Facebook Twitter

ბს-46-46(გ-06) 22 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 12 ოქტომბერს მოსარჩელე ც. ქ-მა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღძრა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ნ. ქ-ზე.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2005წ. 11 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის დედის _ ნ. ქ-ის სარჩელი სოფ. მანავში მდებარე, მოსარჩელის მამის მიერ აშენებული ბინიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად, მოსარჩელის გამოსახლების თაობაზე. ნ. ქ-მა თავის სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურმა კი მიუთითა, რომ ნ. ქ-ის სახელზე საცხოვრებელი ბინის საკუთრების შესახებ აღნიშნულ სამსახურში არ არსებობდა სათანადო ჩანაწერები.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მიაკუთვნა ნ. ქ-ს 1997 წელს გარდაცვლილი შ. ქ-ის უძრავი ქონება, მაშინ, როდესაც ნ. ქ-ს სანოტარო წესით არ მიუღია აღნიშნული სამკვიდრო. მოპასუხის მიერ მოსარჩელის გამოსახლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამ შელახა მოსარჩელის ქონებრივი უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნ. ქ-ის სახელზე გაცემული, 1999წ. 8 ივნისის ¹11358/1999 სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 2004წ. 13 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ბათილად ცნობა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც პასუხი უნდა ეგო მასზე, ხოლო მოსარჩელე თანახმა იყო მოპასუხის შეცვლაზე. აღნიშნული განჩინებით არასათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი; საქმე ქვემდებარეობით განსახილველად გადაეგზავნა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრა დავის საგანი და სრულიად მართებულად მიუთითა მოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურზე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე, სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, თანახმა იყო თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობდა საგნობრივი განსჯადობა _ საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ ც. ქ-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო განსჯადობის წესების დაცვით და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლების შემდგომ არ შეცვლილა სასამართლოს საგნობრივი განსჯადობა და საქმე კვლავ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იყო განსახილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ ც. ქ-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო განსჯადობის წესების დაცვით, სსკ-ის 22-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ არსებობდა აღნიშნული სარჩელის სხვა სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მოცემული საქმე უნდა განეხილა და გადაეწყვიტა არსებითად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საგარეჯოს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან არასათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 22-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ ც. ქ-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო განსჯადობის წესების დაცვით, სსკ-ის 22-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ არსებობდა აღნიშნული სარჩელის სხვა სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მოცემული საქმე უნდა განეხილა და გადაეწყვიტა არსებითად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განსჯადია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ განსაზღვრა დავის საგანი და სრულიად მართებულად მიუთითა მოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ც. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნ. ქ-ის სახელზე გაცემული 1999წ. 8 ივნისის ¹11358/1999 სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 2004წ. 13 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ბათილად ცნობა.

საკასაციო სასმართლო თვლის, რომ საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც პასუხი უნდა ეგო მასზე და ისე შეცვალა არასათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური სათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი, რომ არ დაუსაბუთებინა, თუ რატომ იყო სარჩელი აღძრული არა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც პასუხი უნდა ეგო მასზე, ანუ _ რატომ იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არასათანადო მოპასუხე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული სააგენტო თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები, რომელთა შორისაც მითითებულია საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურიც. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ანხორციელებს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელება ჩაითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებად. აქედან, გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეცვალა თავდაპირველი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ც. ქ-ის სარჩელის გამო განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს;

2. მოცემული საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.