საქმე №ას-1247-2020 26 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე.მ–ძე, ნ.მ–ძე, შპს „ჰ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით ხ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე და გ.მ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელის მეუღლე“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 22.10.1969წ.-დან. მათ შეეძინათ საერთო შვილი ვ.მ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელის შვილი“), რომელიც გარდაიცვალა 29.10.1990წ.; მოსარჩელის შვილი დაკრძალული იქნა ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე. მისთვის გამოყოფილი საფლავის ფართი იყო 63 კვ.მ., რაც მისი დაკრძალვის შემდეგ არ შეცვლილა;
2.2. მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა 22.12.1992წ.; იგი დაკრძალულია ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე (მოსარჩელის) შვილის გვერდით. უდავოა, რომ მამა-შვილი დასაფლავებულია 63 კვ.მ. ფართში არსებულ შემაღლებულ ადგილას, რომელიც შემოსაზღვრულია დამოუკიდებლად;
2.3. 08.01.2014წ. გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლის ძმა ი.მ–ძე. 10.01.2014წ. შპს „ჰ–ს“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) განცხადებით მიმართა ი.მ–ძის შვილმა ე.მ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მიუთითა, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე, 63 კვ.მ. მიწის ფართობის სასაფლაოზე დაკრძალული იყვნენ მისი ბიძა - მოსარჩელის მეუღლე და ბიძაშვილი - მოსარჩელის შვილი. განმცხადებელმა ითხოვა გარდაცვლილი მამის - ი.მ–ძის დასაფლავება საოჯახო სამარხში თავისუფალ რესურსში ძმის - მოსარჩელის მეუღლის გვერდით. მისი განმარტებით, მითითებულ საფლავს ფლობდა და უვლიდა მისი ოჯახი;
2.4. მოპასუხე კომპანიამ პირველი მოპასუხის სახელზე გასცა ცნობა, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის მამის - ი.მ–ძის დასაკრძალად გამოყოფილი ჰქონდა 63 კვ.მ. საფლავი, სადაც დაკრძალული იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი;
2.5. 2014 წლის 18 მარტს პირველმა მოპასუხემ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით, მოსარჩელის მიმართ ივალდებულა, რომ საკუთარი ხარჯებით გადაასვენებდა 2014 წლის 8 იანვარს გარდაცვლილ ი.მ–ძეს. ამავე მიზნით 2014 წლის 18 მარტს პირველმა მოპასუხემ ზ.გ–ძეს მიანიჭა უფლებამოსილება ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოდან (საგვარეულო სამარხიდან) გადაასვენოს ი.მ–ძე;
2.6. 28.04.2015წ. გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლის მეორე ძმა -ნ.მ–ძე. დადგენი., რომ მისი სამკვიდრო მიღებული აქვს მეუღლეს ნ.მ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“);
2.7. 30.04.2015წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციას და აცნობა, რომ მისი მარწმუნებელი წინააღმდეგია, მისი შვილის და ქმრის საფლავზე დასაფლავებული იქნეს მაზლი ნ.მ–ძე. 02.05.2015წ. მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმ ფაქტის დასაფიქსირებლად, რომ ე.წ. მ–ეების სასაფლაოზე ხორციელდებოდა გარდაცვლილი ნ.მ–ძის დაკრძალვის მიზნით საფლავის გაჭრა, რაშიც არ მონაწილეობდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი. საპატრულო პოლიციამ მოდავე მხარეებს განუმარტა, რომ სადავო საკითხის გადასაჭრელად უნდა მიემართათ სასამართლოსთვის. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 07.05.2015წ. წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე, მ–ეების საგვარეულო სამარხში დაკრძალვასთან დაკავშირებული დავა სცილდებოდა კომპანიის უფლებამოსილებას და იგი წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე არსებული საფლავიდან ი. და ნ.მ–ძეების ნეშტის გადასვენება და მათი ოჯახის წევრების მფლობელობიდან საფლავის გამოთხოვა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 172-ე, 155-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს როგორც ნივთის მესაკუთრეს, ისე მართლზომიერ მფლობელს. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესაფასებლად უნდა დადგინდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
4. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სადავო სასაფლაო შეძენილი იქნა მის მიერ შვილის გარდაცვალებისას 1990 წელს, ასევე მისი ხარჯით იქნა მოპირკეთებული საფლავი, რისთვისაც დაქირავებული ჰყავდა ბერძენი მამა-შვილი. მოსარჩელე მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებას ცდილობდა ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაიკითხა მისი გარდაცვლილი შვილის მეუღლე - ნ.მ–ძე. მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა აღნიშნული მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებდა, რომ საფლავი შეიძინა მოსარჩელემ, და გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმე ნ.მ–ძე არის მოსარჩელის რძალი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება და საქმის შედეგით პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებული მოწმის ჩვენება, რომელიც გამყარებული არ არის საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებით, ან თუნდაც სხვა მოწმის ჩვენებით, სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამის საწინააღმდეგოდ, ნ.მ–ძის მიერ სასაფლაოს მოწყობის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა: ტ.ა–მა, მ.ბ–ძემ, მ.ც–მა და ლ.ფ–მა. მათი განმარტებით, ნ.მ–ძე თავად პირადად მონაწილეობდა სასაფლაოს მოწყობაში, შეიძინა საფლავისთვის ქვები და თავის ხელით ამუშავებდა მათ. მ.ბ–ძემ, რომელიც არის გ., ი. და ნ.მ–ძეების ახლო ნათესავი - მამიდაშვილი, განმარტა, რომ მოსარჩელის შვილის დასაფლავების ადგილი არის საგვარეულო სასაფლაო, სადაც უნდა დაკრძალულიყვნენ სხვა დედმამიშვილები. მოწმეები ასევე ადასტურებენ, რომ ნ.მ–ძეს ჰქონდა ქვის საამქრო, სადაც მოხდა საფლავის მოსაპირკეთებელი ქვების დამუშავება. ფაქტს, რომ ნ.მ–ძე ფლობდა ქვის საამქროს, ადასტურებს თავად მოსარჩელეც, რომელიც განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული საამქრო იყო ძმებს შორის ერთ-ერთი უთანხმოების საფუძველი. ამდენად, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ნ.მ–ძე მონაწილეობდა სასაფლაოს მოპირკეთებასა და მოვლაში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მეუღლის დაკრძალვისას ღრმაღელის სასაფლაოს სამოქალაქო მომსახურების საწარმოო კომბინატის მიერ გაცემულია ცნობა გარდაცვლილის დასაფლავების ადგილის შესახებ. ცნობა გაცემულია ნ.მ–ძის სახელზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აქტიურ მონაწილეობას საფლავის მოწყობაში.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შვილის გარდაცვალების დროისათვის მოქმედი სანიტარული წესების 2.2. პუნქტის შესაბამისად, თითოეული საფლავისათვის შესაძლებელია გამოყოფილი იქნას 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეს არანაკლებ 1 მეტრი და მოკლე მხარეს - არანაკლებ 0,5 მეტრი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის შვილის დაკრძალვისას ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი იქნა 63 კვ.მ ფართი. აღნიშნული ფართობი დღემდე არ შეცვლილა და იგივეა. ამასთან, სადავო არ არის, რომ სასაფლაო შემოსაზღვრულია ქვის ფილებით, ხოლო მოსარჩელის შვილის საფლავი მოწყობი. შემაღლებულ ადგილას, რომელიც შემოსაზღვრულია დამოუკიდებლად და დასაფლავებულია მამა-შვილი. ღრმაღელის სასაფლაოს სამოქალაქო მომსახურების საწარმოო კომბინატის ცნობით, რომელიც გაცემული იქნა მოსარჩელის მეუღლის დასაფლავებისთვის ნ.მ–ძის სახელზე, ირკვევა, რომ საფლავი, სადაც დაკრძალული უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მეუღლე, იყო ოთხადგი.ნი და დასაფლავებული იყო ერთი პირი (ს.ფ. 250). შესაბამისად, იმ დროს მოქმედი წესებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოსარჩელის შვილის დაკრძალვისათვის ვერ იქნებოდა გამოყოფილი 63 კვ.მ. ფართის 4-კაციანი სასაფლაო. მხოლოდ ის გარემოება, რომ ცარიელ მიწაზე თავის დროზე დაგებული იქნა ფილები, არ ადასტურებდა იმას, რომ იგი გამიზნული არ იყო მოგვიანებით ოჯახის გარდაცვლილი სხვა წევრების დასაკრძალად. აღნიშნულ სასაფლაოზე მოსარჩელის შვილთან ერთად დასაფლავებული არიან მამა და ბიძები.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი 63 კვ.მ. სასაფლაო წარმოადგენს საგვარეულო სამარხს, რომელზედაც თანამფლობელობის უფლება აქვთ როგორც მოსარჩელის მეუღლისა და შვილის ოჯახის წევრებს, ასევე - ი. და ნ.მ–ძეების ოჯახის წევრებს და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
8. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანია წინამდებარე დავაში არის არასათანადო მოპასუხე და სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე მის მიმართ სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე სადავო საფლავის ერთადერთი მართლზომიერი მფლობელია, იგი წლების განმავლობაში უვლიდა შვილის საფლავს. აღნიშნული მტკიცდება მოსარჩელის რძლის - ნ.მ–ძისა და ნ.კ–ძის (რომელიც მოსარჩელემ დაიქირავა საფლავის მოსავლელად და რომლის ჩვენებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მუდმივად აქცევდა ყურადღებას შვილის საფლავს) ჩვენებებით, ასევე მისივე ახსნა-განმარტებით. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მათ მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები არ არის სანდო და წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ამასთან, ძმებს შორის არსებობდა კონფლიქტი და ვერ მოხდებოდა შეთანხმება საგვარეულო სამარხის მოწყობაზე.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
17. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფი. მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
18. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის - უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნება, სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 160-ე მუხლი [თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება]. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან სადავო ნივთზე ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.
19. საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი 63 კვ.მ. სასაფლაო წარმოადგენს საგვარეულო სამარხს, რომელზედაც თანამფლობელობის უფლება აქვთ როგორც მოსარჩელის მეუღლისა და შვილის ოჯახის წევრებს, ასევე - ი. და ნ.მ–ძეების ოჯახის წევრებს და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ხ.მ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი. ჯ–ძის (პ/ნ: ........) მიერ 2020 წლის 18 სექტემბერს №9859682606 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი