საქმე №ას-659-2023 4 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ა–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამქირავებელი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნ.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან გამქირავებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით არსებული ქირის დავალიანება თვეში 350 აშშ დოლარი, ჯამში - 4 200 აშშ დოლარი დაეკისრა.
2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება შეცვლილი პირობების შესახებ. მხარეების 2021 წლის მარტში ხელხლა შეთანხმდნენ ქირავნობის საფასურზე, რომელიც ნაცვლად 350 დოლარისა განისაზღვრა 300 დოლარით, რის გამოც მოპასუხის დავალიანებამ ერთი წლის განმავლობაში შეადგინა არა 4 200, არამედ 3 600 აშშ დოლარი.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
7.1. მხარეთა შორის 2017 წლის 4 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ქირავნობის შესახებ, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ....... და მასში განთავსებული ავეჯი.
7.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა ქირავნობის ფასი - 350 აშშ დოლარი თვეში. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა 12 თვის განმავლობაში, 2017 წლის 4 მარტიდან 2018 წლის 4 მარტამდე.
7.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მხარეთა შეთანხმებით, გრძელდებოდა ქირავნობის სამართალურთიერთობა 2022 წლის 17 მაისამდე.
7.4. მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანებიდან, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდზე არ უარყოფს 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მაისამდე არსებული ქირის გადაუხდელობის ფაქტს.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
9. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ქირის დაკისრება სსკ-ის 531-ე „ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“ და 553.1 „ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ“ მუხლებიდან გამომდინარეობს.
10. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
11. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ქირის დავალიანებას მხოლოდ 1 800 აშშ დოლარის ნაწილში.
12. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა არაერთხელ. ასევე. უდავოა, რომ მხარეთა შორის ქირავნობის საფასური განსაზღვრული იყო 350 აშშ დოლარით, ხოლო, შემდეგი შეთანხმებებისას ქირავნობის ფასი არ შეცვლილა, საპირისპირო პრეტენზიის მიუხედავად კასატორს შესაბამის მტკიცებულებაზე არ მიუთითებია.
13. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. ( შდრ: სუსგ №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი, პ.55). მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შეთანხმებული ქირის ნაწილი დამქირავებელმა გადაიხადა, ხოლო, ქირავნობის გაგრძელებულ ვადაში არა თავდაპირველად შეთანხმებული ქირა, არამედ უფრო შემცირებული ქირის გადახდა ეკისრებოდა, ვერ დაძლია.
15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ა–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. დ.ა–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17046509301, გადახდის თარიღი 10.05.2023 და საგადახდო დავალება 17459042844, გადახდის თარიღი 13.06.2023), 50 ლარისა და 185 ლარის 70% - 164.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე