ბს-458-436(გ-06) 18 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, საქმეზე ნ. ნ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 14 ნოემბერს ნ. ნ-მ აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/1750 და 2000წ. 24 ნოემბრის ¹2/1882 გადაწყვეტილებებით დარღვეულად დადგენილი მოსარჩელის მამკვიდრებლების სამოქალაქო უფლებების რეაბილიტირებულად აღიარება; მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების აღიარება თბილისში, ... ¹3-ში განთავსებულ უძრავ ნივთზე; მამკვიდრებლების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების – 1875წ. სასამართლოს ჩანართი ფურცლის, 1879წ. სანოტარო აქტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1919წ. 17 ოქტომბრის დადგენილების იურიდიული ძალის მქონედ აღიარება, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების წარმოშობას 1996წ. 13 ნოემბრამდე; მოსარჩელის უფლების აღიარება მამკვიდრებლების საცხოვრებელ ადგილსა და საცხოვრებლად დაბრუნებაზე და მოსარჩელის ოჯახზე 2000წ. 24 ოქტომბრის ¹1/1750 გადაწყვეტილებით დადგენილი იძულებისა და იძულების გამომწვევი მოვლენების დამთავრებულად აღიარება შემდეგი საფუძვლით:
უზენაესი საბჭოს მიერ 1990წ. 9 მარტს მიღებული “საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ” დადგენილებითა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 1990წ. 20 ივნისს მიღებული დადგენილებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადდა რევკომის 1921 წლს 6 აპრილის ¹17 დეკრეტი, რომლითაც უკანონოდ გამოცხადდა მოსარჩელის მამკვიდრებლების მიწის ნაკვეთი, განთავსებული ... ¹3-ში, სახალხო საკუთრებად. აღნიშნულით დაირღვა 1921წ. კონსტიტუციის 114-ე მუხლით აღიარებული და დაცული მოსარჩელის მამკვიდრებლების მესაკუთრის უფლებები. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/1750 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 1928 წელს მოსარჩელის მამკვიდრებლებს იძულების წესით ჩამოართვეს სახლი, რითაც დაირღვა მათი კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული სამოქალაქო უფლებები. აღნიშნული დადგენილებები წარმოადგენენ მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების დამრღვევი ტოტალიტარული რეჟიმის ბათილად ცნობის აღიარებას და დარღვეული უფლებების აღდგენისკენაა მიმართული. ამასთან, მითითებული დადგენილებებით გაუქმდა რევკომი, რითაც მის მიერ 1921წ. 6 აპრილს მიღებული მოსარჩელის მამკვიდრებლების მიწის ნაკვეთის ნაციონალიზაციის განხორციელების შესახებ ¹17 დეკრეტი იქნა გაუქმებული. ასევე გაუქმდა 1927-1928 წლებში მოქმედი ნორმა მოუვლელობის ყალბი ბრალდებისათვის, სახლის უსასყიდლოდ ჩამორთმევასა და ფაქტობრივ კონფისკაციას ითვალისწინებდა და იძულებად და რეპრესიადაა დადგენილი 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/1750 გადაწყვეტილებით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოცემული საქმის განხილვისას მოქმედებს ახალი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პრეზიდენტმა 1990წ. 13 აგვისტოს გამოსცა ბრძანებულება “20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ”, რომელიც მიუთითებს რეპრესიების მსხვერპლთა სამოქალაქო უფლებების დარღვევის აღიარებასა და დამრღვევის მიერვე დარღვეული სამოქალაქო უფლებების აღდგენაზე.
მოსარჩელის მითითებით, სკ-ის 132-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არ უნდა იქნეს გავრცელებული, რადგან 1991წ. 9 აპრილს მიღებული “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” დადგენილ იქნა, რომ საბჭოთა რუსეთმა შეიარაღებული აგრესიით, ანუ ომით, მოახდინა საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, რაც მოსარჩელის მამკვიდრებლებისათვის წარმოადგენდა დაუძლეველ ძალას.
მოსარჩელის მითითებით, მის მამკვიდრებლებს ... ჩიხის ¹3-ში განთავსებულ უძრავ ნივთზე უფლებები ნებაყოფლობით არ დაუთმიათ და მათი უფლებები კვლავ არსებობს და განაგრძობენ მესაკუთრეებად ყოფნას ემიგრაციაში.
ამდენად, მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული აქტებით გაუქმდა მოსარჩელის უფლებების დამრღვევი აქტები, რის გამოც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოცემული საქმის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, სკ-ის 172-ე მუხლით დადგენილი მესაკუთრის უფლების, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, 1996წ. 13 ნოემბერს მიღებული “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 2.4 მუხლის თანახმად: “ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ”. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 1921 წლიდან 1998 წლამდე რევკომის 1921წ. 16 აპრილის ¹17 დეკრეტით განხორციელებულ ნაციონალიზაციას მიწაზე კერძო საკუთრების უფლების გაუქმება და არარსებობა მოჰყვა, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 2.4 მუხლი არარსებული ცნებისა და არარსებული უფლების რეგისტრაციას სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ვერ დაუქვემდებარებდა. ამდენად, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მიღებამდე მოსარჩელის მამკვიდრებლების უფლების გარდა სხვა საკუთრების უფლება არ არსებობდა. აღნიშნული მიუთითებს მითითებული კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭებასა და მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების რეგისტრაციის სავალდებულობაზე.
მოსარჩელის მითითებით, 1997წ. 11 დეკემბერს მიღებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებულ კანონს მიენიჭა უკუქცევითი ძალა და გავრცელდა 1921წ. 25 თებერვლიდან პერიოდზე. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამა, დედა და დეიდა აღიარებული არიან 1921-1930 წლებში განხორციელებული იძულებისა და რეპრესიების მსხვერპლად. აღნიშნულისა და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ რეპრესირებულად აღიარება საკმარისად იქნა მიჩნეული დარღვეული სამოქალაქო უფლებების აღსადგენად. ამასთან, მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის მამკვიდრებლების საცხოვრებელი ადგილი და ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრების უფლების ფაქტი, რაც სკ-ის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომელიც ისეა დაკავშირებული საკუთრების უფლებასთან, როგორც ძირითად უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ ცხოვრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 18 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის აღიარებითი სარჩელი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილ იქნა სსსკ-ის 178-179-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა დაზუსტებას, ნათლად და გარკვევით ჩამოყალიბებას სასამართლოსათვის სარჩელის მიღების საკითხის გადაწყვეტის საშუალების მიცემის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ უნდა იქნეს მტკიცებულებებზე, რომლებზეც ამყარებს თავის დაზუსტებულ მოთხოვნას, ასევე, უნდა განისაზღვროს სარჩელის ფასი.
2005წ. 9 დეკემბერს ხარვეზის შევსების მიზნით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღება. წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა სსსკ-ის 106-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, სარჩელში მითითებული, ასევე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად მიჩნევა; მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დარღვეულად დადგენილი მოსარჩელის მამკვიდრებლების სამოქალაქო უფლებების აღიარება აღდგენილად და რეაბილიტირებულად, თანახმად “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსსკ-ის 180-ე მუხლისა; სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, ყოფილი ... ჩიხის ¹3-ში, 1924-1994 წლებში ... ჩიხის ¹3-ში, ხოლო 1994 წლიდან ... ჩიხის ¹3-ში განთავსებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის მამკვიდრებლების უფლებების აღიარება; მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/1750 და ¹2/1882 გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების აღდგენილად და რეაბილიტირებულად აღიარება; 2000წ. 24 ოქტომბრის ¹2/1750 გადაწყვეტილებით დადგენილი იძულება და იძულების გამომწვევი მოვლენების დამთავრებულად აღიარება და კონსტიტუციის 114-ე და 1995წ. 24 აგვისტოს კონსტიტუციის 21-ე მუხლებით დაცული საკუთრების უფლებების აღდგენილად და რეაბილიტირებულად აღიარება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უზენაესი საბჭოს 1990წ. 9 მარტის 214-XI, 1990წ. 20 ივნისის 217-Xი და 1990წ. 20 ივნისის 218-Xი დადგენილებებითა და სსრკ-ს პრეზიდენტის 1990წ. 13 აგვისტოს ¹556 ბრძანებულებით დადგენილი, მათ მიერვე დარღვეული უფლებების აღდგენის ფაქტის მიჩნევა საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად; 1991წ. 9 აპრილის რეფერენდუმის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1991წ. 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტითა და 1991წ. 9 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ კანონით აღიარებული ფაქტების მიჩნევა საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 16 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ-ის აღიარებითი სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება, აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 9 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ნ. ნ-ის სასარჩელო განცხადების განსახილველად უფლებამოსილი სასამართლოსათვის გაგზავნის საკითხის გადასაწყვეტად, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის არსისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეები საჯარო სამართლის სუბიექტები არიან, დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უფლებამოსილი სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 14 აპრილის განჩინებით ნ. ნ-ის სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 12 აპრილის ¹213 ბრძანებულების საფუძველზე “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც საგნობრივი, ისე ნორმატიული თვალსაზრისით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არის უფლებამოსილი განიხილოს ნ. ნ-ის აღიარებითი სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 1 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად ნ. ნ-ის მოთხოვნები საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაიგზავნა საკასაციო სასამართლოში შემდეგ ნაწილში:
სსკ-ის 106-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე აღიარებით სარჩელსა და განცხადებაში მითითებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აგვისტოს ¹2/1750 და 2000წ. 24 ნოემბრის ¹2/1882 გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტების სასამართლოს მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებად მიჩნევის, მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების აღიარებას თბილისში, ... ჩიხის ¹3-ში განთავსებულ უძრავ ნივთზე, მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების 1875წ. ჩანართი ფურცლის, 1879წ. სანოტარო აქტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1919წ. 17 ოქტომბრის დადგენილების იურიდიული ძალის მქონედ აღიარება, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებები, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სარჩელი ზემოთ მითითებულ ნაწილში არ განეკუთვნება ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ნ-ის აღიარებითი სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგნოების მიმართ, სასარჩელო მოთხოვნა ეხება მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლების აღიარებას უძრავ ნივთზე და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი მამკვიდრებლის საცხოვრებელ ადგილზე საცხოვრებლად დაბრუნების აღიარებას.
სასამართლომ არ გაიზიარა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასაბუთება განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა რა უფლებების აღიარება, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელებაზე, არამედ _ მისი მამკვიდრებლების საკუთრების უფლების აღიარება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მოთხოვნების ნაწილში დავის საგანი გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რომელიც დაკავშირებულია მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებასთან, ასევე მისი მამკვიდრებლების საკუთრების უფლების დადგენის ნამდვილობასთან და აღიარებით სარჩელსა და განცხადებაში მოყვანილი ფაქტების საყოველთაოდ აღიარებასთან, რომლებიც დაკავშირებულია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ნ. ნ-ის აღიარებითი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მოცემული დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვასთან დაკავშირებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტების სსსკ-ის 106-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებად აღიარება, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დარღვეული უფლებების რეაბილიტირებულად აღიარება, უძრავ ნივთზე მოსარჩელის მამკვიდრებლების საკუთრების უფლებების, 1875წ. სასამართლოს ჩანართი ფურცლის, 1879წ. სანოტარო აქტისა და დემოკრატიული რესპუბლიკის 1919წ. 17 ოქტომბრის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების დადგენილების საფუძველზე, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მიღებამდე, 1996წ. 13 ნოემბრამდე წარმოშობის აღიარება, მითითებულ ქონებაზე მოსარჩელის სამკვიდროს მიღების უფლებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების იურიდიული ძალის მქონედ აღიარება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რადგან აღიარებითი სარჩელის ავტორის მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დარღვეულად მიჩნეული უფლებების “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, რეაბილიტირებულად აღიარებას. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას უძრავ ნივთზე მისი მამკვიდრებლების საკუთრების უფლების “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მიღებამდე წარმოშობის აღიარებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება სამოქალაქო უფლების – საკუთრების უფლების არსებობის აღიარებას, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქოდ მიჩნევის უპირობო საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნია რა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული აქტებით უკანონოდ ჩამოერთვა მოსარჩელის მამკვიდრებლებს უძრავი ნივთი, რითაც შეიზღუდა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და აღნიშნული ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, მოსარჩელე ითხოვს ფაქტობრივად სახელმწიფოსაგან იმის აღიარებას, რომ აღნიშნული განხორციელდა უკანონოდ; ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ქონების ჩამორთმევა, დღეისათვის ბათილადაა ცნობილი; მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.3 მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობა და აღიარებულ უნდა იქნეს, რომ ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოების ქმედებების თუ აქტების საფუძველზე, დაირღვა მოსარჩელეთა მამკვიდრებლების უფლებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან წარმოშობილ ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავას და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოცემული დავის სამოქალაქო დავად მიჩნევის შესახებ დასკვნას ასაბუთებს მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ მოსარჩელე არ ითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ამომწურავ ჩამონათვალს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიძლება აღიძრას აღიარებითი სარჩელი იმ უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის არსიდან გამომდინარე, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს, რადგან კონკრეტული დავის საგანი წარმოშობილია ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე არასწორია, რამდენადაც მხოლოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნა მოიცავს სამოქალაქო უფლების – საკუთრების არსებობის აღიარებას, არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის უპირობო საფუძველს და განმსაზღვრელია თავად დავის არსი, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დავა ეხება არა კლასიკურ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ მოსარჩელე რეაბილიტირებულად აღიარებასთან ერთად ითხოვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მისი უფლებების არსებობის აღიარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა დაკავშირებულია იმ სამართალურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის შეგებებულ სარჩელს გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ნ-ის აღიარებითი სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.