Facebook Twitter

საქმე №ას-659-2023 4 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - დ.ა–ი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა დ.ა–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით (12 თვის) არსებული ქირის დავალიანება, თვეში 350 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 4 200 აშშ დოლარი.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

3. 2023 წლის 21 მარტს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული აკრძალვის, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, ........, ბინა 35 (ს.კ ......) კუთვნილ წილზე გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაცვლად განმცხადებელი შუამდგომლობდა სარჩელის უზრუნველყოფის საგანი შეცვლილიყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით Mercedes-Benz E 320, საიდენტიფიკაციო ნომრით - ......, რეგისტრაციის მოწმობა - AM6845260.

3.2. ავტომანქანა შეფასებულია დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, კერძოდ, დამკვეთი მოპასუხე - შემსრულებელი თ.ხ–ი, 2023 წლის 17 მარტი. დასკვნა ეხება ავტომობილის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებას, ამ დასკვნის საფუძველზე ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 240 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც მომავალში უზრუნველყოფს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ნომერი- 49/6/1/2-02821884, არ ფიქსირდება მოცემულ ავტომობილზე უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია, ე.ი ავტომობილი არის სამართლებრივად დაუტვირთავი და შესაძლებელია მისი უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (იხ. ამ განჩინების 3.1 ქვეპუნქტი).

9. სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რაც საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

10. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

11. ამავე დროს, მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: N ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; N ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).

13. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

15. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

16. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის წარდმოდგენილ შუამდგომლობასა და უზრუნველყოფის საგნის შეცვლის დასაბუთებაზე მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ შემოთავაზებული ქონება (ავტომობილის ფასის, საგნის ცვეთისა და სპეციფიურობის გათვალისწინებით), მოძრავი ნივთის სახით ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების პირობებში სრულ და დაუბრკოლებელ აღსრულებას, რის გამოც ზიანი მიადგება მოსარჩელეს.

17. ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ უარის თაობაზე დასაბუთებელი, ხოლო, განმცხადებლის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 284-ე, 285-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ა–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე