საქმე №ას-773-2019 8 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ დ.ბ–ი, გ.მ–ი, ჯ.ჭ–ი, მ.თ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს „.. კ–ი“, დ.ფ–ძე, რ.გ–ძე, დ.ს–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ბ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), გ.მ–ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“), ჯ.ჭ–ისა (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) და მ.თ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი შპს „.. კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“), დ.ფ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), რ.გ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და დ.ს–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი; მოპასუხე კომპანიას მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი; მოპასუხე კომპანიას მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 546,66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,16 აშშ დოლარი; მოპასუხე კომპანიას მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი; მოსარჩელეთა სარჩელი პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით;
4.2. 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით;
4.3. 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხე კომპანიასა და მესამე მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ ისესხა 15300 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით;
4.4. 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხე კომპანიასა და მეოთხე მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით;
4.5. მოპასუხე კომპანიამ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიმართ, 2014 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანიას ერიცხება დავალიანება, ჯამში - 73 861,26 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:
4.5.1. პირველი მოსარჩელის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
4.5.2. მეორე მოსარჩელის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
4.5.3. მეოთხე მოსარჩელის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
4.5.4. მესამე მოსარჩელის მიმართ - 18546,66 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,16 აშშ დოლარი.
4.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე კომპანია 25.05.2010 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: .......). საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ ე.ს–ძე 50%, ა.ვ–ძე 50%. პირველი მოპასუხე არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, ამავე დროს, არის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მეორე და მესამე მოპასუხეები არიან ასევე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები;
4.7. მოსარჩელეები მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა დაარღვიეს ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა, ე.წ. „ფიდუციური მოვალეობები".
5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ;
5.2. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებების გამო მათ სესხის სახით გაცემული თანხები ფაქტიურად დაკარგეს. მოსარჩელეების, როგორც გამსესხებელთა, ვითომდა ინტერესების დაცვის მიზნით, თანხების ბუღალტრულად ტრანზაქცირება-პორტირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „.. კ–ის“ ურთიერთდამოკიდებულ პირთან, იმავე სახელწოდების მოპასუხე კომპანიაში იყო წინასწარ განზრახ და გამიზნული ქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის მიმართებით მოსარჩელეების, როგორც კრედიტორების, მხრიდან მოთხოვნის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა. მოსარჩელეთა განმარტებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და დირექტორმა ერთობლივად განზრახ ბრალეულად მიეყენეს საზოგადოებას და საზოგადოების კრედიტორებს ზიანი - საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აერიდებინათ კრედიტორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისათვის;
5.3. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებების დადასტურების მიზნით აღნიშნავდა შემდეგს: შპს მ. „.. კ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა განიზრახეს ოთხი კრედიტორი მოეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, დაარწმუნეს მოსარჩელეები, რომ იმავე სახელწოდების მოპასუხე კომპანიას გააჩნდა საკმაოდ სოლიდური აქტივი მოვალეების ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე. 2012 წლის 18 სექტემბრის N120998379 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 626869 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და, რომ მათ მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა 2012 წლის 18 სექტემბრის ზემოხსენებული N120998379 იპოთეკის ხელშეკრულებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2015 წლის 20 სექტემბრის წერილობით პასუხში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მოპასუხე კომპანიის დირექტორს პირველ მოპასუხეს, როგორც კრედიტორს, 2013 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 626 869 აშშ დოლარი შეუმცირებია, 12.12.2013 წლის სააღსრულებო ფურცელში 2015 წლის 13 იანვარს N150022709 სანოტარო აქტის საფუძველზე შეუტანია ცვლილება და მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - 626869 აშშ დოლარის ნაცვლად მოპასუხე კომპანიამ დაიტოვა მხოლოდ 102 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის მოთხოვნა დაუთმო სხვა ორ ფიზიკურ პირს;
5.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც, მათი განმარტებით, ადასტურებდა მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ეს იყო სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 13 იანვრის სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე კომპანიას, მ.ლ–ძესა და თ.ლ–ძეს შორის 2014 წლის 23 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს ა.მ–ას მიერ 23.12.2014წ. რეგისტრაციის N141392195, N141394209, N141394579) საფუძველზე ცვლილება შევიდა 2013 წლის 12 დეკემბრის N131295216 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 626 869 აშშ დოლარით, აქედან მოპასუხე კომპანიის მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 102 ლარს, მინდია ლორთქიფანიძის მოთხოვნის მოცულობა - 503 919 აშშ დოლარს და თ.ლ–ძის მოთხოვნის მოცულობა - 122 950 აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე მოპასუხე კომპანიის 100% წილის მფლობელი პარტნიორის მესამე მოპასუხის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა მოთხოვნის დათმობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება;
5.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებდა საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს მოპასუხე კომპანიას, მ.ლ–ძესა და თ.ლ–ძეს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იქნა დადებული და ემსახურებოდა არა სხვა კრედიტორის ვალდებულების შესრულებას, არამედ - მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას;
5.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო საქმეზე ვერ დადასტურდა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სადავო პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რის გამოც სასამართლომ სარჩელი პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა დაარღვიეს ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა, ე.წ. „ფიდუციური მოვალეობები“. მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლებია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6. და 9.6. მუხლები.
12. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მხარეს განუმარტავს ე.წ. „ფიდუციური მოვალეობების“ არსს.
13. ზოგადი წესის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებისთვის საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1. მუხლი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით]. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები [დირექტორები] და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; სუსგ №ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი), რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. „ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ“ (იხ. სუსგ №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი).
15. შესაბამისად, თუ დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. საზოგადოების სახელით დირექტორის პასუხისმგებლობის მოთხოვნის უფლება აქვთ როგორც საზოგადოების სხვა დირექტორებს (დირექტორთა საბჭოს) ან სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე პარტნიორებსაც (პარტნიორთა კრებას). იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5. მუხლის საფუძველზე, საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით სარჩელი შესაძლებელია აღძრას საზოგადოების პარტნიორმაც (ე.წ. დერივაციული სარჩელი), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა - პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე.
16. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით გათვალისწინებული, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სოლიდარული პასუხისმგებლობა, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, დგება მხოლოდ საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია სწორედ კომპანიას ან კომპანიის სახელით სხვა უფლებამოსილ პირებს. ამასთან, ამავე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოება ვალდებულია მოითხოვოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დირექტორისაგან. კრედიტორმა კი საზოგადოებას უნდა მოსთხოვოს დააყენოს დირექტორის მიმართ ანაზღაურების მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო განცხადებაში არ არის მითითებული, რომ კრედიტორებმა ეს უფლება განახორციელეს.
17. ზემოაღნიშნულიდან მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეების, როგორც მოპასუხე კომპანიის კრედიტორების, მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის, როგორც დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის, სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლიდან.
18. რაც შეეხება კასატორების მიერ მითითებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6. მუხლს [კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს], აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას (ე.წ. „გამჭოლი პასუხისმგებლობა“), თუმცა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა საკუთარი სარჩელი დააფუძნეს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლის დარღვევაზე და არა - პარტნიორის პასუხისმგებლობაზე.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ შესაძლებელია გამომდინარეობდეს სსკ-ის 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 998.1. მუხლებიდან [თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები].
20. სსკ-ის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).
21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მოპასუხე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ქმედების მართლწინააღმდეგობა. არ დასტურდება, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს მოპასუხე კომპანიას, მ.ლ–ძესა და თ.ლ–ძეს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იქნა დადებული და ემსახურებოდა არა სხვა კრედიტორის ვალდებულების შესრულებას, არამედ - მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნის დათმობის ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი].
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ბ–ის, გ.მ–ის, ჯ.ჭ–ისა და მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ.ბ–ს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს ი.ნ–ას (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 21 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. გ.მ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.ნ–ას (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 21 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. ჯ.ჭ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს ი.ნ–ას (პ/ნ: .........) მიერ 2019 წლის 21 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. მ.თ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.ნ–ას (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 21 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი