საქმე №ას-264-2023 31 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ჩ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ფ.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით, შპს „ფ.ჯ–ას“ სარჩელი ნ.ჩ–ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3119.68 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ჩ–მა, რომლთაც მოითხოვა მიღებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით, აღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
4. აღნიშნულ განჩნებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2023 წლის 27 ოქტომბერს მხარეებმა წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა, რადგან მხარეებს შორის აღარ არსებობს დავის საგანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილნი არიან მომართონ საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, აღნიშნული შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ პრიმა ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
12. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ–ისა და შპს ,,ფ.ჯ–ას“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმისწარმოება ნ.ჩ–ისა და შპს ,,ფ.ჯ–ას“ შორის არსებულ საქმეზე №ას-264-2023;
3. ნ.ჩ–ის დაუბრუნეს 2023 წლის 10 აპრილს საგადასახადო დავალება N16695208533-ით მისი წარმომადგენლის, თამარ სურმავას (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან („სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150);
4.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5.გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე