საქმე №ას-685-2019 15 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით დ.ბ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ (შემდგომში - „მოპასუხე“) სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ეს 2004 წლის 30 აგვისტოს N161 ბრძანებით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრის მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2004 წლის 1 სექტემბრიდან შეიქმნა გელათის სასულიერო აკადემიის სამაუწყებლო რედაქცია. საეკლესიო რადიო „კვალი ნათელი“ დაკომპლექტდა სამი თანამშრომლით, მათგან გადაცემათა პასუხისმგებელ რედაქტორად დაინიშნა მოსარჩელე. თითოეული თანამშრომლის ხელფასი განისაზღვრა თვეში 50 ლარით (იხ. ბრძანება, ს.ფ. 17);
2.2. 2004 წლის 11 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოდან მიტროპოლიტმა კ–ემ ჩაიბარა არასაცხოვრებელი ფართი თხოვების ფორმით, რადიო „ივერია - ქუთაისის“ განთავსების მიზნით (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 19);
2.3. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კ–ეს წერილობითი თხოვნის საფუძველზე (წერილი N1170, 2.08.2006), ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის 2006 წელში გამოყოფილ ასიგნებებს დაემატა 1700 ლარი, რადიო „კვალი ნათელის“ მაუწყებლობისათვის (იხ. წერილი, ს.ფ. 21);
2.4. ქ.ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2007 წლის 15 იანვრის ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიწერილი მიმართვიდან ირკვევა, რომ საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიას დაეწერა გელათის სასულიერო აკადემიის რადიო ,,კვალი ნათელის“ მაუწყებლობის პასუხისმგებელი რედაქტორის №156 განცხადება რადიო ,,კვალი ნათელისათვის“ 2007 წლისათვის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხი გადაწყვეტილი ყოფილიყო დადებითად (იხ. მიმართვა, ს.ფ. 22);
2.5. 2007 წლის 25 იანვარს ქ.ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წერილით აცნობა ქ.ქუთაისის მერს (მოსარჩელის ქ.ქუთაისის მერიისადმი მიწერილი წერილობითი თხოვნის პასუხად - ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გამოყოფილ 12000 ლარს დამატებოდა 5100 ლარი, რადიო მაუწყებლობის დასაფინანსებლად), რომ საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებული იყო 20000 ლარი. აღნიშნულის თაობაზე, 2007 წლის 29 იანვარს, თავის მხრივ, ქ.ქუთაისის მერმა წერილით აცნობა ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს (იხ. მიმართვები, ს.ფ. 23, 25);
2.6. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ეს 2007 წლის 31 იანვრის N217 ბრძანებით გაუქმდა 2004 წლის 31 აგვისტოს N161 ბრძანება, საეკლესიო რადიო „კვალი ნათელის“ შექმნის და მის რედაქტორად მოსარჩელის დანიშვნის შესახებ. ამავე ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა გელათის სასულიერო აკადემიაში რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით (იხ. ბრძანება, ს.ფ. 26);
2.7. 2007 წლის 3 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ეს მიერ გამოცემული N243 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ბრძანება, ს.ფ. 26);
2.8. მოსარჩელეს 2007 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით მიღებული აქვს ხელფასი, დანიშვნის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით (იხ. საბანკო ამონაწერები, ს.ფ. 129-132). ამ ფაქტობრივ გარემოებას არც მოსარჩელე ხდის სადავოდ;
2.9. 2011 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მიტროპოლიტ მეუფე კ–ეს, სადაც მიუთითა, რომ 2007 წლის ნოემბერში ეპარქიაში განუცხადეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების ბრძანება, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისთვის არ გადაუციათ, შესაბამისად, კვლავ მოითხოვა ბრძანების გადაცემა და შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება (იხ. მიმართვა, ს.ფ. 31);
2.10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის თაობაზე ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება (ხელფასი) (იხ. გადაწყვეტილება);
2.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. განჩინება);
2.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი (იხ. განჩინება).
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შემდეგი დავალიანების ანაზღაურება: 1) 2007 წლის ნოემბრიდან ვიდრე სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მიუღებელი ხელფასი, თვეში 70 ლარის ოდენობით, რაც 102 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 7140 ლარს და 2) რადიო „კვალი ნათელისათვის“ 2007 წელს გამოყოფილი 8000 ლარისა, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მისთვის განკუთვნილ ხელფასს. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის, ჯამში, სახელფასო დავალიანების 15 140 ლარის დაკისრებას.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე 2007 წლის 3 ნოემბრის N243 ბრძანების კანონშესაბამისობა. გამომდინარე აქედან, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის მისი მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, მხარე თავად მიუთითებდა, რომ რეალურად იგი 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ანაზღაურება მხოლოდ გაწეული შრომის სანაცვლოდ გაიცემა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა სრულად გამორიცხავდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. რაც შეეხება 8000 ლარს, რომელსაც ასევე თავის ჰონორარად, ხელფასად მიიჩნევდა მოსარჩელე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ქ.ქუთაისის მერიისადმი მიწერილი წერილის (ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გამოყოფილ 12000 ლარს დამატებოდა 5100 ლარი, რადიო მაუწყებლობის დასაფინანსებლად) პასუხად ეცნობა, რომ საფინანსო სამსახურის მიერ 2007 წლის ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებული იყო 20000 ლარი. ანუ რადიო ,,კვალი ნათელს“ მისი საქმიანობისათვის მერიისაგან დამატებით გამოეყო 8000 ლარი. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოყოფილი თანხა წარმოადგენდა უშუალოდ მოსარჩელისათვის ხელფასის, ჰონორარის სახით განკუთვნილ თანხას. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებებზე, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ეს 2004 წლის 30 აგვისტოს N161 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა საეკლესიო რადიო „კვალი ნათელის“ გადაცემათა პასუხისმგებელ რედაქტორად და მისი ხელფასი შეადგენდა 50 ლარს, ხოლო 2007 წლის 31 იანვრის N217 ბრძანებით გაუქმდა 2004 წლის 31 აგვისტოს N161 ბრძანება, საეკლესიო რადიო „კვალი ნათელის“ შექმნის და მის რედაქტორად მოსარჩელის დანიშვნის შესახებ. ამავე ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა გელათის სასულიერო აკადემიაში რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით. პალატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰქონდა მითითებულზე მეტი ხელფასი, ან/და მუნიციპალური ორგანოსაგან გადმორიცხული 8000 ლარი უშუალოდ მისთვის იყო განკუთვნილი.
6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე რაიმე სახის სახელფასო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოსარჩელეს ობიექტურად უნდა სცოდნოდა მის შესახებ, ე.ი. მას წარმოეშვა სასარჩელო წარმოების გზით საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობა 2007 წლის ნოემბრიდან. სსკ-ის 129.1. მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2010 წლის ნოემბრისა, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 09 ივნისს. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ამ მხრივაც წარმოადგინა შესაბამისი შედავება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებაა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში მან ასევე იშუამდგომლა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ესაგან და საქართველოს საპატრიარქოდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება №243 გამოცემული იყო 2007 წლის 3 ნოემბერს. მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება არ არსებობდა მის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვამდე;
12.2. ასევე საქმეში არსებული მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 8000 ლარის ოდენობით;
12.3. სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე;
12.4. სასამართლო იმყოფებოდა მეუფე კ–ეს მორალური ზეწოლის ქვეშ.
13. საკასაციო პრეტენზიების პასუხად, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის თაობაზე ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება (ხელფასი). დადგენილია ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10., 2.11., 2.12 ქვეპუნქტები).
14. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-58-56-2016, 26 თებერვალი, 2016 წელი).
15. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი [სსსკ-ის 266-ე მუხლი]. აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
16. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის 3 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, პრეიუდიციული ფაქტია, რომ იგი 2007 წლის 3 ნოემბრიდან აღარ იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელთან და, გამომდინარე აქედან, არ არსებობს ხელფასის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხისაგან 8000 ლარის მოთხოვნას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მერიისაგან გამოყოფილი თანხა წარმოადგენდა უშუალოდ მოსარჩელის ხელფასს, ჰონორარს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კ–ესაგან და საქართველოს საპატრიარქოდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ბ–ძის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი