Facebook Twitter

საქმე №ას-620-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „გ.ჰ.გ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ.ჰ.გ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ვ–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 3 682.61 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა.

2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ წარმოდგენილი ინვოისითა და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურით დასტურდება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არცერთი მხარის მხრიდან არ შეწყვეტილა.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

7.1. შპს „ჰ.მ.გ–სა“ და მოპასუხეს შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა შპს „ჰ.მ.გ–მა“ იკისრა ვალდებულება 2018 წლის 7 მარტიდან 7 სექტემბრამდე, 6 თვის ვადით, დამკვეთს გაუწიოს სასტუმრო „villageo“-ს გახსნისა და შემდგომი განვითარებისათვის მომსახურება (საკონსულტაციო მომსახურება, უშუალო ჩართულობა და მონაწილეობის მიღება გახსნის პროცესში) და შეასრულოს N1 დანართით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1,ს.ფ. 38-44).

7.2. მოპასუხემ, 2018 წლის 25 ივნისს მოსარჩელეს წარუდგინა მოთხოვნა 3 682.80 ევროს ოდენობის, ერთეულის ფასი 102.30 ევრო, (36 ცალი) თმის საშრობი - სოლის -შავი/თეთრი ფერის, კედელზე სამაგრით, შესაძენად (ტ.1,ს.ფ. 45). აღნიშნული მოთხოვნის (ინვოისის) პასუხად, 2018 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა 10 523.61 (ტ.1,ს.ფ. 46).

7.3. მხარეთა შორის შეთანხმებით, საქონლის მიწოდების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. მოსარჩელეს თანხის ჩარიცხვიდან 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, სხვა პირისაგან პროდუქციის მიღებამდე, პერიოდში, მოპასუხისაგან არ მოუთხოვია საქონლის მიწოდება.

7.4. მოპასუხის წარმომადგენელმა 2019 წლის 2 დეკემბრის N02-001- /12.19 წერილით დააფიქსირა, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობა არ დარღვეულა და შესთავაზა მხარეს ინვოისით გათვალისწინებული პროდუქციის მიღება.

7.5. მოსარჩელის დირექტორმა, 2019 წლის 3 დეკემბრის წერილით აცნობა მოპასუხე კომპანიას, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, თანამშრომლობის პირობები (მიწოდების ვადა, გადახდის პირობები და ა.შ.) არ არსებობდა. არსებობს მხოლოდ მათ მიერ წინა წერილში მოხსენიებული დოკუმენტები, რაც რეალურად ასახავს მათ შორის თანამშრომლობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეკვეთის დოკუმენტი არ არსებობს, ვერ აუქმებენ არარსებულ დოკუმენტს. არსებობს მხოლოდ თანხის ჩარიცხვის დოკუმენტი და ინვოისი. ამ ეტაპზე კომპანია არ საჭიროებს თმის საშრობებს და შესაბამისად, წერილით მოთხოვნილია ჩარიცხული თანხის დაბრუნება (ს.ფ. 52).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა ინვოისის წარდგენითა და თანხის გადარიცხვით. ამავე ურთიერთობაში არ დასტურდებოდა ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების ვადაზე შეთანხმება. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 7.1-7.3 ქვეპუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელის ინტერესი იყო ხელშეკრულების საგნის მიღება 2018 წლის შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, სასტუმროს გახსნის დროისთვის. დადგენილია, რომ ამ ეტაპზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა.

10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი “jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები: N ას -559-2019; N ას- 1426-2018; N ას-1322-2018).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: N ას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; #ას-794-794-2018, 11.09.2018; N1021-2019, 20.12.2019წ.).

12. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).

13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს რომ 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

14. განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და მათ ანალიზს საქმის სწორი გადაწყვეტისათვის, ვერ გაიზიარებს იმ მსჯელობას, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრება, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ გადაიხადა წარდგენილი ინვოისის შესაბამისად ნასყიდობის საგნის საფასური, თუმცა სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა არ იყო განსაზღვრული, ვალდებულება შესაბამის პერიოდში არ შესრულებულა. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან ცალსახად დგინდებოდა, რომ ხელშეკრულების საგანი, სასტუმროს საქმიანობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ სპეციფიურ და საჭირო ინვენტარს წარმოადგენდა, ასევე დადგენილი იყო, რომ სასტუმრო 2018 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო და საპირისპირო მტკიცების არარსებობის პირობებში ითვლება, რომ სწორედ სასტუმროს გახსნამდე გონივრული ვადით ადრე მაინც უნდა მიეწოდებინა კასატორს სადავო ნივთები.

15. ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობამ მხარე შეიძლება აიძულოს, რომ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ასეთმა შესრულებამ მისთვის უკვე დაკარგა აზრი. სსკ-ის 405-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს. კერძოდ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).

17. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობის დამატებითი ვადის დაწესების შესახებაა, განმარტავს, რომ დამატებითი ვადის დაწესების აუცილებლობა არ არსებობს ე.წ. „აბსოლუტურად ფიქსირებული“ (absolutes Fixgeschäft) ვალდებულების შემთხვევაში, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულად შეუსრულებლობა, როგორც წესი, შესრულების შეუძლებლობას იწვევს (მაგალითად, საქორწილო კაბის შეკერვა ქორწილის შემდეგ; საკონდიტრო ნაწარმის დამზადება დაბადების დღის შემდეგ და ა.შ.) ასეთ შემთხვევაში, შემკვეთს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (405-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტი) (იხ. სუსგ. ას-1166-2019, 6.04.2020).

18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ ნასყიდობის საფასური გადაიხადა, ხოლო, კასატორს შეთანხმებული ნივთები გონივრულ ვადაში არ მიუწოდებია, ხოლო, დამატებით ვადაში ასეთი ნივთების მიწოდებამ მოსარჩელისთვის აზრი დაკარგა, რაც ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების საფუძველია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ჰ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „გ.ჰ.გ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 5/29/2023;) 511.2 ლარის 70% - 357.84 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე