Facebook Twitter

საქმე №ას-355-2019 26 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ - შემკვეთი, მერია, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ....-ის” (შემდგომ - მენარდე, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2014 წლის 11 ნოემბერს მერიამ და მოპასუხემ დადეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3.1/30/366 ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ აიღო ვალდებულება, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს შემკვეთს პირგასამტეხლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 342 525.15 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდემ ვადაგადაცილებით შეასრულა, რის გამოც ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 17 624.06 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, 2014 წლის 10 ნოემბერს თბილისის მერიას გარანტორისგან მიღებული აქვს საბანკო გარანტია 17 395 ლარი. შესაბამისად, დამატებით 17 624 ლარის პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა და გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%, რაც თვიური 15%, ხოლო წლიური 180%-ია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა. 2014 წლის 10 ნოემბერს მერიის მოთხოვნის საფუძველზე ბანკმა საბანკო გარანტია 17 395 ლარი გასცა. განსახილველ შემთხვევაში, მერია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებლურია კერძო სამართალშიია, ერთი და იმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, რაკი დამკვეთმა შესრულება სრულად მიიღო, სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში დაუსრულებლობის გამო კი, გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია გამოითხოვა, შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ჰიპოთეტური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემკვეთის მიზანი მიღწეულია. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტია არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით გაიცა, რასაც, თავისი არსით, პირგასამტეხლოს დატვირთვა აქვს (სანქცია ვადაგადაცილებისათვის). შესაბამისად, იმავე დარღვევისთვის, დამატებით, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის ინსტიტუტი არასწორად გააიგივა ერთმანეთთან. მათ აქვთ როგორც განსხვავებული მიზანი და დანიშნულება, ისე განსხვავებული საფუძვლები. პირგასამტეხლოს მიზანია არა მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის, არამედ მოვალის მხრიდან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების უზრუნველყოფა, რაც გარკვეულწილად ემსახურება მოვალის მიერ ეტაპობრივად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის რისკის მინიმუმამდე დაყვანას. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, მოთხოვის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და იგი დამოკიდებულია სწორედ ძირითადი ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე. საბანკო გარატნია კი, დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან და ემსახურება ვალდებულების სათანადოდ შესრულების მიზანს.

10. განსახილვევლ შემთხვევაში, უდავოა მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტი, რაც მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამასთან, სასამართლოს მიერ შემკვეთის არაკეთილსინდისიერებაზე მითითებას არ გააჩნია საფუძველი, რამდენადაც მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მერიას კი, როგორც ამ უფლების სუბიექტს, აქვს უფლების რეალიზაციის როგორც საკანონმდებლო, ისე სახელშეკრულებო საფუძველი.

11. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკაც და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე, კერძოდ, ხელშეკრულება საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შესრულებას უკავშირდებოდა - სკვერის მოწყობა-აღდგენას. საჯარო ინტერესი ვლინდება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, არამედ მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში და პროექტის დროული დასრულების მიმართ არსებობს მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინი. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ხელშეკრულებით საბანკო გარანტიისა და პირგსამტეხლოს გათვალისწინება, რასაც თავისუფალი ნების გამოვლენით დაეთანხმა მენარდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებს ეფუძნება.

15. დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში ვერ შეასრულა, რის გამოც შემკვეთმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - 17 624.06 ლარი დააკისრა. შემკვეთმა საბანკო გარანტიის თანხა - 17 395 ლარი გარანტისაგან გამოითხოვა, ამასთან, პირგასამტეხლოს - 17 624.06 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხეს არ დააკისრა და განმარტა, რომ ერთი და იმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრება არამართლზომიერი იყო.

16. პირველ რიგში, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და მხარეებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი. საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიურია, მაშინ, როდესაც, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, აქცესორული ხასიათისაა. საბანკო გარანტია სასწრაფო და უპირობოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია. ამდენად, საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი ისაა, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს, მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. ამდენად, საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა (იხ. სუსგ №ას-950-886-2017, 3.11.2017წ.; №ას-1511-2018; 26.03.2019წ.). პირგასამტეხლო კი, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლები) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხლები) და არც ერთის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტის მიერ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (შდრ. საქმე №ას-1681-2018, 1.03.2013წ.; №ას-127-2022, 17.05.2022წ.). სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტია რაიმე დათქმას პირგასამტეხლოს ჩათვლის ან გაქვითვის შესახებ არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ერთ-ერთ ფაქტორად სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირებისას.

17. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ასევე, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019 წ.).

18. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ - პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

19. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი - პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამაში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე პირგასამტეხლოს - 17 624.06 ლარის დაწესება არღვევს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს, რაც სასამართლოს მიერ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შესახებ პირობის შინაარსობრივი კონტროლის საფუძველია. აღნიშნული, პირველ რიგში, განპირობებულია კრედიტორის მიერ არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის თანხის - 17 395 ლარის გამოთხოვით. ამასთან, პირგასამტეხლოს - 0.5%-ის არაგონივრულობა გამომდინარეობს ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 17 624.06 ლარის გამყიდველისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად განსახილველ შემთხვევაში 3524.8 (0.1%) ლარს მიიჩნევს.

20. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან, მით უფრო, რომ ხელშეკრულებით იმავე დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო საბანკო გარანტია, რომელიც მოსარჩელემ გამოითხოვა, ხოლო 3524.8 ლარი სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

21. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3524.8 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 423 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „დ....-ს“ დაეკისროს 3524.8 ლარის გადახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ;

5. შპს „დ....-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 423 ლარის გადახდა;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე