Facebook Twitter

ას-252-2022

30 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ტ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 25 დეკემბერს, გ.გ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ.ტ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 129000 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 343140 ლარის გადახდის დაკირება.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ.ტ–ს გ.გ–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 90 269.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 240 271,44 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ტ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, გ.ტ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 06.04.2012 წელს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მსესხებელმა (გ.ტ–ი), გამსესხებლისაგან (გ.გ–ი) სესხის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი (82 500 ლარი ეროვნულ ვალუტაში), თვეში 2% სარგებლის დარიცხვით. სესხის თანხა გ.ტ–ს 2012 წლის 31 დეკემბრამდე (9 თვეში) უნდა დაებრუნებინა. ამდენად, 2012 წლის 31 დეკემბრამდე, გ.ტ–ს გ.გ–ისთვის უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი და პროცენტის სახით - 8799,92 აშშ დოლარი (2012 წლის აპრილის თვის 799.92 აშშ დოლარი და მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით 8 თვეში 8000 აშშ დოლარი).

6.1.2. 2016 წლის 11 აპრილს, 06.04.2012 წლის სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, მსესხებლის გ.ტ–ის სახელით გაკეთდა მინაწერი, რომლის პირადად შესრულება დაადასტურა მოპასუხემ. მინაწერით გ.ტ–ი ადასტურებს სესხის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის აღებას. მოპასუხე ასევე ადასტურებს, რომ სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე არსებულ მინაწერში გაკეთებული დათქმა, თვეში 1 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, გულისხმობს მისი მხრიდან სესხის ძირითადი თანხის მთლიანად დაფარვამდე დამატებით პროცენტის სახით ყოველთვიურად 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღებას.

6.1.3. გ.გ–ს საკუთრებაში გააჩნია საანაბრო ანგარიში GE09TB7004702366100018, სადაც გ.გ–ის სასარგებლოდ მოპასუხე მხარის მიერ, განხორციელდა შემდეგი გადახდები: 2015 წლის 30 ივნისს - 500 აშშ დოლარის, 2015 წლის 2 ივლისს - 500 აშშ დოლარის და 2016 წლის 25 აგვისტოს - 200 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში - 1 200 აშშ დოლარის ოდენობით. გადახდები დაკავშირებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებასთან (ამ ნაწილში შედავება (სააპელაციო საჩივარი) გ.გ–ის მიერ არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გ.გ–ის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდებს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებულ გადახდებად მიიჩნევს).

6.1.4. აპელანტის (მოპასუხის) მიერ სესხის ხელშეკრულების ბოლოში, მოპასუხის მიერ 2016 წლის 11 აპრილს განხორციელებული მინაწერით, მოპასუხემ თანხმობა გამოხატა, აღნიშნული თარიღიდან პროცენტის გადახდის პირობაზე. განხორციელებული მინაწერით, მსესხებელმა დაადასტურა 2016 წლის 11 აპრილიდან, დარჩენილ ძირითად დავალიანებასთან ერთად, ყოველთვიურად პროცენტის გადახდის პირობა, რომლის პირადად შესრულება დაადასტურა მოპასუხემ. მოპასუხე მხარის აღნიშნული მინაწერით, საფუძველი დაედო ახალ შეთანხმებას - მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის 11 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილ ძირითად თანხასთან ერთად პროცენტის სახით გადაიხდიდა ყოველთვიურად 1 000 აშშ დოლარს.

6.1.5. სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მოსარჩელემ აღძრა 2018 წლის 25 დეკემბერს. შესაბამისად, 2016 წლის 11 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში გასულია 33 თვე, მათ შორის 2016 წლის არასრული აპრილის თვე. შესაბამისად, ამ პერიოდზე პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 32 670 აშშ დოლარს.

6.1.6. ამდენად, დავალიანება შეადგენს: 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სესხის ძირითადი თანხა 50 000 აშშ დოლარს, 2012 წლის 31 დეკემბრამდე დარიცხული პროცენტი - 8 799,92 აშშ დოლარი (2012 წლის აპრილის თვის 799.92 აშშ დოლარი და მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით 8 თვეში 8000 აშშ დოლარი), ხოლო, 2016 წლის 11 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის დარიცხული პროცენტი - 32 670 აშშ დოლარი (33 თვე X 990 აშშ დოლარზე). სასამართლომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულება შესრულებულად მიიჩნია 1200 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, დავალიანება განისაზღვრა 90 269,92 (50000+8799,92+32670-1200) აშშ დოლარით.

6.2.სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აპელირება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, მათ შორის, ელექტრონული მიმოწერით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს (მოვალეს) თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, სამოქალაქო კოდექსის 429-431 მუხლების შესაბამისად, არ ჰქონდა წარმოდგენილი.

6.3.პალატამ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულების ბოლოში განხორციელებული მინაწერით, მოპასუხე ადასტურებდა მისი განხორციელების დროისთვის (11.04.2016 წლისთვის) სესხის ძირითადი თანხიდან ნაწილის გადახდას, თუმცა, ამ მინაწერით არ დასტურდებოდა, რომ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან მსესხებელს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი.

6.4.სააპელაციო პალატამ მოპასუხის იმ მითითების საპასუხოდ, რომ ხელშეკრულება ასლის სახით იყო წარმოდგენილი და სრულად არ იკითხებოდა, განმარტა, რომ სსსკ-ის 135-ე მუხლის იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების უფლებამოსილებას. რამდენადაც მოპასუხეს შუამდგომლობა დედნის სახით მტკიცებულების წარდგენის თაობაზე არ დაუყენებია, ამასთან, არც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, მაგ. სადავო გარემოების დამადასტურებელი სხვა ხელშეკრულება წარმოუდგენია, ხოლო, საქმეში არსებული ხელშეკრულებით დასტურდებოდა სესხის ძირითადი თანხიდან მხოლოდ 500 (ხუთასი) აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ვალდებულება სრულად არ იყო შესრულებული და სარჩელის აღძვრის დროისთვის დავალიანება 90 269,92 აშშ დოლარს შეადგენდა.

6.5.რაც შეეხება ნომინალიზმის პრინციპის მოქმედების ფარგლებს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნომინალიზმის პრინციპი მხოლოდ ხელშეკრულების ვადაში მოქმედებს, ანუ იგი ვალუტის კურსის შეცვლის პირობებში, ფულადი ვალდებულების გადაანგარიშებას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იწვევს, თუ ვალდებულება დროულად შესრულდა. სახელშეკრულებო ვადის დარღვევის შემდეგ, ნომინალიზმის პრინციპი აღარ გამოიყენება, რადგანაც მოვალემ მისი სახელშეკრულებო ვალდებულება იმ დღეს არ შეასრულა, რაც გადახდისათვის იყო განსაზღვრული და ამით კრედიტორი ფულის ღირებულების დანაკარგის წინაშე დაუცველი დატოვა. ასევე, პალატამ განმარტა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დასაბრუნებელი ფულადი ერთეულის (ნომინალის) მხრივ ზეგავლენას არ ახდენს. ნომინალიზმის პრინციპის საწინააღმდეგოდ, გადაანგარიშების ვალდებულება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას, თუ ვადამოსული ვალდებულების წარმოშობის დღე და ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ როდესაც, ადგილი აქვს ვადაგადაცილებას. ასეთ შემთხვევაში, კონტრაგენტს კურსთა შორის სხვაობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი იმ დანაკლისში გამოიხატება, რაც მან ვალდებულების წარმოშობის დროიდან, ანუ იმ დღიდან როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, ფაქტობრივ შესრულებამდე, ფულის ერთეულის (კურსის) მისთვის საუარესო ცვლილებით განიცადა. ასეთ შემთხვევაში, კურსთა შორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს და აღნიშნა, რომ სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა 90 269.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 240 271,44 ლარის გადახდა.

6.6.რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას მასზედ, რომ სასამართლომ მოუსპო შესაძლებლობა მოპასუხე მხარეს დაედასტურებინა საკუთარი პოზიცია ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, როდესაც უარი განაცხადა მოპასუხის იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მხარე მოითხოვდა სს „თ.ბ–ან“ ინფორმაციის გამოთხოვას (მოსარჩელე გ.გ–ის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თიბისი ფეის აპარატების მეშვეობით 11.04.2016-25-12.2018 პერიოდში ჩარიცხული თანხების შესახებ) პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს სსსკ-ის 377.3-ე მუხლის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა), სასამართლოს მიერ გამოტანილი საოქმო განჩინება, არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდებოდა.

7. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.კასატორის განმარტებით, გ.გ–ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რეგისტრირებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; კერძოდ. სარჩელში არ იყო მითითებული მოსარჩელის ელ. ფოსტის მისამართი და ფაქსი. აღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაერეგისტრირებინა სარჩელი და უარი უნდა განეცხადებინა სარჩელის რეგისტრაციაზე, რაც არ განუხორციელებია.

7.2.კასატორის მითითებით, სასამართლომ სათანადო გამოკვლევის გარეშე, არასწორად განსაზღვრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი დავალიანების ოდენობა. კასატორის მოსაზრებით, თუ ასლის სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებაში არ იკითხებოდა 2016 წლის 11 აპრილის მინაწერი, რომლითაც დასტურდებოდა 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სააპელაციო პალატას სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, თავად უნდა დაევალებინა მოსარჩელისათვის 2012 წლის 6 აპრილის სესხის ხელშეკრულების დედნის სახით წარმოდგენა, რაც არ განუხორციელებია.

7.3.კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული 90269,92 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებისას, უგულვებელყო სსკ-ის 389-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების წარმოშობის დროს - 2012 წლის 6 აპრილს, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსი 1 აშშ დოლარისათვის შეადგენდა 1,6418 ლარს, 90269,92 აშშ დოლარის ექვივალენტი უნდა განსაზღვრულიყო 148205,15 ლარით, თუმცა, სასამართლომ სსკ-ის 389-ე მუხლის დარღვევით დაიანგარიშა გადასახდელი თანხის ოდენობა, რითაც კასატორს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

7.4.კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 329-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 330-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, 11.04.2016 წელს მისი მხრიდან განხორციელებული მინაწერი და ცალმხრივი ნების გამოხატვა, უსაფუძვლოდ მიიჩნია სესხის ხელშეკრულებად, რის გამოც არასწორად დააკისრა 11.04.2016 წლიდან 25.12.2018 წლამდე პერიოდში გადასახდელი პროცენტი 32670 აშშ დოლარის ოდენობით.

7.5.კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ელექტრონული მიმოწერებით, გ.გ–ი ადასტურებდა, რომ გ.ტ–ისაგან ჯამში 60 000 აშშ დოლარი ჰქონდა მიღებული. კასატორის მითითებით, სესხის ხელშეკრულებაში არსად არაა დათქმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ვალის დაბრუნება და შესაბამისად, სრული უფლება გააჩნდა ნებისმიერი შესაძლო მეთოდით დაებრუნებინა ვალი, რასაც ახორციელებდა კიდეც. რიგ შემთხვევებში, ვალს მოსარჩელეს ხელზე, რიგ შემთხვევებში კი, მძღოლის - სამველ მკრტიჩიანის დახმარებით, გადახდის აპარატების მეშვეობით უხდიდა საბანკო ანგარიშზე, რის დასადასტურებლადაც 4 დოკუმენტი წარედგინა სასამართლოს, ხოლო დანარჩენის მოპოვებაზე და სს „თ.ბ–ან“ ინფორმაციის გამოთხოვაზე სასამართლომ თავად უთხრა უარი, რის გამოც არ მიეცა საშუალება დაემტკიცებინა ვალის დაბრუნების ფაქტი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, გ.ტ–ს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უპირველესყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს, ხოლო, ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

12. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება, ხოლო, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს (მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 625.1-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებს მოპასუხესთან არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობას, არამედ სარგებელზე შეთანხმებასაც.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის, რომ 2012 წლის 06 აპრილს, მოდავე მხარეთა შორის, სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სადაც სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით. მხარეებს შორის შეთანხმდა ასევე ხელშეკრულების ვადის ბოლომდე ყოველთვიური სარგებლის ოდენობა - თვეში 2%. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 31 დეკემბრამდე (9 თვით, სადაც აპრილი არის არასრული თვე). ამდენად, პროცენტის დარიცხვა ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (31.12.2012 წლამდე), ხოლო ვადის გასვლის შემდგომ პროცენტის გადახდის ვალდებულება მხარეებს ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, ხელშეკრულების დასრულებისას, გ.ტ–ს გამსესხებლისათვის - გ.გ–ისათვის უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი და პროცენტის სახით - 8 799,92 აშშ დოლარი (2012 წლის აპრილის თვის 799.92 აშშ დოლარი და მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით 8 თვეში 8000 აშშ დოლარი) (ტ.1, ს.ფ. 15-17).

14. დადგენილია ისიც, რომ სასამართლომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულება შესრულებულად მიიჩნია მხოლოდ 1200 აშშ დოლარის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახდელი დავალიანების ოდენობა განსაზღვრა 90 269,92 აშშ დოლარით, საიდანაც 50 000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, 8 799,92 აშშ დოლარი - 2012 წლის 31 დეკემბრამდე დარიცხულ პროცენტს, ხოლო, 32 670 აშშ დოლარი - 2016 წლის 11 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის დარიცხულ პროცენტს. ამ უკანასკნელის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, 2016 წლის 11 აპრილს განხორციელებული მინაწერით, საფუძველი დაედო ახალ შეთანხმებას, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის 11 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილ ძირითად თანხასთან ერთად, პროცენტის სახით გადაიხდიდა ყოველთვიურად 1 000 აშშ დოლარს.

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკან მხარეს, ნამდვილად დატანილია მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული და 11.04.2016 წლით დათარიღებული ხელნაწერი ტექსტი შემდეგი შინაარსით - „მე, გ.ტ–ი, პირადი №01026012442 ვადასტურებ, რომ ნასესხები მაქვს 50000 $, საიდანაც გადახდილი მაქვს 500 და სანამ არ გადავიხდი მთლიანად, თვეში სარგებლის სახით ვიხდი 1000$-ს“, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მინაწერზე დაყრდნობით მოპასუხისათვის პროცენტის სახით 32 670 აშშ დოლარის (2016 წლის 11 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის დარიცხულ პროცენტის) დაკისრება არამართებულია და ამ ნაწილში, კასატორის მოსაზრება გასაზიარებელია.

16. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით). სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არაფორმასავალდებულო გარიგებების მიმართ განამტკიცებს ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ, როდესაც კანონი გარიგებისთვის არ ითვალისწინებს წერილობით ფორმას, მხარეებს ამ გარიგებისთვის შეუძლიათ, შეათანხმონ ნებისმიერი ფორმა. ამასთან, თუ მხარეებმა თავიანთი შეთანხმებით ხელშეკრულების ფორმა განსაზღვრეს (სსკ-ის 328.1 მუხლი), კანონით გათვალისწინებული ფორმასავალდებულო ხელშეკრულებების მსგავსად, იგი ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის დაცვის შემთხვევაში.

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 06 აპრილის სესხის ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. შესაბამისად, მხარეებმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობად რთული წერილობითი ფორმა განსაზღვრეს.

18. პალატა განმარტავს, რომ ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ დამატებითი შეთანხმებები და შემდგომი ცვლილებები, მით უფრო ისეთი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ვალდებულების შინაარსს. სასყიდლიანი კონსტრუქციის დროს პროცენტის გადახდა კი, ძირითადი ვალდებულებაა. რთული წერილობითი ფორმით დადებული გარიგების პირობები ამავე ფორმით რომ უნდა შეიცვალოს, აღნიშნული სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს. აღნიშნულის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 06.04.2012 წლის სესხის ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას მასში ცვლილებების შეტანის ფორმასთან დაკავშირებით, თუ მხარეებს წერილობით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა სურდათ, ამაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც ძირითადი ხელშეკრულებაა გაფორმებული.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, დაიცვეს თუ არა მხარეებმა გათვალისწინებული ფორმა. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია და მხარეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. გარიგების ბათილობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მარტივი წერილობითი, ისე რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ. მთავარია, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად იყოს განსაზღვრული მოცემული გარიგების ნამდვილობის ფორმა. განსახილველ შემთხვევაში, რადგანაც მხარეებმა გარიგების ნამდვილობა ფორმას დაუკავშირეს, კერძოდ კი, მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სანოტარო ფორმა განსაზღვრეს, მისი დაუცველობა, დამატებითი შეთანხმების ბათილობის სამართლებრივი საფუძველია.

20. ამდენად, მართალია, სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, მოპასუხის მიერ განხორციელებული 11.04.2016 წლის მინაწერი უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს სურდათ შესაბამისი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ 06.04.2012 წლის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალის დაბრუნების ვადა გაეგრძელებინათ მის სრულად დაბრუნებამდე, თუმცა, საკასაციო პალატა ამ შეთანხმებას, ფორმადაუცველობის გამო, სამართლებრივად ბათილ გარიგებად მიიჩნევს, რამეთუ ამგვარი არსებითი პირობის შეცვლა (ვალის დაბრუნების ვადის გაგრძელება შესაბამისი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ) მოითხოვს იმავე ფორმას, როგორი ფორმითაც ძირითადი ხელშეკრულებაა დადებული, კონკრეტულ შემთხვევაში - სანოტარო დადასტურებას, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არ დასტურდება პროცენტზე შეთანხმება ან ამგვარი შეთანხმება ბათილია, სესხი მიიჩნევა სასყიდლის გარეშე დადებულ ხელშეკრულებად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სესხის ძირითადი ხელშეკრულებით პროცენტის დარიცხვა შეთანხმებული იყო მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (31.12.2012 წლამდე), ხოლო ვადის გასვლის შემდგომ პროცენტის გადახდის ვალდებულება მხარეებს სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებიათ, ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ 11.04.2016 წლის შეთანხმება ბათილი გარიგებაა, ხოლო, მოსარჩელემ ამ პერიოდისათვის სარგებელზე შეთანხმება სხვაგვარად ვერ დაადასტურა, მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის 33 თვის (შეთანხმებიდან - 11.04.2016 წ. სარჩელის აღძვრამდე - 25.12.2018 წ. პერიოდში) პროცენტის - 32 670 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა.

22. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილისა და მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის მოცულობის განსაზღვრას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი ვალის გადახდის ფაქტზე აპელირებს. ამ მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული, თუ როგორი სახით უნდა დაბრუნებულიყო ვალი, მას სრული უფლება ჰქონდა ნებისმიერი შესაძლო მეთოდით დაებრუნებინა, რასაც ახორციელებდა კიდეც. რიგ შემთხვევებში, ვალს მოსარჩელეს ხელზე, რიგ შემთხვევებში კი, მძღოლის - სამველ მკრტიჩიანის დახმარებით, გადახდის აპარატების მეშვეობით უხდიდა საბანკო ანგარიშზე, რის დასადასტურებლადაც 4 დოკუმენტი წარედგინა სასამართლოს, ხოლო დანარჩენის მოპოვებაზე და სს „თ.ბ–ან“ ინფორმაციის გამოთხოვაზე სასამართლომ თავად უთხრა უარი, რის გამოც არ მიეცა საშუალება დაემტკიცებინა ვალის დაბრუნების ფაქტი. ასევე, ვალის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, 2016 წლის 11 აპრილის მინაწერზე, რომლითაც მისი მოსაზრებით დასტურდება 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და ელექტრონულ მიმოწერებზე, რომლითაც მისი მოსაზრებით დასტურდება, რომ გ.გ–ს გ.ტ–ისაგან საბოლოო ჯამში მიღებული აქვს 60 000 აშშ დოლარი.

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას ვალის გადახდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაადასტურა სადავო თანხის ნაწილის გადახდის ფაქტი, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ამას თვითონ მიუთითებს.

24. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-346-2021, 14.07.2021წ.). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1755-2018, 22.02.2019წ.; №ას-346-2021, 14.07.2021 წ.; №ას-488-2021, 29.09.2021 წ.).

25. ზემოაღნიშნულ აბზაცში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შესრულების დადასტურების კონტექსტში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას ელექტრონული მიმოწერების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მიმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი; ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით მიმოწერის ნამდვილობა დადასტურდებოდა, მასში საუბარია ბევრად მცირე თანხაზე, ვიდრე ამას კასატორი მიუთითებს, ამასთან, ისიც გაუგებარია, თუ კონკრეტულად რას მიემართება მიმოწერაში ნახსენები თანხები.

26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსესხებელმა გამსესხებლისათვის ჯამში მხოლოდ 1700 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის ფაქტი დაადასტურა ისეთი მტკიცებულებებით (ქვითრების ასლები: 30.06.2015 წ. - 500 აშშ დოლარი, 02.07.2015 წ. - 500 აშშ დოლარი და 25.08.2016 წ. - 200 აშშ დოლარი 11.04.2016 წ. ხელწერილი – 500 აშშ დოლარი), რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებად - თანხის გადახდის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 30.06.2015 წელს 500 აშშ დოლარის, 02.07.2015 წელს ასევე 500 აშშ დოლარის და 25.08.2016 წელს 200 აშშ დოლარის (ჯამში 1200 აშშ) ოდენობით გ.გ–ის საბანკო ანგარიშზე განხორციელებული გადახდები დაკავშირებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებასთან; რაც შეეხება დამატებით 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ დარჩენია ის გარემოება, რომ 2016 წლის 11 აპრილის მინაწერს, რომლითაც კრედიტორისათვის დამატებით 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება, ხელს მხოლოდ მოპასუხე აწერს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მინაწერს თავად მოსარჩელე მიიჩნევს რელევანტურ მტკიცებულებად, რადგან სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითად ხელშეკრულებასთან ერთად, სწორედ ამ მინაწერიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება უნდა განისაზღვროს 57099.92 აშშ დოლარით (50 000 აშშ დოლარს + 8 799,92 აშშ დოლარი (2012 წლის აპრილის თვის 799.92 აშშ დოლარი და მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით 8 თვეში 8000 აშშ დოლარი) - 1700 აშშ დოლარი).

27. რაც შეეხება კასატორის შედავებას მასზედ, რომ თუ ასლის სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებაში არ იკითხებოდა 2016 წლის 11 აპრილის მინაწერი, რომლითაც დასტურდებოდა 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სააპელაციო პალატას სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, თავად უნდა დაევალებინა მოსარჩელისათვის 2012 წლის 6 აპრილის სესხის ხელშეკრულების დედნის სახით წარმოდგენა, საკასაციო პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო პალატის შეფასებას და განმეორებით განმარტავს, რომ საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებას (იხ., სუსგ №ას-274-262-2015, 13 მაისი, 2015 წელი). ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება) (იხ. ას-948-2019, 27.05.2021 წ.). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს თანაბრად ჰქონდათ საპროცესო შესაძლებლობა თავად უზრუნველეყოთ საქმისწარმოების მსვლელობისას კვალიფიციურ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა სარწმუნოობასაც სასამართლო საკუთარი მიხედულების ფარგლებში მიანიჭებდა უპირატესობას და ჩათვლიდა უფრო დასაბუთებულად. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, ორივე მხარეს შეეძლო თანაბრად და დაუბრკოლებლად ამ პრინციპებით სარგებლობა, თუმცა მოპასუხეს არც დედნის სახით მტკიცებულების წარდგენის თაობაზე უშუამდგომლია და არც თავად წარუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა საბუთის ასლის მტკიცებულებით მნიშვნელობას.

28. აქვე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ არ მიეცა საშუალება დაემტკიცებინა ვალის დაბრუნების ფაქტი, რამეთუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სს „თ.ბ–ან“ „თიბისი ფეის“ აპარატის მეშვეობით 11.04.2016-25.12.2018 პერიოდში ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ უკვე დასაბუთებულად იმსჯელა თავის განჩინებაში, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატა (ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.6 პუნქტში) და მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ მითითებული დასკვნის გამაქარწყლებელი დასაბუთებული შედავება.

29. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს (გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის (თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის) არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ: „ეს ნორმა (სსკ-ს 389-ე მუხლი) ეფუძნება ნომინალიზმის პრინციპს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. თუმცა, დასახელებული ნორმა თავისი სიტყვასიტყვითი დანიშნულებით ნომინალიზმის პრინციპისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და უთითებს, რომ თუ ფულის ერთეული (კურსი) შეიცვალა, ფულადი ვალდებულება იგივე რაოდენობის ნომინალით კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. ამასთან, ნორმის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგებოდა ნომინალიზმის პრინციპის არსს და მის დანიშნულებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით. რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ნორმის რეგულირების მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. აღნიშნული ნორმის კონტექსტში, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ვალდებულების შესრულების დროში. სსკ-ის 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება. შესაბამისად, მოვალემ 389-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ერთეულის (კურსის) შეცვლისას ვალდებულება იმ ფულადი ერთეულით (კურსით) უნდა შეასრულოს, რომელიც ვადა მოსული ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. „ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.). ამდენად, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. მაშასადამე, ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა. „ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება“. ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული ოდენობა, შესაბამისად, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს, ვინაიდან ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა (იხ. სუსგ-ები: №ას-762-730-2016, 16.01.2017წ; №ას-347-323-2010, 19.07.2010წ.; №ას-130-122-2017, 24.03.17 წ.; იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს ვალდებულების წარმოშობის დროს - 2012 წლის 6 აპრილს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით, რაც 1 აშშ დოლარისათვის შეადგენდა 1,6418 ლარს.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

33. ამდენად, გ.ტ–ის საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, გ.გ–ს გ.ტ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 457.2 ლარის გადახდა (საქმეზე საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი ნაწილების პროპორციის შესაბამისად, მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟების გაქვითვის გათვალისწინებით); ამასთან, გ.გ–ს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გ.ტ–ისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6000 ლარიდან 2202 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო, გ.ტ–ის უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6000 ლარიდან 3798 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ.ტ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. გ.ტ–ს გ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 57099.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

5. გ.გ–ს გ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 457.2 ლარის გადახდა (მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟების გაქვითვის გათვალისწინებით);

6. გ.გ–ს დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გ.ტ–ისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6000 ლარიდან 2202 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ;

7. გ.ტ–ის დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6000 ლარიდან 3798 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე