Facebook Twitter

საქმე №ას-258-2019 30 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სრულ.დ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.თ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სრულ.დ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ამ უკანასკნელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ......... (ს/კ №....). მის მეზობლად უძრავი ქონების მესაკუთრეა მოპასუხე (ს/კ №...... და №.....). მოსარჩელეს არ აქვს თავის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. ერთადაერთი გზა, რომლითაც შეიძლება, რომ თავის ნაკვეთში მივიდეს, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლითაა. მოპასუხე არ აძლევს უფლებას, თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა.

მოპასუხის შესაგებელი:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს საშუალება აქვს, სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენება არაა აუცილებელი. ამასთან, მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა მიწის ნაკვეთების გაყოფის შედეგად. მანამდე მას ჰქონდა აუცილებელი გზა. გარდა ამისა, მიწაზე, რომელზეც აუცილებელ გზის მოწყობაა მოთხოვნილი, მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. აუცილებელი გზის მოწყობა კი, გამორიცხავს იმავე ნაკვეთის მონასტრისათვის გამოყენების შესაძლებლობას. სარჩელი უსაფუძვლოა იმიტომაც, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აუცილებელი გზის პროექტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მეზობელი მიწის ნაკვეთის აუცილებელი სატრანსპორტო გზით დატვირთვის წინაპირობების არსებობა. საქმეზე დადგენილი ფაქტები ადასტურებს, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთთან ტრანსპორტით მისასვლელი ალტერნატიული გზის გაყვანის შესაძლებლობა აქვს სხვა მხრიდანაც. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოსაწყობად საჭიროა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთააღრიცხვის შედგენა“. ექსპერტმა კვლევის შედეგად მიუთითა, რომ „...თუ საიდან იქნება ნაკლები დანახარჯებით აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამგვარი ექსპერტიზისათვის შეუძლებელ.“. ასეთი დასკვნის არსებობისას, შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის გარეშე, ამავე საქმეზე იმავე ექსპერტის მიერ რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მითითება, რომ „შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენით შესაძლებელ. მოეწყოს აუცილებელი მისასვლელი გზა, მიწის ნაკვეთების ....... და .......4-ის გავლით... სხვა მხრიდან შეუძლებელ. მოეწყოს მისასვლელი გზა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (რელიეფი) არ იძლევა ამის საშუალებას“, სააპელაციო სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია.

8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის საარქივო ცნობა №19-ის (დამოწმებული 11.03.2010წელი) საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ......., დაზუსტებული ფართობი 3927.00 კვ.მ საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე.ფ–ას, ე. თ–ძის, თ. თ–ძის, თ. თ–ძის, ლ. თ–ძის, მ. თ–ძის, ს. თ–ძის, ქ. თ–ძის, შ.თ–ძის და ხ. თ–ძის თანასაკუთრებად. მითითებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენებისათვის ჰქონდა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 17 მარტიდან თანამესაკუთრეებმა მიწის ნაკვეთი გაყვეს, რის შედეგადაც მოიშალა ის გზა, რომლითაც სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ხოლო შემდგომ აწ უკვე გამოყოფილ და ცალკე საკადასტროკოდმინიჭებულ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ 701.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზის გამოყოფა მოთხოვნილ. მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით. მითითებული გარემოებები, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს ართმევს აუცილებელი გზით სარგებლობის მოთხოვნის უფლებას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

10. კასატორის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალტერნატიული გზის მოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ საშუალო ეკონომიკური მდგომარეობის ფიზიკური პირისათვის, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება. სავარაუდოდ, ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს გზის მოწყობა ისე, როგორც ექსპერტს აქვს განსაზღვრული. სასამართლომ ეჭვი შეიტანა ექსპერტიზის დასკვნაში, რითაც დაარღვია სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები.

11. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თითქოს კომლის საკუთრების გაყოფით მოსარჩელემ თავად მოუსპო საკუთარ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა, რაც არასწორია. მოსარჩელე მამისეული კომლიდან ფაქტობრივად 50 წლის წინ გამოეყო, ეს ფაქტი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წელს. მოსარჩელემ ძმის მიწის ნაკვეთზე მოაწყო საავტომობილო გზა, რომელსაც წლები იყენებდა საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად. მოგვიანებით, მოპასუხემ შეიძინა მოსარჩელის ძმის ნაკვეთი და მოსარჩელეს აღარ აძლევს ამ გზის გამოყენების უფლებას. ამჟამად, მოსარჩელის ნაკვეთთან მიდის მხოლოდ საცალფეხო ბილიკი, რის გამოც ვერ ახერხებს ნაკვეთზე მოწეული ციტრუსის გამოტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელ. შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. მოსარჩელის მოთხოვნის - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის სამართლებრივი საფუძველ. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლ. მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.

18. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).

19. მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელეს საშუალება აქვს სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენება არაა აუცილებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ.; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).

21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-828-2020, 18.12.2020წ.).

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ მოსარჩელისვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ფაქტობრივად იმავეს ადასტურებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით და ექსპერტთა განმარტებების საფუძველზე, დაადგინა, რომ „თუ მოსარჩელე გადაწყვეტს გზა მოაწყოს იმ ნაკვეთის მხრიდან, რომელსაც გამოეყო (ანუ მამისეული სახლიდან), მაშინ გზის მოსაწყობად მას ექნება ორი ალტერნატივა. მან გზა უნდა მოაწყოს მისი ძირი ოჯახის სახლის ქვედა ნაწილიდან ან ზედა ნაწილიდან...“ სასამართლომ ასევე „შესაძლებლად მიიჩნია გზის მოწყობა მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხრიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტის გარდა სხვა გზითაც...“. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, არ დადასტურდა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება იყო.

22. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად თმენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებაზეც მიუთითა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ აუცილებელი გზა დაკარგა მიწის ნაკვეთების გაყოფის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად თანასაკუთრებაში ჰქონდა 3927.00 კვ.მ. მითითებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენებისათვის ჰქონდა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. 2010 წლის 17 მარტიდან თანამესაკუთრეებმა მიწის ნაკვეთი გაყვეს, რის შედეგადაც მოიშალა ის გზა, რომლითაც სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.

23. სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ. (აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) თმენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოება. პირი, რომელიც თავისი ქმედებით, თავისუფალი ნების საფუძველზე, წყვეტს მიწის ნაკვეთის დაკავშირებას საჯარო ქსელებთან, არ საჭიროებს დაცვას სხვა მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე. მაგალითად, თვითნებურად მოქმედებს მესაკუთრე, რომელიც მიწის ნაკვეთზე მშენებლობის გამო კავშირს წყვეტს საჯარო ქსელებთან, ასევე - თუ მისი თანხმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის დაკავშირება გაუქმდება (ლევან თოთლაძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი II, თბილისი, 2018წ, მუხ.180, ველი 10).

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთი დაიყო მესაკუთრეთა შორის, რის შედეგადაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთმა დაკარგა კავშირი საჯარო გზასთან, აუცილებელი გზის მოთხოვნა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ არ წარმოეშვება.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელ. და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შ.თ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ი–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №19538144, გადახდის თარიღი 04.03.2019), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე