საქმე №ას-625-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „A.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) და შპს „A.-ს“ (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2020 წლის 19 თებერვალს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული №03.01/30/73 ხელშეკრულების თანახმად, მენარდის ვალდებულებად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების შესრულება კონკრეტული ობიექტისათვის პერიოდულად მიცემული წერილობითი დავალების შესაბამისად განისაზღვრა.
2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის თარიღი (6.1 პუნქტი); წერილობითი დავალებით განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სახელშეკრულებო ღირებულების 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (9.6. მუხლი); ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტების ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს თანხა სრულად თუ არ ანაზღაურდა, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო - ჩასარიცხი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (9.9 პუნქტი).
3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს (მენარდეს) დაევალა, 2020 წლის 18 მარტის ჩათვლით შეესრულებინა: ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ შუა ზოლში, საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთება და 12 ერთეული განათების ბოძის მონტაჟი, ასევე, მოსკოვის გამზირზე არსებულ შუა ზოლის პირველ თარგში, 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მოსარჩელეს წერილით განესაზღვრა, რომ 2020 წლის 10 აპრილამდე უზრუნველეყო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ შუა ზოლში, საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის მოპირკეთება და 12 ერთეული განათების ბოძის მონტაჟი.
4. მენარდისათვის ზემოაღნიშნული დავალების მიცემიდან უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2020 წლის 23 მაისამდე გაგრძელდა. სახელმწიფომ პანდემიის გამო შეზღუდვები დააწესა.
5. მენარდემ წერილობით მიმართა შემკვეთს ზემოაღნიშნული დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის მოთხოვნით. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 15 აპრილის №18-0120106600 წერილით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევის შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სამუშაოების შესრულების ვადა 25 აპრილამდე გაგრძელდა.
6. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 27 აპრილის №18-01201181432 წერილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე 25 მაისამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მენარდის 2020 წლის 23 აპრილის წერილობითი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამუშაოების შესრულების ვადა 10 მაისამდე გაგრძელდა. მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა ვადის გაგრძელება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
7. მენარდემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2020 წლის 19 თებერვლის №03.01/30.73 ხელშეკრულების პირობები, წერილობითი დავალებით განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაოს ვადაში შესრულების ვალდებულებაზე, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთების სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა მოსარჩელემ მერიას წარუდგინა 2020 წლის 21 მაისს - 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით.
8. მენარდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო (დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევისათვის), ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების (5699997.94 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12 დღე), ჯამურად პირგასამტეხლო - 13 680 ლარი დაეკისრა.
9. მენარდეს პერიოდულად მიცემული წერილობითი დავალების შესაბამისად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 1 ივლისის №-1801202832662 წერილით დაევალა, იმავე წლის 15 ივლისის ჩათვლით სამუშაოების შესრულება ორ სხვადასხვა მონაკვეთზე: 1) ევროპის ქუჩის განაპირა თარგებში ფურცლოვანი ფოლადისგან 10 მმ სისქის ჩამკეტების მოწყობა და 2) კახეთის გზატკეცილის №-67-ის მიმდებარედ - სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულება.
10. მოსარჩელის 2020 წლის 14 ივლისის №119/20 წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადამ 2020 წლის 18 ივლისამდე გადაიწია.
11. მერიის 2020 წლის 1 ივლისის №18-01202832662 დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა შესრულდა 2020 წლის 17 ივლისს (ზემოთ ჩამოთვლილი წერილებით განსაზღვრულ დავალების შესრულების ვადაში) საღამოს საათებში (არასამუშაო დროს), რომელიც მოსარჩელეს მხოლოდ მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს გადაეცა, რადგან საექსპერტო ბიურო შაბათ-კვირას არ მუშაობდა. ამასთან, მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნა 2020 წლის 20 ივლისს ჩაჰბარდა.
12. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში არ მიიჩნია სამუშაოს დროულად დასრულებად და ჩათვალა, რომ მოსარჩელემ სამუშაოები 3-დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა, რის გამოც პირგასამტეხლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების (5699997.94 ლარის) 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (3 დღე) ჯამურად - 3420 ლარი დაარიცხა.
13. 2020 წლის 28 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 6212189.96 ლარი შეადგინა, 619 5086.97 ლარი აანაზღაურა შემკვეთმა, რომელმაც 17 100 ლარი პირგასამტეხლოს სახით დაქვითა და მენარდეს შესრულებული სამუშაო არასრულად აუნაზღაურა.
სარჩელის საფუძვლები:
14. მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა: პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 17 100 ლარის (13680+3420 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე დაკავებული პირგასამტეხლოს, 13 680 ლარის, 0.02%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 3420 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
15. მოსარჩელის მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები ფორსმაჟორის გათვალისწინებით, არ არსებობდა. ამასთან, პირგასამტეხლო საერთო ღირებულებიდანაა დაანგარიშებული და არა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან.
მოპასუხის პოზიცია:
16. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მენარდემ დავალებით განსაზღვრული, კონკრეტულ სამუშაოს ვადაში შესრულების ვალდებულება დაარღვია, რისი გათვალისწინებითაც, დაკისრებული პირგასამტეხლო კანონიერია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 17 100 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - პირგასამტეხლოს - 13 680 ლარის 0.02% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 3420 ლარის 0.02% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული დავალებიდან გამომდინარე მიუთითა, რომ შემსყიდველმა არასრულყოფილად შეისწავლა მენარდის მიერ სამუშაოების ჯეროვნად განსახორციელებლად საჭირო ობიექტური ვადა, სახელშეკრულებო ვადა არ გაზარდა იმდენით, რამდენიც რეალურად სჭირდებოდა პანდემიით გამოწვეული გარემოების არსებობისას სამუშაოების დასრულებას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მიიღო საქმიანობის ნებართვა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულება მასალების შესყიდვისა და მიწოდების პროცესების მიმართ არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქვეყანაში ახალ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების/რეკომენდაციების გამო, გართულებული იყო შესყიდვებისა და საქონლის მიწოდების პროცედურები, რამაც გავლენა იქონია გრანიტისა და ტრავერტინის ფილების შესყიდვაზე და შეაჩერა სამუშაოთა პროცესი. ამას დაემთხვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმე დღეები და არანაკლებ 15-დღიანი ავდარი ნალექის სახით. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემკვეთმა არ გაითვალისწინა ხელისშემშლელი გარემოებები და მენარდეს ხელი არ შეუწყო ხელშეკრულების შესრულებაში, რისი გათვალისწინებითაც, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.
22. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-9 მითითებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სამუშაოების შესრულების ვადამ 2020 წლის 18 ივლისამდე გადაიწია. სამუშაოები 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა, რაც ამავე თარიღის საექსპერტო დასკვნით დასტურდება. მოსარჩელეს დასკვნა გადაეცა მხოლოდ მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს, რადგან საექსპერტო ბიურო შაბათ-კვირას არ მუშაობდა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა 2020 წლის 17 ივლისს შესრულებული სამუშაოებთან მიმართებით, მოსარჩელემ წარადგინა ვადის მიხედვით, შესაბამისად, მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 3420 ლარიც (ხელშეკრულების ღირებულების 5699997.94 ლარის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (3 დღეზე) არაკანონიერია.
23. სასამართლოს განმარტებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 6212186.96 ლარი შეადგინა, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 28 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია მხოლოდ 6195086.97 ლარი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დაგვიანებით შესრულებამ გამოიწვია მენარდის დაჯარიმება 17100 ლარით, რეალურად კი ხელშეშლა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, რაც შემკვეთს უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ გაზიარებული არ იქნა. ამდენად, პირგასამტეხლო მოსარჩელეს დაერიცხა არასამართლიანად, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, დაუბრუნოს მოსარჩელეს სამუშაოების საერთო ღირებულებიდან გაქვითული - 17 100 ლარი.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადის მიხედვით მოპასუხეს თუ არ აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს თანხა სრულად, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მერიამ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო, ერთ შემთხვევაში, 13 680 ლარის 0.02%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2020 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 3 420 ლარის 0.02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
26. კასატორის მითითებით, პანდემიის გამო შეზღუდვები მოსარჩელის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს არ შეხებია. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომელი ნორმის შესაბამისად შეეზღუდა მოსარჩელეს გადაადგილების, სამუშაოთა შეუფერხებლად შესრულებისა და პროდუქციის შესყიდვის უფლება. ამასთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ცნობები, რათა კომენდანტის საათის დროს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუფერხებლად შესრულებულიყო, შესაბამისად, სამუშაოს შეჩერების წინაპირობები არ არსებობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ შუა ზოლში საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა წარდგენილ იქნა 2020 წლის 21 მაისს, 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, ხოლო კახეთის გზატკეცილი №67-ის მიმდებარედ, სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა - 2020 წლის 20 ივლისს - 3 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით.
27. კასატორის განმარტებით, გართულებული საბაჟო პროცედურებიც ცალსახად არ უკავშირდებოდა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. მენარდეს ჰქონდა შესასრულებელ სამუშაოთა მასალა და შეჩერების პროცესი არ ყოფილა გამოწვეული მასალების არქონით. ამასთან, მენარდეს თავიდანვე შეზღუდული რომ ჰქონოდა სარეაბილიტაციო სამუშაოების უფლება, იგი არათუ ერთ-ერთ მონაკვეთზე ვერ გააგრძელებდა სამუშაოებს, არამედ საერთოდ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მენარდეს თავიდანვე სამუშაოების შესრულების უფლება არ შეზღუდვია, მერიამ გასცა მხოლოდ საშვები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის. მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, მოსარჩელე ჩვეულებრივ განაგრძობდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შესრულებას, რასაც ადასტურებს მის მიერ 2020 წლის 3 აპრილისათვის, მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის პირველ თარგში შესრულებული სამუშაოები.
28. კასატორი არ იზიარებს ავდართან დაკავშირებულ სასამართლო მსჯელობასაც და მიუთითებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფორსმაჟორად ვერ შეფასდება.
29. კასატორი სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებულ მსჯელობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის თარიღი. მხარეს შეეძლო, ესარგებლა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ინსპექტირების ანგარიში შემკვეთისათვის ვადაში ჩაებარებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
32. შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლს ეფუძნება. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებულ ვადაში ვერ დაასრულა, ხელშეკრულების შესაბამისად, მას კანონიერად დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.02%, რაც მენარდისათვის გადასახდელ საზღაურში უნდა გაიქვითოს (მოსარჩელის მიერ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ შუა ზოლში საფეხმავლო-ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა წარდგენილ იქნა 2020 წლის 21 მაისს, 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, ხოლო კახეთის გზატკეცილი №67-ის მიმდებარედ, სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა - 2020 წლის 20 ივლისს, 3 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რისი გათვალისწინებითაც, შემკვეთმა 6212186.96 ლარის შესრულებული სამუშაოდან, მხოლოდ 6195086.97 ლარი გადაიხადა, ანუ - 17 100 ლარით ნაკლები და აღნიშნული თანხა, როგორც მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო (ერთ შემთხვევაში - 13680 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში, 3420 ლარი), შესრულებული სამუშაოს თანხაში გაქვითა). აქედან გამომდინარე, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.
33. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, საკასაციო პალატის შეფასების საგანია შემკვეთის (კასატორის) საკასაციო პრეტენზია, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებას, რომ წარმოშობილია ხელშეკრულების დაგვიანებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი, რაც არ არის შეწყვეტილი ვალდებულების შესრულების ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებებით.
34. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მცდარი შეფასების შედეგად არასწორი დასკვნა გამოიტანა სარჩელის სრულად საფუძვლიანობასთან მიმართებით, კერძოდ, უდავოა, მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულება წერილობით გააფორმეს და დათქვეს, მოსარჩელეს 2020 წლის 10 აპრილამდე უზრუნველეყო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ შუა ზოლში, საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის მოპირკეთება და 12 ერთეული განათების ბოძის მონტაჟი; მენარდემ 2020 წლის 9 აპრილს, 23 აპრილსა და 9 მაისს შემკვეთს წერილობით მიმართა და ყოველ ჯერზე სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევას ითხოვდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქვეყანაში შეჩერებული იყო კომპანიების მუშაობა, ხოლო მათი დარჩენილი ნაწილი მუშაობას განაგრძობდა დისტანციურ რეჟიმში, აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა სამუშაოთა დროულად წარმოების პროცესს და კომპანიას გრანიტისა და ტრავერტინის ფილების შესყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებს უქმნიდა, რის გამოც მენარდე მოთხოვნილ ვადაში ვერ ახერხებდა საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთებასა და 12 ერთეული განათების ბოძის მონტაჟს, რასაც დაემთხვა უქმე დღეები (აღდგომის დღესასწაული) და ავდარიც (ეს უკანასკნელი მითითებულ იქნა ბოლო ორ წერილში).
35. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ შემკვეთი მენარდეს ვალდებულების შესრულებაში ხელს უწყობდა და აკმაყოფილებდა სამუშაობის დასრულების ვადის გადაწევის შესახებ მის მოთხოვნას, კერძოდ, შემკვეთმა მენარდის მოთხოვნით, სამუშაობის დასრულების ვადა ჯერ 2020 წლის 25 აპრილით განსაზღვრა, ხოლო შემდგომ იმავე წლის 10 მაისით. მენარდემ, მიუხედავად შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის ორჯერ გაგრძელებისა, დაარღვია წერილობითი დავალებით განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაოს ვადაში შესრულების ვალდებულების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2020 წლის 19 თებერვლის №03.01/30.73 ხელშეკრულების პირობები, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, არ წარმოადგენდა ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებების შედეგს.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის მიხედვით, ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გულისხმობს შემდეგს: მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით.
37. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას იმ ნაწილში, რომ მენარდე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ ვადაში შეესრულებინა და ვლინდებოდა მენარდის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ობიექტური გარემოებები. პალატის მითითებით, მენარდემ, რომელიც ვადის გადაცილების საპატიო გარემოებებზე მიუთითებდა, ვერ წარუდგინა სასამართლოს ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, პირიქით, ამ გარემოების გასაბათილებლად საქმეშია დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციები არ შეხებია მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს (აღნიშნულს არც მენარდე უარყოფს). რაც შეეხება მენარდის მითითებას რომლის თანახმად, მან ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყო გრანიტისა და ტრავერტინის ფილების შესყიდვა, პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით შემკვეთისათვის წარდგენილი წერილები კი სადავო გარემოებას ვერ დაადასტურებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მენარდემ შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის პირველ თარგშიც, რისი გათვალისწიენებითაც, გაუკვეველია, რატომ ვერ შესრულდა სამუშაოები დადგენილ ვადაში ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული რეგულაციები/შეზღუდვები ამოქმედდებოდა, ამასთან, ხელშეკრულების ღირებულება საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა (5 700 000 ლარი) და შესყიდვის ობიექტიც ერთგვაროვანი იყო (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები), რისი გათვალისწინებითაც, მენარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან უახლოეს პერიოდში იმ მასალის ნაწილი მაინც უნდა ჰქონოდა, რომელიც სამუშაოების დროულ შესრულებას უზრუნველყოფდა.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მენარდემ ვადის დაცვით ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის უფროსისათვის მიმართვები (რომლის თანახმად, მენარდესა და შპს „პ–ს“ შორის 2020 წლის 25 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ეს უკანასკნელი ვალდებულია, მენარდეს მიაწოდოს ნასყიდობის საგანი (გრანიტი და ტრავერტინი), რომელიც აუცილებლია, წინამდებარე მხარეებს შორის გაფორმებული №03.01/30/73 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკირსი ვალდებულების შესასრულებლად და ითხოვს შპს „პ–ოს“ ტვირთის შეფერხების გარეშე განბაჟებას) წარმოადგინა, რომლიც თარიღდება 2020 წლის 29 და 30 ივნისით, მაშინ, როდესაც, სადავო სამუშაოები 10 მაისამდე უნდა შესრულებულიყო, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებითაც ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებები არ დასტურდება, სხვა მტკიცებულებები, კი რომელიც სადავო გარემოებას მენარდის სასარგებლოდ დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
40. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია. იგი, როგორც მეწარმე სუბიექტი, თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება გარკვეულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, მან უტყუარად უნდა დაადასტუროს ის შედავება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტურ გარემოებებს ეხება, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, რაც ამ უკანასკნელმა სათანადოდ ვერ დაადასტურა.
41. რაც შეეხება ატმოსფერულ ნალექებსა და უქმე დღეებს, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული ფორსმაჟორად არ განიხილება, ამასთან, უქმე დღეები, რომლის შესახებაც მენარდისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, ბუნებრივია, ვალდებულების შესრულების ხელისშემშლელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მენარდემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2020 წლის 19 თებერვლის №03.01/30.73 ხელშეკრულების პირობები, წერილობითი დავალებით განსაზღვრული, კონკრეტული სამუშაოს ვადაში შესრულების ვალდებულების შესახებ, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საფეხმავლო ბილიკის გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთების სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა, მოსარჩელემ მერიას წარუდგინა 2020 წლის 21 მაისს - 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, არ არსებობს ვალდებულების შესრულების ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, შემკვეთმა მენარდეს ნაწილობრივ კანონიერად გაუქვითა შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელ თანხაში პირგასამტეხლო.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 2019 წლის 17 იანვრის განჩინება; № ას 848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება).
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების 12 დღით გადაცილებისათვის შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა (ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 5699997.94 ლარის 0.02%) სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატური და გონივრული ოდენობა არ არის, ვინაიდან, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან, სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო კანონით განსაზღვრულ მიზნებს სცდება და მოვალის მიმართ გადაჭარბებული სანქციის დაწესებას გამოიწვევს. საკასაციო პალატას, საქმის კონკრეტულ გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ობიექტურ და სამართლიან მოცულობად მიაჩნია 6840 ლარი (13 680 ლარის ნახევარი), შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობასთან გათვალისწინებით.
45. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ სამუშაოებს ეხება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2020 წლის 17 ივლისს, ანუ დადგენილ ვადაში დაასრულა, რასაც იმავე თარიღის საექსპერტო დასკვნაც ადასტურებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დარიცხვას ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენის საფუძვლით, აღნიშნული გარემოება პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, თავის მხრივ, ექსპერტიზის დასკვნის მომზადება კი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ აღნიშნული დასკვნის წარმოდგენა სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დადასტურების მიზნებს ემსახურება. ის გარემოება, რომ საექსპერტო დასკვნა წარდგენილია მომდევნო სამუშაო დღეს - ორშაბათს, ვინაიდან საექსპერტო ბიურო შაბათ-კვირას არ მუშაობდა, მენარდეს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები არ არსებობს (იხ. საქმე №ას-181-181-2018 , 2018 წლის 23 მარტის განჩინება)
46. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს დაეკისროს 10 260 ლარის (6840+3420) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.9 პუნქტის საფუძველზე (მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში თუ არ განხორციელდა მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს თანხის სრულად ანაზღაურება, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 2020 წლის 1 ივლისის №18-01202832662 დავალებით განსაზღვრული 3420 ლარის სამუშაო ვადაში დასრულდა, თუმცა შემკვეთმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ აანაზღაურა შესრულებული სამუშაოს თანხა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3420 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ სამუშაოებს (13 680 ლარის ღირებულების სამუშაოს), ამ ნაწილში, ვინაიდან შესრულებულია სსკ-ის 417-418-ე ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, დადგენილია, რომ მენარდემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული სამუშაო შეასრულა ვადის დარღვევით, შემკვეთს წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს თანხის გაქვითვის უფლებაც, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეს დაეკისროს 13 680 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
47. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 389 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „A.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „A.-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 260 ლარის გადახდა, ასევე, 3420 ლარის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. შპს „A.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 389 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე