№ას-1538-2022
31 მარტი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.ს–ნი (მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ს–ნმა (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1 გაუქმდეს საზიარო უფლება თბილისში, .......... ქ N35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით #..........) აღნიშნული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის 1/2 ნაწილი გადაეცეს ა.ს–ნს, ხოლო 1/2 ნაწილი სახელმწიფოს.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით განსახილველ სამოქალაქო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს ჩაება გ.ს–ნი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ს–ნის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად; გაუქმდა ა.ს–ნის და სახელმწიფოს საზიარო უფლება თბილისში, .......... ქუჩა N35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N..........) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა საზიარო საგანზე მათი წილების შესაბამისად. კერძოდ, ა.ს–ნს გადაეცა ამონაგები თანხის ½ ნაწილი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ½ ნაწილი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზ უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით განსახილველ სამოქალაქო საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლებამონაცვლედ და შესაბამისად, მოპასუხედ და აპელანტად ცნობილ იქნა გ.ს–ნი.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1. გ.ს–ნის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, №35 (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 378.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ?, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.ს–ნისა (1/2 ნაწილი) და სახელმწიფოს სახელზე.
8.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის № 004178618 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, .......... ქუჩა №35-ში მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების (½ და ½) შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზე და №4-ზეა აღნიშნული. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, .......... ქუჩა №35-ში მდებარე: - 209.58 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან პირველი ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 104.79 კვ.მ. ფართი, ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 104.79 კვ.მ. განაშენიანებისაგან თავისუფალი 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან პირველი ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №4-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 118 კვ.მ ფართი, ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №4-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 118 კვ.მ. ფართი. აღნიშნული გაყოფა შეესაბამება მათი წილების შესაბამის ფართს.
8.1.3. ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭიროა მხარეების მიერ ამოშენებულ და მოწყობილ იქნეს დანართზე წითელი ფერით ნაჩვენები ტიხარი, კიბე, ფანჯრისა და კარის ღიობები. სრული იზოლირებით მიწის ნაკვეთისა და შენობა ნაგებობების გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა ყვითელი ფერით გამოყოფილი ფართისათვის .......... ქუჩის მხრიდან კიბისა და კარის ღიობის მოწყობისათვის (დანართ №3-ზე მწვანე ფერით მონიშნული) შედგეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთის იზოლირებულად გაყოფა ისე, როგორც ეს დანართ №4-ზეა აღნიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი დარჩება თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში.
8.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში შენიშვნის სახით, აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისში, .......... ქუჩა №35-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ზემოთაღნიშნული გამიჯვნის გეგმით გაყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყოფილმა მიწის ნაკვეთებმა შეიძინონ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ 2016 წლის 24 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების თავი IV. მუხლი 26-ის „მიწის ნაკვეთის გამიჯვნა“ მოთხოვნის შესაბამისად. მოსარჩელე ა.ს–ნი და მესამე პირი გ.ს–ნი ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ უძრავი ქონებით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ...., №35, ს/კ........... კერძოდ, მხარეთა განმარტებით, 18.06.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს მოსარჩელე ა.ს–ნს, ხოლო ყვითელი ფერით აღნიშნული ფართი, კი გ.ს–ნს.
8.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში, .......... ქუჩა #35-ში მდებარე საზიარო საგნის ნატურით გაყოფა, მისი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. ამავე მოტივაციის გათვალისწინებით ა.ს–ნის სასარჩელო მოთხოვნა, ნივთის ნატურით გამიჯვნის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
8.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ თბილისში, .......... ქუჩა #35-ში მდებარე საზიარო საგნის ნატურით გაყოფა, მისი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
8.2.1. სააპელაციო პალატამ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 954-ე, 963-ე, 964-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებას (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნას) ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შესაბამისი უძრავი ქონების ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე ნივთის ნატურით გაყოფა არ არის შესაძლებელი.
8.2.2. სააპელაციო პალატამ იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მხარეთა თანასაკუთრებაში მყოფი საზიარო საგანი (უძრავი ქონება) ნატურით გაყოფას არ ექვემდებარება, საზიარო უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გაუქმებული ნივთის გაყიდვით და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის განაწილების გზით.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
9.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.1. კასატორი აღნინავს, რომ მან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ა.ს–ნის მიმართ სარჩელი აღძრა საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შესაძლებელია ქ. თბილისში, .......... ქუჩა N35-ში მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების (½ და ½) შესაბამისად. გ.ს–ნის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა ქონების გამიჯვნა და ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება.
9.1.2. კასატორმა ასევე განმარტა, რომ მას ა.ს–ნის მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი აქვს აღძრული და აღნიშნული საქმის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, გ.ს–ნის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, მთავარ სადავო საკითხს საზიარო საგნის რეალიზაციის გზით, საზიარო უფლების გაუქმების წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენს.
16. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს საერთო საკუთრების ორ ფორმას: საზიარო და წილადი საკუთრება (სსკ-ის 173-ე მუხლი). წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში არის იდეალური წილის სახით და თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, თბილისი 2018, გვ. 88).
17. საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., №35 (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 378.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ?, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.ს–ნისა (1/2 ნაწილი) და გ.ს–ნის (1/2 ნაწილი) სახელხზე. ამდენად, მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საზიარო უფლებების თავის წესები (სსკ-ის 953-ე-968-ე მუხლები), რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა, საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეელახოს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე (იხ. სუსგ №ას-1977-2018, 22/03/2019 წ.).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ისე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-39-39-2016, 01.03.2016 წ.; №ას-67-65-2014, 31.07.2014 წ.; №ას-774-741-2014, 20.07.2015 წ.; №ას-59-58-2014, 29.06.2015 წ.).
21. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წ.). სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას.
22. განსახილველ შემთვევაში კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს სსკ-ის 963-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული ის გარემოება, შესაძლებელი იყო თუ არა სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით და აცხადებს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია სადავო ქონების ორ იზოლირებულ ნაწილად გამიჯვნა მისი ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე.
23. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ ა.ს–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქ. თბილისში, .......... ქ N35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი..........) საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების მოთხოვნით და აღნიშნული სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, იმ მოტივით რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.
24. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
25. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ საქმეში მხარეებად გვევლინებიან ის პირები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით წარმოადგენდნენ მოსარჩელესა და მოპასუხეს, და დავის საგანი იყო იმავე უძრავ ქონებაზე ( მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქ N35, საკადასტრო კოდი..........) საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, რაც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებლად იქნა მიჩნეული, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება რომ, თბილისში, .......... ქუჩა N35-ში მდებარე საზიარო საგნის ნატურით გაყოფა, მისი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, რის გამოც კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ შესაძლებელია სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
27. ზემოხსენებული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი უთითებს მასზედ, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ა.ს–ნის მიმართ, ქ. თბილისში, .......... ქ. N35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი..........) საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების მოთხოვნით.
28. პალატა კასატორის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ა.ს–ნის სასარჩელო მოთხოვა (ქ. თბილისში, .......... ქ. N35-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით) არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებითთ შეუძლებლად იქნა მიჩნეული საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. სწორედ 2018 წლის 4 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭება გახდა საფუძველი იმისა, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ მართებულად მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (იხ. ამ განჩინების 25-ე აბზაცი). ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი სადავო უძრავი ქონების საზიარო უფლების გაუქმებაზე ნატურით გაყოფის გზით ერთხელ უკვე აღძრული იყო, რაც არ დაკმაყოფილდა, პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა, მოპასუხემ კი, სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა და ვერც სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
30. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად გადაწყვიტეს საქმეში არსებული სადავო საკითხი, ისევე როგორც, დავის გადაწყვეტისას მართებულად განმარტეს სამართლის ნორმები. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, გ.ს–ნს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #8233, გადახდის თარიღი 16.01.2023) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ს–ნის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
2. გ.ს–ნის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
3. გ.ს–ნს (პ/ნ ........) (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება #8233, გადახდის თარიღი 16.01.2023) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე