Facebook Twitter

საქმე №ას-993-2023 26 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ–მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის დავალიანება - 3 000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 3 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არაა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისგან მიღებული აქვს 11 695 ლარის ღირებულების პროდუქცია, თუმცა წარდგენილი ზედნადებებიდან მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 2019 წლის 17 ივლისისა და 2019 წლის 23 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებებში მითითებული პროდუქციის ღირებულება – ჯამურად 3000 ლარი. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

6. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ თანხა ჩარიცხა იმ კომპანიის ანგარიშზე, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი ს.თ–აა, რომელიც ამავდროულად, მოსარჩელე მხარის დამფუძნებელი და დირექტორია და ამიტომაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 373.2 მუხლის თანახმად, გადახდა შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის კომპანია, რომელსაც თანხა ჩაერიცხა, მოსარჩელის უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა და შეეძლო მოვალისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მიეღო, შესაბამისად, აპელანტის მიერ სხვა კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა არ გულისხმობს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. კასატორის მითითებით, სასამართლოში წარდგენილი იყო ცნობა სს „თ.ბ–დან“, რითაც დასტურდება, რომ კასატორის მიერ 3000 ლარი, ჩაირიცხა ანგარიშზე იმ კომპანიისა, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი ს.თ–აა (მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი). თანხა კასატორს გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში და დღემდეც არ დაბრუნებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს სსკ-ის 373.2 მუხლი უნდა გამოეყენებინა და გადახდა შესრულებულად უნდა მიეჩნია.

9. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, თითქოს კასატორისათვის ცნობილი იყო, რომ სხვა კომპანიას ურიცხავდა თანხას. ერთი და იგივე დისტრიბუტორი, ერთი და იმავე პროდუქციას აწვდიდა კასატორს და არავის უთქვამს, რომ ეს ახალი/სხვა კომპანია იყო, იმავე სახელით, იმავე პროდუქციით და იმავე თანამშრომლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლს ეფუძნება.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2019 წლის 17 ივლისიდან 2020 წლის 28 ოქტომბრამდე, მოსარჩელე მოპასუხეს გარკვეულ პროდუქციას - საინექციო იმპლანტებს აწვდიდა, რომლის მიღების სანაცვლოდ მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიღებული პროდუქციის ღირებულება. უდავოა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს ჯამურად 11 695 ლარის პროდუქცია. სადავოა, ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მიმართ არსებული მოპასუხის დავალიანება - 3 000 ლარი.

16. მოპასუხე მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სადავო თანხა ჩარიცხა იმ კომპანიის ანგარიშზე, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი ს.თ–აა, (მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი). თანხა კასატორს გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში და დღემდეც არ დაბრუნებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს სსკ-ის 373.2 მუხლი უნდა გამოეყენებინა და გადახდა შესრულებულად უნდა მიეჩნია.

17. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია, შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება მიიჩნევა შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

18. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შესრულებული ვალდებულების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს. ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგი ვალდებულების შეწყვეტაა, თუმცა, ვალდებულების ყოველი შესრულება არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, არამედ მხოლოდ კრედიტორის სასარგებლო შესრულება, შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს. ასეთი შესრულება ნამდვილია, ანუ სამართლებრივი შედეგის წარმომშობია მხოლოდ მაშინ, თუ უფლებამოსილი პირი თანახმაა, არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებაზე. წინასწარ თანხმობას უთანაბრდება შემდგომი მოწონება. პროცესუალურსამართლებრივი კუთხით, თუ სამართალწარმოების მხარეები არიან მოვალე და უფლებამოსილი კრედიტორი, ასეთ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულება შესრულდა უფლებამოსილი კრედიტორის თანხმობით ან შემდგომი მოწონებით, ან უფლებამოსილმა სუბექტმა აღნიშნული შესრულებისგან სარგებელი მიიღო (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, მუხლი 373, www.gccc.ge).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის კომპანია, რომელსაც კასატორისგან თანხა ჩაერიცხა, მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა და მას შეეძლო მოვალისგან (კასატორისგან) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მიეღო. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი საგადახდო დავალებების თანახმად, მოპასუხემ თანხა გადაიხადა არა იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია 2019 წლის 17 ივლისისა და 23 აგვისტოს სასაქონლო ზედნადებებში, რომელიც შეიცავს მითითებას განსახორციელებელი ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით, არამედ სხვა კომპანიის ანგარიშზე, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ მის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებები ადასტურებს სადავო თანხის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდას, ვერ იქნება გაზიარებული.

20. საკასაციო პალატის მითითებით, თავად ის ფაქტი, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს იურიდიული პირი დაფუძნებულია ს.თ–ას მიერ, რომელიც, თავის მხრივ, 2019 წლის 27 ივნისს დაფუძნებული იურიდიული პირის - მოსარჩელის 50%-იანი წილის მფლობელიცაა, არ გულისხმობს მოსარჩელის მიმართ არსებული მოთხოვნის მოპასუხის მიერ შესრულებას. პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის მიერ შესრულების მიღების თაობაზე კრედიტორის თანხმობა ან მის მიერ შესრულებისაგან სარგებლის მიღება დადასტურებულ უნდა იქნეს მაშინაც, როდესაც კრედიტორი და მესამე პირი დაკავშირებული პირები არიან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. ამასთან, მიუხედვად იმისა, რომ კასატორი არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულებით კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებისგან არ თავისუფლდება, უფლებამოსილია, არაუფლებამოსილი კრედიტორისაგან ვალდებულების გარეშე გადახდილი უკან გამოითხოვოს (სსკ-ის 385-ე, 976.1 მუხლი), რაც განხორციელებულია კიდეც, კერძოდ, მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ კასატორის სარჩელი იმ კომპანიის წინააღმდეგ რომელსაც თანხა ჩაერიცხა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 3000 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება კანონიერია, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-257-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-1420-2022, 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება; 599-574-2016, 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება; საქმე №ას-936-886-2015, 04 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-736-704-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ბ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1691751444 / გადახდის თარიღი 11.08.2023), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე