Facebook Twitter

საქმე №ას-1629-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ტ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) და შპს „ა.ტ–ს“ (შემდეგ - მოპასუხე, კომპანია, მოწინაააღმდეგე მხარე) შორის, 2020 წლის 14 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №539 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის მიეწოდებინა ქამრები და საზაფხულო ნიღბები. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად 108 320 ლარი განისაზღვრა.

2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხელშეკრულების №1 დანართის პირველი და მე-6 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის (უბნის ინსპექტორის შარვლის ქამარი - 2331 ცალი; შარვლის ქამარი 120 ცალი) მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 28 ოქტომბრისა, ხოლო იმავე დანართის მე-2-მე-5 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის (შარვლის ქამარი „დმი“ – 290 ცალი, შარვლის ქამარი ,,ჯარის“ – 360 ცალი, ნიღაბი - 2900 ცალი, შარვლის ქამარი ,,ობიექტები“ – 1940 ცალი) მიწოდების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 13 ოქტომბრისა.

3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის დაკისრების თაობაზე.

სარჩელის საფუძვლები:

4. სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს - 29 571.31 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

5. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდული საქონლის მიწოდების ვადები, კერძოდ, 2331 ცალი უბნის ინსპექტორის შარვალი მიწოდებულ იქნა 23 დღის დაგვიანებით, 290 ცალი შარვლის ქამარი (დმი) - 38 დღის დაგვიანებით, 1800 ცალი შარვლის ქამარი (ჯარის), 2900 ცალი საზაფხულო ნიღაბი და 1940 ცალი შარვლის ქამარი (ობიექტები) - 34 დღის დაგვიანებით, ხოლო 120 ცალი შარვლის ქამარი - 19 დღის დაგვიანებით.

6. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირაგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 108 320 ლარის 0.15%, ჯამში 29 571.31 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხე წარდგენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ პირგასამტეხლოს დაანგარიშებას და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას წარმოაჩენს სხვადასხვა ხელშეკრულებად, თუმცა ერთი მთლიანი ვალდებულებაა, რომელიც მხარემ უნდა შეასრულოს გარკვეულ დროს.

8. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის გასვლის დროისთვის მან ვალდებულება სრულად არ შეასრულა, შესაბამისად, დაიწყო პირგასამტეხლოს ათვლაც, ხოლო აღნიშნული დღიდან 38-ე დღეს სრულად იქნა მიწოდებული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რომლის მიხედვით, სრული ვადაგადაცილება შეადგენს 38 დღეს.

9. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლება ხელშეკრულების ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან, პირგასამტეხლოს 0.15% შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა 0.075%-მდე (ორჯერ) უნდა შემცირდეს. აქედან გამომდინარე, 38 დღის ვადაგადაცილებაზე გონივრული პირაგსამტეხლო იქნება 3087.12 ლარი.

10. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიჩნეულ უნდა იქნეს 0.05%, რომლის ჯამი, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით - შეადგენს 2058.08 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 3942.85 ლარის გადახდა დაეკისრა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადა და მივიდა დასკვნამდე, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი პირგასატეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 108 320 ლარის 0.15%-ის ოდენობით (108320x0.15%x(23+38+34+34+34+19)), რაც შეადგენს 29 571.36 ლარს უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 108 320 ლარის 0.02% უნდა განისაზღვროს, რაც 3942.85 ლარია. აღნიშნული ოდენობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი მექანიზმის სამართლებრივ ფუნქციას სრულად ასრულებს და მხარისათვის დარღვევის შესაბამისი მსუსხავი ეფექტი გააჩნია.

13. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის (სამინისტროს) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულების ფაქტი სადავო არ არის; ასევე ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდანაა დათვლილი და არა ნაწილ-ნაწილი შესრულებიდან, თუმცა, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართალწარმოების აღნიშნულ ეტაპზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებაზე იმსჯელოს.

17. სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლის დისპოზიციაზე და გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო გამოანგარიშდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (რომლის ოდენობა 108 320 ლარს შეადგენს), პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02% სწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად, რომელიც 182 დღეზე გაანგარიშებით 3942.85 ლარს შეადგენს.

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს სამინისტროს მითითება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასა და ვადაგადაცილებული დღეების ოდენობაზე, რისი გათვალისწინებითაც დაუსაბუთებელია, რა ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებით შეამცირა სასამართლომ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო.

21. კასატორი სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. სუბიექტურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ მოპასუხე, როგორც მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დასთანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს.

22. კასატორის მითითებით, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა, სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რა კონკრეტული გარემოებები მიიღო მხედველობაში, როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა და მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების მიხედვით დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და, ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზ, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი საქონელი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

26. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

27. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 3942.85 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019წ; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019წ).

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3942.85 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შესაგებლის თანახმად, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიჩნეულ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ღირებულების 0.05% და სადავოს წარმოადგენდა მხოლოდ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს და იმაზე მეტად (0.02%-მდე) შეამცირეს პირგასამტეხლო, ვიდრე მოპასუხე მოითხოვდა. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 29 571.31 ლარი, არაგონივრულია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (ვადაგადაცილებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს. ამასთან, გამოკვეთილი არ ყოფილა ვალდებულების დაგვიანების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს - 14 785.68 ლარს (29571.36-ის ნახევარი), რაც სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.

31. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 14 785.68 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

32. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1774 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ა.ტ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 14785.68 ლარის გადახდა;

5. შპს „ა.ტ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1774 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე