Facebook Twitter

საქმე №ას-750-2022 6 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ც–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ს.ფ–ამ“ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ც–ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 4 416.79 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, თურქეთიდან ტრანსპორტირებული პროდუქცია მოპასუხემ განაბაჟა მოსარჩელის ტერმინალში და გაიტანა 29.12.2016 წელს, რაც დასტურდება სასაქონლო დეკლარაციითა და ინვოისით. ადრესატი (მიმღები) ვალდებული იყო ტვირთვის გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ღირებულება მოპასუხისათვის გადაეხადა. მას ბოლო გადახდის ვადა ჰქონდა 2016 წლის 30 დეკემბერს, თუმცა, მოპასუხეს ამ დრომდე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის ტერმინალიდან მას არანაირი პროდუქცია არ გაუტანია. სასაქონლო დეკლარაცია, რომელიც ერთვის სარჩელს, მისთვის უცნობია, მისი შევსების დროს გამოყენებულია მისი პირადობის ნომერი. მოპასუხის განმარტებით 18.11.2019 წელს დაბეჭდილ „ინვოისზე“ მისი ხელმოწერა არ არის. ამასთან, არანაირი შეტყობინება დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, 19.11.2019 წელს არ მიუღია. მოპასუხის მტკიცებით, ვიდეო ჩანაწერის მოპოვება შეუძლებელია, ასევე, ელ. ხელმოწერის კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება მოსარჩელე მხარის მიზეზით ვერ მოხერხდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ტვირთი მოპასუხის სასარგებლოდ გადაზიდა და 2016 წლის 29 დეკემბერს ამ უკანასკნელმა ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. პალატის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად და უცილოდ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის ტერმინალიდან ნივთების/პროდუქციის გატანის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „ინვოისზე“ ელექტრონული ხელმოწერის მოპასუხის მიერ შესრულების დასადასტურებლად სასამართლოს მიერ დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რაც არ იყო გამოწვეული მოპასუხის მიზეზით; შემოსავლების სამსახურში გაგზავნილი/არსებული დოკუმენტები, თავად მოსარჩელის მხრიდან იყო შევსებული; საგადახდო დავალებით და მოპასუხის სახელზე შევსებული საშემოსავლო დოკუმენტაციის საფუძველზე გაფორმებული და გადმოზიდული საქონლის ღირებულების საფასური გადაიხადა სხვა პირმა, კერძოდ, ხ.ბ–მა 2016 წლის 30 დეკემბერს; შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტებში მოპასუხის ნაცვლად, მითითებულია სხვადასხვა სახელი და გვარი; საქმეზე არ მოიპოვება პროდუქციის გატანის ან/და ელ. ხელმოწერის დასმის დასადასტურებლად რაიმე ვიდეო ჩანაწერი.

8. ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, რაკი მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა და ნების გამოვლენის ნამდვილობის ფაქტი, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული ემტკიცებინა, რომ მან მოპასუხის შეკვეთით და მის სასარგებლოდ ტვირთი გადაზიდა. მოსარჩელემ კი, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად წარმოდგენილი „ინვოისით“, საგადასახადო დეკლარაციითა და დავალიანების შესახებ ცნობით, რომელსაც მოპასუხე შეედავა, ვერ დაადასტურა, სადავო ფაქტი. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხე ვალდებული არ იყო გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ღირებულება გადაეხადა.

კასატორის მოთხოვნა:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ხელმოწერილი დოკუმენტი, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მასზე ხელმოწერის ნამდვილობის გაქარწყლება. ამ უკანასკნელს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებას. შესაბამისად, პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ არ არის შესრულებული ხელმოწერა სადავო დოკუმენტზე, დაუსაბუთებელია. რეალურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მხოლოდ იმიტომ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომ მოპასუხემ სადავო გახადა ხელმოწერის ნამდვილობა ინვოისზე. სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ტექნიკურად ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, იმის გამო რომ ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ინვოისზე არსებული ხელმოწერა მიიჩნია არავალიდურად, რაც არის სრული უგულებელყოფა მტკიცების ტვირთის განაწილების არსებული სტანდარტის.

11. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ინვოისის გარდა, მოპასუხე ადრესატად მითითებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის არაერთ დოკუმენტში. ასევე, მოპასუხემ გადაიხადა გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლების სამსახურის დეკლარაციაში იმპორტიორად მითითებულია მოპასუხე, მისი პირადი ნომერი და მისამართი. ამ დეკლარაციაში მითითებულია შემოტანილი ტვირთის სახეობები და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხების ოდენობა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა 8075 ლარია. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახდო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდა ადასტურებს სწორედ იმ ფაქტს, რომ ტვირთი ნამდვილად გადაიზიდა - შემოვიდა საქართველოში, განბაჟდა და ტვირთის მიმღები სწორედ მოპასუხე იყო. ის თუ მოპასუხის დავალებით და მასთან შეთანხმებით, გადასახადი უშუალოდ სხვა პირმა გადაიხადა, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ტვირთი მოპასუხის სასარგებლოდ გადაიზიდა.

12. სსიპ შემოსავლების სამსახურის გამარტივებულ დეკლარაციაში დაფიქსირებულია გადაზიდვების საფასურის ოდენობა, რასაც მოსარჩელე ედავება მოპასუხეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ გადაზიდვის ღირებულება არის 4356.79 ლარი. ეს თანხა მითითებულია ინვოისშიც. ინვოისი ერთვის სარჩელს. როგორც აღინიშნა, გამარტივებული დეკლარაცია არის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა. გარდა შემოსავლების სამსახურის დეკლარაციისა, მოპასუხე დაფიქსირებულია არაერთ სხვა დოკუმენტში, მაგალითად, საქმეს ერთვის სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მოპასუხის მიერ საქართველოში ტვირთების შემოტანის შესახებ.

13. სასამართლომ არასათანადო ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოპასუხე მითითებული არის არამხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილ დოკუმნეტებში, არამედ თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილ თურქულენოვან დოკუმნეტებშიც. შესაბამისად, მოპასუხე ადრესატად მითითებული იყო ჯერ კიდევ თურქეთში, სანამ ტვირთი გამოიგზავნებოდა საქართველოში. მისი ხელმოწერაა საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადზეც. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა სადავო ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის დაუსაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების საზღაურის დაკისრების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებს ეფუძნება.

17. ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელეს გაწეული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

18. შესაგებლით მოპასუხემ სადავო გახადა პირველი და მეორე გარემოება, კერძოდ, მოპასუხე უარყოფს მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობას. მისი მტკიცებით, მოსარჩელეს მისთვის არც გადაზიდვის მომსახურება გაუწევია და არც ტერმინალიდან გაუტანია მოპასუხეს გზავნილი.

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ამ მტკიცებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებებით დაადასტურა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასა და მომსახურების გაწევას ადასტურებს მომსახურების საფასურის გადასახდელად გამოწერილ ინვოისზე მოპასუხის ხელმოწერა (ინვოისზევეა მითითებული მოპასუხის პირადი ნომერი), გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილია დოკუმენტები, მათ შორის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია (№11115/A24024) და საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ტვირთის დასახელება, ფასი და ა.შ., ხოლო ტრანსპორტირების ხარჯად მითითებულია სწორედ 4356.79 ლარი, დეკლარაციას ხელს აწერს მოპასუხე. გარდა ამისა, წარმოდგენილია ტვირთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც, მართალია, გადახდას ასრულებს მესამე პირი (ხ.ბ–ი), თუმცა საგადახდო დავალებაში მითითებულია, რომ გადახდა სრულდება მოპასუხის სასარგებლოდ, დოკუმენტში მითითებულია მოპასუხის პირადი ნომერიც. საქმეში წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ მოპასუხის განაცხადი, რომელსაც თავად აწერს ხელს. უფრო მეტიც, მოპასუხის მტკიცებას, რომ ის მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ შესულა და არც ტვირთი არ მიუღია, აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი ტვირთის გამოგზავნამდე თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი თურქულენოვანი დოკუმენტები, სადაც ადრესატად სწორედ მოპასუხეა მითითებული (იხ. 121-126). მოპასუხის შედავების მიხედვით, ამ დოკუმენტების ნაწილზე მოპასუხის სახელი და გვარი შეცდომით არის დაფიქსირებული (გ.ც–ის ნაცვლად მითითებულია გ.ც–ლი, გ.ს–ლი და სხვა). საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ, რაკი დოკუმენტებზე სახელი და გვარი თურქულ ენაზეა მითითებული, ქართული სახელისა და გვარის დაწერისას, შესაძლოა, გარკვეული ასოები შეცდომით იყოს მითითებული, თუმცა ეჭვს, რომ დოკუმენტები სწორედ მოპასუხის სახელზეა შევსებული ამყარებს ის ფაქტიც, რომ მათში სახელის და გვარის გარდა, მოპასუხის პირადი ნომერიცაა მითითებული.

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის შედავებას „ინვოისზე“ თავისი ხელმოწერის არანამდვილობასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები. მოპასუხის მტკიცებით, წარმოდგენილ საბუთებზე ხელმოწერა მას არ შეუსრულებია. შესაბამისად, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სადავო დოკუმენტებზე მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობის გაქარწყლება (იხ. სუსგ №ას-1207-1127-2017, 19.09.2018წ.; №ას-1061-2019, 25.02.2021 წელი). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ, ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის მიუხედავად, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს მოპასუხის პოზიციის დამადასტურებელ გარემოებად არ უნდა მიეჩნია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პასუხის თანახმად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს სასამართლოს მიერ 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით დანიშნული ხელწერის ექსპერტიზა ელექტრონულ ხელმოწერა. იმ პირობებში, როდესაც კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული ხელმოწერა სადავო დოკუმენტებზე, გასაზიარებელი არ არის.

21. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილებაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს №ას-1298-2018; 22.03.2019წ.; №ას-1329-2018, 22.02.2019წ.; №ას-1610-2019, 07.02.2020წ).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა თავისი სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობები, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 4 416.79 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

25. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება 304.6 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი ადაწყვეტილება;

3. შპს „ს.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. გ.ც–ს დაეკისროს 4 416.79 ლარის გადახადა შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ;

5. გ.ც–ს დაეკისროს 304.6 ლარის გადახდა შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე