საქმე №ას-1433-2022 6 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) და შპს „ს-ის“ (შემდეგ - მოპასუხე, კომპანია, მოწინაააღმდეგე მხარე) შორის, 2020 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული №519 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია ხის მასალის შესყიდვა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ ასახულია ფასთა ცხრილში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 66 523.76 ლარს, რაც მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე - ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულება ძალაში იყო გაფორმებიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით მხარეთა შორის განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, რომლის შესაბამისად, უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. იმავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.
3. მოპასუხეს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №519 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 29 ოქტომბრისათვის, შემსყიდველისათვის მიწოდებული ჰქონდა 31 085.88 ლარის პროდუქცია.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ 2020 წლის 11 დეკემბერს, შემსყიდველს მიაწოდა 17 265.10 ლარის, ხოლო 2020 წლის 18 დეკემბერს - 18 172.78 ლარის პროდუქცია.
5. 2020 წლის 18 დეკემბრისათვის მოპასუხის მიერ სრულად შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №519 ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის მიწოდების ვალდებულება.
6. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გადაცილების გამო, მოპასუხეს სამინისტროს 2020 წლის 28 დეკემბრის წერილით ეცნობა პირგასამტეხლოს სახით 3 991.43 ლარის გადახდის ვალდებულების თაობაზე.
7. მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა არ გადაუხდია.
სარჩელის საფუძვლები:
8. სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს - 3991.43 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
9. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, შემსყიდველის მიერ 2020 წლის 29 ოქტომბრის შეკვეთის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად (მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში) 2020 წლის 8 ნოემბრისა, სრულად მიწოდებულ იქნა 2020 წლის 18 დეკემბერს - 40 კალენდარული დღის დაგვიანებით.
10. მხარეთა შორის 2020 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული №519 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 66 523.76 ლარის 0.15%-ით, რაც თანხობრივად შეადგენს 3 991.43 ლარს.
11. მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი საჯარიმო სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით და განუსაზღვრა 30-დღიანი ვადა პირგასამტეხლოს გადასახდელად, თუმცა მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
12. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №519 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 283.2 ლარის გადახდა დაეკისრა.
14. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან 35 437.88 ლარიდან და ამ თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რაც ჯამში შეადგენს 283.2 ლარს.
15. სამინისტროს (მოსარჩელემ) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის (სამინისტროს) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეფასების საგანია, რამდენად არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. ამ კუთხით, სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლის დისპოზიციაზე და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (66 523.76 ლარი) გამომდინარე და აღნიშნა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №519 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან - 35 437.88 ლარიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 66 523.76 ლარიდან.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული რა ფაქტობრვივი გარემოებების გაზიარებით შეამცირა სასამართლომ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების მიხედვით დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და, ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.
22. კასატორის მითითებით, სსკ-ის 420-ე მუხლი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველთვის საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აგრეთვე, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ პირგასატეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება ვალდებულ პირს.
23. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს არ დაუსახელებია გარემოება, თუ რას ეფუძნება მისი მოთხოვნა, პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. ხელშეკრულება ეს არის კერძო ავტონომიის პრინციპზე დაფუძნებული მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა, როდესაც ხელშემკვრელ პირებს ენიჭებათ სასურველი პირობების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი საქონელი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
27. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია (მოპასუხე ვალდებული იყო 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით მიეწოდებინა სამინისტროსათვის ხის მასალა, თუმცა მიაწოდა 40 დღის ვადაგადაცილებით), შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა უდავოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
28. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 283.2 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
29. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019. 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
31. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3 991.43 ლარი არაგონივრულია. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდა ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. ამასთან, გამოკვეთილი არ ყოფილა ვალდებულების 40 დღით დაგვიანების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (ვადაგადაცილებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 283.2 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან - 35 437.88 ლარიდან, რაც 40 დღეზე გათვალისწინებითა და მხარეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობიდან გამომდინარე (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%) შეადგენს 2126 ლარს. სწორედ მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სსკ-ის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.
32. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2126 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
33. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის, სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 255.12 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს-ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2126 ლარის გადახდა;
5. შპს „ს–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 255.12 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე