საქმე №ას-1338-2022 30 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის №ას-1338-2022 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის №ას-1338-2022 განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში გასწორდა უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ გასწორდა სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.“
2023 წლის 18 ოქტომბერს საკასაციო პალატას განცხადებით მიმართეს სს „მ.ს.თ.ბ“-ს დირექტორებმა და მიუთითეს, რომ 2023 წლის 29 სექტემბერს მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების, 2023 წლის 04 აპრილს გაცემული №1338-2022 სააღსრულებო ფურცლის და 2023 წლის 05 მაისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების აღსრულება.
სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეცილაური სამსახურის 2023 წლის 03 ოქტომბრის შეტყობინების თანახმად, სს „მ.ს.თ.ბ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ერთი თვის ვადაში მისი აღმოფხვრა. აღნიშნული შეტყობინების თანახმად, 2023 წლის 04 აპრილს გაცემულ №1338-2022 სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი, რის გამოც ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებით გასწორდა 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, ნაცვლად მე-5 პუნქტისა.
განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს დაშვებული უსწორობის გასწორება (იხ. 2023 წლის 18 ოქტომბრის განცხადება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-1338-2022, სს „მ.ს.თ.ბ–ს“ საკასაციო საჩივარი დაკამყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის 04 აპრილს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი №ას-1338-2022.
2023 წლის 05 მაისს საკასაციო პალატამ თავისი ინიციატივით იმსჯელა 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხზე და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ უნდა გასწორდეს სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ (იხ. 2023 წლის 05 მაისის განჩინება საქმეზე №ას-1338-2022).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 371). დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. თ.ლილუაშვილი, ვ.ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2007 წ., გვ. 454-454; შდრ: სუსგ № ას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წ; სუსგ № ას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წ.; სუსგ № ას-1369-2020, 20 აპრილი, 2021 წ.; სუსგ № ას-223-2022, 12 დეკემბერი, 2022 წ.; სუსგ №ა-374-გან-2-2023, 15 თებერვალი, 2023 წ.,სუსგ №ას-109-2023, 28 თებერვალი, 2023 წ.; სუსგ №ას-904-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე (შდრ: სუსგ № ას-842-1056-08, 16 ივნისი, 2020 წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. დამატებით: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), თბილისი, 2013, გვ. 3.; Beck’sche Kurz-Kommentare Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. A. Baumbach, Professor Dr. W. Lauterbach, Dr. J. Albers, Dr. P. Hartmann, 75.Aufl, 2016. Vorb. §704, 2046. ).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით, რადგან როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არმოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. (შდრ: სუსგ №ა-374-გან-2-2023, 03 აპრილი, 2023 წ).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ“ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით,არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით,რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no 28537/02, 27.09.2005; „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no. 40765/02, 28.11.2006; „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no.8252/08, 12.06.2012; Burdov v. Russia, no. 59498/00, 4.09.2002, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , 19.03.1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510; Romashov v. Ukraine, no. 67534/01, 27 July 2004; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, 03.12.2009, §129; Antonetto v. Italy, no. 15918/89, 20.07.2000, §28; Kryshchuk v. Ukraine, no. 1811/06, 19.02. 2009; Kosmidis and Kosmidou v. Greece, no. 32141/04, 8.11.2007; Rompoti and Rompotis v. Greece, no. 14263/04, 25.01. 2007). შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულებაც, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ. მ.სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ № 4(47), 2015, გვ.19.).
სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ. 377).
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 07 ივლისი, 2017 წ).
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტ-აღმასრულებლის 2023 წლის 03 ოქტომბრის A23230302-004/001 შეტყობინებაში სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ აღნიშნულ მითითებას, რომ №010210018002254386 (საქმე №ას-1338-2022) სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი, რის გამოც ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 04 აპრილს საქმეზე №ას-1338-2022 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მონაცემებზე: მოვალის ვინაობა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; რეკვიზიტი: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
ანალოგიურად ხდება სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების საქმეებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური წარმოადგენს კრედიტორს (შდრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №ბს-625 ( კ-23); 2023 წლის 23 ივნისის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №ბს-731( კ-22); 2022 წლის 13 ივნისის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №ბს-358 (კ-22); 2022 წლის 11 მაისის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №ბს-1211 (კ-21); საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე №ას-1314-2022.).
რაც შეეხება №010210018002254386 შეტყობინებაში მითითებას, რომ სააღსრულებო ფურცელში არ არის აღნიშნული მოვალის მისამართი, რის გამოც ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება, საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში განსახილველ საკითხებზე სახელმწიფო ბაჟის მიმღებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახელმწიფო ხაზინა), რომლის რეკვიზიტია ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ანგარიშის ნომერი 200122900. მხარეების მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებშიც, მხოლოდ აღნიშნული მონაცემებია მითითებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე, სადაც კასატორი გახლდათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო კასატორის მოწინააღმდეგე მხარე კი - სსიპ შემოსავლების სამსახური. კასატორის მითითებით, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისამართი სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს. კასატორი აღნიშნავდა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. „კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები“, გულისხმობს სააღსრულებო წარმოების მისამართის შესახებ ინფორმაციას. აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და ფარგლებში. კასატორმა მიიჩნია, რომ მისამართი სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტია, ვინაიდან მოვალის მისამართის მითითება აუცილებელია სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისათვის, ხოლო კრედიტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა, ამიტომაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა კასატორის განმარტება და მიუთითა შემდეგი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, სანოტარო აქტის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღსასრულებელი გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში ან პირიქით, ვიდრე ამას აღსასრულებელი აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ იყო მოვალის მისამართი, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანხამად, სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტია. შესაბამისად, უნდა შეფასდეს სააღსრულებო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერება. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართის მითითება სავალდებულო რეკვიზიტი არ არის, სავალდებულო მხოლოდ მოვალის დასახელებისა და პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ იზიარებს კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებას სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართის სავალდებულო რეკვიზიტად მითითების თაობაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი არ იყო მოვალის მისამართი, არ წარმოადგენდა აღმასრულებლის მიერ შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას. აღმასრულებელს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 6-7 პუნქტების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, უნდა გამოეყენებინა საჯარო შეტყობინების ინსტიტუტი და შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები“ (შდრ: სუს-ოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე საქმეზე №ბს-1173 ( კ-21).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის №ას-1338-2022 განჩინების 1 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ გასწორდეს სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.“
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კრედიტორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უნდა დაუბრუნდეს დაბრუნების დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ.ს.თ.ბ–ს“ განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის №ას-1338-2022 განჩინების 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ გასწორდეს სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.“
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე