Facebook Twitter

საქმე №ას-553-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შემსყიდველი ან მეორე კასატორი) და შპს „მ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, კომპანია ან პირველი კასატორი) შორის 2016 წლის 25 იანვარს გაფორმდა №30 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 270 000 ლარით.

2. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან ერთად ავტოტრანსპორტის სერვისცენტრში შეყვანისთანავე შეადგინოს დეფექტური აქტი. დეფექტურ აქტში მიუთითოს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფირმა, მოდელი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი. აღმოჩენილი ხარვეზი, აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გასაწევი მომსახურეობის ჩამონათვალი და პრეისკურანტში მითითებული ღირებულებების შესაბამისად განახორციელოს აღდგენითი და პროფილაქტიკური მომსახურება დეფექტური აქტის შედგენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში, მაშინ მხარეები აღნიშნულ გასაწევ მომსახურეობას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილის ღირებულებების გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ მიღება-ჩაბარების აქტებში, შესაბამისად ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის გარეშე სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით გაწეული მომსახურეობის მიღებას აწარმოებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის მომსახურების განყოფილება, რომელიც აგრეთვე უფლებამოსილია ჩაატაროს მომსახურების გაწევის ინსპექტირება, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას ინსპექტირების ჩატარების დროს. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის მიხედვით შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,04 %. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. ან/და 3.2 პუნქტებით, ასევე 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 22-40).

3. მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 22 დეკემბრის №79 შეთანხმებით სახელშეკრულებო თანხა 270 000 ლარი შემცირდა 8 080.62 ლარით და განისაზღვრა 261 919.38 ლარით (ტ.2,ს.ფ. 24).

4. 2016 წლის 25 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30 ხელშეკრულების თანახმად 2016 წლის 25 აგვისტოს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით მიმწოდებელს აქტის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში უნდა შეემოწმებინა საერთო ტექნიკური მდგომარეობა და აღმოჩენილი დაზიანებები შეეკეთებინა ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით ..... ს/კ ......... სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა იყო 29.08.2016 წელი. ავტომანქანა შეკეთდა 29.09.2016 წელს 31 დღის დაგვიანებით. გაწეული სამუშაოების ღირებულება შეფასდა 863.28 ლარით. ვინაიდან ავტომანქანა შეკეთდა 29.09.2016 წელს 31 დღის დაგვიანებით, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 270 000 ლარი, მისი 0,04 % კი შეადგენს 108 ლარს, მოპასუხეს დაეკისრა 31 დღის პირგასამტეხლოს გადახდა 3 348 ლარი და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კომპანიას (ტ.1,ს.ფ. 281-285).

5. ხელშეკრულების თანახმად 2016 წლის 1 სექტემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით მიმწოდებელს აქტის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში უნდა შეეკეთებინა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..... ს/კ........ ძრავი. სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა იყო 05.09.2016 წელი. ავტომანქანა არ შეკეთებულა.

6. მოპასუხეს ხელშეკრულების 11.1 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებების ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე 0,04 %-ის ოდენობით 06.09.2016 წლიდან 31.12.2016 წლის ჩათვლით. ვინაიდან მიმწოდებელი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაეწია ტექნიკური მომსახურება, მან კი ვალდებულება არ შეასრულა, კომპანიას დაეკისრა 117 დღის პირგასამტეხლოს გადახდა 12 603.68 ლარი და რადგან 22.12.2016 წლის №79 ოქმით ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 261 919.38 ლარით, დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად 107 დღე - დღეში 108 ლარი, 10 დღე - 104 767 ლარი.

7. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელს ხელშეკრულების ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 13 500 ლარს. ჯამში მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 26 103.68 ლარის ოდენობით და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კომპანიას (ტ.1,ს.ფ. 286-289).

8. ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 5 დეკემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით მიმწოდებელს აქტის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში უნდა შეეკეთებინა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ....., ს/კ ...... შემდეგი დაზიანება: ინჯექტორი, ინჯექტორი (საგარანტიო), ანტიფრიზი, ინჯექტორის შეცვლა (მესამე, მეოთხე), ინჯექტორის შეცვლა (საგარანტიო პირველი, მეორე), ანტიფრიზის დამატება. სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა იყო 07.12.2016 წელი. ავტომანქანის შეკეთება განხორციელდა 23.12.2016 წელს 16 დღის დაგვიანებით. გაწეული სამუშაოების ღირებულება შეფასდა 1 384.48 ლარით.

9. ვინაიდან 2016 წლის 22 დეკემბრის №79 შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 261 919,38 ლარით, ხოლო ვალდებულებების შეუსრულებლობისას მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04 %, დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად: 14 დღე-ღამეში დაეკისრა 108 ლარი, რამაც შეადგინა 1 512 ლარი, ხოლო 2 დღეში დაეკისრა 209.53 ლარი (დღეში104,767 X 2). საერთო ჯამში 16 დღის პირგასამტეხლომ შეადგინა 1 721.53 ლარი და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კომპანიას (ტ.1,ს.ფ. 290-294).

10. 2014 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №275 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 130 000 ლარით. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

11. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან ერთად ავტოტრასპორტის სერვისცენტრში შეყვანისთანავე შეადგინოს დეფექტური აქტი. დეფექტურ აქტში მიუთითოს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფორმა, მოდელი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი. აღმოჩენილი ხარვეზი, აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გასაწევი მომსახურეობის ჩამონათვალი, მომსახურების გაწევის ვადები და აღნიშნულ ვადებში, პრეისკურანტში მითითებული ღირებულების შესაბამისად განახორციელოს აღდგენითი და პროფილაქტიკური მომსახურება. ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში, მაშინ მხარეები აღნიშნულ გასაწევ მომსახურეობას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილის ღირებულებების გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ მიღება-ჩაბარების აქტებში, შესაბამისად, ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის გარეშე სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, გაწეული მომსახურეობის მიღებას აწარმოებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის მომსახურების განყოფილება, რომელიც აგრეთვე უფლებამოსილია ჩაატაროს მომსახურების გაწევის ინსპექტირება, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას ინსპექტირების ჩატარების დროს. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. ან/და 3.2 პუნქტებით, ასევე 3.3 პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ.295-349).

12. 2014 წლის 31 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №275 ხელშეკრულების თანახმად 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ..... ს/კ ........ შეეცვალა ძრავი. პრეისკურანტის დანართი №2-ის მიხედვით „სპრინტერ“ ავტომანქანისთვის 279-ე პუნქტით აღნიშნული მომსახურების საგარანტიო პერიოდი განისაზღვრებოდა 4 თვით. 01.02.2016 წელს საგარანტიო ვადაში ავტომანქანას დაუზიანდა ძრავი, იმავე დღეს წარდგენილი იქნა კომპანიაში, შედგა დეფექტური აქტი და მიეთითა, რომ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავი და ექვემდებარებოდა გარანტიას. იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა ავტომანქანის ძრავის დაზიანება და რამ გამოიწვია ის, ჩატარდა ექსპერტიზა და მის დასრულებამდე გადავადდა ტექნიკური მომსახურების გაწევა. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანა ...... ს/კ ....... არ არის კაპიტალურად შეკეთებული და მისი დაზიანება გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად. ვინაიდან ავტომანქანა შეკეთებული არ არის, ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელს ხელშეკრულებების ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (130 000 ლარის) 5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6 500 ლარს და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მენარდეს (ტ.1,ს.ფ. 350, 353-361).

13. 2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა №53 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შემკვეთის ბალანსზე რიცხული ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე დანართი №1, 2 და 3-ის მიხედვით. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 144 000 ლარით. ამასთან, პრეისკურანტის ღირებულება შეადგენდა 3 370 573.68 ლარს. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 3 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. დაფინანსების წყაროა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

13.1. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მიწოდების ვადები: 4.1.1 - სავალი ნაწილებისთვის 2 კალენდარული დღე; 4.1.2 - ელექტროობისათვის 3 კალენდარული დღე; 4.1.3 - აგრეგატებისთვის 8 კალენდარული დღე; 4.1.4 - სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის 10 კალენდარული დღე. 4.1.5 - ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქრეთა კოლოფის) გაწევის დღე 15 კალენდარული დღე. 4.1.6 - დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას 20 კალენდარული დღე. 4.1.7. სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებული გონივრული ვადები. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 3-ით განსაზღვრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა უნდა მოხდეს შემსყიდველთან პროგრამული უზრუნველყოფის საბოლოო ფუნქციონალზე შეთანხმების შემდეგ, შეთახმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადების გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.362-394).

14. 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №53 ხელშეკრულების თანახმად 2017 წლის 20 მარტს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ...... ს/კ ........ ესაჭიროებოდა გადაცემათა კოლოფის მოხსნა-დაყენება, გადაცემათა კოლოფის დაშლა-აწყობა. მექანიკური კოლოფის დაზიანების აღდგენა.

15. ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების გასაწევად დადგენილი იყო 15 კალენდარული დღე. შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ბოლო ვადა იყო 03.04.2017 წელი. მომსახურების გაწევა მოხდა 2017 წლის 2 მაისს - 29 დღის დაგვიანებით. გაწეული სამუშაოების ღირებულება შეფასდა 1 563.04 ლარით. მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების გამო ხელშეკრულების 11.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 29 დღეზე შეადგინა 2 900 ლარი და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კომპანიას (ტ.1,ს.ფ. 395-398).

16. დადგენილია, რომ კომპანიამ რიგ შემთხვევაში ხარვეზით, არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რაც ძირითადად ვადის გადაცილებაში გამოიხატა, კერძოდ 1) ავტომანქანის ..... ს/კ ........ შეკეთების საბოლოო ვადა იყო 29.08.2016 წელი, შეკეთება კი განხორციელდა 29.09.2016 წელს - 31 დღის დაგვიანებით. 2) ავტომანქანა ...... ს/კ....... ძრავის შეკეთების საბოლოო ვადა იყო 05.09.2016 წელი. ავტომანქანის შეკეთება არ განხორციელებულა. 3) ავტომანქანა ........, ს/კ ........ შეკეთების საბოლოო ვადა იყო 07.12.2016 წელი, ხოლო შეკეთება განხორციელდა 23.12.2016 წელს - 16 დღის დაგვიანებით. 4) ავტომანქანა ......... ს/კ ........არ შეკეთებულა. 5) ავტომანქანა ......... ს/კ ........ შეკეთების ბოლო ვადა იყო 03.04.2017 წელი. მომსახურების გაწევა მოხდა 2017 წლის 2 მაისს - 29 დღის დაგვიანებით.

17. სარჩელის მოთხოვნა

17.1. შემსყიდველმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა მოპასუხე კომპანიისთვის:

17.1.1.2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......... ) პირგასამტეხლოს - 3 348 ლარის დაკისრება.

17.1.2.2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ........) პირგასამტეხლოს - 26 103.68 ლარის დაკისრება.

17.1.3.2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .......) პირგასამტეხლოს - 1 721.53 ლარის დაკისრება.

17.1.4.2014 წლის 31 დეკემბრის N275 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით ........) პირგასამტეხლოს - 6 500 ლარის დაკისრება.

17.1.5.2017 წლის 24 იანვრის N53 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ....) პირგასამტეხლოს - 2 900 ლარის დაკისრება.

18. მოპასუხის შესაგებლის პოზიცია და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

18.1. მოპასუხე კომპანიამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე.

18.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა აგრეთვე, და მოითხოვა კომპანიის გათავისუფლება:

18.2.1.2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ....) არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 12 603.68 ლარის და ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით 13 500 ლარის, ჯამში 26 103.68 ლარის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადახდისგან;

18.2.2.2014 წლის 31 დეკემბრის N275 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ........) არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 6 500 ლარის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადახდისგან. (სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, 2021 წლის 19 მარტის სხდომის ოქმი 13:13:11 სთ).

19. შეგებებული სარჩელის მოპასუხის (დეპარტამენტის) პოზიცია

19.1.1.დეპარტამენტმა წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბუნდოვანია და გაუგებარი. მოპასუხე კომპანია ვალდებული იყო შეეკეთებინა ავტომანქანები რაც არ შეუსრულებია, შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

20.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

20.1.1.კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ 2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 1674 ლარი;

20.1.2.კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ 2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 860.50 ლარი;

20.1.3.კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ 2017 წლის 24 იანვრის N53 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 1 450 ლარი;

20.1.4.დეპარტამენტს, 2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 26 103.68 ლარისა და 2014 წლის 31 დეკემბრის N275 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 6 500 ლარის კომპანიისთვის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი.

20.2. კომპანიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა:

20.2.1.კომპანია გათავისუფლდა 2016 წლის 25 იანვრის N30 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 12 603.68 ლარისა და ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით - 13 500 ლარის, ჯამში 26 103.68 24 ლარის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადახდისგან;

20.2.2.მოპასუხე გათავისუფლდა 2014 წლის 31 დეკემბრის N275 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 6 500 ლარის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადახდისგან;

21. დეპარტამენტის სააპელაციო მოთხოვნა

21.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დეპარტამენტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

22.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4, 4.2.-ე, მე-5 და მე-6 პუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

22.3. დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 31 დეკემბრის №275 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა;

22.4. კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ, 2014 წლის 31 დეკემბრის №275 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 6 500 ლარის გადახდა.

22.5. კომპანიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კომპანიის მოთხოვნა 2014 წლის 31 დეკემბრის №275 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით - 6 500 ლარის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

22.6. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი პრეტენზიას გამოთქვამდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესახებ, ორი ავტომობილის შეკეთების ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

22.7. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ნომრით ...... ავტომობილთან დაკავშირებული აპელანტის მოთხოვნის შესახებ განმარტა, რომ საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 25 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულება, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მისი ჯამური ღირებულება შეადგენდა 270 000 ლარს.

22.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით ......, 2016 წლის 1 სექტემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მას სჭირდებოდა ძრავის შეკეთება, ან მეორადი ძრავით ჩანაცვლება (მხარეთა ახსნა-განმარტებით). ასევე უდავოა, რომ 25.01.2016წ. ხელშეკრულების დანართი №2 - პრეისკურანტი, არ ითვალისწინებდა კომპანიის მხრიდან მსგავსი მომსახურების გაწევას, შესაბამისად სახეზე იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული შეთხვევა. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში თუკი გასაწევი მომსახურება არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტში, ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო დამატებითი შეთანხმება, მათ შორის მომსახურების ღირებულებაზე. დადგენილია, რომ ავტომობილი ...... არ შეკეთებულა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო.

22.9. აპელანტის განმარტებით კომპანიას უნდა შეედგინა ინვოისი, სადაც განსაზღვრული იქნებოდა, მომსახურების ღირებულება. შემსყიდველი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა დასთანხმდებოდა, თუ არა შეთავაზებულ პირობას. დადგენილია, რომ ინვოისი არ შეუდგენია და არც ავტომობილი შეუკეთებია კომპანიას, რაც აპელანტის განმარტებით ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენდა.

22.10. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მის დანართებში არსადაა რეგულირებული ზემოხსენებული საკითხი, კერძოდ კი: ვის უნდა შეედგინა ინვოისი, ვისი მოთხოვნით, როგორ უნდა მომხდარიყო შეთანხმება მხარეთა შორის და ა.შ. ხელშეკრულებაში უბრალოდ მითითებულია, რომ თუკი გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ მის ღირებულებასა და მომსახურების გაწევის დავალების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის უალტერნატივო მითითება მოპასუხის ვალდებულების თაობაზე შეედგინა ინვოისი, უშუალოდ არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან.

22.11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, მხარეთა თანამშრომლების ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა კომპანიის მთავარმა მენეჯერმა განმარტა, რომ ავტომანქანა .... ავტოსერვისში შევიდა ძრავის დაზიანებით 2016 წელს. დაიწერა დეფექტური აქტი, სადაც მიეთითა ძრავის დაზიანება. ხელოსანმა დაშალა ძრავი და დადგინდა, რომ ის არ ექვემდებარებოდა აღდგენას. საუბარი წავიდა მეორადი ძრავის ჩასმაზე, რაც პრეისკურანტში არ იყო აღნიშნული. პრეისკურანტში კი ჩამოწერილია სამუშაოები, რითაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასეთი ჩანაწერი კი მასში არ აღმოჩნდა, არ იყო მითითებული არც ძრავის შეკეთების და არც მეორადი ძრავის ჩასმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო დამატებითი შეთანხმება რაც არ შედგა. პირიქით შემცირდა ჩასატარებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა და საბოლოოდ ვერ მოხდა მეორადი ძრავით შეცვლა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, გადაეგზავნებოდა დამკვეთს და შემდეგ მოხდებოდა შეკეთება. თუ თანხმობა არ იარსებებდა ავტომანქანა ვერც შეკეთდებოდა. სავარაუდოდ ავტომანქანა წაიყვანა საპატრულო პოლიციამ, რადგან მათ ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული. რა პერიოდის განმავლობაში იყო მ–ის ტერტორიაზე არ ახსოვს. შეთანხმების არარსებობის პირობებში არ არსებობდა არც შეკეთების ვალდებულება. შემდეგ კი არსებული თანხა დაკორექტირდა და შემცირდა. თავდაპირველად დეფექტურ აქტში იწერება ძრავის გაუმართაობა და ძრავის შეკეთება. სხვა ძრავის შეცვლით არ იწერება, რადგან ვიდრე ძრავი არ დაიშლება, წარმოუდგენელია მიხვდე შეკეთდება თუ არა. ამიტომ იწერება შეკეთება. მითითებული იყო შეკეთება და არა გაუმართაობა. ამ ჩანაწერის მიხედვით არ იცვლება ის ვალდებულება რაც უნდა შესრულებულიყო. როცა ძრავი არ კეთდება უკვე მიდის მსჯელობა და შეთანხმება ან მეორადი ჩაიდგას ან ახალი. სხვა სახის ჩანაწერი არ უნდა გაკეთებულიყო. შეთანხმება ხდება წარმომადგენელთან. შეთანხმება შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერიც. ძალიან ხშირად ბევრ დეტალზე ხდება ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რადგან ადგილზე იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც რეაგირებდნენ უმოკლეს ვადებში. შემთხვევა მოხდა სექტემბერში, თანხა კი შემცირდა დეკემბერში. შესაბამისად, ამ დროის მანძილზე რომ ყოფილიყო შეთანხმება სიტყვიერი მაინც, მოხდებოდა ავტომანქანის შეკეთება. სხვა მიზეზი, რომ ავტომანქანა არ შეკეთებულიყო არ არსებობდა.

22.12. ამავე მიზნით, გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის სამეურნეო ნაწილის სატრანსპორტო განყოფილების უფლებამოსილმა პირმა განმარტა, რომ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......ავტოსერვისში შევიდა ძრავის დაზიანებით. ორივე შემთხვევაში შედგა დეფექტური აქტი და გაკეთდა აღნიშვნა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ......, შემთხვევაში პრეისკურანტში არ იყო მითითებული ძრავის შეკეთება ან მეორადი ძრავით შეცვლა. ინვოისის შედგენა და მიწოდება უნდა განეხორციელებინა კომპანიას. მოწმის განმარტებით, მას თავისი ინიციატივით, ხელშეკრულების შესაბამისად, შეეძლო შეესრულებინა 3 000 ლარამდე ღირებულების მომსახურება, ხოლო ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოები აღემატებოდა 3 000 ლარს, მას უნდა მიეღო მოპასუხისგან ინვოისი, წარედგინა აღნიშნული ინვოისი სამსახურში და მიეღო თანხმობა შესასრულებელი სამუშაოების ჩატარებაზე. ავტომანქანა განთავსებული იყო მ–ში წელიწადნახევარზე მეტი დროით. როდესაც ავტომანქანის დათვალიერება მოხდა, ნახეს, რომ შეუძლებელი იყო ძრავის შეკეთება, უნდა შემდგარიყო ინვოისი და მიეღოთ თანხმობა. ამ პერიოდში მომსახურების გასაწევად არსებული თანხა შემცირდა 8 000 ლარით. ნებისმიერ შემთხვევაში ავტომანქანის სერვისცენტრში შესვლისთანავე დგება დეფექტური აქტი. როდესაც ავტომანქანა შევიდა ცენტრში დეფექტურ აქტში მოხდა ზოგადი ხასიათის აღნიშვნის გაკეთება და ჩაიწერა, რომ მას ესაჭიროებოდა ძრავის შეკეთება. ამის შემდეგ იშლება ძრავი და დგება ინვოისი. თუ ძრავის შეკეთება შეუძლებელია, დგება შესრულებული სამუშაოს აქტი. შემდეგ სამივე აქტი ერთად იკვრება და მიდის სამსახურში. ასეთი ჩანაწერი თავიდან კეთდება ზოგადად, რადგან თუ ძრავი არ დაიშლება წარმოუდგენელია იმის გარკვევა ის შეკეთებას ექვემდებარება თუ არა. დგება ინვოისი და თუ 3 000 ლარამდე ესაჭიროება თანხა გადაწყვეტილებას იღებდა თავად, ხოლო უფრო მეტი თანხის საჭიროების შემთხვევაში ათანხმებდა სამსახურთან. განსახილველ შემთხვევაში ავტომანქანის ინვოისი არ შედგენილა. თუ პრეისკურანტში არაა მითითებული ქმედება, მაშინ მას არ აქვს უფლება პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი სამუშაო შეასრულოს. თუ სამსახური იტყოდა, რომ გაკეთებულიყო მანქანა, მაშინ მოხდებოდა მისი შეკეთება. თუ იტყოდა, რომ შეკეთება შეჩერებულიყო, შეაჩერებდა. ორივე შემთხვევაში ინვოსი უნდა შემდგარიყო, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

22.13. ზემოაღნიშნული ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ორივე მხარის მოწმე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ავტომობილი ......საჭიროებდა იმ სახის მომსახურებას, რაც ხელშეკრულების პრეისკურანტში გათვალისწინებული არ იყო და საჭირო იყო მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება. შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დამატებითი შეთანხმების გარეშე კომპანიას ვერ წარმოეშობოდა დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ვალდებულება. მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ვალდებულება საკუთარი ინიციატივით შეედგინა ინვოისი და გადაეცა შემსყიდველისთვის. ამ კუთხით, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე დავით იობაძის მიერ მითითებულ ფაქტზე, რომ მას ავტმობილების შეკეთებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა 3 000 ლარის ფარგლებში, ზემოხსენებული ავტომობილის შეკეთება კი, სცდებოდა აღნიშნულ ლიმიტს და შესაბამისად სჭირდებოდა ზემდგომი პირის თანხმობა. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დეპარტამენტის შიდაორგანიზაციულ საკითხს, რასაც გავლენა ვერ ექნება კომპანიის ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში, თუკი თანხმობის მისაღებად საჭირო იყო შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება, მოცემულ შემთხვევაში, დეპარტამენტს უნდა მიემართა კომპანიისთვის ინვოისის გაცემის მოთხოვნით, მით უფრო იმ შემთხვევაში, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მიმწოდებლის ვალდებულებას შეედგინა ინვოისი მოთხოვნის გარეშე. იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც დეპარტამენტს არ მოუთხოვია კომპანიისგან ავტომობილის შეკეთების ღირებულების თაობაზე ინფორმაცია, ინვოისის შედგენისა და შემსყიდველისთვის მიწოდების ვალდებულებას პალატა მოპასუხეს ვერ დააკისრებს, მით უფორ მაშინ როდესაც აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

22.14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის პრეტენზია გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი აპელნატი შეძლებდა იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მან კომპანიას მოსთხოვა მითითებულ ავტომობილთან მიმართებაში შესაბამისი ინვოისის შედგენა და მიუხედავად ამ მოთხოვნისა კომპანია არ განახორციელებდა ინვოისის შედგენას და მისთვის მიწოდებას. ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვება, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.

22.15. გარდა აღნიშნულისა, იმ ფაქტს, რომ რეალურად შემსყიდველი არც აპირებდა ...... ავტომობილის შეკეთებას, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, შემსყიდველმა ხელშეკრულების თავდაპირველი თანხა შეამცირა 8 080.62 ლარით, რაც წარმოადგენდა ზემოხსენებულ ავტომობილზე გასაწევი მომსახურების ღირებულებას. იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება, ან რაიმე სახის კომუნიკაცია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტის შესაბამისად, ... ავტომობილის შეკეთების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ღირებულების შემცირება სწორედ იმ საფუძვლით მოხდა, რომ ...... ავტომობილის შეკეთებას შემსყიდველი აღარ აპირებდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, ......ავტომობილი წარმოადგენდა უკვე მოძველებულ მანქანას, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებული მანქანისგან გასხვავებით უფრო ინტენსიურ ცვეთას განიცდიდა და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ჰქონდა თუ არა შემსყიდველს მისი შეკეთების ინტერესი, მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით. 25.01.2016წ. ხელშეკრულების დანართი №1-ით (ტ. 1, ს.ფ. 23) დგინდება, რომ სპრინტერი სახელმწიფო ნომრით ..... გამოშვებული იყო 2005 წელს, კერძოდ ძრავის დაზიანებამდე 11 წლით ადრე, შესაბამისად პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია კომპანიის წარმომადგენლის განმარტება, რომ დეპარტამენტის მხრიდან მოთხოვნის გარეშე, მიმწოდებელს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსყიდველს დაკარგული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილის შეკეთების ინტერესი.

22.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტის საფუძველზე, კომპანიას ...... ავტომობილის შეკეთების ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი მხარეთა შორის მიიღწეოდა დამატებითი შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაადასტურა. ის გარემოება, რომ კომპანიას საკუთარი ინიციატივით არ შეუდგენია ინვოისი შემსყიდველისთვის მისაწოდებლად, ვერ ჩაითვლება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტს ზემოხსენებულ ავტომობილთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაცია მიმწოდებელთან არ ჰქონია და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულება ხსენებული ავტომობილისთვის გათვალისიწინებული თანხის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ......ავტომობილის შემთხვევაში სახეზე არ იყო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა კომპანიის მხრიდან, რაც გამორიცხავდა მისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას.

22.17. რაც შეეხებოდა მეორე ავტომობილთან (.......) დაკავშირებულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 ეწლის 31 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №275 ხელშეკრულების თანახმად 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ....... ს/კ ....... შეეცვალა ძრავი. პრეისკურანტის დანართი №2-ის მიხედვით „სპრინტერ“ ავტომანქანისთვის 279-ე პუნქტით აღნიშნული მომსახურების საგარანტიო პერიოდი განისაზღვრებოდა 4 თვით. 01.02.2016 წელს, საგარანტიო ვადაში, ავტომანქანას დაუზიანდა ძრავი, ავტომანქანა იმავე დღეს წარედგინა კომპანიას, შედგა დეფექტური აქტი და მიეთითა, რომ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავი და ექვემდებარებოდა გარანტიას. ძრავის დაზიანების გამომწვევის მიზეზის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა და მის დასრულებამდე გადავადდა ტექნიკური მომსახურების გაწევა. საქმეში წარდგენილი 2017 წლის 13 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანა ........ ს/კ ...... არ არის კაპიტალურად შეკეთებული და მისი დაზიანება გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად. კომპანიის დირექტორმა 2017 წლის 24 მარტს წერილით მიმართა დეპარტამენტს, წარუდგინა 13.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა და შეატყობინა, რომ ავტომობილს სახელმწიფო ნომრით ....... კომპანია მოემსახურებოდა საგარანტიო სერვისით შეთანხმებისამებრ.

22.18. დადგენილია, რომ ..... ავტომობილი არ შეკეთებულა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც 31.12.2014წ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 11.3 პუნქტის (მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდბეულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით) თანახმად შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.1. პუნქტში განხილული შემთხვევისგან განსხვავებით, ......ავტომობილის შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კომპანიას წარმოეშვა მომსახურების გაწევის ვალდებულება. მიმწოდებლის არგუმენტაცია ......ავტომობილთან მიმართებით ემყარება იმ გარემოებას, რომ შემსყიდველს ავტომობილი არ გადაუცია მიმწოდებლისთვის მის შესაკეთებლად, შესაბამისად ავტომობილის გარეშე მისი შეკეთება ვერ განხორციელდებოდა.

22.19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარდგენილი 01.02.2016წ. დეფექტური აქტიდან (ტ. 1, ს.ფ. 350) დგინდებოდა, რომ დეპარტამენტის კუთვნილ მერსედეს პრინტერს სახელმწიფო ნომრით ......სერვის ცენტრში ჩაუტარდა დათვალიერება და აღმოაჩნდა ძრავის დაზიანება. შესაბამისად დგინდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ავტომობილი წარედგინა კომპანიის სერვისცენტრს. საქმეში წარდგენილი 13.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის (ტ.1, ს.ფ.354-361) კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილის „MERCEDES SPRINTER“ სახ. ნომრით ......ძრავის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება მოხდა კომპანიის ტერიტორიაზე. აქედანაც დგინდება, რომ ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ავტომობილი კვლავ იმყოფებოდა მიმწოდებლის მფლობელობაში.

22.20. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს ნივთის მფლობელობის უწყვეტობის პრეზუმფციას, რაც იმას გულისხმობს, რომ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ითვლება, რომ ნივთის თავდაპირველი მფლობელი მას უწყვეტად ფლობს. იმ შემთხვევაში, თუკი მხარე ამტკიცებს, რომ შეწყვეტილია ნივთზე მისი მფლობელობა, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავაში მოპასუხე მხარე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას და ახორციელებს შესაბამის მომსახურებას. აქედან გამომდინარე იგულისხმება, რომ მას შიდაორგანიზაციული საკითხები უფრო მეტად მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომობილი ......გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა კომპანიის მფლობელობაში და მოპასუხე უთითებს ავტომობილის შემსყიდველის მიერ გაყვანის ფაქტზე, მას ეკისრება შესაბამისი მტკიცბეულებების წარმოდგენის ვალდებულება, რაც მოპასუხის სუბიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით არ უნდა წარმოადგენდეს მძიმე ტვირთს. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან (ტ. 2, ს.ფ. 80-81) დგინდება, რომ ავტომობილი ......შსს მინისტრის 27.02.2018წ. ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 5 მარტს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან გადაეცა შსს ტრასნპორტის სამმართველოს. აღნიშნულ თარიღამდე ავტომობილის მოძრაობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ იგი კვლავ კომპანიის მფლობელობაში რჩებოდა. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა მტკიცებულებების წარმოუდგენლობისა, მოპასუხე მხარემ ისიც კი ვერ მიუთითა, თუ როდის გაიყვანა დეპარტამენტმა ავტომობილი კომპანიის სერვისცენტრიდან.

22.21. პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 11.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდბეულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ 31.12.2014წ. ხელშკრულების ღირებულება შეადგენდა 130 000 ლარს, რომლის 5% შეადგენს 6 500 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

22.22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეეკეთებინა ......ავტომობილის ძრავი, საერთოდ არ შეასრულა. ამასთან დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომობილი კომპანიის სერვისცენტრში მიყვანილია 2016 წლის 1 თებერვალს, შემდეგ მიმწოდებლის მოთხოვნით ავტომობილზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც გამორიცხა შემსყიდველის ბრალეულობა ავტომობილის დაზიანებაში და ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკაზე, კერძოდ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დეპარტამენტის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შეკეთების მომსახურება, რაც აღნიშნული სამსახურის მიმართ არსებული მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად ამ ნაწილში დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად და კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 6 500 ლარის გადახდა.

23. კომპანიის საკასაციო მოთხოვნა

23.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით კომპანიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23.2. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს 6 500 ლარის დაკისრების ნაწილში სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ სადავო ავტომობილი ......კომპანიის ტერიტორიაზე შეყვანის დღიდან 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის 27 თებერვლამდე იმყოფებოდა კომპანიის მფლობელობაში.

24. დეპარტამენტის საკასაციო მოთხოვნა

24.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით დეპარტამენტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევა და არასწორად არ დააკისრა პირგასამტეხლო. 2016 წლის 1 სექტემბერს ...... ავტომობილზე შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ ესაჭიროებოდა ძრავის შეკეთება ან მეორადი ძრავით ჩანაცვლება. დამატებითი დათვალიერებით დადგინდა, რომ საჭირო იყო მეორადი ძრავით ჩანაცვლება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პრეისკურანტში არ იყო გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მიხედვით უნდა გაფორმებულიყო დამატებითი შეთანხმება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტისთვის უცნობი იყო სავარაუდო ხარჯები, საჭირო იყო კომპანიას შეედგინა ინვოისი, რაც არ შეუდგენია და შესაბამისად დეპარტამენტისთვის არ გადაუცია.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

25.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულია წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ორ ავტომობილზე გასაწევი მომსახურების ფარგლებში ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ერთ-ერთ ავტომობილთან ......დაკავშირებით არ დააკმაყოფილა დეპარტამენტის საჩივარი, ხოლო, მეორე ავტომობილთან ...... დაკავშირებით კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ამ უკანასკნელს პირგასამტეხლო დააკისრა.

30. საკასაციო სასამართლო უპირველესად პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების შესახებ განმარტავს, სსკ-ის 417-ე მუხლი „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს.

31. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

33. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლო ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

34. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

35. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

36. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას RER 379 ავტომობილთან დაკავშირებით გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 25 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულება, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მისი ჯამური ღირებულება შეადგენდა 270 000 ლარს.

37. ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით ......, 2016 წლის 1 სექტემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მას სჭირდებოდა ძრავის შეკეთება, ან მეორადი ძრავით ჩანაცვლება (მხარეთა ახსნა-განმარტებით). ასევე უდავოა, რომ 25.01.2016წ. ხელშეკრულების დანართი №2 - პრეისკურანტი, არ ითვალისწინებდა კომპანიის მხრიდან მსგავსი მომსახურების გაწევას (აღნიშნული უდავო გარემოებაა აგრეთვე საკასციო პრეტენზიის გათვალისწინებითაც), შესაბამისად სახეზე იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული შეთხვევა. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში თუკი გასაწევი მომსახურება არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტში, ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო დამატებითი შეთანხმება, მათ შორის მომსახურების ღირებულებაზე. დადგენილია, რომ ავტომობილი ...... არ შეკეთებულა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო.

38. სააპელაციო პრეტენზიის მსგავსად დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის მიხედვით კომპანიას უნდა შეედგინა ინვოისი, სადაც განსაზღვრული იქნებოდა, მომსახურების ღირებულება. შემსყიდველი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა დასთანხმდებოდა, თუ არა შეთავაზებულ პირობას. დადგენილია, რომ ინვოისი არ შეუდგენია და არც ავტომობილი შეუკეთებია კომპანიას, რაც კასატორის განმარტებით ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენდა.

39. საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების, მხარეთა საკასაციო პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ ხელშეკრულებასა და მის დანართებში არსადაა რეგულირებული ზემოხსენებული საკითხი, კერძოდ კი: ვის უნდა შეედგინა ინვოისი, ვისი მოთხოვნით, როგორ უნდა მომხდარიყო შეთანხმება მხარეთა შორის და ა.შ. ხელშეკრულებაში უბრალოდ მითითებულია, რომ თუკი გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ მის ღირებულებასა და მომსახურების გაწევის დავალების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ასეთი შემთხვევისთვის პირგასამტეხლო არ იყო შეთანხმებული, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც ხელშეკრულებიდან და არც სხვა გარემოებიდან არ გამომდინარეობდა კომპანიის ვალდებულება შეედგინა ინვოისი, ამასთან დეპარტამენტმა ვერც ისეთ გარემოებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც მითითებულ საკითხზე ინვოისი ან სხვა სახის ინფორმაცია მოითხოვა.

40. მხარეთა შორის განვითარებული ფაქტების ქრონოლოგიური და ლოგიკური აღქმისა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე სადავო საკითხის განვითარებისას, პროცესში უშუალოდ ჩართული პირების ჩვენებების შეფასება, რომლებიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე გამოიკითხნენ.

41. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა კომპანიის მთავარმა მენეჯერმა განმარტა, რომ ავტომანქანა ......ავტოსერვისში შევიდა ძრავის დაზიანებით 2016 წელს. დაიწერა დეფექტური აქტი, სადაც მიეთითა ძრავის დაზიანება. ხელოსანმა დაშალა ძრავი და დადგინდა, რომ ის არ ექვემდებარებოდა აღდგენას. საუბარი წავიდა მეორადი ძრავის ჩასმაზე, რაც პრეისკურანტში არ იყო აღნიშნული. პრეისკურანტში კი ჩამოწერილია სამუშაოები, რითაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასეთი ჩანაწერი კი მასში არ აღმოჩნდა, არ იყო მითითებული არც ძრავის შეკეთების და არც მეორადი ძრავის ჩასმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო დამატებითი შეთანხმება რაც არ შედგა. პირიქით შემცირდა ჩასატარებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა და საბოლოოდ ვერ მოხდა მეორადი ძრავით შეცვლა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, გადაეგზავნებოდა დამკვეთს და შემდეგ მოხდებოდა შეკეთება. თუ თანხმობა არ იარსებებდა ავტომანქანა ვერც შეკეთდებოდა. სავარაუდოდ ავტომანქანა წაიყვანა საპატრულო პოლიციამ, რადგან მათ ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული. რა პერიოდის განმავლობაში იყო კომპანიის ტერტორიაზე არ ახსოვს. შეთანხმების არარსებობის პირობებში არ არსებობდა არც შეკეთების ვალდებულება. შემდეგ კი არსებული თანხა დაკორექტირდა და შემცირდა. თავდაპირველად დეფექტურ აქტში იწერება ძრავის გაუმართაობა და ძრავის შეკეთება. სხვა ძრავის შეცვლით არ იწერება, რადგან ვიდრე ძრავი არ დაიშლება, წარმოუდგენელია მიხვდე შეკეთდება თუ არა. ამიტომ იწერება შეკეთება. მითითებული იყო შეკეთება და არა გაუმართაობა. ამ ჩანაწერის მიხედვით არ იცვლება ის ვალდებულება რაც უნდა შესრულებულიყო. როცა ძრავი არ კეთდება უკვე მიდის მსჯელობა და შეთანხმება ან მეორადი ჩაიდგას ან ახალი. სხვა სახის ჩანაწერი არ უნდა გაკეთებულიყო. შეთანხმება ხდება წარმომადგენელთან. შეთანხმება შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერიც. ძალიან ხშირად ბევრ დეტალზე ხდება ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რადგან ადგილზე იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც რეაგირებდნენ უმოკლეს ვადებში. შემთხვევა მოხდა სექტემბერში, თანხა კი შემცირდა დეკემბერში. შესაბამისად, ამ დროის მანძილზე რომ ყოფილიყო შეთანხმება სიტყვიერი მაინც, მოხდებოდა ავტომანქანის შეკეთება. სხვა მიზეზი, რომ ავტომანქანა არ შეკეთებულიყო არ არსებობდა.

42. ამავე საკითხზე გამოიკითხა დეპარტამენტის სამეურნეო ნაწილის სატრანსპორტო განყოფილების უფლებამოსილი პირი, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ......ავტოსერვისში შევიდა ძრავის დაზიანებით. ორივე შემთხვევაში შედგა დეფექტური აქტი და გაკეთდა აღნიშვნა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ......, შემთხვევაში პრეისკურანტში არ იყო მითითებული ძრავის შეკეთება ან მეორადი ძრავით შეცვლა. ინვოისის შედგენა და მიწოდება უნდა განეხორციელებინა კომპანიას. მოწმის განმარტებით, მას თავისი ინიციატივით, ხელშეკრულების შესაბამისად, შეეძლო შეესრულებინა 3 000 ლარამდე ღირებულების მომსახურება, ხოლო ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოები აღემატებოდა 3 000 ლარს, მას უნდა მიეღო მოპასუხისგან ინვოისი, წარედგინა აღნიშნული ინვოისი სამსახურში და მიეღო თანხმობა შესასრულებელი სამუშაოების ჩატარებაზე. ავტომანქანა განთავსებული იყო მ–ში წელიწადნახევარზე მეტი დროით. როდესაც ავტომანქანის დათვალიერება მოხდა, ნახეს, რომ შეუძლებელი იყო ძრავის შეკეთება, უნდა შემდგარიყო ინვოისი და მიეღოთ თანხმობა. ამ პერიოდში მომსახურების გასაწევად არსებული თანხა შემცირდა 8 000 ლარით. ნებისმიერ შემთხვევაში ავტომანქანის სერვისცენტრში შესვლისთანავე დგება დეფექტური აქტი. როდესაც ავტომანქანა შევიდა ცენტრში დეფექტურ აქტში მოხდა ზოგადი ხასიათის აღნიშვნის გაკეთება და ჩაიწერა, რომ მას ესაჭიროებოდა ძრავის შეკეთება. ამის შემდეგ იშლება ძრავი და დგება ინვოისი. თუ ძრავის შეკეთება შეუძლებელია, დგება შესრულებული სამუშაოს აქტი. შემდეგ სამივე აქტი ერთად იკვრება და მიდის სამსახურში. ასეთი ჩანაწერი თავიდან კეთდება ზოგადად, რადგან თუ ძრავი არ დაიშლება წარმოუდგენელია იმის გარკვევა ის შეკეთებას ექვემდებარება თუ არა. დგება ინვოისი და თუ 3 000 ლარამდე ესაჭიროება თანხა გადაწყვეტილებას იღებდა თავად, ხოლო უფრო მეტი თანხის საჭიროების შემთხვევაში ათანხმებდა სამსახურთან. განსახილველ შემთხვევაში ავტომანქანის ინვოისი არ შედგენილა. თუ პრეისკურანტში არაა მითითებული ქმედება, მაშინ მას არ აქვს უფლება პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი სამუშაო შეასრულოს. თუ სამსახური იტყოდა, რომ გაკეთებულიყო მანქანა, მაშინ მოხდებოდა მისი შეკეთება. თუ იტყოდა, რომ შეკეთება შეჩერებულიყო, შეაჩერებდა. ორივე შემთხვევაში ინვოსი უნდა შემდგარიყო, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

43. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმატავს, რომ ორივე მხარის მოწმეთა ჩვენებები სადავო გარემოების საკვანძო საკითხთან დაკავშირებით მსგავსია. კერძოდ ორივე მოწმე ადასტურებს, რომ ავტომობილი ......საჭიროებდა იმ სახის მომსახურებას, რაც ხელშეკრულების პრეისკურანტში გათვალისწინებული არ იყო და საჭირო იყო მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება. შესაბამისად უდავოა, რომ ავტომომობილს დამატებითი შეთანხმების გარეშე შეკეთება ვერ მოხერხდებოდა. დამატებითი თანხმობა მოცემულ შემთხვევაში კომპანიაში მყოფ დეპარტამენტის წარმომადგენელთან ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან დაზიანების აღმოფხვრის საფასური აღემატებოდა იმ ფასს, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტის წარმომადგენელი დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას. ამდენად, ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის მხრიდან მისი წარმომადგენლისთვის დამატებითი თანხმობა იყო გასაცემი, ავტომატურად არ წარმოუშობდა კომპანიას ვალდებულებაას შეედგინა და გადაეგზავნა ინვოისი მოწინააღმდეგე მხარისათვის, ხოლო, ასეთი ქმედების განუხორციელებლობისას ვერ ჩაითვლებოდა კომპანიის უმოქმედობა ვალდებულების დარღვევად და შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად. იმ მოცემულობითაც კი, თუ დავუშვებთ, რომ კომპანიის პირდაპირი ვალდებულება იყო ინვოისის შედგენა, დეპარტამენტს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება, რომელითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიას გონივრულ დროში მოუწოდა ვალდებულების შესრულებისაკენ, რაც ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით.

44. გარდა აღნიშნულისა, იმ ფაქტს, რომ რეალურად შემსყიდველი არც აპირებდა ......ავტომობილის შეკეთებას, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, შემსყიდველმა ხელშეკრულების თავდაპირველი თანხა შეამცირა 8 080.62 ლარით, რაც წარმოადგენდა ზემოხსენებულ ავტომობილზე გასაწევი მომსახურების ღირებულებას. იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება, ან რაიმე სახის კომუნიკაცია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტის შესაბამისად, ......ავტომობილის შეკეთების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ღირებულების შემცირება სწორედ იმ საფუძვლით მოხდა, რომ ......ავტომობილის შეკეთებას შემსყიდველი აღარ აპირებდა.

45. ზემოაღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია მხარის ის განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, ......ავტომობილი წარმოადგენდა უკვე მოძველებულ მანქანას, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებული მანქანისგან გასხვავებით ინტენსიურ ცვეთას განიცდიდა და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ჰქონდა თუ არა შემსყიდველს მისი შეკეთების ინტერესი, მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით. 25.01.2016წ. ხელშეკრულების დანართი №1-ით (ტ. 1, ს.ფ. 23) დგინდება, რომ სპრინტერი სახელმწიფო ნომრით ...... გამოშვებული იყო 2005 წელს, კერძოდ ძრავის დაზიანებამდე 11 წლით ადრე, შესაბამისად პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია კომპანიის წარმომადგენლის განმარტება, რომ დეპარტამენტის მხრიდან მოთხოვნის გარეშე, მიმწოდებელს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსყიდველს დაკარგული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილის შეკეთების ინტერესი.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საკითხზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებასა და დასკვნას, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4. პუნქტის საფუძველზე, კომპანიას ......ავტომობილის შეკეთების ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი მხარეთა შორის მიიღწეოდა დამატებითი შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაადასტურა. ის გარემოება, რომ კომპანიას საკუთარი ინიციატივით არ შეუდგენია ინვოისი შემსყიდველისთვის მისაწოდებლად, ვერ ჩაითვლება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტს ზემოხსენებულ ავტომობილთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაცია მიმწოდებელთან არ ჰქონია და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულება დასახელებული ავტომობილის შეკეთებისთვის გათვალისიწინებული თანხის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ......ავტომობილის შემთხვევაში სახეზე არ იყო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა კომპანიის მხრიდან, რაც გამორიცხავდა მისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას.

47. რაც შეეხება მეორე ავტომობილთან (......) დაკავშირებით დეპარტამენტის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №275 ხელშეკრულების თანახმად 2015 წლის 25 დეკემბერს შედგა დეფექტური აქტი, რომლის მიხედვით ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ......ს/კ ..... შეეცვალა ძრავი. პრეისკურანტის დანართი №2-ის მიხედვით „სპრინტერ“ ავტომანქანისთვის 279-ე პუნქტით აღნიშნული მომსახურების საგარანტიო პერიოდი განისაზღვრებოდა 4 თვით. 01.02.2016 წელს, საგარანტიო ვადაში, ავტომანქანას დაუზიანდა ძრავი, ავტომანქანა იმავე დღეს წარედგინა კომპანიას, შედგა დეფექტური აქტი და მიეთითა, რომ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავი და ექვემდებარებოდა გარანტიას. ძრავის დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა და მის დასრულებამდე გადავადდა ტექნიკური მომსახურების გაწევა. საქმეში წარდგენილი 2017 წლის 13 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანა ......ს/კ ........ არ არის კაპიტალურად შეკეთებული და მისი დაზიანება გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად. კომპანიის დირექტორმა 2017 წლის 24 მარტს წერილით მიმართა დეპარტამენტს, წარუდგინა 13.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა და შეატყობინა, რომ ავტომობილს სახელმწიფო ნომრით ......კომპანია მოემსახურებოდა საგარანტიო სერვისით შეთანხმებისამებრ.

48. დადგენილია, რომ ......ავტომობილი არ შეკეთებულა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც 31.12.2014წ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 11.3 პუნქტის (მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდბეულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით) თანახმად შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.1. პუნქტში განხილული შემთხვევისგან განსხვავებით, ......ავტომობილის შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კომპანიას წარმოეშვა მომსახურების გაწევის ვალდებულება. მიმწოდებლის არგუმენტაცია ......ავტომობილთან მიმართებით ემყარება იმ გარემოებას, რომ შემსყიდველს ავტომობილი არ გადაუცია მიმწოდებლისთვის მის შესაკეთებლად, შესაბამისად ავტომობილის გარეშე მისი შეკეთება ვერ განხორციელდებოდა.

49. საქმეში წარდგენილი 01.02.2016წ. დეფექტური აქტიდან (ტ. 1, ს.ფ. 350) დგინდებოდა, რომ დეპარტამენტის კუთვნილ მერსედეს სპრინტერს სახელმწიფო ნომრით ......სერვის ცენტრში ჩაუტარდა დათვალიერება და აღმოაჩნდა ძრავის დაზიანება. შესაბამისად დგინდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ავტომობილი წარედგინა კომპანიის სერვისცენტრს. საქმეში წარდგენილი 13.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის (ტ.1, ს.ფ.354-361) კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილის „MERCEDES SPRINTER“ სახ. ნომრით ......ძრავის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება მოხდა კომპანიის ტერიტორიაზე. ამდენად დგინდება, რომ ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ავტომობილი კვლავ იმყოფებოდა მიმწოდებლის მფლობელობაში.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს ნივთის მფლობელობის უწყვეტობის პრეზუმფციას, რაც იმას გულისხმობს, რომ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ითვლება, რომ ნივთის თავდაპირველი მფლობელი მას უწყვეტად ფლობს. იმ შემთხვევაში, თუკი მხარე ამტკიცებს, რომ შეწყვეტილია ნივთზე მისი მფლობელობა, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. წინამდებარე დავაში მოპასუხე მხარე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას და ახორციელებს შესაბამის მომსახურებას. აქედან გამომდინარე იგულისხმება, რომ მას შიდაორგანიზაციული საკითხები უფრო მეტად მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომობილი ......გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა კომპანიის მფლობელობაში და მოპასუხე უთითებს ავტომობილის შემსყიდველის მიერ გაყვანის ფაქტზე, მას ეკისრება შესაბამისი მტკიცბეულებების წარმოდგენის ვალდებულება, რაც მოპასუხის სუბიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით არ უნდა წარმოადგენდეს მძიმე ტვირთს. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან (ტ. 2, ს.ფ. 80-81) დგინდება, რომ ავტომობილი ......შსს მინისტრის 27.02.2018წ. ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 5 მარტს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან გადაეცა შსს ტრასნპორტის სამმართველოს. აღნიშნულ თარიღამდე ავტომობილის მოძრაობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ იგი კვლავ კომპანიის მფლობელობაში რჩებოდა. საგულისხმოა, რომ გარდა მტკიცებულებების წარმოუდგენლობისა, კომპანიამ ისიც კი ვერ მიუთითა, თუ როდის გაიყვანა დეპარტამენტმა ავტომობილი მისი სერვისცენტრიდან.

51. საკასაციო სასამართლო მხარეთა პრეტენზიების პასუხად პირგასამტეხლოს ოდენობაზე გაამახვილებს ყურადღებას და წინამდებარე განჩინების 30-35 პუნქტებზე მითითებითა და დასაბუთებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 11.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ 31.12.2014წ. ხელშკრულების ღირებულება შეადგენდა 130 000 ლარს, რომლის 5% შეადგენს 6 500 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

52. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეეკეთებინა ......ავტომობილის ძრავი, საერთოდ არ შეასრულა. ამასთან დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომობილი კომპანიის სერვისცენტრში მიყვანილია 2016 წლის პირველ თებერვალს, შემდეგ მიმწოდებლის მოთხოვნით ავტომობილზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც გამორიცხა შემსყიდველის ბრალეულობა ავტომობილის დაზიანებაში და ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ასევე შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, კერძოდ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დეპარტამენტის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შეკეთების მომსახურება, რაც აღნიშნული სამსახურის მიმართ არსებული მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებას, საგულისხმოა, რომ კასატორი (კომპანია) სახელმწიფო ტენდერებში იღებს მონაწილეობას და მისთვის ცნობილია ის მნიშვნელობა და რაც სახელმწიფო საკუთრებაში ავტომობილებთან დაკავშირებულ საჯარო ინტერესს ეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია არ იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად ამ ნაწილში დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად და კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 6 500 ლარის გადახდა.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა (.....) და შპს „მ–ის“ (.....) საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „მ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17047392287, გადახდის თარიღი 10.05.2023) 350 ლარის 70% - 245 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე