Facebook Twitter

საქმე №ას-1811-2018 29 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ი–მა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ა, მ.ჭ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ი–მამ“ (შემდგომ – შპს, საწარმო, კომპანია, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ასა (შემდგომ - დირექტორი) და მ.ჭ–ას (შემდგომ - ბუღალტერი, ასევე ერთობლივად მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა დირექტორისათვის - 81 424.74 ლარის, ხოლო მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 36 196.16 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე 2006 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 9 მარტამდე საწარმოს დირექტორად მუშაობდა. 2012, 2013 და 2014 წლებში მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 1062.5 ლარი იყო. ხელფასისა და პრემიის გარდა, დირექტორს კომპანიის ანგარიშიდან დამატებით ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიღებული აქვს 81 424.74 ლარი. ამასთან, დირექტორმა ბუღალტერს 2012 წელში ხელფასისა და პრემიის გარდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩაურიცხა 36 196.16 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. დირექტორმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას საზოგადოების ბიზნესბარათიდან თანხა პირადად არ მოუხმარია. ბარათიდან გახარჯული თანხა მიმართული იყო კომპანიის მიზნებისათვის და მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურების არარსებობის გამო, საგადასახადო ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, დეკლარირდებოდა, როგორც ხელფასი და, შესაბამისად, იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით. ყველა ხარჯი შეთანხმებული იყო პარტნიორებთან. დირექტორი ყოველი თვის დასაწყისში აგზავნიდა პარტნიორებთან წინა თვის ანგარიშს და მომდევნო თვის მოსალოდნელ ხარჯს. პარტნიორები მუდმივად ცხოვრობდნენ ესპანეთში, საწარმოს საქმიანობით მიღებული თანხა აკუმულირდებოდა მათთან და არა - საქართველოში, შესაბამისად, საჭირო იყო ყოველი მომდევნო თვის ხარჯისათვის აუცილებელი თანხის საქართველოში გადმოგზავნა.

4. ბუღალტერმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელფასი ერიცხებოდა საბანკო ანგარიშსწორებით, მიღებული აქვს ხელფასი, პრემია და ზეგანაკვეთური სამუშაოს საზღაური, რაც ჩამოთვლილია სახელფასო ბარათსა და სახელფასო უწყისებში. რაც შეეხება თანხებს, რომელიც დეკლარირებულია მის სახელზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, აღნიშნული განხორციელდა კომპანიის მიერ დაქირავებული აუდიტის რეკომენდაციით, როდესაც ვერ ხდებოდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება. ფინანსური აღრიცხვის მიზნით ეს ფინანსური ხარჯი იყო, მაგრამ საგადასახადო მიზნებისათვის კვალიფიცირდებოდა, როგორც ხელძღვანელი პირის მიერ აღებული თანხა, რომელიც არ არის ჩარიცხული მის სახელფასო ანგარიშზე, მას ფაქტობრივად არ მიუღია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დირექტორს დაეკისრა 81 424. 74 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 36196.16 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; დირექტორს დაეკისრა 2442.74 ლარის, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად – 1085.88 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა 3256.98 ლარის გადახდა დირექტორის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად; მოსარჩელეს ბუღალტრის სასარგებლოდ დაეკისრა 1248 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონიდან გამომდინარე მტკიცების განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, საზოგადოების მიმართ ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ დირექტორის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიდნენ საწარმოს ბუღალტრულ წიგნებში თავიანთ სახელზე სადავო თანხის ხელფასის სახით გაწერის ფაქტს, თუმცა განმარტავდნენ, რომ ხარჯების ხელფასის სახით გაიწერა იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კომპანიამ 2012 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგად მიიღო. შემოწმების აქტით დგინდება, რომ საზოგადოებას 2012 წლამდეც ჰქონდა ისეთი ხარჯები, რომლებზეც შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის მოპოვება ვერ ხერხდებოდა (მაგ: ასეთი ხარჯების ოდენობა 2007 წელს 45 000 ლარზე მეტი იყო), რა დროსაც საგადასახადო ორგანომ, ანგარიშფაქტურების არარსებობის გამო, საზოგადოების მიზნებისთვის გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა და მიიჩნია თანამშრომლების დასაბეგრ ხელფასად. აპელანტთა განმარტებით, სწორედ, აღნიშნული პრაქტიკა (კომპანიის მიერ დაქირავებული აუდიტის რეკომენდაცია) დაედო საფუძვლად შემდგომში საზოგადოების ისეთი ხარჯების ხელფასად გაწერის გადაწყვეტილებას, რომლებზეც საგადასახადო ორგანოსათვის მისაღები დოკუმენტის მოპოვება იყო შეუძლებელი ან რთული (მაგ: ტრანსპორტირების, ყავის, ჩაის, მცირე სარემონტო სამუშოების). საგადასახადო მიზნებისათვის კი ასეთი დანახარჯების ხელფასში გატარება საწარმოსათვის უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება იყო.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ თანხების გახარჯვა საზოგადოების პარტნიორებთან არ იყო შეთანხმებული. აღნიშნული შედავების საპირისპიროდ, პალატამ მიუთითა მოწმე ვახტანგ მჭედლიძის (საზოგადოების პარტნიორის) ჩვენებაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ იგი დირექტორს ხშირად ესაუბრებოდა, კომპანიის შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ყოველთვიურ რეჟიმში, ყოველი თვის 4 რიცხვამდე იღებდა ინფორმაციას. კომპანიის ხარჯები ფაილების სახით იყო აღრიცხული; მოწმე თ.გ–ის (წარმოების ხელმძღვანელი) განმარტებით, დირექტორი ყოველდღიურად ურთიერთობდა პარტნიორთან, ხოლო მოწმე დ.მ–ის (პარტნიორი) განმარტებით, კომპანიის საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თანხა პერიოდულად ბარსელონიდან ირიცხებოდა. ამრიგად, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ საწარმოს დირექტორი მიმდინარე ხარჯებს პარტნიორებთან ათანხმებდა.

9. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულებებით შედავებული არ არის და, შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ საწარმოს ერთადერთ შემოსავლის წყაროს მკაცრად აღრიცხული მედიკამენტების რეალიზაციით მიღებული თანხა წარმოადგენდა, რომელიც პარტნიორებთან ბარსელონაში ირიცხებოდა და პარტნიორთა კონტროლს ექვემდებარებოდა. მხოლოდ დირექტორის მიერ შესაბამისი მოთხოვნის (ხარჯთაღრიცხვის) გაგზავნის საფუძველზე ირიცხებოდა თანხა უკან საწარმოს ანგარიშზე. სადავო არ იყო გარემოება, რომ აუცილებელი ხარჯების თაობაზე მოთხოვნას დირექტორი პარტნიორებს უგზავნიდა ფაილის სახით, სადაც დასახელებული იყო მოთხოვნილი თანხების დანიშნულება და მიზნობრიობა (აღნიშნული გარემოება დადასტურებულია დამფუძნებელ პარტნიორ დ.მ–ის ჩვენებით).

10. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ მიუთითებდა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დაგეგმილი მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე. ამასთან, მოსარჩელე არ უარყოფდა, რომ მოპასუხის მიერ ხარჯთაღრიცხვაში (იხ.: ტ.1. ს.ფ. 133-148) მითითებული ხარჯი საჭირო იყო კომპანიისათვის. მოსარჩელე არც იმ საქონლისა და მომსახურების მიღებას არ უარყოფდა, რასაც დირექტორი ხარჯთაღრიცხვაში მიუთითებდა. ლოგიკურია, რომ ოფისს ესაჭიროებოდა გარკვეული ხარჯი, მაგალითად, საკანცელარიო ნივთები, სამეურნეო საქონელი, სატრანსპორტო ხარჯი და სხვა. ამდენად, თუ ეს ხარჯი საჭირო იყო და უნდა გაეწია კომპანიას (და უდავოა, რომ გაწია კიდეც), როგორ და საიდან დაიფარა ეს ხარჯი, მოსარჩელემ ვერ მიუთითა. პალატის მითითებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო ისეთი მტკიცებულებების (მაგ: ანგარიშფაქტურები) წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, ეს ხარჯი კომპანიის მიერ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე იქნა გაწეული, რის გამოც მათი ხელფასის სახით გაწერა ზედმეტი და საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემობა, რომ დირექტორმა ხარჯი გაწერა ხელფასად, თავისთავად არ წარმოადგენდა ზიანს. მოპასუხემ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება სადავო თანხის ხელფასის სახით გაწერის მოტივებისა და მათი საწარმოს ინტერესებისათვის განკარგვის შესახებ (საწარმოში 2012 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტი, კომპანიის 2012-2015 წლების საანგარიშო პერიოდზე გაწერილი ხარჯთაღრიცხვა, პარტნიორებთან ელექტრონული მიმოწერა და სხვ), რის შემდგომაც მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ხარჯის შეუსაბამობა ან საწარმოს მიერ ამ ხარჯის სხვა თანხით დაფარვა.

12. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებები (მათ შორის, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია), რაც არ იძლეოდა ზიანის დაანგარიშების ობიექტურ შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ რევიზიის აქტი არ შეიცავდა მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ოდენობის იყო საქვეანგარიშო თანხა (საოფისე ხარჯები) და რა გზით იფარებოდა ეს ხარჯი. ამდენად, რევიზიის დასკვნა, რომელსაც ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა, არ წარმოადგენდა სარწმუნო მტკიცებულებას კომპანიისათვის მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნებისათვის.

13. სააპელაციო პალატამ ბუღალტრის პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ რევიზიის დასკვნის თანახმად, თანხა გაიცემოდა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. ყველა თანხა, რომელიც ბუღალტერს კომპანიისგან აქვს მიღებული, ასახულია სახელფასო ბარათზე, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელფასის უწყისებითაც. ამასთან, რევიზიის აქტში ნახსენები ის თანხა, რაზეც მოსარჩელე მხარე დავობს, არ არის ასახული სახელფასო უწყისებში. კომპანიას ჰქონდა ბიზნესბარათი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ კომპანიის დირექტორს. შესაბამისად, ბუღალტერს, როგორც საზოგადოების თანამშრომელს, ამ ბიზნესბარათიდან თანხის მიღება არ შეეძლო. გარდა ამისა, მას კომპანიის ანგარიშებზე ხელი არ მიუწვდებოდა და არ შეეძლო კომპანიის კუთვნილი თანხების განკარგვა (ამას ადასტურებს დირექტორიც და არც მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ). ეს ფაქტი დაადასტურეს კომპანიის დამფუძნებლებმა არჩილ და დ.მ–ეებმაც.

კასატორის მოთხოვნა:

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის მტკიცებით, საკითხი უკავშირდება დირექტორის საწარმოს წინაშე პასუხისმგებლობას, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ საზოგადოების მოგების დაუსაბუთებელ ხარჯვას და ამით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისას გულმოდგინე ხელძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობის დარღვევისას საზოგადოების ხელძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხს. დირექტორებს გადაცემული აქვთ სამართავად სხვისი ქონება და მათი უპირველესი ვალდებულება ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილებაა. საკითხის განხილვისას საზოგადოების სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის ბრალი იმ ზიანის წარმოშობაში, რომლიც მიადგა საზოგადოებას და რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. სააპელაციო სასამართლომ კი, გაუგებრი მიზეზით „გაკიცხა“ კომპანია და დირექტორის მიერ გახარჯული თანხის ხარჯვის სისწორის დადასტურება მოსთხოვა, რაც არასწორია.

16. სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა, მოქმედებდა თუ არა დირექტორი პირადი დაინტერესების გარეშე, საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე და კეთილსინდისიერად. ამასთან, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ნეგატიური მტკიცების ტვირთი არ შეიძლება დაეკისროს მოსარჩელეს. ამასთან, მოსარჩელემ წარდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მოპასუხეები პირადად იყვნენ დაინტერესებულები, ხოლო პარტნიორები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებულები. შესაბამისად, მოვალეობები დარღვეულია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ე.წ. კორექტულობის ტესტი, როდესაც მტკიცების ტვირთი ეკისრება დირექტორს. დირექტორმა უნდა ამტკიცოს სხვა კეთილსინდისიერი და გულმოდგინე დირექტორიც ასე მოიქცეოდა თუ არა.

17. სასამართლოს უნდა ემსჯელა სამეწარმეო გადაწყვეტილების პრინციპის დარღვევაზეც, სწორედ ასეთი დარღვევაა საწარმოს ქონების გახარჯვა, ისე რომ ამით საზოგადოება არ იღებს რაიმე სარგებელს. ამის მაგალითია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტი ანაზღაურების გაცემა საწარმოს ხელმძღვანელებზე.

18. მოცემული შემთხვევა და დარღვევის სამართლებრივი შედეგი სასამართლოს სწორად უნდა განემარტა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განმტკიცებული გულმოდგინე ხელმძღვანელობის ზოგადი მოვალეობების მიხედვითაც, კერძოდ, დირექტორმა და ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ გამოუწერეს თავიანთ თავს ზედმეტი ხელფასი, რომელიც არ ეკუთვნოდათ, შესაბამისად, ევალებათ, დააბრუნონ ზედმეტად მიღებული თანხა. თავშივე არამართლზომიერია მოპასუხეების მიერ ზედმეტად მიღებული ხელფასი, რაც სსკ-ის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაც აძლევს საწარმოს თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ამასთან, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დირექტორის გადაწყვეტილების არა მხოლოდ მიზანშეწონილობა, არამედ მართლზომიერებაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

19. ამდენად, დირექტორს ყველა ღონე უნდა ეხმარა თითოეულ ხარჯზე, მოეპოვებინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რა დროსაც ხარჯი გამოიქვითებოდა ერთობლივი შემოსავლიდან, დასაბეგრი მასა შემცირდებოდა და საწარმოს ნაკლები ექნებოდა გადასახადის სახით გასავალი თანხა, ხოლო, თუ ეს მართლაც შეუძლებელი იქნებოდა, „უსაბუთო ხარჯები“ ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანათ და დაებეგრათ მოგების 15%-ით და არ უნდა დაედეკლარირებინათ, როგორც ხელფასი. 2012 წელს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს „უსაბუთო ხარჯების“ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უფლებას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი აძლევდა. ეს მუხლი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას უკავშირდება და არა დირექტორის უფლებას, თვითონ როგორც აწყობს, ისე დაადეკლარიროს თანხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დირექტორის მიმართ საწარმოს მოთხოვნა ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმას - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს ეფუძნება, რომლის თანახმადაც დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

23. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (სუსგ №ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი), რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს ეკისრება საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, მიმართ (სუსგ №ას-457-436-2015, 6.06.2016წ.). კომპანია უფლებამოსილია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულიც, მოითხოვოს ფიდუციური მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დირექტორისგან.

24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას, საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (იხ. სუსგ №ას-1307-1245-2014, 6.05.2015ე.; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.). მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი შესაბამისად არ მიჯნავს, მისი მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი „ზრუნვის მოვალეობასთან” ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალებასაც“ უწოდებენ), თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - „ერთგულების მოვალეობას”. ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესები უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით.

25. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად - „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია”, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს. ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდა. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია, ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალურურად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა.

26. სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი/ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია იცავს მხოლოდ პირადი დაინტერესების არმქონე დირექტორს, ხოლო დირექტორის მიმართ, რომელსაც გადაწყვეტილებისადმი პირადი დაინტერესება აქვს, ის არ მოქმედებს. შესაბამისად, თუ საქმის ფატობრივი გარემობებიდან იკვეთება გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესება, მაშინ ირღვევა არა ზრუნვის, არამედ დირექტორის ერთგულების მოვალეობა. ამ გამიჯვნას არსებითი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთში ზიანის ფაქტთან ერთად შედის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ დირექტორი გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ პირადად იყო დაინტერესებული. თუ მოსარჩელე ამის დადასტურებას მოახერხებს, მაშინ დირექტორის გადაწყვეტილების დასაცავად სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესის/ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე დირექტორზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველმხრივ სამართლიანი და გონივრული იყო კორპორაციისათვის. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ისე მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედებისას დირექტორების გადაწყვეტილების მატერიალური შინაარსი სასამართლოს მიერ ბევრად უფრო დაბალი სტანდარტით მოწმდება, კერძოდ, სასამართლო იკვლევს, არის თუ არა გადაწყვეტილება რაციონალური, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ლოგიკურად ახსნადი. თუ გადაწყვეტილება გონივრულობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, სასამართლო მისი მატერიალური შინაარსის მართებულობას არ გამოიკვლევს.

27. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ დირექტორს საზოგადოების ბიზნეს ბარათიდან სამი წლის განმავლობაში გამოჰქონდა თანხა, რამაც ჯამურად 81 424.74 ლარი შეადგინა. თანხა დადეკლარირებული იყო როგორც ხელფასი, თუმცა, რეალურად, ხელფასის გარდა, დამატებით არის მიღებული. დირექტორის მტკიცებით, ბარათიდან გახარჯული თანხა მიმართული იყო კომპანიის მიზნებისათვის და მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურების არარსებობის გამო, საგადასახადო ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, დეკლარირდებოდა როგორც ხელფასი და, შესაბამისად, იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით.

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და დასაბუთებული საკასაციო შედავება არ არის წარმოდგენილი, რომ, მართალია, ბუღალტრულ წიგნებში სადავო თანხა ხელფასის სახით გაიწერა, თუმცა რეალურად ის საწარმოს მიმდინარე ხარჯებს ხმარდებოდა. აღნიშნული დადგენილია კომპანიის 2012-2015 წლების საანგარიშო პერიოდზე გაწერილი ხარჯთაღრიცხვით, პარტნიორებთან ელექტრონული მიმოწერითა და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, ხარჯები ხელფასის სახით გაიწერა 2012 წლის საგადასახადო შემოწმების შემდეგ, კერძოდ, შემოწმების აქტით დგინდება, რომ საზოგადოებას 2012 წლამდეც ჰქონდა ისეთი ხარჯები, რომლებზეც შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის მოპოვება ვერ ხერხდებოდა (მაგ: ასეთი ხარჯების ოდენობა 2007 წელს 45 000 ლარზე მეტი იყო), რა დროსაც საგადასახადო ორგანომ, ანგარიშფაქტურების არარსებობის გამო, საზოგადოების მიზნებისთვის გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა და მიიჩნია თანამშრომლების დასაბეგრ ხელფასად. მოპასუხეთა განმარტებით, სწორედ, აღნიშნული პრაქტიკა (კომპანიის მიერ დაქირავებული აუდიტის რეკომენდაცია) დაედო საფუძვლად შემდგომში საზოგადოების ისეთი ხარჯების ხელფასად გაწერის გადაწყვეტილებას, რომლებზეც საგადასახადო ორგანოსათვის მისაღები დოკუმენტის მოპოვება იყო შეუძლებელი ან რთული (მაგ: ტრანსპორტირების, ყავის, ჩაის, მცირე სარემონტო სამუშოების).

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო თანხის დირექტორის მიერ პირადი მოხმარების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გაბათილდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლითაც დასტურდება, რომ ხელფასად გაწერილი თანხით რეალურად კომპანიის მიმდინარე ხარჯები იფარებოდა. შესაბამისად, მოპასუხემ გააბათილა კომპანიისათვის ზიანის მიყენებისა და სადავო თანხის ხელფასად აღრიცხვის გადაწყვეტილების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესების შესახებ ეჭვი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღარ ამოწმებს დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიღების პროცესისა თუ მატერიალური შინაარსით. შესაბამისად, სასამართლო არც იმას არ გამოიკვლევს, დირექტორს „უსაბუთო ხარჯები“ ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეყვანა, რაც მოგების 15%-ით დაიბეგრებოდა თუ სჯობდა, დაედეკლარირებინა როგორც ხელფასი. მით უფრო, რომ განსახილველი დავის საგანი დირექტორის მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა (რომელიც არ დადასტურდა) და არა - ადმინისტრაციული წესით განსახილველი საგადასახადო დავა, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზიაც, რომ სასამართლოს დირექტორის ქმედების მართლზომიერება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვითაც უნდა შეემოწმებინა.

30. გარდა ამისა, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დირექტორი სასამართლოს დაინტერესებულ პირადაც რომ მიეჩნია, მაინც არ იარსებებდა ამ უკანასკნელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. გადაწყვეტილებისა თუ გარიგების მიმართ კომპანიის დირექტორის პირადი დაინტერესების არსებობა, თავისთავად არ იწვევს ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო კომპანიის წინაშე მის პასუხისმგებლობას. ასეთი ინტერესის არსებობის პირობებშიც კი, შეიძლება გადაწყვეტილება მართებულად, ხოლო გარიგება ნამდვილად იქნეს მიჩნეული, თუკი ეს უკანასკნელი შესაბამის ფორმალურ და მატერიალურ პირობებს აკმაყოფილებს. ფორმალური პირობების შემოწმებისას, მნიშვნელოვანია, შემოწმდეს, დირექტორმა საკუთარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაუმჟღავნა თუ არა დირექტორთა საბჭოს, ხოლო დირექტორთა საბჭოს არარსებობისას, კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა კრებას. ინფორმირებული დირექტორების ან აქციონერების თანხმობა (ან შემდგომი მოწონება) გადაწყვეტილებას მართებულად, ხოლო გარიგებას ნამდვილად აქცევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ სადავო გადაწყვეტილების შესახებ (მიმდინარე ხარჯების ხელფასად დეკლარირების თაობაზე), უფრო მეტიც, საწარმოს შემოსავალი პარტნიორთა კონტროლს ექვემდებარებოდა და თანხას საწარმოს აუცილებელი ხარჯებისათვის თავად ურიცხავდნენ დირექტორს. ამდენად, ამ კუთხითაც სარჩელი დაუსაბუთებელია.

31. რაც შეეხება ბუღალტრის სოლიდარულ პასუხისმგებლობას 36 196.16 ლარის დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ ბუღალტრისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი უსაფუძვლო გამდიდრების სამართლიდან გამომდინარეობს, თუმცა ეს მოთხოვნაც დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა ხელფასები ირიცხებოდა პირად საბანკო ანგარიშებზე, რაც დადასტურებულია შპს „ა.კ.ჯ–ის“ რევიზიის დასკვნითაც, ხოლო სადავო 36 196.16 ლარი, ისევე, როგორც 81 424.74 ლარი, საგადასახადო მიზნებისათვის დაკვალიფიცირდა ხელფასად, რეალურად კი, მითითებული თანხა ასახულია კომპანიის ანგარიშზე და მოხმარდა კომპანიის საქმიანობისათვის აუცილებელ ყოველდღიურ ხარჯებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი–მას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე