Facebook Twitter

საქმე №ას-1272-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ც–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომ - მეიჯარე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ც–ის“ (შემდგომ - მოიჯარე, შპს, კომპანია, მოპასუხე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის 2011 წლის 1 აპრილის №01-4/69 ბრძანებით, მოპასუხეს იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლის ვადით გადაეცა თბილისში, ......... მიმდებარედ არსებული 6058 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №.......) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 33.58 კვ.მ და №2 - 4.93 კვ.მ სპეციალური ავტოსადგომის მოწყობის მიზნით. იჯარის მოქმედების ვადის გასვლის გამო 2016 წლის 1 აპრილიდან შეწყდა გადაცემული იჯარის ფორმით სარგებლობის უფლება. საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 23 მარტის მონაცემებით მოპასუხეს ერიცხება: საიჯარო ქირის დავალიანება - 37500 ლარი, თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 27175 ლარი, კერძოდ, 2011 წლის 1 აპრილიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (01.04.2016) ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 378 დღე, ხოლო 2016 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით (დაანგარიშების პირობითი თარიღი) - 721 დღე. ჯამურად ვადაგადაცილებული დღეებია 1099, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 27 475.00 (1099*25=27475). რადგან მოიჯარემ ეტაპობრივად გადაიხადა 300 ლარი, 2018 წლის 23 მარტის ვითარებით მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 27 175.00 ლარი. ამასთან, მზარდი პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე საიჯარო ქირის (25000) 0.1%, რაც თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 25 ლარია.

3. საიჯარო პირობებით განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულებები, რაც არ შესრულებულა, შესაბამისად, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო - 100 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, იჯარის ვადა ამოიწურა 2016 წლის 1 აპრილს, თუმცა იჯარის შეწყვეტამდე - 2015 წლის 5 მარტს, 24 მარტსა და 21 აგვისტოს მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოპასუხესთან - 2011 წლის 30 მარტს გაფორმებული, თბილისის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის, შენახვისა და დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზეაზე. 2011 წლის 1 აპრილის №01-4/69 ბრძანებაში იჯარის პირობად დუბლირებული იყო 2011 წლის 30 მარტის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული ხელშეკრულების უკანონოდ და ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მოპასუხემ დაკარგა შემოსავალი და გახდა გადახდისუუნარო, ამიტომ მოსარჩელეს ეთხოვა საიჯარო თანხის ოდენობისა და გადახდის პირობების გადახედვა. წერილობითი პასუხი მოპასუხეს არ მიუღია, მაგრამ ქონების მართვის სააგენტოდან და მერიიდან სიტყვიერად დაჰპირდნენ, რომ სანამ საპატრულო პოლიციის მითითებით სადგომზე დაყენებულ მანქანებს არ გაიყვანდნენ, არც საიჯარო თანხასა და არც ტერიტორიის დაცლას არ მოითხოვდნენ. ამის დასტურია ის გარემოება, რომ იჯარის თანხის მოთხოვნაზე ან ტერიტორიის დაცლაზე ოფიციალური წერილი კომპანიას არ მიუღია.

5. გარდა ამისა, მოსარჩელე ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულების მოქმედების შედეგად გადახდისუუნაროდ გამხდარ კომპანიას ედავება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

6. მოსარჩელე დაუსაბუთებლად უთითებს, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო პირობების დარღვევისათვის (გარდა იჯარის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისა), თანახმად საიჯარო პირობების 12.3 პუნქტისა, ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარი. საიჯარო პირობების დარღვევის შესახებ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 37 500 ლარისა და პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ იყო თავისი ბრალეულობით, არამედ დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით. როდესაც დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება საიჯარო ქირის (37 500 ლარი) სახით დავალიანების არსებობის ფაქტი, მოპასუხის აპელირება იმის შესახებ, რომ გადაუხდელობა განაპირობა შემოსავლის დაკარგვამ (რომელიც, აპელანტის განმარტებით, უკავშირდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტას), თავისთავად არ წარმოშობდა ქირის გადახდისაგან გათვაისუფლებისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

11. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების უკანონობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რით გამოიხატა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დარღვევის ამ თავისებურებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა, სსკ-ის 115-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე ექვემდებარებოდა შემცირებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად განისაზღვრა 1000 ლარით.

12. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის ხელშეკრულების 2.1-2.18 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 100 ლარის დაკისრებაც. პალატის შეფასებით, არ დასტურდებოდა ხელშეკრულების სხვა რაიმე პირობის დარღვევის ფაქტი, რომელიც წარმოშობდა მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. მოცემულ დავაში, ხელშეკრულების სხვა რაიმე პირობის დარღვევას არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (რომლის თანახმად, მხარეებს წარმოადგენენ მოიჯარე და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო დავის საგანია სწორედ საიჯარო პირობების 2.1.-2.18. პუნქტში მითითებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოდავე მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა), რის გამოც მითითებული არგუმენტი პალატამ არ გაიზიარა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. კასატორის მტკიცებით, ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიკარგა პირგასამტეხლოს ფუნქცია, აიძულოს ვალდებულების დროულად შესრულება მხარეს და კრედიტორს შეუქმნას გარანტია ზიანის მიყენების შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლომ მიიღო ფორმალური სახე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი, რადგან არ არსებობდა მისი გამოყენების წინაპირობები. ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირებას, არამედ იმდენით, რამდენიც შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.

15. სასამართლომ არ დაასაბუთა, რამ განაპირობა პირგასამტეხლოს ასე შემცირება. მას უნდა შეეფასებინა ისიც, რომ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, განესაზღვრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, ანუ მხარე აცნობიერებდა მოსალოდნელ შედეგს ვალდებულების დარღვევისას.

16. რადგან პირგასამტეხლო დაკისრებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამომდინარეობს უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ მისაღები ფულადი თანხის დაყოვნების შედეგად მიყენებული ზიანისაგან, სასამართლომ სარჩელი სრულად უნდა დააკმაყოფილოს. მოთხოვნა შეესაბამება როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ისე - უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

17. რაც შეეხება მოიჯარის მიერ ერთჯერადად დარიცხულ პირგასამტეხლოს - 100 ლარს, ხელშეკრულების თანახმად, არსებობდა იჯარის საგანზე მოსაწყობ სპეციალურ ავტოსადგომზე შესასრულებელი ვალდებულებები (მოპირკეთება, მშენებლობა, მომსახურების პირობები და სხვა), რომლის ჯეროვნად შესრულება უნდა დადასტურებულიყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო ინსპექტირების შედეგად გაცემული დასკვნის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ხოლო მხარეს ამ ვალდებულებების შესრულების თაობაზე საპატრულო პოლიციის დასკვნა არ წარმოუდგენია, რაც, სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მის ვალდებულებას წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 მუხლებსა (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 581.1 მუხლის მეორე წინადადებას (მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა) ეფუძნება.

21. განსახილველ საქმეზე, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე - 1 000 ლარამდე შემცირების მართლზომიერებაზე.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ აქვს (იხ. სუსგ №ას-1488-1408-2017, 15.02.2018წ.; №ას-214-204-2016, 22.06.2016წ.).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ №ას-1336-2019, 30.03.2022; №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

24. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომპირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის , პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019. 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

25. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აქ მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-1336-2019, 30.03.2022წ.).

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შეუსრულებულ ვალდებულებას, მის მოცულობას, დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობას, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და მისი ოდენობა - 1 000 ლარი, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განსახილველ შემთხვევაში აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შესრულების ღირებულებას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხსა (იხ. მოპასუხის შესაგებელი პ. 4) და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0.04%-ით, კერძოდ, 2018 წლის 23 მარტამდე სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო - 10 690 ლარი, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან გადაუხდელი საიჯარო ქირის (37 500 ლარის) გადახდამდე საიჯარო ქირის - 25 000 ლარის 0.04 % - რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დღეში 10 ლარს შეადგენს. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგები უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ საიჯარო ქირის (25 000) 0.1%-ის მოიჯარისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად საიჯარო ქირის (25 000 ლარის) 0.04%-ს მიიჩნევს.

27. რაც შეეხება საიჯარო პირობების 12.3. პუნქტის შესაბამისად საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევისათვის დაკისრებულ 100 ლარს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ მეიჯარის მიერ გარდა საიჯარო ქირის გადახდისა, სხვა ვალდებულების დარღვევა ვერ დაამტკიცა. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, თუმცა პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება სადავო ფაქტს ვერ ადასტურებს, შესაბამისად, არ არსებობდა მოიჯარისათვის 100 ლარის დაკისრების წინაპირობა.

28. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნნაწილში და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2018 წლის 23 მარტამდე სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს - 10 690 ლარის გადახდა, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან გადაუხდელი საიჯარო ქირის (37 500 ლარი) გადახდამდე საიჯარო ქირის 25 000 ლარის 0.04% - რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დღეში 10 ლარს შეადგენს.

29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 2 476.8 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „ს.ც–ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს.ც–ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 23 მარტამდე სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს - 10 690 ლარის გადახდა;

4. შპს „ს.ც–ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2018 წლის 24 მარტიდან გადაუხდელი საიჯარო ქირის (37 500 ლარი) გადახდამდე საიჯარო ქირის 25 000 ლარის 0.04% - რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დღეში 10 ლარს შეადგენს;

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება;

6. შპს „ს.ც–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2 476.8 ლარის გადახდა;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე