25 ივლისი 2023 წელი №ას-567-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა.ქ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ–ი"
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ აპელანტის უფლებამონაცვლედ შ.პ.ს. „ე.ქ–ის" დაშვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ქ–ნმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.ი“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით 550 058 ლარის გადახდის მოთხოვნით. სარჩელი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ 2015 წლის ოქტომბერში ქ. ბათუმში, ......... უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ქვაბულის ამოღებამდე ......... მდებარე შენობის ტორსული კედლის გასწვრივ გამაგრებითი სამუშაოების არ ჩატარებით, ქვაბულის ამოღების შედეგად ......... მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის კედლისა და ძირითადი შენობის საძირკვლის და კედლის ნაწილის ჩამოშლით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია შენობის საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედლებზე ბზარების წარმოქმნა, მძიმე ტექნიკის გამოყენებით არსებული შენობის დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, დააზიანა ა.ქ–ნის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ბ.ი“-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.ქ–ნის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.ი“-ს (ს/ნ .......) აეკრძალა ს/კ ....... უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა: ა.ქ–ნის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ.პ.ს. „ბ.ი“-ს აეკრძალა ქ. ბათუმში, .........მდებარე, ს/კ ........ უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო უფლებებით დატვირთვა. ეს აკრძალვა არ გავრცელდა განჩინების გამოტანის დროისათვის (11.11.2020წ.) ს/კ ......... უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მესამე პირების სასარგებლოდ უკვე რეგისტრირებულ ვალდებულებებზე.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა.ქ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, _ მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.ი“-ს ა.ქ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა 417415 ლარის, აგრეთვე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის გაწეული ხარჯის - 3975 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი - 401 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 1000 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შ.პ.ს. „ბ.ი“-ს სააპელაციო საჩივარი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინების საფუძველზე, მიღებულია წარმოებაში.
5. 2022 წლის 04 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა აპელანტის წერილობითი შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მოწინააღმდეგე მხარეზე უფლებამონაცვლეობის დაშვება, კერძოდ, დავაში შ.პ.ს. „ბ.ი“-ს ნაცვლად შ.პ.ს. „ე. ქ.“-ს დაშვება იმ დასაბუთებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ქონებაზე, რომლის მიმართაც წინამდებარე დავის ფარგლებში გამოყენებულია გასხვისებისა და სანივთო უფლებებით დატვირთვის აკრძალვა, აუქციონის შესახებ 2022 წლის 24 აგვისტოს განკარგულებით, საკუთრების უფლება გადავიდა შ.პ.ს. „ე. ქ“-ს ხელში. განკარგულების მე-6 პუნქტის თანახმად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენით. ამავე სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა შ.პ.ს. „ბ.ი“-ს უფლებამონაცვლედ შ.პ.ს. „ე.ქ–ი“-ს ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა შემდეგ დასაბუთებას:
6.1. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
6.2. საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც
6.3. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, დგინდება, რომ შ.პ.ს. „ბ.ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ბათუმი, ........., მესაკუთრე გახდა შ.პ.ს. „ე. ქ“, რომელმაც აუქციონზე შეიძინა ეს ქონება, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.
6.4. წარმოდგენილი დავის ფარგლებში ა.ქ–ნის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ უნებართვოდ და კანონის მოთხოვნათა დარღვევით აწარმოა უძრავი ქონების დემონტაჟი, რამაც გამოიწვია მისი უძრავი ქონების დაზიანება. მხარეთა შორის სადავო საკითხების დასადგენად სასამართლოს შესაფასებელია, არსებობდა თუ არა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, ესენია: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება.
6.5. დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი, ხოლო ასეთი ქმედებით დამდგარ ზიანზე პასუხს აგებს უშუალოდ მართსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრესთან, რომლის მშენებლობის პროცესში, პირვანდელმა მესაკუთრემ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებით დააზიანა მომიჯნავედ მდებარე მოსარჩელის საკუთრება.
6.6. მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ის გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ჰყავს ახალი მესაკუთრე, ვერ გახდება ახალი მესაკუთრის - შ.პ.ს. „ე.ქ–ი“-ს შ.პ.ს. „ბ.ი“-ს უფლებამონაცვლედ დაშვების საფუძველი, ვინაიდან, მოცემული დავის საგანია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს უშუალოდ შ.პ.ს. „ბ.ი“-ს მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის).
7. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტ ა.ქ–ნის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და უფლებამონაცვლეობის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
7.1. აუქციონზე რეალიზებულ ქონებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების ძალით, რომელსაც მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილი ნივთის გასხვისება და სანივთო უფლებებით დატვირთვა, მოსარჩელეს წარმოეშვა სანივთო უფლება, რომელსაც მიდევნების თვისება გააჩნია, შესაბამისად, აუქციონზე ნივთის შემძენი გახდა ამ ნივთთან დაკავშირებული ურთიერთობების, მათ შორის, წინამდებარე დავის მხარე. აუქციონზე გამარჯვებულმა შ.პ.ს. „ე.ქ–ი“-მ ნივთი შეიძინა საჯარო რეესტრში რეგისტირებული შეზღუდვებით, შესაბამისად, მან, როგორც იმ ნივთის მესაკუთრემ, რომელიც წინამდებარე დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფდა, მოპასუხის პროცესუალური სტატუსით უნდა აგოს, მით უმეტეს, რომ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ, შ.პ.ს. „ბ.ი“-ს არანაირი ქონება და კრედიტორის დაკმაყოფილების რესურსი აღარ გააჩნია.
7.2. გარდა ამისა, სასამართლომ შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დაშვების შესახებ გადაუგზავნა სავარაუდო უფლებამონაცვლეს და მხედველობაში მიიღო მისი წერილობითი პოზიცია, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიმართ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სავარაუდო უფლებამონაცვლის წერილობითი პოზიცია მას არ გადასცემია, რამაც შუამდგომლობის ავტორს შეუზღუდა საპასუხო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მომზადების შესაძლებლობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, ა.ქ–ნის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც უფლებამონაცვლეობის დაშვებაზე მოსარჩელეს (აპელანტს) უარი ეთქვა. კერძო საჩივრის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის უძრავ ნივთზე მოპოვებული აქვს სანივთო უფლება, შესაბამისად, სარჩელზე პასუხი უნდა აგოს ამავე ნივთის მოქმედმა მესაკუთრემ.
12. უწინარესად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე სამოქალაქო საქმე დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე დავათა კატეგორიას მიეკუთვნება და მას სანივთო ბუნება არ გააჩნია. ხსენებულ მოცემულობას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ წინამდებარე საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულია მოპასუხის მიერ ქონების გასხვისებისა და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიება, რამეთუ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს მკვეთრად საპროცესო ფუნქცია აქვს და მის არსებობა-არარსებობას დავის მატერიალურ მხარეზე ზემოქმედების უნარი არ გააჩნია. სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება არ არის მოპასუხის ქონებაზე მატერიალური უფლების წარმოშობის საფუძველი, არამედ მიკუთვნებითი (ფულადი) მოთხოვნის იძულებითი აღსრულების ხელშემწყობი ინსტრუმენტია, რომელიც სრულად ვერ აზღვევს კრედიტორის რისკებს, რამეთუ სარჩელის უზრუნველყოფის სახით უმკაცრესი ღონისძიების _ ყადაღის გამოყენებისასაც კი, საპროცესო უზრუნველყოფას არ სძალუძს, დააბრკოლოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია (იხ. სუსგ. №ას-522-2022, 02.06.2022წ.; №ას-1263-1183-2017, 01.12.2017წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების მეოთხე პუნქტი ფორმულირებულია სწორედ იმგვარად, რომ მოპასუხეს აკრძალული აქვს უზრუნველყოფის საგნის გარიგებისმიერი ფორმით გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა, ამავდროულად, ხსენებულ აკრძალვას მესამე პირების სასარგებლოდ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების შეჩერების ფუნქცია არ გააჩნია.
15. კერძო საჩივარში აპელირებულ გარემოებას კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ ნივთზე (მდებარე: ქ. ბათუმში, ...... მდებარე, ს/კ .........) სანივთო უფლების არსებობის შესახებ პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სანივთო უფლება „numerus clausus” (დახურული ნუსხის) პრინციპითაა განსაზღვრული _ არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც ასეთად მიჩნეულია კანონის ძალით, ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა (იხ. ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 2003, გვ.5). სანივთო უფლება წარმოიშვება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძვლით და დახურული ნუსხის პრინციპი მხარეებს ავალდებულებს, გამოიყენონ მხოლოდ კანონით განსაზღრული სანივთო სამართლებრივი ინსტიტუტები და უკრძალავს მათ, შექმნან ახალი უფლებები ან შეცვალონ არსებული უფლებების შინაარსი (იხ. ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მეორე შევსებული გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2019, გვ.61).
16. ამრიგად, მსჯელობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის მიმართ გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ, რაც ნივთის გასხვისებისა და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვაში ვლინდებოდა, დააფუძნა სანივთო უფლება, არ გამომდინარეობს არც სანივთო სამართლის და არც საპროცესო სამართლის (უზრუნველყოფის ინსტიტუტის) არსიდან. გამოყენებულმა უზრუნველყოფის ზომამ დააფუძნა არა მოსარჩელის უფლება უძრავი ნივთის მიმართ, არამედ მესაკუთრის ბოჭვა ნივთის გარიგებისმიერი ფორმით განკარგვის შესაძლებლობაში.
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო სავარაუდო უფლებამონაცვლის პოზიცია წინამდებარე დავაზე უფლებამონაცვლეობის დაშვების შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლის დაშვება არა ფაქტის, არამედ სამართლის საკითხია, რომელსაც წყვეტს სასამართლო პრინციპით _ „Jura Novit Curia”(სასამართლომ იცის კანონი). მის გაადასაწყვეტად მნიშვნელობა არ გააჩნია, ეთანხმებიან თუ არა დავის მონაწილე მხარეები (ან შესაძლო უფლებამონაცვლე) მხარის შეცვლას, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ე.ქ“-ს წარმომადგენლის მოსაზრების საქმეზე დართვასა და სხდომაზე გამოქვეყნებას შუამდგომლობის გადაწყვეტაზე ზეგავლენა არ ჰქონია, მით უმეტეს, აღნიშნული ვერ განაპირობებდა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას შუამდგომლობის ავტორის მიმართ, რამეთუ სავარაუდო უფლებამონაცვლის პოზიცია ეფუძნებოდა მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს და არა ფაქტობრივ წანამძღვრებს, სასამართლო კი მხარეთა სამართლებრივი შეფასებებით შებოჭილი არ არის (მრავალთა შორის იხ. სუსგ.-ები №ას-696-696-2018 06.07.2018წ.; №ას-1132-1088-2016 17.02.2017წ.).
18. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, რომ დელიქტური ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურებისას მოთხოვნის ადრესატია ზიანის მიმყენებელი. იმ პირობებში, როდესაც არც საწარმოთა რეორგანიზაციას და არც ვალის გადაკისრებას ადგილი არ ჰქონია, ერთი იურიდიული პირის ქმედებისთვის სხვა იურიდიული პირის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეწინააღმდეგება იმ უზოგადეს ვალდებულებითსამართლებრივ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, ქმედების შესრულება ან მისგან თავის შეკავება მოსთხოვოს მოვალეს (სსკ 316-ე მუხლის I ნაწილი).
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო დასკვნას მასზედ, რომ მატერიალურსამართლებრივი (დელიქტური) ურთიერთობა არ იძლევა ზიანის მიმყენებლის მაგივრად იმ პირის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს, რომელმაც აუქციონის გზით მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი შეიძინა, რამეთუ აუქციონზე გატანილი ქონება სანივთო უფლებით დატვირთული არ ყოფილა მოსარჩელის სასარგებლოდ; ამავდროულად, აუქციონში მონაწილეობით შემძენს კერძო საჩივრის ავტორის მიმართ არავითარი ვალდებულება არ უკისრია.
20. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის სწორ გამოყენებას, რომლის წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ქ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი