საქმე №ას-664-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში მოსარჩელე, მერია, შემსყიდველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის სარჩელი შპს „ბ–ის“ (შემდგომში მოპასუხე ან მიმწოდებელი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 483.28 ლარის გადახდა
2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი ნაცვლად ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა, გამოიანგარიშა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან, რითაც უხეშად ჩაერია მხარეთა მიერ თავისუფალი ნებით დადებული ხელშეკრულებების პირობებში. მსგავსი მიდგომით ილახება მხარეთა სახელშეკრულებო უფლებები, მათ შორის, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - ნების ავტონომიის პრინციპი. ამასთან, სასამართლომ ორი სხვადასხვა ქუჩის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება ჩათვალა როგორც ერთ ქუჩაზე განხორციელებული სამუშაობის ვადაგადაცილება და არასწორად გამოთვალა პირგასამტეხლო, რაზეც არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებინა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ცალ-ცალკე და პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს თითოეული ქუჩის შემთხვევაში ცალკე.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2019 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა N01.01.01/30/30 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში არსებულ გზებზე ა/ბეტონის საფარის დაზიანებულ მონაკვეთებზე ბზარების დამუშავების სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 349 776.75 ლარით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა გაფორმებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით;
7.2. ხელშეკრულების თანახმად, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში (გარდა ფორს-მაჟორული პირობებისა) გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქციები. კერძოდ, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის ან წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ;
7.3. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ასფალთბეტონის საფარის დაზიანებულ მონაკვეთებზე ბზარების დამუშავება-შევსების სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ქ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ურიდიას, რომელაშვილის, ანაპის 414 დივიზიის, ქსნის და ჩარგლის (ანაპის 414 დივიზიის ქუჩიდან რომელაშვილის ქუჩამდე) ქუჩებზე 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე - 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
7.4. ქ. თბილისში ყაზბეგის გამზირზე, ურიდიას, რომელაშვილის, ანაპის დივიზიის, ქსნის და ჩარგლის (ანაპის 414 დივიზიის ქუჩიდან რომელაშვილის ქუჩამდე) ქუჩებზე ასფალთბეტონის საფარის დაზიანებულ მონაკვეთებზე ბზარების დამუშავება-შევსების სამუშაოები დასრულდა 10 დღით დაგვიანებით, 2019 წლის 10 აგვისტოს, ხოლო ა. ბელიაშვილის ქუჩაზე - 1 დღით დაგვიანებით, 2019 წლის 16 დეკემბერს;
7.5. მერიის 2019 წლის 10 სექტემბრის N12-01192532719 წერილით, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების ღირებულების - 349 776.75 ლარის 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამურად 4197.32 ლარი (რომელაშვილის ქუჩაზე 2098.66 ლარი, ანაპის 414 დივიზიის ქუჩაზე - 2098.66 ლარი);
7.6. მიმწოდებელს დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირგასამტეხლოს ოდენობისა და მისი გამოანგარიშების მეთოდის განსაზღვრა.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი/ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა, უნდა შესრულების ნაკლის სიმძიმე.
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის.
12. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკისრებოდა ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან (ხელშეკრულების ღირებულების 0,06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიანგარიშეს მისი ოდენობა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულებიდან.
13. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (ის. სუსგ საქმე №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020; საქმე № ას-732-2022,24 ნოემბერი, 2022 წელი).
14. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებაში ასახული მსჯელობა შეესაბამება ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
15. დაუსაბუთებელია, ასევე, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს პირგასამტეხლო უნდა გამოეთვალა თითოეულ ქუჩაზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან ცალ-ცავლკე. აღნიშნული არ გამომდინარეობს არც თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან და არც საქმეზე წარდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან. ამასთან, მსგავსი პრეტენზია მოსარჩელეს არც სააპელაციო საჩივრით დაუყენებია, რაზეც ცხადია, ვერ იმსჯელებდა სააპელაციო სასამართლოც.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე