საქმე №ას-730-2023 27 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ.ბ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, მერია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა გაქვითული პირგასამტეხლოს 1333.34 ლარამდე შემცირება და მოპასუხისათვის 5333.40 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 4 ივნისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №123/01/18 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება დაბა ......... მდებარე საჭიდაო დარბაზის შენობის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულებაზე. 2018 წლის 25 სექტემბრის №3 ცვლილებით, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 128206.61 ლარამდე (თავდაპირველად შეადგენდა 120000.25 ლარს), ხოლო №4 ცვლილებით გადაიწია სამუშაოების შესრულების ვადამ 2018 წლის 5 ივნისიდან იმავე წლის 15 ოქტომბრამდე. ამავე ხელშეკრულების მე-10 პუნქტის პირველი ნაწილით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების მცირე ნაწილი და 2019 წლის 18 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 14 344.87 ლარი.
4. მერიამ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების ვადის გადაცილების მიზეზები და მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 128.2 ლარი, რაც დაანგარიშდა 52 დღეზე და მიღებული თანხა - 6666.74 ლარი გაიქვითა პირგასამტეხლოს სახით, შესაბამისად, შემკვეთმა მენარდეს ჩაურიცხა - 7678.13 ლარი, 14344.87 ლარის ნაცვლად.
5. სარჩელის აღძვრის საფუძველია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვა, რომელიც უნდა შემცირდეს.
მოპასუხის შესაგებელი
6. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და განმარტა, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, რაც კანონიერი საფუძველი გახდა პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ამ თანხის ასანაზღაურებელ თანხაში გაქვითვის. მოსარჩელეს ვალდებულების მცირე ნაწილი აქვს შესრულებული და ისიც ვადის გადაცილებით, რის გამოც არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, შემცირდა მოპასუხის მიერ მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 1333.34 ლარამდე. მოპასუხეს დაეკისრა 5333.40 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მენარდემ ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა მისი ოდენობა 6666.74 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 1333.34 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2018 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირებული და განსაზღვრული 0.02%-ით, რაც ვადაგადაცილებულ (52) დღეთა მიხედვით შეადგენს 1333.34 ლარს.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) შეძლო სასამართლოსთვის, შეექმნა ვარაუდი მასზე, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, არ არის დასაბუთებული, რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. შემკვეთის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის არაერთხელ გაზრდისა და სამუშაოების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრული ვადის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ არასრულად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, ამოიწურა ხელშეკრულების შესრულების ვადა. ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად იმის გამო, რომ მენარდე არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად მოქმედებდა. ამასთან, მენარდის მიერ შესრულებული ვალდებულებების წილმა შესასრულებელი ვალდებულებების სრულ მოცულობასთან მიმართებით შეადგინა 11%.
17. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (ვადები) დაირღვა მოსარჩელის ბრალეულობით, არაკეთილსინდისიერი ქცევით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ხარისხიც, შესრულებული სამუშაოს ღირებულება, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.
21. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთმა (მოპასუხემ) მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, მისი განმარტებით, მენარდეს შესრულებული აქვს ვალდებულების მცირე ნაწილი (11%) - 14344.87 ლარის ღირებულების სამუშაო, ისიც ვადაგადაცილებით. ამდენად, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებულ ვადაში ვერ დაასრულა, მას ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.2% (6666.74 ლარი), რაც მენარდისათვის გადასახდელ საზღაურში უნდა გაიქვითოს. ამასთან, არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აქედან გამომდინარე, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.
22. პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 4 ივნისს დადებული 123/01/18 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეეკეთებინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა ......... მდებარე საჭიდაო დარბაზი კაპიტალურად. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 120 000.25 ლარით, ხოლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო იმავე წლის 2 სექტემბერს. ხელშეკრულებაში შევიდა ოთხი ცვლილება; 2018 წლის 25 სექტემბრის №3 ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 128 206.61 ლარით. №4 ცვლილების თანახმად კი, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწია - 2018 წლის 15 ოქტომბრამდე; უდავოა, რომ მოსარჩელემ შეასრულა 14 344.87 ლარის ღირებულების სამუშაო. ამასთან, 52 დღით გადააცილა სამუშაოების შესრულების შეთანხმებულ ვადას.
23. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პირგასამტეხლო 6666.74 ლარიდან 1333.34 ლარამდე შემცირდა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის (მენარდისათვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
25. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
27. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
28. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
29. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, ისიც ვადის დარღვევით, შესაბამისად, ამ უკანასკნელს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არაა (მოსარჩელეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). სადავოა მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევი ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ საქმე №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
32. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მენარდის მოთხოვნა სამუშაოს შესრულების ვადის გაზრდის თაობაზე შემკვეთის მიერ არაერთხელ დაკმაყოფილდა, კერძოდ, უდავოა, რომ სამუშაოს შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე იყო, 2018 წლის 5 ივნისიდან იმავე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, რომელმაც ჯერ მენარდის მოთხოვნით 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით გადაიწია (იხ. 2018 წლის 31 აგვისტოს ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში; ს.ფ 24), შემდგომ კი 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 29). ამის შემდგომ, შემკვეთმა მენარდეს კვლავ გაუზარდა სამუშაოების შესრულების ვადა ჯერ 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 32), შემდგომ 15 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 33). ფაქტობრივად, შემკვეთმა თავდაპირველად განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა - 90 დღე, თითქმის ნახევარი ვადით გაზარდა (43 დღით), თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მენარდემ როგორც შესრულებული ინსპექტირების საბოლოო ანგარიშიდან ირკვევა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ 11.18%, ხელშეკრულების ღირებულების 128 206.61 ლარიდან 14 344.87 ლარის სამუშაოები შეასრულა.
33. პალატის მითითებით, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს მიზანიც სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება იყო (მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში. პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების 10.1 მუხლი) და უზრუნველყოფდა იმ ინტერესს, რომელიც შემკვეთს (კასატორს) ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მენარდეს ფაქტობრივად ხელშეკულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, მის მიერ შესრულებული სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი (11.18%) ვალდებულების შესრულებად ბუნებრივია ვერ შეფასდება. ამასთან, უდავოა, რომ ეს მცირე ნაწილიც კი ვადის დარღვევით, კერძოდ, 52 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა.
34. გარდა ზემოაღნიშულისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური პოზიციის (შესაგებლის) არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. არსებული პრაქტიკის მიხედვით, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-384-2020, 28.03.2022წ.; №ას-51-2021, 01.04.2022წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.). ნიშანდობლივია, რომ მენარდე სათანადოდ არ შესდავებია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, მათ შორის, იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. მხოლოდ ზოგადი მითითება პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობაზე, არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბების გარეშე, არ ქმნის ამ უკანასკნელის პოზიციის გაზიარების საფუძველს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების საფუძველზეა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები №ას-827-2021, 03.12.2021წ.; №ას-1098-2021, 26.07.2022წ.). პალატა მოცემულ შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ხელყოფილ სახელშეკრულებო ინტერესსა (ანუ კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნდა) და კრედიტორის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოლოდინს, დარღვევის ხასიათს და დარღვევით გამოწვეულ იმ ფაქტს, რომ კრედიტორს (კასატორს) ფაქტობრივად ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობის დადება მოუწევს დაბა ......... მდებარე საჭიდაო დარბაზის შენობის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესასყიდად, რაც დამატებით ვადებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის დაქვითული თანხა სრულად უზრუნველყოფს შეუსრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
35. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
36. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სსსკ-ის 55.2 მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
37. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი (კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) სახელმწიფო ბაჟი - 480 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ჯ.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 480 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი