Facebook Twitter

ას-92-2023

12 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.კ–ძის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 71 075.35 ლარის ოდენობით საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით, შემდეგი ოდენობით: 48 706.55 ლარი - 2018 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით (დაანგარიშების პირობითი თარიღი). ასევე, 2018 წლის 28 სექტემბრიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 71.07535 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ა.კ–ძისათვის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის - 250 ლარის და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - პირგასამტეხლოს 100 ლარის, დაკისრება (ს.ფ. 1-17).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ივნისის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეიცვალა უფლებამონაცვლე - სსიპ ქონების მართვის სააგენტოთი (შემდეგში - მოსარჩელე).

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სარჩელი ა.კ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71075.35 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დაჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2015 წლის 24 ნოემბრის უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ე_286-5-17178 ხელშეკრულების საფუძველზე ა.კ–ძეს იჯარის უფლებით 07 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, ........ N8-ის მიმდებარედ N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 113 კვ.მ მიწის ნაკვეთი ავტო სამრეცხაოს მოწყობის მიზნით.

5.2. ხელშეკრულებით სარგებლობის წლიურ საფასურად განისაზღვრა 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი, რომლის გადახდაც მხარეს უნდა განეხორციელებინა 3 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი სამთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

5.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის N-ბ61.01171731 ბრძანებით შეწყდა ქ. თბილისში, .......ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ 113 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ა.კ–ძის იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლება. ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ა.კ–ძეს საიჯარო ქირა დაერიცხა 71 075.35 ლარის ოდენობით, რომელიც არ გადაუხდია.

5.4. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო გადასახდელი თანხის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გასათვალისწინებელი იყო საყოველთაოდ ცნობილი გარემოება, ქ. თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შესახებ, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია საიჯარო ობიექტის მუშაობაზე. პალატამ ასევე გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განცხადებები აღნიშნული პრობლემის გამო დავალიანების განაწილების თხოვნის შესახებ, რაზეც მოსარჩელეს პასუხი არ ჰქონია გაცემული. პალატამ მიიჩნია, რომ მხედველობაში იყო მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო 500 ლარი იყო გონივრული და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ხოლო აპელანტმა ვერ დაადასტურა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და როდესაც სასამართლო ერევა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მან უნდა დაასაბუთოს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. სასამართლომ მართალია აღნიშნა, რომ აშკარა შეუსაბამობის თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას მოითხოვს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ განმარტებით და შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ასევე არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში 2015 წლის 13 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად ატალახებული გზის დასასუფთავებლად ხდებოდა მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული უძრავი ქონებით სარგებლობა. მხოლოდ ახსნა-განმარტება კი არ უნდა გახდეს პირგასამტეხლოს ოდენობის ცვლილების საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი

ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. საიჯარო ქირის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება მის საკასაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

12. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დაიდო ე_286-5-17178 ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც ა.კ–ძეს იჯარის უფლებით 7 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, ....... ქუჩა N8-ის მიმდებარედ N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 113 კვ.მ მიწის ნაკვეთი ავტო სამრეცხაოს მოწყობის მიზნით. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

14. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის მიერ განსაზღვრული 500 ლარი არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და პროპორციულ ოდენობას და ვერ უზრუნველყოფს იმ ფუნქციის შესრულებას, რაც გააჩნია პირგასამტეხლოს მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ქვედა ზღვარი - დღეში 5 (ხუთი) ლარი (იხილეთ: ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, რომლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

17. პალატის შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულება შესასრულებელი იყო პერიოდულად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს შესაბამისად, ვალდებულების თითოეული შესრულების პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობიდან. კერძოდ: ხელშეკრულებით სარგებლობის წლიურ საფასურად განსაზღვრული იყო 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი, რომლის გადახდაც მხარეს უნდა განეხორციელებინა 3 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი სამთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. აღსანიშნავია, რომ სადავო არ არის ვადადარღვეული პერიოდის რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობად განსაზღვრეს 5 ლარი, პალატას მიაჩნია, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს 5 ლარით. პირველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ საიჯარო ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის 24 თებერვალს, 11250 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 90 დღე (90X5=450); 2016 წლის 24 მაისისთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 22500 ლარი, ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ კი 92 დღე (92X5=460); 2016 წლის 24 აგვისტოსთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 33750 ლარი, ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ კი 92 დღე (92X5=460); 2016 წლის 24 ნოემბრისთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 45000 ლარი, ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ კი 92 დღე (92X5=460); 2017 წლის 24 თებერვლისთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 56250 ლარი, ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ კი 89 დღე (92X5=445); 2017 წლის 24 მაისისთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 67500 ლარი, ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ კი 89 დღე (89X5=445); 2017 წლის 22 ივნისამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) 71075.35 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებამ შეადგინა 29 დღე (29X5=145). რაც შეეხება 2017 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 07 სექტემბრამდე (დაანგარიშების თარიღი) გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობას, ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 442 დღე, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის პირგასამტეხლოს ოდენობა 2210 ლარია (442X5=2210). რაც შეეხება 2018 წლის 8 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობას, უნდა განისაზღვროს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარით.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, ა.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 07 სექტემბრამდე 5075 ლარის (450+460+460+460+445+445+145+2210), ხოლო 2018 წლის 07 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თითოეულ დღეზე 5 ლარის ოდენობით.

19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას აუქციონის მომსახურების საფასურის - 250 ლარისა და აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს 100 ლარის მოპსუხისათვის დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

19.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნებზე მსჯელობას არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, კი როცა ძირითადი გადაწყვეტილება არაა სრულყოფილი და არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში, შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.: №ას-1054-2019 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.).

19.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მხარემ/მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს როგორც წესი, გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას.

19.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რაც მას ართმევს უფლებას, შემდგომში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრით გახადოს სადავო აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.4 პუნქტში გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარით და ა.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 07 სექტემბრამდე 5075 ლარის (450+460+460+460+445+445+145+2210), ხოლო 2018 წლის 07 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თითოეულ დღეზე 5 ლარის ოდენობით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

22. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1166 (316.5+422+527.5) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ა.კ–ძეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 07 სექტემბრამდე 5075 ლარის, ხოლო 2018 წლის 07 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თითოეულ დღეზე 5 ლარის ოდენობით;

5. ა.კ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1166 (316.5+422+527.5) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლევან მიქაბერიძე