Facebook Twitter

საქმე №ას-569-2023 4 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ა.ა.მ.კ–ა“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ც–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა. ა. მ. კ–ის“ (შემდეგში „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „საწარმო“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ი.ც–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „კომპანიის დირექტორი“, „საწარმოს დირექტორი“ ან „დირექტორი“) მიმართ დირექტორის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის პრეტენზიით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომას დასწრებია, მის წინააღმდეგ არ გამოტანილა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს გარემოება კი მოსამართლემ ახსნა იმით, რომ მოპასუხე არის პატიმარი და პენიტენციურ დაწესებულებაშია.

3. რაც შეეხება თავად საქმის არსებით მხარეს, კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. მოცემულ დავაში მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მოქმედებები ყველაზე ხელსაყრელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნულზე მსჯელობას კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს.

4. სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებებიც და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. კერძოდ, არასწორად დაასკვნეს, რომ „ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯები არამართლზომიერად არის აღიარებული, რადგან 2017 წლის განმავლობაში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით გადასახადებს იხდიდა საზოგადოება და არ იყო გამრიცხველიანება ცალ-ცალკე, რათა დადგენილიყო რომელი გემი რა ოდენობით მოიხმარდა ელექტროენერგიას და წყალს. 2017 წლიდან წყლის ხარჯი არ ფიქსირდება საწარმოში, ხოლო ქვეაბონენტად გამოყოფის შემდეგ გემთმფლობელები იხდიდნენ ელექტროენერგიის კუთვნილ გადასახადს. 2017 წლის 1 ივლისამდე წყლის ხარჯი შეადგენდა 2242 ლარს, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯი - 5704 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი, ჯამურად 7316 ლარი, წარმოადგენდა არამიზნობრივ ხარჯს“. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა საკმარის საფუძელს იმის დასამტკიცებლად, რომ მოპასუხემ დაარღვია დირექტორის ზრუნვის მოვალეობა.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

9.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 26.01.2015წ. №ს-28 ბრძანებით, შპს ,,ბ.ს.მ–ის“ დირექტორად დაინიშნა მოპასუხე. ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით ბ.ს.მ–ის საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ქ. ბათუმში ზღვისპირა პარკის ნავსაყუდელის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ........), ხოლო მე-8 პუნქტის საფუძველზე, კომპანიას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ბ.ნ. ...“.

9.2. შპს „ბ.ნ. ?“-ს სამართავად ჩაბარებული ჰქონდა ბათუმში არსებული უალტერნატივო იახტკლუბის ტერიტორია და მისი ძირითადი საქმიანობა იყო ნავსაყუდელის ტერიტორიის იჯარით გაცემა გემთმფლობელებზე.

9.3. 2017 წელს საწარმოს არ გააჩნდა ადმინისტრაციული შენობა. შესაბამისად, ყოველთვიური გაწეული წყლისა და ელექტროენერგიის დანახარჯები მოიხმარებოდა გემთმფლობელების მიერ.

9.4. შპს „ბ.ნ. ?“-ის დირექტორი 26.01.2005-21.02.2017 წლებში იყო მოპასუხე.

9.5. მოპასუხის ბრძანებით განსაზღვრული იყო მცურავ საშუალებებზე მომსახურების ტარიფი, რომელიც არ ითვალისწინებდა კომუნალური მომსახურების ხარჯებს, ასევე, შპს „ბ. ნ. ?"-ის დირექტორსა და გემთმფლობელებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა კომუნალური ხარჯების გადახდის საკითხს.

9.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გადასახადებს იხდიდა საზოგადოება და გამრიცხველიანება ცალ-ცალკე არ იყო, რათა დადგენილიყო, რომელი გემი რა ოდენობით მოიხმარდა ელექტროენერგიას და წყალს. 2017 წლიდან წყლის ხარჯი არ ფიქსირდება საწარმოში, ხოლო ქვეაბონენტად გამოყოფის შემდეგ გემთმფლობელები იხდიდნენ ელექტროენერგიის კუთვნილ გადასახადს. 2017 წლის 1 ივლისამდე წყლის ხარჯი შეადგენდა 2242 ლარს, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯი - 5704 ლარს. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საწარმომ მიიღო შემოსავალი 75 742 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში გაწეული ხარჯების ღირებულებამ შეადგინა 43 366 ლარი.

10. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის, როგორც მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ, საწარმოსათვის მიყენებული ზიანის - 7696,15 ლარის ანაზღაურება, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, უკავშირდება დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევას.

11. საწარმოს წინაშე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველია სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სპეციალური კანონის 9.6 მუხლი (დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე მუხლი (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 712.1, 712.2 (რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები; რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

12. დირექტორის პასუხისმგებლობის ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი.

13. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას, საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)… (იხ. სუსგ: №ას-687-658-2016, 6.11.2018; №ას-1307-1245-2014, 6.05.2015; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015). ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-457-436-2015, 6.06.2016).

14. „საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას …“ (იხ. სუსგ №ას-687-658-2016, 6.11.2018).

15. ერთგულების მოვალეობა გამომდინარეობს დავალების ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან და წარმომადგენლობის არსიდან, რომელიც წარმომადგენელს ავალდებულებს წარმოდგენილი პირის ინტერესებით და არა პირადი ინტერესებით იხელმძღვანელოს (იხ. სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019).

16. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია”, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს. ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა (იხ. სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019).

17. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმიებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ: №ას-1307-1245-2014, 6.05.2015; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015).

18. პრეზუმფცია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის შესახებ გამოიყენება მხოლოდ ოთხი კუმულაციური წინაპირობის არსებობისას:

1) დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (უნდა იმოქმედოს). ისეთ შემთხვევაში, როცა დირექტორმა გამოიჩინა უმოქმედობა და არ მიიღო გადაწყვეტილება, იგი ვერ იქნება დაცული სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესით (აღნიშნულში არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც უმოქმედობა, თავისთავად, მიღებული გადაწყვეტილების შედეგია ანუ მიღებულია გადაწყვეტილება მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ);

2) გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საკმარისია მოცემულ გარემოებებში, მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს კეთილგონივრულობის სტანდარტს;

3) გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კეთილსინდისიერად - ეს მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად თუ სხვა გარემოებებთან ერთად, დირექტორისთვის ცნობილია, რომ იგი იღებს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას; და

4) დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პირადი დაინტერესება.

თუ ზემოაღნიშნული ოთხი პირობიდან რომელიმე არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ პრეზუმფცია ვერ ამოქმედდება. ამრიგად, სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი/ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია იცავს მხოლოდ პირადი დაინტერესების არმქონე დირექტორს, ხოლო დირექტორის მიმართ, რომელსაც გადაწყვეტილებისადმი პირადი დაინტერესება აქვს, ის არ მოქმედებს. შესაბამისად, თუ საქმის ფატობრივი გარემობებიდან იკვეთება გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესება, მაშინ სახეზეა არა ზრუნვის, არამედ დირექტორის ერთგულების მოვალეობის დარღვევა. ამ გამიჯვნას არსებითი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთში ზიანის ფაქტთან ერთად შედის მხოლოდ იმ გარემობის დადასტურება, რომ დირექტორს გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა. თუ მოსარჩელე აღნიშნულის დადასტურებას მოახერხებს, მაშინ დირექტორის გადაწყვეტილების დასაცავად სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესის/ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე დირექტორზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველმხრივ სამართლიანი და გონივრული იყო კორპორაციისათვის. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ისე მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედებისას დირექტორების გადაწყვეტილების მატერიალური შინაარსი სასამართლოს მიერ ბევრად უფრო დაბალი სტანდარტით მოწმდება, კერძოდ, სასამართლო იკვლევს არის თუ არა გადაწყვეტილება რაციონალური, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ლოგიკურად ახსნადი. თუ გადაწყვეტილება რაციონალურობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, სასამართლო მისი მატერიალური შინაარსის მართებულობის კვლევას არ შეუდგება (იხ. სუსგ №766-766-2018, 10.06.2019).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საწარმოს დირექტორი საწარმოს საქმიანობას სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის 9.6 მუხლით დადგენილი სტანდარტით არ უძღვებოდა.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ (კომპანიის დირექტორმა) დაარღვია დირექტორის ზრუნვის მოვალეობა და ამით ზიანი მიაყენა კომპანიას, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხის ბრძანებით ხდებოდა კომპანიაში მომსახურების ტარიფების დადგენა. აღნიშნული ტარიფები აისახებოდა გემთმფლობელებთან დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში. თუმცა, არც იჯარის ხელშეკრულებები და არც ტარიფების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების თაობაზე დათქმებს არ შეიცავდა. ასევე, არ ყოფილა შედგენილი სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტი, რაც კომუნალური მომსახურების ხარჯების კომპანიის მიერ გემთმფლობელების სანაცვლოდ გაწევაზე მიუთითებდა. მოპასუხის, როგორც კომპანიის დირექტორის მოვალეობა იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი, განესაზღვრა პირობები, მოეხდინა გემთმფლობელების ცალკე აბონენტად რეგისტრაცია და გემთმფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებაში ყოველთვიური გაწეული წყლისა და ელექტროენერგიის დანახარჯების გაწერა, რომელთა მოხმარებაც ხდებოდა გემთმფლობელების მიერ. შესაბამისად, კომპანია აღარ გადაიხდიდა ხარჯებს და ეს ხარჯი იქნებოდა მოგება და არა არამიზნობრივი ხარჯი.

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ არის საკმარისი მოპასუხის, როგორც კომპანიის დირექტორის მხრიდან დირექტორის ზრუნვის მოვალეობის დარღვევის დასამტკიცებლად.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული შპს „ბ.ნ. ?“-ის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მე-8 პუნქტს, რომლითაც შემოწმდა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგები. მასში აღნიშნულია, რომ 2017 წლის განმავლობაში საწარმომ მიიღო შემოსავალი, 75 742 ლარი, ამავე პერიოდში გაწეული ხარჯების ღირებულება შეადგენს 43,366 ლარს. ხარჯები გაზრდილია კომუნალური გადასახადებით, რომლებიც რეალურად შპს „ბ. ნ. ?“-ის სახელზე ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნულ ელექტროენერგიას და წყალს ორგანიზაცია არ მოიხმარდა. შესაბამისად, აუდიტმა დაასკვნა, რომ ეს ხარჯები არ უნდა გათვალისწინებულიყო მოგება/ზარალის ანგარიშგებაში, რაც გამოიწვევდა მოგების ზრდას 7, 316 ლარით (იხ. ს.ფ 31).

23. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას წარდგენილი მტკიცებულებების ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არასათანადოდ შეფასების შესახებ და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ როგორც მოპასუხის მიერ გაცემული ბრძანებები მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ, ასევე დირექტორსა და გემთმფლობელებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიში არ ადასტურებს არა თუ კომპანიისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას, არამედ მითითებული მტკიცებულებებით არც ის ფაქტობრივი გარემოება დგინდება, რომ მოპასუხემ საწარმოსთვის ზიანის გამომწვევი რაიმე ქმედება განახორციელა და დაარღვია ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა, რომ მოპასუხის დირექტორად მუშაობისას კომპანიამ რაიმე სახის ფინანსური დანაკლისი ან ზარალი განიცადა. ამდენად, კასატორის მხოლოდ მითითება, რომ მოპასუხის მიერ გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებებსა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებაში კომუნალური ხარჯების დათქმების არარსებობა დირექტორის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევას ადასტურებს, დაუსაბუთებელია. სხვა სახის დასაშვები პრეტენზია კი, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, კასატორს არ წარუდგენია.

24. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ასევე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მითითება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისას დაარღვიეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების მიუხედავად (მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა) საქმეზე არ მიღებულა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

25. საკასაციო სასამართლო მითითებული საკითხთან დაკავშირებითაც იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;

გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

26. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა დირექტორის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნული გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით საქმის დასრულებას.

27. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზეც, რომ სარჩელის აღძვრისას (და ამჟამადაც) მოპასუხე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს, ასევე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის თვალსაზრისითაც (სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი არათანაბარ მდგომარეობაშია სხვა საპროცესო მხარესთან შედარებით, მას ნაკლებად ხელეწიფება საკუთარი თავის სრულფასოვნად დაცვა (მაგ.არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი, რაც მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით გარკვეულწილად უზღუდავს საპროცესო უფლება-მოვალეობათა განკარგვის შესაძლებლობას - არ შეუძლია ისარგებლოს საადვოკატო მომსახურებით და ა.შ), მართებული იყო აღნიშნული საქმის არსებითი განხილვის რეჟიმით გადაწყვეტა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ა.მ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა.ა.მ.კ–ას“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5345021, გადახდის თარიღი 5/1/2023) 384.81 ლარის 70% - 269.36 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე