომენდაციების, ასევე - ბავშვის ნების გაუთვალისწინებლად, რაც, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამასთანავე, მიაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან, იმ პირობით, რომ სრულად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყველა საჭიროებას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი, ასევე, მამისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება.

12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

13. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

14. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

15. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

17. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

18. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.

19. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, სახელდობრ:

20.1. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და, შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

20.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებულ 11.10.2022 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომლითაც გამოვლინდა, რომ მცირეწლოვანს აქვს მშობლების მხრიდან უპირობო სიყვარულის მოთხოვნილება და საჭიროებს სტაბილურ გარემოს, რომელშიც ნეგატიური ინფორმაცია არ იქნება. ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ძილის პროცესსაც აიგივებს ამ უკანასკნელთან. ასაკობრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მცირეწლოვანს მიჯაჭვულობის მაღალი ხარისხი აქვს დედასთან. მოთხოვნილება აქვს უყვარდეთ, იყოს მშვიდ და სტაბილურ გარემოში. ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვს სურს ორივე მშობელთან, თუმცა არ სურს მამასთან ღამით დარჩენა, იმ არგუმენტით, რომ „ღამე დიდია და დედა ენატრება“. საჭიროა, დედის მონატრებისას დაუკმაყოფლდეს მისი ნახვის სურვილი. კვლევის პროცესში აგრეთვე გამოიკვეთა, რომ მამას სურდა შვილთან ერთად წასულიყო ბორჯომში დასასვენებლად, რაზეც ბავშვმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ბორჯომში „ბევრი ღამე“ იქნებოდა და დედა მოენატრებოდა. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნის ასაკისა და დედასთან მჭიდრო მიჯაჭვულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მას დედასთან დიდი ხნით განშორება აშინებდეს. ნიშანდობლივია, რომ არსებითად იგივე დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც, როგორც ფსიქოლოგის განმარტებით, ისე - თავად ბავშვთან შესაბამისი კომუნიკაციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზე, რომ ბავშვს სურს, დროის უმეტესი ნაწილი სწორედ დედასთან გაატაროს.

20.3. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ბავშვი კვირის განმავლობაში მამასთან დარჩება სამი ღამით, რამდენიმე დღის მონაკვეთი და ერთი დღით სრულად. ურთიერთობის ინტენსივობისა და წესის ამდაგვარად განსაზღვრა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, სრულად შეესაბამება ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და თავად ბავშვის ნებას, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა მასზე, რომ მამა-შვილის ურთიერთობისათვის დადგენილი პერიოდის გაზრდის საფუძველი, არ იკვეთება, რადგანაც სხვაგვარად შესაძლებელია ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაზიანდეს.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მამის საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების წინამძღვრები კონკრეტულ შემთხვევაში, არ გამოვლინდა, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი, კერძოდ:

21.1. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

21.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე - შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

21.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. ამ ნორმის საფუძველზე, ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელია: ა) მშობელი ალიმენტს იხდიდეს მტკიცე თანხის სახით და ბ) ამ თანხის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალოს მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის მიხედვით, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

21.4. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო ალიმენტის ოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს 1214-ე მუხლში დადგენილი სტანდარტით. იგივე გარემოებები მიიღება მხედველობაში ალიმენტის ოდენობის შემცირების ან საალიმენტო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევებში. შესაბამისად, როგორც ალიმენტის ოდენობის დადგენისას, ისე - მისი ოდენობის ცვლილებისა თუ ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობით და სარჩენი პირის საჭიროებებით. ზოგადად, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა (შდრ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, გვ 387; 389; თბილისი 2021).

21.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი (700 ლარის ოდენობით), დაკისრებული აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და იგი მას სტაბილურად იხდის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დადასტურებულა ისეთი გარემოებების წარმოშობა, რაც კასატორის მატერიალურ ან/და ოჯახურ მდგომარეობაზე იმგვარ გავლენას მოახდენდა, რომ ეს უკანასკნელი ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულიყო, მითუმეტეს, რომ ასეთზე კასატორს წინამდებარე საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია.

21.6. დაუსაბუთებელია კასატორის ის პოზიციაც, რომ იგი დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს იმ პირობით, რომ თავად უზრუნველყოფს სრულფასოვნად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ საჭიროებებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოხმობილი მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს. ბავშვის მამასთან გარკვეული დროით ყოფნა კი, დაკისრებული ალიმენტის ოდენობასა და მისგან გათავისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

21.7. ამრიგად, ცალსახაა, რომ არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან მამის (მოსარჩელის) გათავისუფლების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები, კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთება.

22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 504 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კ.ჯ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 720 ლარის (საგადახდო დავალება №230630115632, გადახდის თარიღი: 30.06.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი