Facebook Twitter

საქმე №ას-832-2023 4 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ–ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იას“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის სახით, შპს „შ–ოს“ ფულად სახსრებზე (საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშსწორების ანგარიშებზე, მიუხედავად მათზე რიცხული ვალუტისა) და მოძრავ ნივთებზე (მაღაზიაში მდებარე: თბილისი, .....) ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა განცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. განცხადებლის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითიც შეამცირა საშუალება, რომ დავის დასრულების შემდეგ მოთხოვნის აღსრულებას არ შეექმნას საფრთხე. განმცხადებლით მტკიცებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე საიჯარო ფართიდან გაყიდული საქონლის თანხას ანგარიშზე დაიტოვებს რითიც შესაძლებელი იქნება მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

6. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებსა და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უარის თქმის კანონიერება.

7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.

9. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).

10. საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს შემდეგი გარემოების არსებობა: მის მიერ შემოთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიების სახე და საშუალება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად და დაუბრკოლებლად აღსრულების აუცილებელი წინაპირობაა.

11. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადების შინაარსი საფუძველს არ ქმნის დასკვნისთვის, რომ მის მიერ მითითებული მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნივთებზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, არც საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოწინააღმდეგის ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნაა დასაბუთებული, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირი მეწარმე სუბიექტია და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კომპანიას, კომპანიის გადახდაუუნარობის მდგომარეობა კი, თავისმხრივ განმცხადებლის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.

12. საგულისხმოა მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების შესახებ განმცხადებლის მოტივაცია, კერძოდ განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, არ ამუშავა საიჯარო ფართი 29 დღის განმავლობაში. ამდენად, ის გარემოება რომ მოპასუხე არ ამუშავებდა საიჯარო ფართს, ეჭვქვეშ აყენებს ამავე ფართში არსებულ მოძრავ ნივთებზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას, რაც დამატებითი არგუმენტია განცხადებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულად მიჩნევისთვის.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და გასაჩივრებულ განჩინებას უცვლელად ტოვებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იას“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ვ. კაკაბაძე