30 ოქტომბერი 2023 წელი
საქმე№ა-4710-შ-139-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ა. ძე მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ა. ძე მ–ძის განცხადება ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. დადგინდა ნათესაური კავშირის ფაქტი როგორც მამა-შვილის, თ.ა. ძე მ–ძის (დაბადებული 1965 წლის 13 აპრილს, საქართველოს, ახმეტის რ-ნის ....... მკვიდრი) მამასთან ა.კ. ძე ბ–თან (დაბადებული 1933 წლის 15 ოქტომბერს, გარდაცვლილი 2023 წლის 22 მარტს).
2. 2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა თ.ა. ძე მ–ძემ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ ამ ფაქტის დადგენას მისთვის იურიდიული მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნული განაპირობებს თ. ა. ძე მ–ძისათვის სამკვიდროს მიღების უფლებამოსილების წარმოშობას მამის - ა.კ. ძე ბ–ის გარდაცვალების შემდეგ.
3. რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაინტერესებული პირი და.ა. ასული ბ–რი სათანადოდ იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის დროსთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ითხოვა საქმის მის დაუსწრებლად განხილვა. მისივე განმარტებით, ის არ არის წინააღმდეგი დაკმაყოფილდეს თ.ა. ძე მ–ძის განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, თ.ა. ძე მ–ძე არის ა.კ. ძე ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრე, სხვა მემვიდრეებს - ძმას ა.ა. ძე მ–ძეს, დას - დ.ა. ასული ბ–ს, დას ლ.ა. ასული ბ–ს, მამის გარდაცვალების შემდეგ არ გააჩნიათ მემკვიდრეობის მიღების განზრახვა. ხოლო ძმა - კ.ა. ძე ბ–ი გარდაიცვალა 2010 წელს.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 07 ივლისს.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ თ.ა. ძე მ–ძეს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ.ა. ძე მ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ თ.ა. ძე მ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
12. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
13. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
14. დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ა. ძე მ–ძის განცხადება ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. დადგინდა ნათესაური კავშირის ფაქტი როგორც მამა-შვილის, თ. ა. ძე მ–ძის (დაბადებული 1965 წლის 13 აპრილს, საქართველოს, ახმეტის რ-ნის ....... მკვიდრი) მამასთან ა.კ. ძე ბ–თან (დაბადებული 1933 წლის 15 ოქტომბერს, გარდაცვლილი 2023 წლის 22 მარტს). დადგენილია, რომ საქმის განხილვის შესახებ ცნობილი იყო დაინტერესებული პირებისათვის და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 07 ივლისს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
16. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა. ძე მ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ყალმუხეთის რესპუბლიკის მალოდერბენტის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივნისის №2-242/2023 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ა. ძე მ–ძის განცხადება ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. დადგინდა ნათესაური კავშირის ფაქტი როგორც მამა-შვილის, თ. ა. ძე მ–ძის (დაბადებული 1965 წლის 13 აპრილს, საქართველოს, ახმეტის რ-ნის....... მკვიდრი) მამასთან ა.კ. ძე ბ–თან (დაბადებული 1933 წლის 15 ოქტომბერს, გარდაცვლილი 2023 წლის 22 მარტს).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი