საქმე №ას-940-2019 5 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.მ–ძე, გ.ლ–ი (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ბ–ს“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ბ–ს" (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კომპანია“) დაფუძნდა 2014 წლის 03 დეკემბერს. ამჟამად მისი პარტნიორები არიან თ.მ–ძე და ლ.ჭ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“). თითოეულ პარტნიორს ეკუთვნის საზოგადოების წილის 50-50%.
2. კომპანიის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ........
3. კომპანიასა და გ.ლ–ს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) შორის 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დამქირავებლის (კომპანია) დროებით სარგებლობაში გადავიდა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე შენობის მხოლოდ 117,60 კვ.მ სამეურნეო ფართი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
4. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულებაში ნაცვლად „გამქირავებლისა“ მიეთითა „მეიჯარე“, ხოლო ნაცვლად „დამქირავებლისა“ მიეთითა „მოიჯარე“. ამასთან, მეიჯარედ პირველი მოპასუხის ნაცვლად მიეთითა მ.მ–ძე (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“).
5. მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი აღძრეს კომპანიის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო კომპანიის იურიდიულ მისამართზე განთავსებულ მოძრავ ქონებას სრულად. კომპანიას აეკრძალა ყადაღადადებული ქონების დემონტაჟი და ფართიდან გატანა.
6. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ.მ–ძის მიერ 2017 წლის 23 მაისს აღიწერა და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ...... მდებარე მოძრავ ნივთებს, მათ შორის, სხვადასხვა ფერის რბილი ზედაპირის მქონე ლითონის 16 სკამს, თეთრი ფერის ლითონის 3 ცალ მაგიდას და kelon-ის ფირმის 2 ცალ კონდიციონერს.
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ 1 ცალი kelon-ის ფირმის კონდიციონერი (ქარხნული ნომერი: გ - 00 18 5977; შ - 185975) შეიძინა მოსარჩელემ 2015 წლის 22 მაისს. სხვა მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ყადაღისაგან გათავისუფლდეს მისი პირადი ნივთები, კერძოდ: 3 ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდიციონერი kelon 24-BTU და კონდიციონერი kelon 48-BTU.
9. მოსარჩელის განმარტებით, იგი იმყოფება საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ აქვს ხშირი კონტაქტი საქართველოსთან, ოჯახთან და ახლობლებთან. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით (მხარეები: მოსარჩელე - მეორე და მესამე მოპასუხეები; მოპასუხე - კომპანია) სარჩელის უზრუნველსაყოფად კომპანიის ქონებასთან ერთად დაყადაღებულია მისი პირადი საკუთრებაც, რომელიც განთავსებული იყო ქ. ქუთაისში, ..... და რომელიც მოსარჩელის პირადი სახსრებით არის შეძენილი. კერძოდ: 3 ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი და კარსეტული ტიპის ორი კონდიციონერი კელონის ფირმის. ვინაიდან შპს მხოლოდ თავისი ქონებით აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვისი ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული, რის გამოც მოსარჩელის ქონება დაყადაღებული ქონებიდან უნდა ამოირიცხოს.
10. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ.ა–ისა და კ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 3 ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი და 2 ცალი Kelon-ის ფირმის კონდიციონერი (24-BTU და 48-BTU).
12. მეორე და მესამე მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა (მე-2 პუნქტი) და სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-3 პუნქტი).
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ ყადაღადადებულ ნივთებს, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ისე სარჩელის აღძვრის დროისათვის ფლობდა მოპასუხე. მეტიც, თავად მოსარჩელის განმარტებით, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა და „საქართველოსთან, ოჯახთან და ახლობლებთან“ ხშირი კავშირი არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამ ნორმის შესაბამისად, იგულისხმება, რომ სადავო ნივთები მოპასუხეს ეკუთვნის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენა მოსარჩელეს ევალებოდა, თუმცა მას სკამების, მაგიდებისა და ერთი ცალი კონდიციონერის შეძენისა და კუთვნილების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარუდგენია. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ ის შეცდომით დააკმაყოფილა.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი „საგარანტიო ტალონით“ დგინდება, რომ 2015 წლის 22 მაისს შეძენილი კონდიციონერი მოსარჩელემ ქუთაისში, ......, ე.ი. კომპანიის იურიდიულ მისამართზე დაამონტაჟა. ეს ნიშნავს, რომ ყადაღადადებული კონდიციონერებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, გ - 00 18 5977; შ - 185975 - ქარხნული ნომრის მქონე კონდიციონერი, სავარაუდოდ, ის ნივთია, რომელიც მოსარჩელემ 2015 წლის 22 მაისს შეიძინა. კონდიციონერის შეძენის დროისათვის მოსარჩელეს კომპანიის წილი არ ეკუთვნოდა, თუმცა ამჟამად იგი მისი პარტნიორია. მოსარჩელეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში განუმარტავს დამაჯერებლად, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცა სადავო ქონება მოპასუხეს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ სადავო ნივთი 2015 წელს შეიძინა და იმთავითვე მოპასუხე საწარმოს ფართში დაამონტაჟა. „საგარანტიო ტალონით“ დგინდება, რომ შეძენილ ნივთს 2-წლიანი საგარანტიო ვადა ჰქონდა. ბუნებრივია, ეს ვადა 2017 წლის 25 მაისს ამოიწურა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონდიციონერს მოპასუხე ფლობდა.
18. სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვიანია, რომ სადავო ნივთის შესაძენად მოსარჩელემ კომერციულ ბანკთან სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა და სარგებელიც გადაიხადა. ამ ვითარებაში, სასამართლომ მოსარჩელის ჩვენება იმის თაობაზე, რომ კონდიციონერი დას ათხოვა, არასარწმუნოდ მიიჩნია. მით უფრო, რომ კონდიციონერის შეძენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელის და მოპასუხე საწარმოს პარტნიორი აღარც იყო.
19. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მოსარჩელემ კომპანიას კონდიციონერი ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა და მას რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ მოპასუხე ფლობდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186.1 და 158.1 მუხლების საფუძველზე ივარაუდება, რომ აღნიშნული კონდიციონერიც კომპანიას ეკუთვნოდა. ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეში არსებული მასალები. კერძოდ, სასმართლომ კონდიციონერების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც შემძენად მოსარჩელეა დაფიქსირებული არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეში არსებული ამ და სხვა მასალებით, მაგ., სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით, დასტურდება მოსარჩელის მიერ კონდიციონერების შეძენის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ იმ პერიოდისათვის მოსარჩელე არ იყო კომპანიის პარტნიორი. კომპანიის პარტნიორი იმ დროისათვის იყო მოსარჩელის და. მოსარჩელე კომპანიის 50%-იანი წილის მესაკუთრე გახდა სადავო ნივთების შეძენიდან თითქმის ორი წლის შემდეგ;
21.2. სასამართლომ ასევე ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნივთები: ორი კონდიციონერი და მაგიდა სკამებით არ იყო კომპანიის ბალანსზე აყვანილი, შესაბამისად, მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაყადაღების ობიექტი არ უნდა გამხდარიყო. თუკი სასამართლომ თხოვების ფაქტი არასარწმუნო არგუმენტად ჩათვალა, უნდა მიეთითებინა მყარ სარწმუნო არგუმენტზე, რომელიც წარდგენილ დოკუმენტაციას გააბათილებდა, რაზეც არ მიუთითებია მისი არარსებობის გამო;
21.3. სასამართლომ გააკეთა არასწორი დასკვნები. ხაზგასმა გაკეთდა კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებზე და იმაზე, რომ ხელშეკრულებით მოძრავ ნივთებზე არსებობდა გარკვეული დათქმა, რომლითაც მოიჯარეს რჩებოდა მის მიერ შეძენილი ქონება: ავეჯი, ინვენტარი, დანადგარები და ა.შ., თუმცა კომპანიის ქონებასთან ერთად ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც იყო არა კომპანიის, არამედ მოსარჩელის საკუთრება;
21.4. როგორ შეიძლება ჩაითვალოს მფლობელი მესაკუთრედ, როდესაც არსებობს მოძრავი ნივთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ დოკუმენტით შემძენი მოსარჩელეა. საქმეში საზოგადოების წესდების ან საწარმოს სხვა დოკუმენტის არარსებობა გადაწყვეტილებას კანონიერს და იურიდიულად დასაბუთებულს ვერ გახდის. მითითება, რომ მოსარჩელეს არ განუმარტავს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცა სადავო ქონება მოპასუხეს, არასწორია, რადგან ასეთ განმარტებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი და ეს ასახულია სხდომის ოქმშიც. მოსარჩელეს მის მიერ შეძენილი ნივთები საკუთრების უფლებით შპს-თვის არ გადაუცია და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები არასწორია.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
24. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია წარმოადგენს თუ არა სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები: 3 ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი და ორი კონდიციონერი მოსარჩელის საკუთრებას.
25. კასატორის ძირითადი პრეტენზია საქმეში არსებული მტკიცებულებების არასათანადო შეფასებას ემყარება. იგი დავობს, რომ ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთები არა კომპანიის, არამედ მის პირად საკუთრებას წარმოადგენს, რის გამოც კომპანიის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მათი დაყადაღება დაუშვებელი იყო.
26. მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები [თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს] და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი [ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე].
27. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ დავებზე საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. იმავე კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მოვალის ქონებად მიიჩნევა (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან განთავისუფლება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1777-1755-2011, 04 ივნისი, 2012 წელი; Nას-1107-1027-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნულ მუხლში წარმოდგენილია კანონისმიერი ვარაუდი (praesumption juris), რომლის უარყოფაც საწინააღმდეგოს დამტკიცებით არის შესაძლებელი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, გვ. 51). ეს ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (იხ. სუსგ საქმე Nას-1777-1755-2011, 04 ივნისი, 2012 წელი; Nას-1107-1027-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ საქმე Nას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; Nას-1202-1144-2014, 06 თებერვალი, 2015 წელი). დასახელებული სამართლებრივი ნორმითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტის [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს] შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. ამ გარემოებების დამტკიცება იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პირველი მოპასუხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული მოძრავი ნივთების: 3 ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი და 2 კონდიციონერი, ყადაღისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები წარმოადგენს არა პირველი მოპასუხის/კომპანიის, არამედ მის პირად საკუთრებას. მეორე და მესამე მოპასუხეები უარყოფენ აღნიშნულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ხოლო მოსარჩელეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული და კომპანიის ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული 3 მაგიდა, 16 სკამი და ერთი კონდიციონერი მისი საკუთრებაა.
31. სადავო არ არის, რომ აღნიშნული 3 მაგიდა, 16 სკამი და ერთი კონდიციონერი განთავსებულია კომპანიის იურიდიულ მისამართზე ქ. ქუთაისში, ......... შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარადგინა დასახელებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ სადავო მაგიდები, სკამები და ერთი კონდიციონერი კომპანიის საკუთრებაშია. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება აღნიშნული პრეზუმფიციის გამაქარწყლებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
32. სარჩელში დასახელებულ მეორე კონდიციონერთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია, რომ არ დასტურდება მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლება.
33. კერძოდ, სარჩელს ერთვის მოსარჩელესა და სს „თ.ბ–ს“ შორის 22.05.2015წ. გაფორმებული საბანკო კრედიტისა და გირავნობის NP1505226IEVR8J7 ხელშეკრულება, საიდანა ირკვევა, რომ მოსარჩელემ „სწრაფი განვადებით“ (საბანკო კრედიტის ტიპი) სავაჭრო მომსახურების ობიექტში - შპს „თ–ი“ (ელიტ ელექტრონიქსი) შეიძინა ერთი ცალი კონდიციონერი - kelon 4 625 ლარად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-34). სარჩელს ასევე ერთვის შპს „თ–ის“ მიერ 22.05.2015 წელს მყიდველის/მოსარჩელის მიმართ გაცემული საგარანტიო ტალონი, რომელიც გაიცა kelon-ის ბრენდის კონდიციონერზე, მოდელი - AUC-48 HR6SHA, სერიული/ქარხნული ნომერი გ (0.0.1859..) შ (185975) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39). მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული კონდიციონერის მოსარჩელის მიერ შეძენის ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ დასახელებული კონდიციონერი სწორედ ის კონდიციონერია, რომლის ყადაღისგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე (იხ. შესაგებელი ტ. 1, ს.ფ. 98-108; საკასაციო შესაგებლები, ტ. 1, ს.ფ. 386-399; სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 233-252). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ზემოთ მითითებული კონდიციონერის შეძენის დროისათვის - 2015 წლის 22 მაისს მოსარჩელე კომპანიის პარტნიორს არ წარმოადგენდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 311-318).
34. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ kelon-ის ფირმის ერთ კონდიციონერთან მიმართებით (სერიული/ქარხნული ნომერი გ (0.0.1859..) შ (185975)) მოსარჩელემ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მისი საკუთრების უფლების დადასტურება. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ გამოდგება ის უდავო ფაქტი, რომ ამ კონდიციონერს კომპანია მოიხმარდა და მოსარჩელის პირდაპირ მფლობელობაში არ იმყოფებოდა. მოპასუხეს არ წარუდგენია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები ან/და არგუმენტები, რომლებიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, სახეზეა აღმასრულებლის 2017 წლის 23 მაისის აქტით კომპანიის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული კონდიციონერებიდან ერთზე ყადაღის მოხსნის საფუძველი.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ.ა–ის და კ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული 1 ცალი Kelon-ის ფირმის კონდინციონერი საგარანტიო ტალონში მითითებული სერიით - გ (0.0.1859..) შ (185975); დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
38. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 1 ცალი Kelon-ის ფირმის კონდიციონერი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც აიკრძალა ყადაღადადებული ნივთების: 3 ცალი მაგიდის, 16 ცალი სკამის და 1 ცალი „კელონის“ ფირმის კასეტური კონდენციონერის აუქციონის წესით რეალიზაცია და მეორე და მესამე მოპასუხეებს აეკრძალათ აღნიშნული ნივთებით სარგებლობა. ხოლო, აღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შენარჩუნდეს 1 ცალ „კელონის“ ფირმის კონდენციონერზე საგარანტიო ტალონში მითითებული სერიით - გ (0.0.1859..) შ (185975).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ.ა–ის და კ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული 1 ცალი Kelon-ის ფირმის კონდენციონერი საგარანტიო ტალონში მითითებული სერიით - გ (0.0.1859..) შ (185975);
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც აიკრძალა ყადაღადადებული ნივთების: 3 ცალი მაგიდის, 16 ცალი სკამის და 1 ცალი „კელონი“-ს ფირმის კასეტური კონდენციონერის აუქციონის წესით რეალიზაცია და მ.მ–ძეს და გ.ლ–ს აეკრძალათ აღნიშნული ნივთებით სარგებლობა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შენარჩუნდეს 1 ცალ „კელონი“-ს ფირმის კონდენციონერზე საგარანტიო ტალონში მითითებული სერიით - გ (0.0.1859..) შ (185975);
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი