საქმე №ას-977-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.გ–ნი, პ.გ–ნი, ვ.გ–ნი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ც–ი, ნ.ს–ია, მ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ც–ის და გ.ფ–ძის საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ......., სართული 7, ბლოკი .., საყოფაცხოვრებო ფართი №3, 67.10 კვ.მ. (ს/კ .......), საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი 3854.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 27/04/2016 და სანოტარო აქტი უძრავი ქონების გაყოფის შესახებ რეესტრის №130018699, დამოწმების თარიღი:11/01/2013 წელი;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ოქტომბრის №385420 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემების თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ......., სართული 7, ბლოკი .., საყოფაცხოვრებო ფართი №3, 67.10 კვ.მ. .(.....) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია გ.ფ–ძის (პ/ნ .........) და გ.ც–ის (პ/ნ......) თანასაკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ჩუქების ხელშეკრულება დამოწმების თარიღი: 27/04/2016 წელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სანოტარო აქტი უძრავი ქონების გაყოფის შესახებ რეესტრის №130018699, დამოწმების თარიღი: 11/01/2013, ნოტარიუსი - ნ. გ–ი. ამავე წერილის თანახმად, 2008 წლის 25 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება №882008081197, რომელზეც თანდართულია ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 იანვრის ბრძანება Nლეგ-3 და აღნიშნულ ბრძანებასთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის არქიტექტურული ნაწილი, ნიშნული 16.50-ზე ფიქსირდება საყოფაცხოვრებო ფართი 67.10 კვ.მ. აღნიშნულ ნიშნულზე სხვა მსგავსი დანიშნულების ფართი არ ფიქსირდება. ნახაზის შესაბამისად საყოფაცხოვრებო ფართი წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. პროექტზე საყოფაცხოვრებო ფართის ნომერი არ ფიქსირდება;
3. შპს „ჯი ელ კონსტალტინგის“ 2019 წლის 20 მაისის № 20/05-01 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........, საყოფაცხოვრებო ფართი №3, სართული 7, 3 ბლოკი №.., ფართი 67.10 კვ.მ (ს/კ .......) საყოფაცხოვრებო ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეფასების დღისათვის შეადგენს 700 ლარს.
4. სარჩელის მოთხოვნა
4.1. ირაკლი, პავლე და ვ.გ–ნების წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელეებმა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში სადავო უძრავი ქონების დაბრუნება, აგრეთვე, მათთვის სოლიდარულად, ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
5. მოპასუხეების შესაგებელი
5.1. მოპასუხეებმა წარდგენილი სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეები ვერ ადასტურდებდნენ მფლობელობიდან გამოსათხოვი და მათ საკუთრებად რეგისტრირებული ქონების იდენტურობას.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს.
6.2. მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. მხარეთა სააპელაციო მოთხოვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს როგორც მოპასუხეებმა აგრეთვე მოსარჩელეებმა.
7.2. მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ.ც–ისა და გ.ფ–ძის უფლებამონაცვლეების - მ.ფ–ძისა და ნ.ს–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით 700 ლარის გადახდა 2017 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.
8.3. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეების პრეტენზიის, რომ არ დგინდებოდა, რომელ ფართზე ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა მოწინააღმდეგეს და რომელ ფართს ფლობდნენ მოპასუხეები, განმარტა, რომ 14.08.2020 წლის და 15.10.2020 წლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლება. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 იანვრის ბრძანება Nლეგ-3 და აღნიშნულ ბრძანებასთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სადავო ქონება განთავსებულია ნიშნულზე - 16.50-ზე და წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ფართს - 67.10 კვ.მ. აღნიშნულ ნიშნულზე სხვა მსგავსი დანიშნულების ფართი არ ფიქსირდება. ნახაზის შესაბამისად საყოფაცხოვრებო ფართი წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია დამრეცი რელიეფის ტიპის მისი ნაკვეთზე და გააჩნია ორი მისასველი გზა. 0.00 ნიშნულზე, მ. ჯუღელის ქუჩიდან, რომელიც უერთდება ზ. გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და 16.50 ნიშნულზე, სატივეს ქუჩიდან, რომელიც უერთდება მ.კოსტავას ქუჩას, რაც განაპირობებს სადავო ფართის ავტოფარეხად მოხმარების გარემოებას, ვინაიდან, 16.50 ნიშნული სატივეს ქუჩიდან ფაქტიურად წარმოადგენს კორპუსის პირველ სართულს. ეს გარემოება მოპასუხეების მხრიდან სადავო არ არის. ამასთან, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოცემული დავა სწორედ იმ ფართს ეხება, რომელსაც მოპასუხეები ფლობენ - შეგებებული სარჩელის მიხედვით, მოპასუხეები ითხოვდნენ .......... საკადასტრო კოდით ფიქსირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების დამდგენი დოკუმენტის, უძრავი ქონების გაყოფის შესახებ სანოტარი აქტის (რეესტრი N130018699, დამოწმების თარიღი 11.01.2013წ) ბათილად ცნობას (იხ. ტ. 2. .ს.ფ. 1-72). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2021 წლის განჩინებით, მოპასუხეებს შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვათ იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, ასევე, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები შეგებებული სარჩელის ავტორი მოპასუხეებად ასახელებდა სხვა პირებს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 73-80). სადავო ფართში მოპასუხეთა არამართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შსს რეაგირების ოქმიც, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო ფართი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 230-231). ასევე, 09.01.2020 წლის ფაქტის კონსტანტაციის F20000004 ოქმი, რომ სადავო უძრავ ქონებაში განთავსებულია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები (იხ. ტ. 1. ს.ფ. 225-229).
8.4. ამდენად, დასახელებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, ამასთან საწინააღმდეგო პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებების გამყარების გარეშე დადგენილი იყო, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო.
8.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და შეფასება მოსარჩელეების იმ მოთხოვნის შესახებ, რომლითაც მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდნენ.
8.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ უძრავი ქონების განკარგვის შეუძლებლობის გამო წარმოეშვათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას 2017 წლის 19 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ სადავო ქონებას ფლობდნენ მოპასუხეები, რის გამოც მოსარჩლეებს ეზღუდებოდათ სადავო ქონებაზე უფლებები.
9. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
9.2. კასატორთა პრეტნზიები სააპელაციო პრეტენზიების მსგავსია და ძირითადად ფართის იდენტურობის შესახებ მტკიცების ტვირთს ეხება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მათ საკუთრებაში არსებული და მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ფართის იდენტურობა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისისა და 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორების მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წარმოადგენს, რაც გულისხმობს, რომ კასატორები არც სადავო ნივთზე უკანონო მფლობელობის ნაწილში და არც ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო უპირველესად უკანონო მფლობელობის ფაქტს შეაფასებს კასატორის იმ პრეტენზიების პასუხად, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, კერძოდ კასატორების ძირითადი არგუმენტი, ქვემდგომი ინსტანციაში წარდგენილი საჩივრის მსგავსად, სადავო ფართის იდენტიფიკაციის პრობლემას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სადავო ფართი და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ფართი სხვადასხვა ფართებია.
14. განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრის უფლება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სრული მოცულობით განახორციელოს უფლებები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსიდან, კერძოდ, სსკ-ის 170.1-ე „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“, 172.1 „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“, 168-ე „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“ მუხლები.
15. საქმეში არსებული სხვადასხვა სახით მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 14.08.2020 წლის და 15.10.2020 წლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილების მიხედვით სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლება. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 იანვრის ბრძანება Nლეგ-3 და აღნიშნულ ბრძანებასთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სადავო ქონება განთავსებულია ნიშნულზე - 16.50-ზე და წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ფართს - 67.10 კვ.მ. აღნიშნულ ნიშნულზე სხვა მსგავსი დანიშნულების ფართი არ ფიქსირდება. ნახაზის შესაბამისად საყოფაცხოვრებო ფართი წარმოადგენს იზოლირებულ ფართს. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია დამრეცი რელიეფის ტიპის ნაკვეთზე და გააჩნია ორი მისასველი გზა. 0.00 ნიშნულზე, მ. ჯუღელის ქუჩიდან, რომელიც უერთდება ზ. გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და 16.50 ნიშნულზე, სატივეს ქუჩიდან, რომელიც უერთდება მ.კოსტავას ქუჩას, რაც განაპირობებს სადავო ფართის ავტოფარეხად მოხმარების გარემოებას, ვინაიდან, 16.50 ნიშნული სატივეს ქუჩიდან ფაქტიურად წარმოადგენს კორპუსის პირველ სართულს. ეს გარემოება მოპასუხეების მხრიდან სადავო არ არის. ამასთან, მოპასუხეების მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოცემული დავა სწორედ იმ ფართს ეხება, რომელსაც მოპასუხეები ფლობენ - შეგებებული სარჩელის მიხედვით, მოპასუხეები ითხოვდნენ ........ საკადასტრო კოდით ფიქსირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების დამდგენი დოკუმენტის, უძრავი ქონების გაყოფის შესახებ სანოტარი აქტის (რეესტრი N130018699, დამოწმების თარიღი 11.01.2013წ) ბათილად ცნობას (იხ. ტ. 2. .ს.ფ. 1-72). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2021 წლის განჩინებით, მოპასუხეებს შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვათ იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, ასევე, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები შეგებებული სარჩელის ავტორი მოპასუხეებად ასახელებდა სხვა პირებს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 73-80). სადავო ფართში მოპასუხეთა არამართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შსს რეაგირების ოქმიც, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო ფართი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 230-231). ასევე, 09.01.2020 წლის ფაქტის კონსტანტაციის F20000004 ოქმი, რომ სადავო უძრავ ქონებაში განთავსებულია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები (იხ. ტ. 1. ს.ფ. 225-229).
16. სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე Nას-839 -2020, 4 თებერვალი, 2021 წ.; ას-542-2022, 27.04.2023, ას-915-2022, 24.11.2022;).
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სავსებით იძლევა წარდგენილი ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (სსკ 172-ე მუხლი).
19. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
20. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.).
21. თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
22. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხეები ნივთს უნდა ფლობდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხეთა გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14.12.2021 წელი).
23. ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეებს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: Nას-1399-2020, 08.04.2021წ; ას-519-2020, 17.03.2021წ; N ას-1100-2020, 23.12.2020წ; N ას-852-796-2017, 22.09.2017წ; Nას-308-293-2013, 30.05.2017წ; Nას-197-186-2017 -30.05.2017წ; N ას-472-448-2013, 5.12.2013წ).
24. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების საიჯარო ქირა განისაზღვრებოდა 700 ლარით (ტ.1,ს.ფ. 237-247).
25. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას, ხოლო, აღნიშნულით ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს, სანაცვლოდ კი მართლზომიერი მფლობელობის ან სხვაგვარად სარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები ვერ დაამტკიცეს მოპასუხეებმა, უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ნის (.......), პ.გ–ნისა (......) და ვ.გ–ნის (.......) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ი.გ–ნს, პ.გ–ნსა და ვ.გ–ნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №18083367475, გადახდის თარიღი 4.08.2023) 1 460 ლარის 70% - 1 022 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე