Facebook Twitter

საქმე №ას-243-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „დ–ი“, შპს „ნ.ს.ბ–ი“ (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის მოპასუხე ამხანაგობა „მ.ბ.გ–ის“ უფლებამონაცვლეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გაუქმება/შემცირება (სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამხანაგობა „მ.ბ.გ–მა“ (უფლებამონაცვლეები - შპს „დ–ი“, შპს „ნ.ს.ბ–“, შემდგომ - ამხანაგობა, მენარდე, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ - შემკვეთი, სამინისტრო, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს - 19879.65 ლარის გაუქმების/შემცირების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა და ამხანაგობამ დადეს სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოების ვალდებულება. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, 2020 წლის 20 დეკემბრისთვის. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებად თავდაპირველად განისაზღვრა 428 428 ლარი, საბოლოოდ კი - 405 307.83 ლარი. ამხანაგობამ სამშენებლო სამუშაოები დაასრულა 2020 წლის 3 თებერვალს, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებამ შეადგინა 45 კალენდარული დღე. მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 0.1% - 19 879,65 ლარი. შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებით, კერძოდ კი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო სამშენებლო მასალის შეძენა და მათი დროული მიღება, სატრანსპორტო შეზღუდვების ფარგლებში გაძნელდა სამუშაო ძალის გადაადგილება, საჭირო გახდა რამდენიმე ხელოსნის თვითიზოლაცია. გარდა მითითებული გარემოებებისა, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება გამოიწვია ხელშეკრულებაში შეტანილმა არაერთმა ცვლილებამ.

3. მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან, გამოანგარიშებულია არასწორად.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

შეგებებული სარჩელი

5. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მენარდის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების გამო შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 19879,65 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ამხანაგობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამხანაგობა გათავისუფლდა მოპასუხის სასარგებლოდ 2020 წლის 21 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №121 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილის - 16231,88 ლარის გადახდისგან; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამხანაგობას დაეკისრა 2020 წლის 21 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №121 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასატეხლოს - 3 647,77 ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო და სააპელაციო საჩივრით სადავო არ იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა, რის გამოც პალატა დაეთანხმა პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.

10. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ ის დარიცხული იყო არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ პირველად განსაზღვრული ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების მიხედვით, რომელიც მხარეთა შეთანხმებით 36 467.84 ლარით შემცირდა და საბოლოოდ - 405 307.83 ლარით განისაზღვრა. ამასთან, პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დგინდებოდა, რომ მხარეებმა დაადასტურეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების, კერძოდ, 405 307.83 ლარის სამუშაოების შესრულება და ამ სამუშაოების დამკვეთის მიერ მიღება. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებამ შეადგინა 45 დღე, რაც არ შეიძლება მიჩნეულიყო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 19 879.65 ლარის დაკისრების გამამართლებელ დარღვევად. პალატამ მიუთითა იმაზეც, რომ, მართალია, მენარდემ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დაარღვია, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეულ ზიანის არსებობაზე. პრეტენზია არ გაცხადებულა არც შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად, შემკვეთს მომსახურება გაეწია შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად ზიანი არ მიუღია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მენარდემ ვერ დაასაბუთა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლები, სასამართლომ ის დაუსაბუთებლად შეამცირა. სწორედ თავდაპირველ მოსარჩელეს ეკისრებოდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მტკიცების ტვირთი, რაც ვერ დაძლია. მხარეები, როგორც საკუთარი ინტერესების საუკეთესო შემფასებლები, თანხმდებიან გარიგების პირობებზე მომავალი ქმედებების თვითშეზღუდვის პირობებში. თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკას, ამგვარი ნების თავისუფლება სწორედ მენარდეს ჰქონდა. იგი დასთანხმდა ხელშეკრულების შეთავაზებულ პირობებს და იკისრა არაერთი ვალდებულება, რომელიც არ შეასრულა. სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით ფრთხილად უნდა მოეკიდოს კრედიტორის ინტერესებს, რადგან სასამართლოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ჩარევა არ გახდეს მოვალის მიერ ვადებულების დარღვევის წამახალისებელი მექანიზმი.

13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული რა ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებით შეამცირა სასამართლომ პირგასამტეხლო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო გაითვალისწინა არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მიზნით. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ სამინისტრო ვადაგადაცილების შედეგად ზიანის მიღების ფაქტზე არ აპელირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება და არაარსებითია, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი. რაც შეეხება დროული შესრულების მიმართ ინტერესს, საჯარო ტენდერის შედეგად ხელშეკრულების დადებისას, შემკვეთის ხელშეკრულების ვადაში შესრულების მიმართ ინტერესი ისედაც ნათელია. სასამართლო არასწორ პრაქტიკას აყალიბებს, როდესაც 45-დღიან ვადაგადაცილებას არ მიიჩნევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის ასამოქმედებლად საკმარის გადაცდომად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა გაუქმდეს და საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

17. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მენარდის სარჩელი და შეგებებული სარჩელზე შესაგებელი, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების საფუძვლად პანდემიას უთითებდა, რაც მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ფორსმაჟორულ გარემოებად მიიჩნეოდა და ამ საფუძვლით ვალდებულების დარღვევა საჯარიმო სანქციების გამოყენებას არ იწვევდა. მენარდემ პირგასამტეხლოს შემცირებაც მოითხოვა. პირველი ინსტაციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პანდემიის მოტივით ვალდებულების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა. ამასთან, სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის საფუძველზე შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება მენარდეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე - 3 647.77 ლარამდე შემცირების მართლზომიერებაზე.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

19. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).

20. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ - პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აქ მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შეუსრულებულ ვალდებულების მოცულობას, დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობას, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 647.77 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შესრულების ღირებულებას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხს და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0.05%-ით, კერძოდ, ხელშეკრულების შემცირებული ღირებულების 428 428 ლარის 0.05% - რაც 9 119.4 ლარს შეადგენს. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგები უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის მენარდისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 0.05 %-ს მიიჩნევს.

22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება მენარდისათვის პირგასამტეხლოს - 3 647.77 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს - 9 119.4 ლარის გადახდა.

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 656.59 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება ამხანაგობა „მ.ბ.გ–ისათვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 3 647.77 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „დ–სა“ და შპს „ნ.ს.ბ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 9 119.4 ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. შპს „დ–სა“ და შპს „ნ.ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 656.59 ლარის გადახდა;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე