Facebook Twitter

საქმე №ას-1005-2022

26 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ზ.კ–მა (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული და მის საკუთრებაში არსებული №HГ78M 5.6 მმ. კალიბრის „მარგოლინის“ კონსტრუქციის სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის (მოდელი мцм) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გადაცემა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელემ 2011-2012 წელს, შსს მომსახურების სააგენტოში დაარეგისტრირა 5.6 მმ. კალიბრის მარგოლინის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და მიიღო მისი შენახვის უფლება. რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2.2. 2019 წლის 30 ივნისს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია.

2.3. მოსარჩელემ უარი მიიღო იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ 2011 - 2019 წ.წ. პერიოდში იარაღმა განიცადა მექანიკური ზემოქმედება, დამოკლებულია ლულა და არ შეესაბამება სტანდარტებს.

2.4. მოპასუხის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 31.12.2019 წ. #0013925296 დადგენილებით, შეწყდა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ დაუბრუნდა თავისი კუთვნილი იარაღი.

2.5. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოძრავი ნივთი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და მესაკუთრისათვის გადაცემას ითხოვს მოსარჩელე.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ, მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინდა და მიუთითა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მართებულად ჩამოერთვა მოსარჩელეს და არ არსებობდა მისი უკან დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

3.2. მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ თბილისის ვაკე_საბურთალოს რაიონულის პროკურატურის პროკურორის 31.12.2019 წ. დადგენილებით ირკვევა, რომ 2019 წელს მოსარჩელის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი იარაღის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ლულა იყო სავარაუდოდ კუსტარულად გადაჭრილი და არ შეესაბამებოდა ქარხანა დამამზადებლის სტანდარტებს. მოსარჩელეს უარი ეთქვა იარაღის რეგისტრაციაზე და დანიშნული იქნა კომპლექსურ ბალისტიკური და ფიზიკო ტექნიკური ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად, „მარგოლინის“ კონსტრუქციის 5.6 მმ. კალიბრის სპორტული პისტოლეტის ლულა იყო დამოკლებული და შეცვლილი იყო სამიზნე. იარაღი მიეკუთვნებოდა სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი იყო სროლისთვის. ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, იარაღი გადაეცა შსს სამინისტროს.

3.3. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდომ პროკურორთან, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, მათ შორის, ნივთმტკიცების ნაწილში, მიჩნეული იქნა კანონიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე უთითებდა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან იარაღის გამოთხოვის თაობაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ზ.კ–ის სახელზე რეგისტრირებული და მის საკუთრებაში არსებული MARGOLIN-ის მარკის 5,6 კალიბრის № ა.НГ78Md.НГ78 პისტოლეტი და მისი ზ.კ–ისთვის გადაცემა დადგინდა.

5.2. სასამართლოს განმარტებით, სადავო ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსარჩელის სახელზე იარაღის თავდაპირველი რეგისტრაცია (შენახვის უფლებით) ძალაშია და არ გაუქმებულა (იხ:, 09.06.2022წ. სხდომის ოქმი).

5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სადავო ცეცხლსასროლი იარაღი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში იყო და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელემ შეძლო მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და დაადასტურა, რომ სადავო ობიექტი მისი საკუთრებაა. რაც შეეხება მოპასუხეს, მას მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური სტანდარტის მიხედვით, უნდა დაედასტურებინა სადავო ობიექტის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. აღნიშნულის დასადასრუდებლად მხარე მიუთითებდა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 31.12.2019წ. დადგენილებაზე, რომლითაც შეწყდა მოსარჩელის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. დადგენილებაში მითითებულია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოვლინდა მოსარჩელის მიერ სადავო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობის განზრახვა. აშკარაა, რომ პირის მიზანს არ წარმოადგენდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ფლობა. მოსარჩელის ქმედებაში ასევე არ გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. ამავე დადგენილების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და ძებნილ იარაღთა ბაზაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, მას აღენიშნებოდა ლულის კუსტარულად გადაკეთების, დამოკლების კვალი, რის გამოც იგი მოსარჩელეს არ დაუბრუნდა.

5.4. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ნივთი უნდა დაბრუნებოდა მის მესაკუთრეს. ამასთან, სასამართლომ დასძინა, რომ პროკურორის დადგენილება ცეცხლსასროლი იარაღის შსს-თვის გადაცემის შესახებ, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი საფუძველი, ვერ გახდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი. გარდა ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მართალია იარაღი სპეციალიზებულ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ნივთია, თუმცა ეს ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად, ვინაიდან, ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულება მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. კასატორის აზრით, ერთი პირის მიერ მეორესთვის ნივთის გადაცემა შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით განხორციელდეს (ნასყიდობა, ჩუქება, დროებით მფლობელობაში გადაცემა, დავალების შესრულება და ა.შ.), ამდენად, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის უმთავრესი იყო დადგენილიყო ნივთის კასატორისთვის გადაცემის მიზანი.

6.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ შს სამინისტროს არ აქვს აღნიშნული იარაღის მართლზომიერი ფლობის საფუძველი, მოკლებულია არგუმენტს ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, მასზედ რომ დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, არ გულისხმობს პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განაჩენით, სისხლის სამართლის საქმეზე დანდართული ნივთმტკიცების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სამოქალაქო დავის წამოწყების გზით, არამედ დასახელებული ნორმა საშუალებას აძლევს კერძო სამართლის პირებს, როდესაც მათ შორის არსებობს დავა ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების შესახებ, სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის აღძვრით, გადაწყვიტონ სადავო საკითხი.

6.4. ამასთან, კასატორი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად წესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების ბედი. კასატორი აგრეთვე უთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1013 ბრძანებაზე, და განმარტავს, რომ ამ ბრძანების 36-ე მუხლის (ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის შეიარაღების სამმართველოს საწყობში მიღება წარმოებს ჩამბარებლის მომართვის (წერილი ან სამსახურებრივი ბარათი შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე) საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენი, განჩინება, დადგენილება) ამ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ;) მიხედვით, კასატორს არა მხოლოდ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება, არამედ გააჩნდა ვალდებულება გაეტარებინა კანონით დადგენილი ღონისძიებები, რადგან სადავო ნივთი მას გადაეცა პროკურორის დადგენილებით, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრების მიუხედავად არ გაუქმებულა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

8.1. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

8.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8.1.2. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

8.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8.1.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8.1.5. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის - მოძრავი ნივთის (იარაღი) სამინისტროს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისი მოსარჩელისათვის (მესაკუთრე) დაბრუნება - დაკმაყოფილების მართლზომიერება.

8.1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დავაზე ნივთის არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად კი, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

8.1.7. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სარჩელის წარმატებისთვის უნდა გამოიკვეთოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. ამასთან, სამოქალაქო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური სტანდარტი, მოსარჩელეს ავალდებულებს დაამტკიცოს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტები, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

8.1.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდაა დადგენილი და საკასაციო საჩივრით შედავებული არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემების თანახმად, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია MARGOLIN-ის მარკის 5,6 კალიბრის №НГ78M პისტოლეტი (შემდგომში „სადავო ცეცხლსასროლი იარაღი“) და საქმის განხილვის ამ ეტაპამდე, ხსენებული რეგისტრაცია გაუქმებული არ არის, ანუ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო მოძრავი ნივთის მესაკუთრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა იარაღის ხელახალ რეგისტრაციაზე, რადგან იარაღის ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ლულა იყო სავარაუდოდ კუსტარულად გადაჭრილი და არ შეესაბამებოდა ქარხანა დამამზადებლის სტანდარტს. 2019 წლის 30 იანვარს, ქ. თბილისის შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს II განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №007300119004 საქმეზე - მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვას. იმავე დღეს გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. სისხლის სამართლის საქმეზე 06.02.2019 წ. დაინიშნა კომპლექსური ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის მიერ 18.02.2019წ. შედგა დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ობიექტი №НГ78M თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, მარგოლინის კონსტრუქციის 5,6 მმ. კალიბრის სპორტული პისტოლეტის მოდელი „МЦМ“. ლულა დამოკლებულია და შეცვლილი აქვს სამიზნე. იგი მიეკუთვნება სპორტული დანიშნულების ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. იარაღზე დატანილი საქარხნო აღნიშვნები (ციფრები) განლაგებით და შრიფტით შეესაბამება საცნობარო მონაცემებში ასახულ, დამამზადებელი საწარმოს მიერ დატანილ ნომრებს და მარკირებებს. მათზე მექანიკური ზემოქმედების ან გადაშლის კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა. №НГ78M პისტოლეტში ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ობიექტები იდენტურია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია მასროთეკაში მოთავსებულ, სსიპ მომსახურების სააგენტოდან გადმოგზავნილ №НГ78M პისტოლეტში ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ობიექტების. საქმეზე ასევე, უდავო ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული, ის ფაქტი, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 31.12.2019 წლის №0013925296 დადგენილებით შეწყდა გამოძიება №007300119004 საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოვლინდა მოსარჩელის მიერ სადავო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობის განზრახვა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, აშკარაა რომ პირის მიზანს არ წარმოადგენდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ფლობა. მოსარჩელის ქმედებაში ასევე არ გამოკვეთილა სხვა დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. ამავე დადგენილებით, იმის გამო, რომ იარაღს აღენიშნებოდა ლულის კუსტარულად გადაკეთების, დამოკლების კვალი, იგი ჩამოერთვა მოსარჩელეს და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. მხარეთა შორის სადავოდ არაა გამხდარი, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2019 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებაზე, ნივთმტკიცების ნაწილში, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 13.03.2020წ. წერილის თანახმად, მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 31.12.2019წ. დადგენილება მიჩნეული იქნა კანონიერად.

8.1.9. კასატორის მიერ შედავებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და კანონის საფუძველზე დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტი, რაც ძირითადად ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების სამართლებრივ ძალაში ყოფნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის არგუმენტები მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების ბედს აწესრიგებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ასევე იმის შესახებ, რომ იარაღს აღენიშნება კუსტარულად გადაკეთების კვალი, რის გამოც პროკურორმა კანონიერად გადასცა იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს, საკასაციო საჩივრის წარმატებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული არგუმენტები არასაკმარისია საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების ხელყოფისთვის.

8.1.10. საქართველოს კონსტიტუცის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრების უფლება ასევე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ეროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვს. კერძოდ, კონვენციის თანახმად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

8.1.11. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით (იხ. სუსგ. საქმე №ას-1102-2022, 2022 წლის 06 დეკემბრის განჩინება). ხაზგასასმელია, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა (იხ. სუსგ. საქმე Nას-383-2022, 2022 წლის 06 ოქტომბერი).

8.1.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია MARGOLIN-ის მარკის 5,6 კალიბრის №НГ78M 5.6 მმ.პისტოლეტი (შემდგომში „სადავო ცეცხლსასროლი იარაღი“) და საქმის განხილვის ამ ეტაპამდე, ხსენებული რეგისტრაცია გაუქმებული არ არის და პირი მოძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრეა, ასევე დადასტურებულია, რომ 31.12.2019 წლის №0013925296 დადგენილებით შეწყდა გამოძიება №007300119004 საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

8.1.13. საკასაციო პალატა მოიხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, "დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს" და ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

8.1.14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ მოხმობილი ნორმის შესაბამისად მოსარჩელეს რატომ არ დაუბრუნდა უკან მისი საკუთრება (ს.ფ. 14-16), ამგვარ დასაბუთებად ვერ იქნება გამოყენებული ის გარემოება, რომ სადავო მოძრავ ნივთს ეტყობოდა კუსტარულად გადაკეთების კვალი. აღნიშნული მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის მიერ 18.02.2019წ. შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღი ვარგისია გამოყენებისთვის, ასევე მითითებულია, რომ №НГ78M პისტოლეტში ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ობიექტები იდენტურია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია მასროთეკაში მოთავსებულ, სსიპ მომსახურების სააგენტოდან გადმოგზავნილ №НГ78M პისტოლეტში ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ობიექტების.

8.1.15.საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით არ მომხდარა იარაღის საპროცესო კონფისკაცია ან სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება, ამიტომ, მხოლოდ პროკურორის დადგენილება, სადაც მითითებული არ არის არცერთი სამართლებრივი ნორმა, რაც მოძრავი ნივთის სამინისტროსთვის გადაცემის საფუძველი გახდა, ვერ იქნება საკუთრების უფლების ილუზორულად ქცევის მართლზომიერი და კანონიერი საფუძველი.

8.1.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელის წარუმატებლობის შემთხვევაში, ხელყოფილი იქნება მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულად იქნა რა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მართებულად.

8.1.17. გარდა ზემო აღნიშნულისა, საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE მიუთითა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავარია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

8.1.18. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადის №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

8.1.19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ Nას-1231-2020, 2020 წლის 30 ნოემბერი). ამასთანავე, კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, საქმეზე განსხვავებული შედეგი დადგებოდა, რაც საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის.

8.1.20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

8.1.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

8.2. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით, ასევე "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე