Facebook Twitter

საქმე ას-1241-2023 10 ნოემბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ჩ–ნი, გ.კ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნოტარიუსი ა.ჯ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირი - ვ.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ჩ–ნისა და გ.კ–ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიმართ და ზიანის - 19 561 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დ.ჩ–ნის და გ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნოტარიუს ა.ჯ–ძეს - დ.ჩ–ნის და გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 13000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოდავე მხარეებმა: მოსარჩელეებმა დ.ჩ–ნმა და გ.კ–მა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის 25000 ლარის დაკისრება და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. მოპასუხე ა.ჯ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, დ.ჩ–ნისა და გ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნოტარიუს ა.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.ჩ–ნისა და გ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 25 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, დ.ჩ–ნის და გ.კ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, ა.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ.ჩ–ნისა და გ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დარჩა უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ.ჩ–ნმა და გ.კ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, აგრეთვე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

2023 წლის 3 ნოემბერს (ხარვეზის შევსებამდე), კასატორების წარმომადგენელმა გ.ს–მა (იხ. რწმუნებულება ტომი 2, ს.ფ. 79-85) საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, მხარე უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ასევე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, რომელიც რეგლამენტირებულია 378-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით)(იხ.სუსგ №ას-863-2023; ას-89-2023)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოიყენება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას: საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორების წარმომადგენელი გ.ს–ი (იხ. რწმუნებულება ტომი 2, ს.ფ.79-85), წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების წარმომადგენლის გ.ს–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ საფუძვლით, თანახმად 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება.

ამასთან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კასატორებს განუმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ჩ–ნის და გ.კ–ის წარმომადგენლის გ.ს–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება მოსარჩელეების დ.ჩ–ნისა და გ.კ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე დ.ჩ–ნის და გ.კ–ის სარჩელის გამო, მოპასუხის ნოტარიუს ა.ჯ–ძის და მესამე პირის ვ.ჭ–ძის მიმართ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები;

4. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი