საქმე №ას-1290-2020 14 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.კ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ი.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი მ.გ–ძის (დაბადებული 2013 წლის 25 აპრილს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 31 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2013 წლის სექტემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების N2/10182-14 საფუძველზე;
4.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 25 აპრილს, შეეძინათ შვილი მ.გ–ძე (შემდგომში - „არასრულწლოვანი შვილი“ ან „არასრულწლოვანი ბავშვი“);
4.3. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ბესიკ კანთელაშვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე: თბილისი, ........, საკადასტრო კოდი ...... კომუნალურ გადასახადებს იხდის მოსარჩელე;
4.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2018 და 2019 წლებში დარიცხული ხელფასის ანგარიშისა და სსიპ შემოსავლების სამსახურში 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვარში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, თებერვალში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, მარტში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აპრილში - 53.01 ლარს და 2442.86 ლარს, მაისში - 2231.82 ლარს და 53.01 ლარს, ივნისში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ივლისში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, აგვისტოში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, სექტემბერში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ოქტომბერში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, ნოემბერში - 1800 ლარს და 53.01 ლარს, დეკემბერში - 1925 ლარს და 53.01 ლარს; 2019 წლის იანვარში - 1800 ლარს და 52.16 ლარს, თებერვალში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მარტში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აპრილში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, მაისში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივნისში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ივლისში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, აგვისტოში - 1800 ლარს და 50.36 ლარს, სექტემბერში - 1800 ლარს და 50.35 ლარს, ოქტომბერში - 1800 ლარს და 50.35 ლარს. მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით მოსარჩელე ასრულებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობას;
4.5. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი ........., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ......., საკადასტრო კოდი ......., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე;
4.6. არასრულწლოვანი ბავშვი სწავლობს კერძო სკოლაში შპს „პ–ი“, რომელშიც სრული პაკეტის ღირებულება ერთი სასწავლო წლისათვის შეადგენს 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო მომსახურების ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარში. სწავლის ღირებულება გადანაწილებულია 10 თვეზე. სწავლის საფასურს იხდის მოსარჩელე. არასრულწლოვანი ბავშვი დადის დამატებით ხატვისა და ჭადრაკის წრეებზე წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე, რომლის საფასური შეადგენს შესაბამისად 40 ლარს და 30 ლარს;
4.7. არასრულწლოვანი ბავშვის დიაგნოზია ალერგიული რინიტი, დაუზუსტებელი, ვაზომოტორული რინიტი, ინფექციით გართულებული, ატოპიური დერმატიტი, ვიტამინი D-ს დეფიციტი. ექიმის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი დაკავდეს ცურვით. ექიმთან ვიზიტის, მედიკამენტებსა და სამედიცინო გამოკვლევების თანხებს იხდის მოსარჩელე. ეს უკანასკნელი არასრულწლოვანი შვილის მოვლის მიზნით საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში და 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში. მოსარჩელის დიაგნოზია ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), არაალერგიული ასთმა, ატოპიური დერმატიტი. მოსარჩელეს ჩატარებული აქვს გარკვეული გამოკვლევები.
4.8. მოსარჩელეს სს ,,ს.ბ–ის“ წინაშე აქვს სასესხო ვალდებულებები, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს;
4.9. მოპასუხეს საკრედიტო და საბანკო დაწესებულებების წინაშე აქვს სასესხო დავალიანებები, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხებს;
4.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხეს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი. მოპასუხე არის მოქმედი ადვოკატი. იგი, თ.გ–ძესთან ერთად, არის სპს „ი.გ–ძის საადვოკატო ბიურო და არბიტრაჟის“ დირექტორი და პარტნიორი. სს „ს.ბ–ში“ სპს „ი.გ–ძის საადვოკატო ბიურო და არბიტრაჟის“ ანგარიშზე ფიქსირდება გარკვეული თანხის ჩარიცხვა და განაღდება;
4.11. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან, მ.ჩ–ძესთან, ერთად მისამართზე: თბილისი, ......... ეს უკანასკნელი არის ასაკით პენსიის მიმღები პირი. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ........., მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ........., ასევე, მუნიციპალიტეტი ხარაგაული, სოფელი ........, საკადასტრო კოდი ......... და მუნიციპალიტეტი ხარაგაული, სოფელი ........, საკადასტრო კოდი ........., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ.ჩ–ძის სახელზე.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ უთითებდა მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა მისი მოწინააღმდეგე მხარისაგან ისეთი შემოსავლის არსებობას, რომლის შესაბამისად მიზანშეწონილი იქნებოდა მოპასუხისათვის 1000 ლარის დაკისრება ალიმენტის სახით. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს აქვს საადვოკატო ბიურო და იგი მისი დირექტორია, არ ნიშნავს, რომ მას აქვს დიდი შემოსავალი. აღნიშნული გარემოების პირდაპირი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტის თანხა 350 ლარის ოდენობით სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვს გართულებული ალერგიული რინიტის გამო ესაჭიროება ყოველთვიური მკურნალობა, მედიკამენტები. ყოველთვიური ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხა ექიმთან ვიზიტის ჩათვლით შეადგენს 140 ლარს, ხოლო მხოლოდ ალერგიის სამკურნალო წამლების თანხა - 103 ლარს. გარდა ამისა, ბავშვი ხშირად ავადობს გაციებით და ვირუსული ინფექციებით. საერთო ჯამში, ყოველთვიურად ბავშვს ესაჭიროება 200-250 ლარის ღირებულების წამლები და ექიმთან ვიზიტის თანხები;
11.2. სასამართლო მსჯელობს, რომ ბავშვს ესაჭიროება ცურვა, თუმცა, ალიმენტის თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ცურვისთვის საჭირო თანხები;
11.3. გარდა ამისა, ბავშვმა წელიწადში ერთხელ მაინც და მით უმეტეს, გართულებული ჯანმრთელობის ფონზე, უნდა გამოიცვალოს ჰაერი, რაც აღემატება დედის ფინანსურ შესაძლებლობებს. ბავშვს ასევე ესაჭიროება ჰალოთერაპია, რომლის ერთი კურსის ღირებულება შეადგენს 100 ლარს.
12. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე [მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ], 1234.1. [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან], 1198.2. [მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება] და 1202.2. მუხლები [მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ].
13. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2. მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
14. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ალიმენტის თანხის ოდენობას.
15. სსკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).
17. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს. ამასთან, აღნიშნული მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი).
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრეს ყოველთვიურად 350 ლარი. ამასთან, მოპასუხის მატერიალური შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში მოსარჩელეს უნარჩუნდება სსკ-ის 1221.2. მუხლით [იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა] დადგენილი წესით ახალი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი