საქმე №ა-4445-შ-118-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უ.მ.ჰ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჰ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერი ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანება არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM
დავის საგანი – მშობლისთვის ერთპიროვნული მეურვის უფლებამოსილების მინიჭება, არასრულწლოვანი შვილის აშშ-ში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერით ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანებით არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM, შუამდგომლობის ავტორს, უ.მ.ჰ–ს არასრულწლოვან შვილზე - 2013 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ნ. კ. ჰ–ზე მიენიჭა მშობლის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის უფლებამოსილება, ასევე, ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოს, რომელსაც აქვს იურისდიქცია არასრულწლოვან ბავშვზე, დაევალა დაუყოვნებლივ დააბრუნოს არასრულწლოვანი ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკაში მშებარე აშშ-ის საკონსულოს მეშვეობით.
2. 2023 წლის 18 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა უ.მ.ჰ–მა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერით ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანებით არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM, შუამდგომლობის ავტორს, უ.მ.ჰ–ს არასრულწლოვან შვილზე - 2013 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ნ.კ.ჰ–ზე მიენიჭა მშობლის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის უფლებამოსილება, ასევე, ნებისმიერ კომპეტენტურ სასამართლოს, რომელსაც აქვს იურისდიქცია არასრულწლოვან ბავშვზე, დაევალა დაუყოვნებლივ დააბრუნოს არასრულწლოვანი ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკაში მშებარე აშშ-ის საკონსულოს მეშვეობით.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. უ.მ.ჰ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანების არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ საქმეზე N 21-507117-DM საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატის ოუკლენდის წრიული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის ორდერის ერთპიროვნული სამართლებრივი და ფიზიკური მეურვეობის შესახებ და ბრძანების არასრულწლოვნის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შესახებ N 21-507117-DM გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე