საქმე №ას-1146-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.მ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა დ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: .......) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) გამოთხოვის თაობაზე.
2. კასატორის განმარტებით, მას სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 12 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და დღემდე უწყვეტად ფლობს მას, მოსარჩელის სახელზე კი საკუთრების უფლება აღირიცხა 2014 წელს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება ერთი და იგივეა. საკითხის ამგვარი ინტერპრეტირება სასამართლომ მოახდინა, საქმეზე კი არ წარდგენილა საექსპერტო დასკვნა ქონების იდენტურობის დადგენის მიზნით. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს იმაზე, რომ მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, რასაც იგი ვერ შეძლებდა სწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 20 ნოემბრის №1-3/722 ბრძანებით, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ..... მდებარე ლაბორატორიულ-კამერალური შენობა ქ. თბილისის მერიას გადაეცა მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, მისი შემდგომი საბინაო ფონდში აყვანის მიზნით. აღნიშნული ბრძანება მიღებულ იქნა მას შემდგომ, რაც საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის და დარგობრივ მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს ცენტრალური საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1998 წლის 15 აპრილის სხდომაზე (ოქმი №1) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ........ მდებარე ლაბორატორიულ-კამერალური შენობის საცხოვრებელ ბინებად დანაწილების პროექტის განხილვაზე და საცხოვრებელი სადგომის მიღებაზე უპირატესად უფლებამოსილ პირებად თანამშრომლების განსაზღვრაზე, რომელთა შორის იყო მოსარჩელე და რომელსაც განესაზღვრა შენობის II სართულზე მდებარე ბინა №8;
8.2. 1999 წელს ქალაქ თბილისის მერიის საწარმოს „არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის კომპანიის“ მიერ მომზადდა ქ. თბილისში, ........მდებარე შენობის I და II სართულების საცხოვრებელ ბინებად განაწილების პროექტი, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართები გადანაწილდა ორ სართულზე, შენობას ჰქონდა 0 სართულიც და ბინების რაოდენობა განისაზღვრა 18-ით (სადავო ბინა №8 მდებარეობს II სართულზე);
8.3. შენობაზე მიშენება-დაშენება არ განხორციელებულა;
8.4. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შსს საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელთა მიერ, ......ში მდებარე შენობის 1999 წლის 14 ივლისს ერთობლივი შემოწმების ოქმიდან ირკვევა, რომ სადავო №8 ბინა შედგება 3 ოთახისგან, საიდანაც ერთი ოთახი დადიანების ოჯახს ეკავა, შემდეგი ერთი ოთახი - ზ. (რ.) მ. ძე გ–ძეს, ხოლო მე-3 ოთახში არავის უცხოვრია, დაკეტილი ჰქონდა იური ლეჟავას.
8.5. მოსარჩელემ, რომელსაც 1998 წლის 15 აპრილის სხდომაზე (ოქმი №1) მიენიჭა უპირატესობა ......-ში არსებულ შენობაში ბინის მიღებაზე სასარჩელო წესით სადავოდ გახადა გ–ების ოჯახის უნებართვო შეჭრა ზემოხსენებულ ბინაში;
8.6. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნა და დადგინა ქ. თბილისში, ..... №95-ში მდებარე №8 ბინიდან მ. და ზ. გ–ების ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება;
8.7. მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით, თუმცა იგი არ აღსრულებულა;
8.8. მოპასუხე არის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გამოსასახლებელი პირის, ზ. გ–ძის დისშვილი;
8.9. ქ. თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 17 ივლისის №116 განკარგულებით მოსარჩელეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული სადავო უძრავი ქონება და აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა;
8.10. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის საკუთრება სადავო ქონებაზე დაარეგისტრირა 2014 წლის 25 ივლისს.
8.11. მოპასუხის სახელზე სადავო მისამართზე ფართის რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის და რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებიდან. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისში, ....... №65-ში მოპასუხის საკუთრების უფლება დაარეგისტრირა მე-2 სართულზე მდებარე 34.00 კვ.მ-სა და მე-3 სართულზე მდებარე 65.00 კვ.მ ფართზე.
8.12. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრვად ფლობს მოპასუხე.
8.13. ქ. თბილისში, ....... და ...... ქუჩა №95 იდენტური მისამართებია;
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
11. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 16-17), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული და წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარი უძრავი ქონების იდენტურობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნით არ დასტურდება, არ არსებობს მის მიმართ წარდგენილი სავინდიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო ყურდღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 1 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ზ.გ–სა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის მისი გადაცემა. დადგენილია ასევე, რომ მითითებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხე აღნიშნული ბინიდან გამოსასახლებელი პირის (ზ.გ–ს) ძმისშვილია.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე აცხადებს, რომ იგი ფლობს არა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, არამედ სადავო მისამართზე არსებულ მის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართს, სწორედ მას ეკისრება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება. თავისთავად ის ფაქტი, რომ საქმეში არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელიც სადავო მისამართზე მდებარე სხვა ფართის მოპასუხის საკუთრებაში ყოფნას ადასტურებს, არ გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ქონების არამართლზომიერად ფლობას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შენობა-ნაგებობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ფართები მის სახელზე რეგისტრირებულ ფართსაც მოიცავს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის შესახებ.
17. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოპასუხეს (კასატორს) სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.
18. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-25-23-2017, 2017 წლის 30 ივნისის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.მ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6558, გადახდის თარიღი 24/07/2023) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე