10 ივლისი, 2023 წელი
საქმე №ას-1393-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ს. „ლ.ბ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: ა.მ–ს, ჯ.ლ–ძეს, ბ.ბ–სა და ლ.ბ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 6213.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა 5092.20 ლარი, პროცენტი 505.54 ლარი, ხოლო ჯარიმა - 616.07 ლარია. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ჯ.ლ–ძემ, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით „კერძო საჩივარი“ წარადგინეს ა.მ–მა და ლ.ბ–ძემ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული „კერძო საჩივარი“ პროცესუალური ბუნებით სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე, დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
5.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.მ–სა და ლ.ბ–ძეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად საჩივარი არ წარუდგენიათ, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
5.2. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე, 265-ე, 364-ე, 372-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, ა.მ–ისა და ლ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებაზე დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა ა.მ–მა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იყო ინფორმირებული. მართალია, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაიბარა მისმა მეუღლემ, თუმცა ამ უკანასკნელს გზავნილი ადრესატისათვის არ გადაუცია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის იყო დაძაბული ურთიერთობა და კერძო საჩივრის ავტორის ადგილსამყოფელი მეუღლისათვის უცნობი იყო. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმისწარმოება განახლდეს. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევაზეც.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ა.მ–ს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო წესით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. კანონის აღნიშნული დათქმა იმპერატიულია და ადგენს იმგვარ შედეგს, როგორიც სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლაა. ამასთანავე, ნორმის განმარტება დაიშვება ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლივად, რომლის თანახმადაც, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საკასაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რათა უტყუარად დადგინდეს, შესულია თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, უნდა შეფასდეს, დაცულია თუ არა სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების მარეგულირებელი ნორმების დაცვა როგორც სასამართლოს, ისე - მოდავე მხარის მხრიდან (ს.უ.ს.გ. №ას-1126-1060-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 ლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა.მ–ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ 121-124). სადავო არაა, რომ ამ უკანასკნელს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლისა.
11. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას ა.მ–ისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დარღვევის თაობაზე. ამ უკანასკნელს არც იმ გარემოებაზე მიუთითებია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა. იგი მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სარჩელი თანდართული დოკუმენტებითურთ ჩაბარდა მეუღლეს, რომელსაც გზავნილი მისთვის არ გადაუცია, რამდენადაც მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიაზე პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე ა.მ–ის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და არა თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერების შემოწმება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ა.მ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა არ ვლინდებოდა, ვინაიდან მას კანონით დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რამაც თავის მხრივ განაპირობა მის მიმართ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. იმავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 391-ე და 414-ე მუხლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს საჩივარს, იგი სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
13. სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ. სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016).
14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რადგანაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, მას ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება აღარ გააჩნდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი