საქმე №ას-1069-2019 6 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ი.ქ–ია, ა.ქ–ია, ნ.ქ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.კ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ნ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), ი.ქ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ა.ქ–იასა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ნ.ქ–იას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. თბილისი, ......... (ს.კ. ......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, პირველი მოპასუხე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და 2000 წელს ხელშეკრულების საფუძველზე შესახლებულ იქნა სადავო ბინაში 5 წლის ვადით. 2005 წლის 21 მარტს მასზე გაიცა N3424 ორდერი საცხოვრებელ სადგომზე, რითაც დასტურდება მისი საკუთრება. 18 წელია პირველი მოპასუხე მის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, ხოლო მოსარჩელე სადავო ბინას არც დაუფლებია. მას საკუთრება გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე აქვს აღრიცხული, რაზეც ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხეები არ უარყოფენ აღნიშნული ქონების ფლობის ფაქტს.
7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხეთა მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე მიუთითებდა, ამ უკანასკნელთა ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა მოპასუხეებმა სასამართლოს ასეთი მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-ე, 312.1, 170.1, 172.1 მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა ან კანონისმიერი საფუძველი, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დასრულების შემდეგ, 2019 წლის 18 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება და დღეის მდგომარეობით აღნიშნული ქონება არავის საკუთრებაში არ არის დარეგისტრირებული;
10.2. ზემოაღნიშნული ფაქტი, რომელიც 2019 წლის 18 მარტს წარმოიშვა და რომლის მითითებაც მოპასუხისათვის აქამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო, გამორიცხავს წინამდებარე ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე მსჯელობას, ვინაიდან მოსარჩელე აღარ წარმოადგენს სარჩელში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განსახილველ სარჩელი დარჩეს განუხილველი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო და მატერიალური უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, მხარეები თავად წყვეტენ მიმართონ თუ არა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს და თავადვე განსაზღვრავენ დავის საგანს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევით (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი). ამასთან, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
16. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდგომ, 2019 წლის 18 მარტს, საჯარო რეესტრის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება არავის საკუთრებაში არ ირიცხება. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო 18.03.2019წ. მომზადებული სადავო უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელშიც მესაკუთრის გრაფაში მითითებულია შემდეგი: რეგისტრაცია გაუქმდა. ამონაწერის თანახმად, რეგისტრაცია გაუქმდა 2019 წლის 18 მარტს ხელშეკრულების გაუქმების შესახებ N2-858 შეთანხმების საფუძველზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმების თარიღი: 26.07.2000) (იხ. ს.ფ. 244-245). ამრიგად, მოსარჩელე აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ამ ნივთის მესაკუთრის უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელია უფლებამოსილი, აღძრას სარჩელი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება გაუქმდა და ის აღნიშნული ქონების მესაკუთრეს და, შესაბამისად, მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს, აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ...], სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმების პირობებში, წინამდებარე სარჩელი პირის უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დაცვას არ ემსახურება (სსსკ-ის 2.1 მუხლი).
19. საკასაციო პალატა საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი მითითებითი ხასიათისააა და იმავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა მასში საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი; Nას-801-766-2014, 05 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც წინამდებარე სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
21. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
22. მხარეებს განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების შესაბამისად [მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება], კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187.2, 275-ე, 278-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. რ.კ–იას სარჩელი თ.ნ–ძის, ი.ქ–იას, ა.ქ–იასა და ნ.ქ–იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
4. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით;
5. თ.ნ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს ა.ც–ძის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 29 ივლისს №8238766151 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი