გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 54-გ-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე)
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 31 ივლისს ლ. ს-ემ, ა. ს-ემ, კ. კ-მა და სხვა მოქალაქეებმა სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მერიის, კორპორაცია “მ.” და სხვათა მიმართ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 აგვისტოს განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება აღნიშნული დავის განსჯადობით საოლქო სასამართლოს ქვემდებარეობის შესახებ და 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად, საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2003წ. 27 ოქტომბერს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საოლქო სასამართლოდან 2003წ. 29 ოქტომბერს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განსახილველად ასევე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს სარჩელი უზრუნველყოფაზე, რადგან, ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატა ამ ეტაპზე იხილავს მხოლოდ სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის წამოჭრილ დავას. ვინაიდან საქმის განსჯადობის შესახებ დავა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოდან კი საქმე განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში და წარმომადგენლებმაც სწორედ მას მიმართეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, ამიტომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.დ-ისა და თ.გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.