Facebook Twitter

საქმე №ას-563-2022 21 ოქტომბერი 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ.გ–იამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- მ.გ–იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2020 წლის 10 ივლისის №12/826/კ ბრძანების, ბათილად ცნობა;

- მ.გ–იას სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა;

- მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (2020 წლის 10 ივლისი), სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- მოპასუხისთვის მ.გ–იას სასარგებლოდ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება - 2900 ლარის (დარიცხული) ოდენობით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 8, 164).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მ.გ–ია 2014 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 2016 წლიდან - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, 2017 წლიდან - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2020 წლის 01 იანვრიდან - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა 5800 ლარს.

2.2. როგორც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მუშაობისას მოსარჩელეს არ ჰქონია არავითარი გადაცდომა. ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისა და დაკისრებულ ვალდებულებათა პირნათლად შესრულების გამო საქართველოს პრეზიდენტის მიერ მ.გ–იას და მის დაქვემდებარებაში არსებული ცენტრის თანამშრომლებს გადაეცათ ღირსების მედალი.

2.3. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის 2020 წლის 10 ივლისის №12/836/კ ბრძანების საფუძველზე, მ.გ–ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლება განხორციელდა ცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე, (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

2.4. 2020 წლის 01 იანვარს, როდესაც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შეუერთდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც დირექტორის მოადგილეებისთვის (3 მოადგილე) საკურაციოები გადანაწილდა ორ მოადგილეზე, ხოლო მ.გ–იას არ ჰქონდა საკურაციო. მოსარჩელეს შეუკვეცეს უფლებამოსილებები, ხოლო 6 თვის შემდეგ ცენტრმა კვლავ გამოაცხადა რეორგანიზაცია და სამსახურიდან გაათავისუფლა მ.გ–ია ისე, რომ არც სხვა დაბალ თანამდებობაზე გადასვლა შეუთავაზებიათ, მაშინ, როდესაც, ცენტრში იყო ვაკანტური თანამდებობები.

2.5. მოსარჩელე განმარტავდა, რომ ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრის ადმინისტრაციიდან გათავისუფლდა მხოლოდ ორი თანამშრომელი: მ.გ–ია და გ.ბ–ძე, რომელიც მ.გ–იასთან ასოცირებულ პირად აღიქმებოდა, რადგან მოსარჩელეს ემსახურებოდა სამსახურებრივი ავტომობილით. მ.გ–იასა და გ.ბ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სამსახურში მიიღეს სხვა თანამშრომლები, დასაქმებულთა დიდ ნაწილს გაეზარდა სახელფასო ანაზღაურება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, თვალსაჩინოს ხდის, რომ არ არსებობდა რეორგანიზაციის საჭიროება.

2.6. გარდა ზემოაღნიშნულისა მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ 2020 წლის 10 ივლისის №12-64/ო ბრძანებით, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცებამდე მოქმედებდა დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის №12-165/ო ბრძანება, რომლის დანართის მიხედვითაც, ცენტრის თანამშრომლების წლიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 2 954 000 ლარით, ხოლო 2020 წლის 10 ივლისის ბრძანებით, თანამშრომლების წლიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2 916 000 ლარით, ანუ წლიური თანამდებობრივი სარგო შემცირდა მხოლოდ 38 000 ლარით, ხოლო ყოველთვიურად 3166 ლარით, რაც არ წარმოადგენს ისეთ ეკონომიკურ გარემოებას, რომელიც აუცილებელს ხდიდა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის 30 ივნისის №12-58/ო ბრძანებას, მოსარჩელე გაეცნო დადგენილი წესით.

3.3. მოპასუხე განმარტავდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განპირობებული იყო ეკონომიკური მდგომარეობით, ცენტრში აუცილებელი გახდა სამსახურის უფროსის მოადგილის შემცირება ერთი ერთეულით. მისივე მტკიცებით, გათავისუფლების კრიტერიუმად განისაზღვრა 2019 წლის 26 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გასაუბრებები.

3.4.მოპასუხე უთითებდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასაუბრების კომისიის №2 სხდომის ოქმის მიხედვით, სამი მოადგილიდან შეფასების ყველა დაბალი ქულა - 2.0 ქულა, მიღებული აქვს მ.გ–იას, რაც მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.გ–იამ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

5.2. მ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2020 წლის 10 ივლისის N12/826/კ ბრძანება მ.გ–იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 50 000 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით.

5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ.გ–იას სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მართლზომიერად, კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების გამო და მას მოსარჩელე მხარესთან მიმართებაში ჰქონდა საფუძველი, რომლითაც იგი გამოარჩია სხვა დასაქმებულებისაგან.

5.4. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული. პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდებოდა, ასევე არ იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

5.5. ამასთან, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ აპელანტი დაჯილოდებული იყო ღირსების ორდენით ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისა და დაკისრებულ ვალდებულებათა პირნათლად შესრულების გამო, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების რომელიმე სახე და დამსაქმებლის მიერ ისე მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რომ მისთვის არც შეუთავაზებიათ სხვა დაბალ თანამდებობაზე გადასვლა.

5.6. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა უკანონოდ, დამსაქმებელმა არ იმოქმედა კეთილსინდისიერების ფარგლებში და ისე გაათავისუფლა მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან, რომ ვერ დაასაბუთა სხვა დასაქმებულებთან შედარებით რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მ.გ–იას კანდიდატურამ.

5.7. ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, პალატამ იმსჯელა მ.გ–იას უფლებრივი რესტიტუციის შესახებ და ვინაიდან აღარ არსებობდა ცენტრში მის მიერ დაკავებული თანამდებობა, ამიტომ მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, დაადგინა კომპენსაციის - 50 000 ლარის, გადახდის ვალდებულება.

5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ.გ–ია სამსახურიდან მართლზომიერად, კერძოდ, კანონის შესაბამისად ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე, გათავისუფლდა. რეორგანიზაცია და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამომდინარეობდა გადაუდებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან, რა დროსაც დამსაქმებელმა იხელმძღვანელა სამსახურში საუკეთესო დასაქმებულის დატოვების პრინციპით, ხოლო „საუკეთესოს“ შეფასებისას, თავის მხრივ, იხელმძღვანელა დირექტორის მოადგილეების სამუშაო გამოცდილებით, კვალიფიკაციით, უნარ-ჩვევებითა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების ხარისხით.

6.3. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ დასაქმებულების შეფასებით კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა 2019 წლის 26 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გასაუბრებები, რა დროსაც ყველაზე დაბალი გასაუბრების შედეგები ჰქონდა მ.გ–იას. კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ღირსების ორდერის მიღების ფაქტი, რომელზეც იგი სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში აპელირებდა, ვერ გახდებოდა მოსარჩელისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც სხვა მოადგილეებს, გასაუბრების შედეგად ბევრად უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ მიღებული.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლები და მისი გამომწვევი პირობები. 2019 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა N5204-I ცვლილება, რომლის ძალითაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რეორგანიზაციის გზით, მიუერთდა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ამ შერწყმის შედეგად, ცენტრს მიუერთდა ორი დამოუკიდებელი სუბიექტი, რამაც გარდაუვლად გამოიწვია პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ბიუჯეტიც გაზრდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2020 წელს განხორციელდა ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯების საგრძნობლად შემცირება, რის გამოც, ჯანდაცვის მინისტრის 10 ივლისის 01-330/ო ბრძანებით, ცენტრს შეუმცირდა სახელფასო ფონდი და საშტატო ერთეულიც. ამასთან, კასატორი აცხადებს, რომ რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია ცენტრის ყველა სამსახურში, უბრალოდ მისი შეჩერება ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ და პანდემიამ განაპირობა, თუმცა კასატორი ამტკიცებს, რომ 2020 წელს დაწყებული რეორგანიზაცია რეალურად ცენტრში დღესაც მიმდინარეობს, რასაც თან სამუშაო ადგილების შემცირებაც ახლავს.

6.5. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, თუ რა მნიშვნელობის საქმიანობას ახორციელებდა პანდემიის დროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. სწორედ მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო გახდა რეორგანიზაციით გამოწვეული ეკონომიკური ცვლილებების გარდა, განხორციელებულიყო ორგანიზაციული ცვლილებებიც, რათა პანდემიის დროს ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების სრულყოფილად და ეფექტურად შესრულებულიყო. ხსენებულის განსახორციელებლად საჭირო იყო, როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე სადისპეჩერო სამსახურის რეორგანიზაცია, როდესაც სადისპეჩერო სამსახურის ცენტრთან შეერთებით, უზრუნველყოფილ იქნა მოქალაქეთა ზარების ეფექტური კოორდინაცია და პროცესების სწორად მართვა.

6.6. კასატორი ამტკიცებს, რომ რეორგანიზაციის გამო, შემცირდა ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სამი საშტატო ერთეული, მათ შორის ცენტრის ლოგისტიკის დეპარტამენტის ავტოპარკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შტატი, ცენტრის დირექტორის მოადგილის შტატი და ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრის მთავარი სპეციალისტის შტატი. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცენტრის დირექტორის მოადგილის შტატზე დღემდე არავინ დანიშნულა და არც საშტატო ერთეული გაზრდილა, რაც ადასტურებს განხორციელებული რეორგანიზაციის საჭიროებას.

6.7. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმები დაედო საფუძვლად მ.გ–იას სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ მიმართებით კასატორი განმარტავს, რომ მასთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის შედეგიც იყო არადამაკმაყოფილებელი. ეს გადაწყვეტილება შეთანხმდა მინისტრთან, რომელმაც იცოდა მ.გ–იას ყოფაქცევისა და შეფასების თაობაზე, რის შედეგადაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

6.8. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხზე. კერძოდ, კასატორი აცხადებს, რომ პანდემიის დროს შეიქმნა „რეაგირების შტაბი“, რომლის მიზანიც იყო ცენტრში დასაქმებულ პირებს ემსჯელათ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და სამსახურზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. შტაბის წევრი, ცენტრის დირექტორის სხვა მოადგილეებთან ერთად, ასევე იყო მ.გ–იაც, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ბარათებით დასტურდება, რომ იგი თითქმის არ დადიოდა სამსახურში, მას არ გააჩნდა მოტივაცია მიეღო მონაწილეობა ცენტრის საქმიანობაში და შესაბამისად, არ ქმნიდა იმგვარ შთაბეჭდილებას, რომ იგი იყო სანიმუშო თანამშრომელი.

6.9. კასატორი მოსარჩელის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების არარსებობის შესახებ განმარტავს, რომ მოსარჩელეს ეკავა მოადგილის, ანუ მაღალი მენეჯერული რგოლის პოზიცია, რის გამოც ცენტრის დირექტორი თავს იკავებდა დაქვემდებარებული თანამშრომლების წინაშე მისი თანაშემწისთვის შენიშვნა მიეცა ან დისციპლინური წარმოება წამოეწყო.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი მირებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით მას უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო შეამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები №ას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

14. შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მიმართ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერებას. კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს რეორგანიზაციის (შტატების და დაფინანსების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა, თუ არა, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია შრომის კოდექსის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით).

15. შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; №ას-922-884-2014, 16.04.2015).

16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება (შეად. სუსგ-ებს: N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-67-2020, 29.09.2020წ. N ას-1129-2021, 2.03.2022წ; N ას-1440-2020, 28.04.2021წ; ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ-ები: N ას-1334-2021, 02.03.2022წ; N ას-361-2022, 10.06.2022წ.).

17. საკასაციო პალატის განმარტების შესაბამისად, საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქმნება იმგვარი გონივრული რწმენა, რომ რეორგანიზაცია და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამომდინარეობდა გადაუდებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან. კერძოდ, სსიპ საგანგებო სიტუაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული და 2020 წლის 10 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული (რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ) საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის (ტომი I, ს.ფ. 52-65) შედარების შედეგად, იკვეთება, რომ ერთი ერთეულით შემცირდა დირექტორის მოადგილის და ასევე, ერთი ერთეულით შემცირდა სასწავლო სატრენინგო ცენტრის მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, თუმცა ჯამური საშტატო ერთეულის რაოდენობა 2019 წელს იყო 122 ხოლო 2020 წელს გაიზარდა და 125 გახდა. ასევე, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ შემცირდა ავტოპარკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეულიც. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2020 წლის 17 აგვისტოს წერილს (ტომი I, ს.ფ. 116-118), საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის განმავლობაში 10 ივლისამდე, შტატით განსაზღვრულ პოზიციაზე დაინიშნა 01 პირი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პოზიციაზე 169 პირი, რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ (10 ივლისი) შტატით განსაზღვრულ პოზიციაზე არცერთი პირი არ დანიშნულა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პოზიციაზე დაინიშნა 41 პირი. რაც შეეხება ანაზღაურების გაზრდის საკითხს, რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ, შრომის ანაზღაურება გაეზარდა შტატით განსაზღვრულ 22 პოზიციას. აღნიშნული მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულების გაზრდის, ზოგიერთ პოზიციაზე თანამშრომელთა დამატებისა და მხოლოდ სამი საშტატო ერთეულის შემცირების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ნამდვილად გამომდინარეობდა გადაუდებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან.

18. პალატა ასევე განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად შესაძლებელია მხოლოდ ისეთი რეორგანიზაციის პროცესი იქნას მიჩნეული, სადაც დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებული და კეთილსინდისიერების პრინციპით ნაგულვები წინაპირობები, ანუ, რეორგანიზაციის მოტივით თანამშრომლის გათავისუფლებისას, იმისათვის, რათა შეიქმნას შრომითი საქმიანობის შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი სავალდებულოა დამსაქმებლის მიერ გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული კრიტერიუმების მიხედვით მოქმედება, რომელმაც თავის მხრივ უნდა გამორიცხოს მცირედი ეჭვის არსებობის საფუძველიც კი, რაც დასაქმებულის კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტს მიემართება.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის რომ სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე/დასაქმებულებზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. როგორც აღინიშნა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული.

20. საქართველოს შრომის კოდექსი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს(შდრ. საქმე №ას-268-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი).

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის იანვრის თვეში, ჩატარდა რეორგანიზაცია და სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შეუერთდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ხოლო 6 თვის შემდეგ ცენტრმა კვლავ გამოაცხადა რეორგანიზაცია და სამსახურიდან გაათავისუფლა მ.გ–ია ისე, რომ არც სხვა დაბალ თანამდებობაზე გადასვლა შეუთავაზებიათ, მაშინ, როდესაც, ცენტრში იყო ვაკანტური თანამდებობები. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია პირველი რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი საორგანიზაციო კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი N2 და თანამშრომელთა შეფასების ფურცელი (ტომი I, ს.ფ. 33-39), რომელიც დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო ცენტრში ჩატარებულ რიგით მეორე რეორგანიზაციის შედეგად, მ.გ–იას გათავისუფლებას. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შეფასების სტანდარტად გამოიყენა 2019 წლის 26 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრის თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრებები. პალატის მოსაზრებით, კასატორის აღნიშნული არგუმენტი, ამ პროცესს ლეგიტიმურად ვერ აქცევს. გარდა აღნიშნულისა, საორგანიზაციო კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის N2 სხდომის ოქმიდან და თანამშრომელთა შეფასების ფურცლიდან არ იკვეთება რა სტანდარტით ხდებოდა თანამშრომელთა შეფასება, კერძოდ, არ დგინდება რა შეკითხვები დაესვათ თანამშრომლებს და უზრუნველყოფდა თუ არა დასმული შეკითხვები დასაქმებულთა კვალიფიკაციის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას, ასევე არ დგინდება გამოირკვა თუ არა თანამშრომლების დატვირთულობის შესახებ ინფორმაცია, როგორ შეფასდა მათი კომპეტენცია და სხვა. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად კასატორი აცხადებს, რომ დამსაქმებელმა იხელმძღვანელა სამსახურში საუკეთესო დასაქმებულის დატოვების პრინციპით, ხოლო „საუკეთესოს“ შეფასებისას, თავის მხრივ, იხელმძღვანელა დირექტორის მოადგილეების სამუშაო გამოცდილებით, კვალიფიკაციით, უნარ-ჩვევებითა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების ხარისხით, რაც საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დგინდება. ამგვარად, კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა წინასწარ ჩამოყალიბებული შეფასების სისტემა არსებობდა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულთა შესაფასებლად და გაცნობილი ჰქონდათ, თუ არა ეს შეფასების სისტემა დასაქმებულებს.

22. გარდა ზემოაღნიშნულისა, დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული კასატორის ვერც ის არგუმენტი, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება დადგენილი წესით ჩაბარდა, როგორც მოსარჩელეს ასევე სხვა თანამშრომლებს და გამოქვეყნდა საჯაროდ. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე რეორგანიზაციის შესახებ ბრძანების ჩაუბარებლობა სადავოდ არ გამხდარა,

23.. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები №ას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-151-147-2016, 19.04.2016), ვინაიდან მ.გ–იას გათავისუფლებას საფუძვლად მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ან/და სამსახურში დისციპლინის დარღვევა არ დასდებია საფუძვლად, ამიტომ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტების საფუძვლიანობა, რომელიც უკავშირდება მ.გ–იას სამსახურში გამოუცხადებლობასა და ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობას.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა რამდენიმე სამართლებრივ შედეგს შეიძლება წარმოშობდეს. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილ სამართლის ნორმასთან მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; საქმე №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2015 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა, რის გამოც ამ ნაწილშიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია.

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა და დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 03 მარტს, №31343 საგადახდო დავალებით, გადახდილი 3376,28 ლარის 70% – 2363,39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 03 მარტს №31343 საგადახდო დავალებით გადახდილი 3376,28 ლარის 70% – 2363,39 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე