08 სექტემბერი 2023 წელი
საქმე №ა-3587-გან-19-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
განცხადების განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები - ზ.ო–ძე, ხ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ.დ–ძე
განმცხადებლების მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის სარჩელი მოპასუხე რ.დ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. ხ.ხ–მა და ზ.ო–ძემ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. 2023 წლის 03 ივლისს ხ.ხ–მა და ზ.ო–ძემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. დელიქტის დასამტკიცებლად კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა ვიდეომტკიცებულება, რომლის შინაარსსაც მთლიანად ეთანხმებოდა და ადასტურებდა მოპასუხე მხარე და რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, თუმცა საკასაციო სასამართლოს განჩინებაში წერია, თითქოს „საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ფარული ჩანაწერი, რომლითაც მოსარჩელეები მიზნად ისახავდნენ დელიქტური პასუხისმგებლობის დასაბუთებას“. ესე იგი, საკასაციო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ჩათვალა წინა სასამართლოების მიერ დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაცია, ამიტომ, კასატორები ითხოვენ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის განმარტებას;
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოსარჩელეებმა 2018 წელს ისარგებლეს 2017 წელს ბულგარეთში შეძენილი ერთკვირიანი ტურისტული საგზურით და თითქოს 1100 ევრო წარმოადგენდა არა ზიანს, არამედ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ ანაზღაურებას. სინამდვილეში, 2018 წელს გამოყენებული იქნა 2016 წლის კონტრაქტიდან გამომდინარე დასვენების უფლება, ხოლო 2017 წლის კონტრაქტით შეძენილი დასვენების უფლებით კასატორებმა ვერ ისარგებლეს, ვინაიდან ამისთვის კომპანიამ 550 ევროს დამატებით გადახდა მოითხოვა. კასატორებისთვის გაუგებარია, რას დაეყრდნო საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობისას, შესაბამისად, ამ ნაწილშიც განმცხადებლები ითხოვენ განჩინების განმარტებას.
4.3. განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი მოთხოვნა ამავდროულად ჩათვლილიყო კერძო საჩივრად, ვინაიდან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო პალატამ დაუშვა ორი არსებითი შეცდომა, რამაც გავლენა მოახდინა დავის საბოლოო გადაწყვეტაზე და პასუხისმგებლობის მიღმა დატოვა ტურისტული მომსახურების სფეროში ყალბი ინფორმაციის მიმწოდებელი პერსონალი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტებაზე, აგრეთვე არ დაკმაყოფილდა ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის მოთხოვნა 2023 წლის 03 ივლისის განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევის შესახებ.
6. 2023 წლის 14 აგვისტოს საკასაციო პალატას კვლავ წარედგინა ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის განცხადება, რომლითაც ისინი ამჯერად ითხოვენ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტებას, თუ რატომ არ იმსჯელა სასამართლომ მოპასუხის მიერ ჩატარებული სარეკლამო გასაუბრების შინაარსზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ტურისტული კომპანიის მიერ დამატებით მოთხოვნილი 550 ევროს გადაუხდელობის გამო განმცხადებლებს უარი ეთქვათ 2017 წელს შეძენილი ერთკვირიანი დასვენების უფლებით სარგებლობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების საქმის მასალებთან ურთიერთკავშირში შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
8. გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლება არ უნდა განიმარტოს, როგორც სასამართლო წესით იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა (იხ. სუსგ. №¹ 3-გან-3-03, 11.04.2003წ). სსსკ 262-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზანი მისი აღსრულებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში გამოიხატება. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროების საკითხი დგება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მხარეთათვის გაურკვეველი და ბუნდოვანია, რის გამოც მისი აღსრულება გართულებულია.
9. სსკ 249-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. ხსენებული მუხლის მეხუთე ნაწილი კი განმარტავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ცნებას და უთითებს, რომ ეს არის ნაწილი გადაწყვეტილებისა, რომელიც უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
10. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს განმცხადებლებს, რომ სსკ 262-ე მუხლი ადგენს იმ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების წესს, რომელიც უნდა აღსრულდეს, ამდენად, საპროცესო ნორმის საფუძველზე, იმ განჩინების განმარტება, რომელიც აღსრულებასთან არ არის დაკავშირებული, დაუშვებელია. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.
11. საკასაციო პალატა კვლავ განუმარტავს განმცხადებლებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსებობა ბუნდოვანი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის და, შესაბამისად, ფუჭი მართლმსაჯულების, თავიდან არიდების მიზნით არის განპირობებული. კანონმდებლის ამგვარი ნება ცხადად იკითხება ციტირებული ნორმიდან „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს ...გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება“. ამრიგად, განმარტებას ექვემდებარება არა ნებისმიერი სასამართლო აქტი, არამედ აღსრულების ქვემდებარე აქტი (საკითხზე იხ. ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართლი, მეორე გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 601-602).
12. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებითაც, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინების განმარტების მოთხოვნით წარდგენილ განჩინებაზე 2023 წლის 18 ივლისს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1. არ დაკმაყოფილდეს ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ; 2. არ დაკმაყოფილდეს ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის მოთხოვნა 2023 წლის 03 ივლისის განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევის შესახებ; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
13. თვალსაჩინოა, რომ აღსრულების ქვემდებარე და, შესაბამისად, განმარტებაუნარიანი 18.07.2023 წლის განჩინება არც ერთ ნაწილში არ არის, რამეთუ სარჩელით გაცხადებული რომელიმე სასარჩელო მოთხოვნის ბედი აღნიშნულ განჩინებას არ გადაუწყვეტია. რამდენადაც განმცხადებლები ითხოვენ იმ განჩინების განმარტებას, რომელიც სსსკ 262-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, განმარტების საგანი არ შეიძლება გახდეს, წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია და ექვემდებარება განუხილველად დატოვებას (იხ. სუსგ. №ას-1336-1458-04, 28.11.2005წ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი