საქმე №ას-1789-2018 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა.დ–ვა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე –
შპს „დ....“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საგარანტიო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისის მერიასა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „აპელანტი“) და შპს „დ....“-ს (შემდგომში - „კომპანია“, „მიმწოდებელი“, „პრინციპალი“ ან „მესამე პირი“) შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო N1.1.1/30/87-3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება თანხაზე - 479 997,98 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა სს „ს.კ.ა–ის“ (ამჟამად - სს „ა.დ–ვა“) (შემდგომში - „მოპასუხე“, „სადაზღვევო კომპანია“, „გარანტი“ ან „კასატორი“) მიერ 14 400 ლარის ოდენობით, 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
2. მოსარჩელესა და კომპანიას შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულება თანხაზე - 416 999,90 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, სამგორის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა მოპასუხის მიერ 12 510 ლარის ოდენობით, 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.1/30/87-1 და N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულებები მოქმედებდა მათი გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების 4.1 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (წარმოდგენილი მოსარჩელის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის სახით) მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარების წესი, რომლის თანახმად: შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ და წარუდგინოს ანგარიშები (შესრულებული ვალდებულების შესახებ); მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი განახორციელებს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებას და შემოწმების შედეგებს აცნობებს შემსყიდველს, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 პუნქტში მითითებული პირები).
5. ხელშეკრულებების მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ თუ რა ჩაითვლებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად:
- ხელშეკრულებების 12.3 პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით.
- ხელშეკრულებების 12.4 პუნქტის თანახმად კი, თუ მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეულია შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებისათვის აუცილებელი დროის გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული წინამდებარე ხელშეკრულების 12.2 და 12.3 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
6. საბანკო გარანტიების თანახმად, გარანტმა იკისრა ვალდებულება, რომ საგარანტიო თანხას გადაიხდიდა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე.
7. მოსარჩელემ 2014 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხეს კომპანიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხების ნაწილის - 11 167,12 ლარის ნაცვლად - 9 103,15 ლარისა და 7 011,03 ლარის ნაცვლად 5 844,50 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე.
8. მოსარჩელემ 2014 წლის 25 ივლისს კვლავ მიმართა წერილობით მოპასუხეს კომპანიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის (ვადაგადაცილების) გამო საგარანტიო თანხების სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. კერძოდ, N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულების გარანტიის სახით მოითხოვა 7 011,03 ლარი, ხოლო N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 167,12 ლარი.
9. კომპანიის მიერ N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესახებ, უნდა შესრულებულიყო - 2013 წლის 10 მაისამდე. ხელშეკრულების შესაბამისად, ვადის დარღვევად არ ჩაითვლებოდა, თუ ხელშეკრულება შესრულდებოდა 10 მაისიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 2013 წლის 09 ივნისის ჩათვლით. დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა - 2013 წლის 11 ივნისს (იხ. 16.04.2013წ. N07-18/3001 წერილი, ს.ფ. 164; მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 165-166).
10. დადგენილია, რომ 2013 წლის 16 აპრილის N07-18/2997 წერილით კომპანიას N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას, ჯავახეთის, საცხენისისა და ვარკეთილის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად განესაზღვრა ვადა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ჯავახეთის ქუჩის სამუშაოების შესასრულებლად - 2013 წლს 30 აპრილამდე. 2013 წლის 14 ივნისის N07- 18/13165190 წერილით კი, აღნიშნული ვადა გაგრძელდა - 2013 წლის 24 ივნისამდე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა - 2013 წლის 02 ივლისს.
11. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 20.02.2013წ. N FRI/13-019637 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 7 011,03 ლარის, ხოლო 20.02.2013წ. N FRI/13-019638 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 11 167,12 ლარის გადახდის დაკისრება.
12. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გარდა, სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
12.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 16.04.2013წ. N07-18/3001 წერილით კომპანიას ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის გლდანულას გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 10 მაისამდე, თუმცა კომპანიამ გლდანულას გზის მოასფალტების სამუშაოები განახორციელა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 11 ივნისს (ვადაგადაცილებულ იქნა 30 დღეზე მეტი ვადით);
12.2. საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ 2013 წლის 08 ივნისის მდგომარეობით კომპანიამ შეასრულა 107 760,94 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 372 237,04 ლარი, რომლის 3% შეადგენს 11 167,12 ლარს;
12.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 16.04.2013წ. N07-18/2997 წერილით კომპანიას ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ჯავახეთის ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 30 აპრილამდე, თუმცა კომპანიამ ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები განახორციელა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 02 ივლისს (ვადაგადაცილებულ იქნა 30 დღეზე მეტი ვადით);
12.4. საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ 2013 წლის 29 მაისის მდგომარეობით კომპანიამ შეასრულა 183 299,11 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 233 700,79 ლარი, რომლის 3% შეადგენს 7 011,03 ლარს;
12.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 4.1 პუნქტის თანახმად, „შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად ეცნობება მიმწოდებელს“, ხოლო 12.3 პუნქტის მიხედვით, „კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით;
12.6. მოსარჩელემ რამდენჯერმე, 2014 წლის 31 იანვარს, 28 მარტსა და 25 ივლისს წერილობით მიმართა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა კომპანიის მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ნაწილის ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდა, თუმცა მოპასუხემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ უარი განაცხადა.
13. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:
13.1. მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებების 4.1 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) კომპანიას მოსარჩელისაგან (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური) ეტაპობრივად ეცნობებოდა;
13.2. 16.04.2013წ. N07-18/3001 წერილით კომპანიას კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოების დასრულებისათვის, მათ შორის გლდანულას გზაზე განესაზღვრა ვადა 2013 წლის 10 მაისამდე, თუმცა არ დასტურდება აღნიშნული წერილის პრინციპალისათვის ვადაში ჩაბარების ფაქტი. ამავე დროს შეუძლებელია სამუშაოთა შესრულების დასრულების თარიღად აღნიშნული თარიღი მივიჩნიოთ, რადგან დასრულების შემდგომ უნდა მომხდარიყო სამუშაოს შეფასება შპს „ლაბორატორიის“ მიერ, რომელიც ვადასთანაა დაკავშირებული;
13.3. 2014 წლის 31 იანვარს ბენეფიციარმა მოითხოვა 9 103,1505 ლარი, შესაბამისად, თანხის ოდენობის გაზრდა განხორციელდა ვადის გასვლის შემდგომ და მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია;
13.4. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ვერ მიიჩნევა გეგმა-გრაფიკად. შესაბამისად, ვადების განსაზღვრა არ შეიძლება მხოლოდ ამ დოკუმენტით მომხდარიყო. ბენეფიციარი მიუთითებს გლდანულას გზის შესაკეთებელი სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობაზე და სწორედ აქედან ახდენს საბანკო გარანტიის ამოქმედებას. ეს მოთხოვნა თავისთავად უსაფუძვლოა, ვინაიდან პრინციპალის მიერ აღნიშნული სამუშაო შესრულდა იმ ვადაში, რა ვადაც არ ითვალისწინებს საბანკო გარანტიის ამოქმედებას;
13.5. 16.04.2013წ. N07-18/2997 წერილით კომპანიას განესაზღვრა ვადა კონკრეტულ ობიექტზე, მათ შორის ჯავახეთის ქუჩის სამუშაოების შესასრულებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ შეგნებულად არ მიუთითა იმავე წლის 14 ივნისის N07-18/13165190 წერილით აღნიშნული ვადის შეცვლისა და მისი 2013 წლის 24 ივნისამდე განსაზღვრის თაობაზე;
13.6. ვინაიდან საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ პრინციპალის მიერ სამუშაოები შესრულდა 02 ივლისს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ვადაგადაცილებად 30 დღეზე მეტი ვადით. შესაბამისად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ბენეფიციარს გარანტისაგან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობების შესრულება მოეთხოვა;
13.7. ბენეფიციარის მიერ უსაფუძვლოდ არის ამოქმედებული საბანკო გარანტიის პირობები. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით არ არის გაწერილი შესასრულებელი სამუშაოები. იგი განისაზღვრებოდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ეტაპობრივად მიცემული სამუშაოებით, რომელთაც თავის მხრივ ვადები გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარი მიუთითებს ჯავახეთის ქუჩის შესაკეთებელი სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ და სწორედ აქედან ახდენს საბანკო გარანტიის ამოქმედებას. ეს მოთხოვნა თავისთავად უსაფუძვლოა, ვინაიდან პრინციპალის მიერ სამუშაო შესრულდა იმ ვადაში, რა ვადაც არ ითვალისწინებს საბანკო გარანტიის ამოქმედებას;
13.8. ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებულ ქუჩებზე პრინციპალის მიერ სამუშაოები ჩატარდა ვადაში ან/და ვადის შემდეგ 30 დღის განმავლობაში, არ არსებობს საბანკო გარანტიის პირობების ამოქმედების საფუძველი.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით წინამდებარე საქმეში მესამე პირად ჩაერთო კომპანია.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 844,50 ლარისა და 9 103,15 ლარის გადახდა.
18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ვადის 2 დღით გადაცილება არ მიიჩნია ისეთ არსებით გარემოებად, რაც შეიძლებოდა საგარანტიო თანხის გამოთხოვის საფუძველი გამხდარიყო. მოპასუხე (გარანტი) კი შესაგებელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც მოპასუხის მოსაზრებით, საგარანტიო თანხის ანზღაურებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველია.
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება. სამოქალაქო კოდექსის 885.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. მოთხოვნაში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-894-834-2017, 03 ნოემბერი, 2017 წელი). გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.
21. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 887.1 მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
22. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ნაკისრი ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება. სსკ-ის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარანტი, არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე, როგორიც არის - პრინციპალის მიერ დარღვეული ვალდებულების კონკრეტული აღწერა ან/და ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბენეფიციარს გარანტისთვის ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება გააჩნდა.
24. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სსკ-ის 887.1 მუხლი). დასახელებულ პირობათაგან არცერთს აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბანკო გარანტია რაიმე დამატებით პირობას არ ითვალისწინებდა და მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. რაც შეეხება, ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია (იხ. სუსგ საქმეზე Nას-894-834-2017, 03 ნოემბერი, 2017 წელი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე გარანტი იღებს ვალდებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა აუნაზღაუროს ბენეფიციარს“, გულისხმობს გარანტისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევისა და საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოპასუხის მტკიცება, რომ გარანტიის პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის ვალდებულება, უტყუარად დაემტკიცებინა გარანტისთვის პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას კონკრეტული საბანკო გარანტია არ მოიცავდა.
26. პრინციპალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალს რეგრესის წესით მოუწევს თანხის ანაზღაურება გარანტისათვის და ამავდროულად ექნება პრეტენზია ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან, შესრულების ხარისხთან, ვადასთან და ა.შ, მას შეეძლება ედავოს ბენეფიციარს და აღნიშნული დავის ფარგლებში, ხელშეკრულების მხარეთა მონაწილეობით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ესა თუ ის გარემოება.
27. შესაბამისად, ვინაიდან, მოსარჩელემ 9 103,15 ლარისა და 5 844,50 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გარანტს წარუდგინა საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიერ 9 103,15 ლარისა და 5 844,50 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და ამ ნაწილში სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
28. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, გარანტიის თანხის მოთხოვნის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს. მითითებული წესი განმტკიცებულია სსკ-ის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ან/და ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ (იხ. სუსგ საქმე Nას-1353-1277-2012, 01 ივლისი, 2013 წელი; Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა კომპანიის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული საგარანტიო თანხების ნაწილის - 11 167,12 ლარის ნაცვლად - 9 103,15 ლარისა და 7 011,03 ლარის ნაცვლად 5 844,50 ლარის ანაზღაურების თაობაზე. 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა წერილობით მოპასუხეს და ამჯერად N1.1.1/30/87-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების გარანტიის სახით, 7 011,03 ლარის, ხოლო N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 16712 ლარის ანაზრაურება მოითხოვა.
29. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე, 887-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული თანხების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წარადგინა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ მოპასუხის მიმართ 2014 წლის 25 ივლისს გაგზავნილი წერილი წარმოადგენდა 2014 წლის 31 იანვარს გაგზავნილი მოთხოვნის დაზუსტებას და არა ახალ მოთხოვნას, თუმცა აპლანტმა აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით სასამართლოს კვალიფიციური დასაბუთება ვერ წარუდგინა, რაც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
31. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
31.1. სასამართლომ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 885, 887 მუხლები), რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი;
31.2. 31.01.2014 წელს ბენეფიციარმა N1.1.1/30/87-3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წარუდგინა გარანტს, თუმცა მოთხოვნა არ შეიცავდა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის მითითებას და შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის მოცულობას. ბენეფიციარმა მხოლოდ სარჩელის წარდგენის ეტაპზე მიუთითა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ გლდანულას გზაზე სამუშაოთა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა. კერძოდ, 16.04.2013წ. N07-18/3001 წერილით კომპანიას კონკრეტულ ობიექტებზე სამუშაოების დასრულებისათვის, მათ შორის გლდანულას გზაზე, განესაზღვრა ვადა 2013 წლის 10 მაისამდე, თუმცა მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში არ მოხდა სამუშაოთა დასრულება;
31.3. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის შესაბამისად, „კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით“. საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ გლდანულას გზის შეკეთება განხორციელდა შესრულების ვადის დასრულებიდან 30 დღეში და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 11 ივნისს, ვინაიდან 09 ივნისი დაემთხვა კვირა დღეს;
31.4. კასატორმა მოიხმო ხელშეკრულების 7.1, 7.2, 12.4 პუნქტები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ცალსახადაა განსაზღვრული, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა. უდავო გარემოებაა, რომ ექსპერტიზის ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს და წარმოუდგენელია მიმწოდებლის მიმართვისთანავე მოხდეს დასკვნის გაკეთება, მით უფრო ხარისხობრივი, რომელიც დამატებით კვლევას მოითხოვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტში არ არსებობდა სამუშაოთა დაგვიანებით შესრულების შესახებ აღნიშვნა და შემსყიდველის მიერ სრულად მოხდა სამუშაოთა ანაზღაურება (იხ. შესყიდვების სააგენტოს ელ.გვერდიდან გადახდების ამონაწერი, რომელიც შუამდგომლობით წარადგინა მოპასუხემ), პირგასამტეხლოს დაქვითვის გარეშე. მოპასუხემ ასევე წარადგინა სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც დასტურდებოდა გლდანულას გზაზე 03-06 ივნისამდე სამუშაოთა შესრულების ფაქტი. შესაბამისად, ვადაგადაცილებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მიღება-ჩაბარების გაფორმების ვადა კავშირში არაა სამუშაოთა ფაქტობრივად შესრულების ვადასთან;
31.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, კანონმდებელი გარანტს ანაზღაურებაზე უარის თქმის ორ ძირითად საფუძველს უწესებს: ა) როცა მოთხოვნა არ შეესაბამება საგარანტიო პირობებს და ბ) როცა მოთხოვნა წარდგენილია საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ აპელანტის მიერ საგარანტიო ვადაში 31.01.2014 წელს მოხდა შემდეგი მოთხოვნის წარდგენა: FRI/13-019638 გარანტიიდან გამომდინარე 9 103,1505 ლარის, ხოლო FRI/13-019637 გარანტიიდან გამომდინარე 5 844,5058 ლარის ჩარიცხვის თაობაზე, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები არ იყო წარდგენილი გარანტიის პირობების შესაბამისად. კერძოდ, მასში არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე და არ ახლდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
31.6. სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ „საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია“;
31.7. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტია დამოუკიდებელი ბუნებისაა და ძირითად ვალდებულებაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი მიზნობრივი დანიშნულებით და არა ბენეფიციარის შეხედულებისამებრ. საბანკო გარანტია გაიცემა პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი ზიანის საკომპენსაციოდ. საგარანტიო ანაზღაურების განხორციელება გარანტის მიერ ხდება საბანკო გარანტიის პირობების და არა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. დამოუკიდებლობის პრინციპი არის ის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც განასხვავებს საგარანტიო ურთიერთობას სხვაგვარი ურთიერთობისაგან. გარანტი კისრულობს ვალდებულებას, მოახდინოს თანხის გადახდა მის მიერ გაცემული გარანტიის პირობების საფუძველზე;
31.8. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობისა და გარანტიის პირობების უპირატესობის პრინციპი აღიარებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესებითა და „დამოუკიდებელი აკრედიტივისა და რეზერვული აკრედიტივების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისად. ამ დოკუმენტებით აღიარებულია საბანკო გარანტიათა მიმართ მოქმედი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრინციპი: 1) კეთილსინდისიერება, 2) დამოუკიდებლობა, 3) არააქცესორულობა, 4) მოთხოვნის მართლზომიერება, 5) გარანტიის პირობებთან ზუსტი შესაბამისობა;
31.9. კეთილსინდისიერების პრინციპი: გაეროს კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, „კონვენციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას ბენეფიციარი ვალდებულია უფლება- მოვალეობები განახორციელოს კეთილსინდისიერად და გონივრული წინდახედულებით”. გარანტი არ შეიძლება განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევისა და უხეში, გაუფრთხილებელი ქმედების ჩადენის შემთხვევაში. ამავე კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით, „ბენეფიციარი, გადახდის მოთხოვნის განხორციელებისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მოთხოვნის განხორციელებისას არ არის დარღვეული კეთილსინდისიერების პრიციპი და არ არსებობს ამ კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობა“, „ნებისმიერი გადახდა, რომელიც არ განხორციელდა მე-15 მუხლის პირობების დაცვით არ უნდა იწვევდეს პრინციპალის ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას“ (17.2). აღნიშნული ნორმები საგარანტიო ურთიერთობების სუბიექტებს კეთილსინიდისიერების პრინციპის დაცვის ვალდებულებას აკისრებს. ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შებოჭილია ბენეფიციარი, რომელმაც სწორად უნდა განახორციელოს მოთხოვნა, ისე, რომ მის მიერ განხორციელებული მოთხოვნის შედეგად ზიანი არ მიადგეს პრინციპალის ინტერესებს;
31.10. კეთილსინდისიერების პრინციპი ბოჭავს როგორც გარანტს, ისე ბენეფიციარს - სწორად მართოს საგარანტიო მოთხოვნის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაკარგონ მოთხოვნის უფლება. უნიფიცირებული წესები N458-ის შესაბამისად, გარანტის მიერ მოთხოვნის შემოწმება უნდა მოხდეს სათანადო გულისხმიერების პრინციპით. აღნიშნული პრინციპი ასევე დაცულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის ჩანაწერში;
31.11. დამოუკიდებლობის პრინციპი უნიფიცირებული წესების მე-5 მუხლშია გათვალიწინებული. კერძოდ, გარანტია თავისი ბუნებით არ არის დამოკიდებული ძირითად გარიგებასა და განცხადებებზე, ხოლო გარანტი არანაირად არ არის შეზღუდული და არ არის შემოსაზღვრული ამგვარი გარიგებებით. იდენტიფიკაციის მიზნით გარანტიაში ძირითადი გარიგების მითითება არ ცვლის გარანტიის დამოუკიდებელ ბუნებას. გარანტის ვალდებულება - გადაიხადოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა, არ არის დამოკიდებული რაიმე ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე, გარდა გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობისა. თითქმის იგივე ჩანაწერია გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში;
31.12. გარანტიის დამოუკიდებელ ბუნებასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განმარტება საქართველოს უზენასესმა სასამართლომ. მათ შორის განასხვავა გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულება უზრუნველყოფის ვალდებულების შინაარსიდან და მისგან გამომდინარე სხვაგვარი მოთხოვნისაგან (სუსგ საქმე Nას-562-871–09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი; N3კ-62-01-17, 20 იანვარი, 2001 წელი; Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი);
31.13. კონვენციის შესაბამისად, „საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს გარანტიის პირობების შესაბამისად“ (7.2). მოთხოვნა შესაბამისი უნდა იყოს გარანტიის პირობებთან და მასში ზუსტად უნდა იქნეს აღწერილი ვალდებულების დარღვევის შესახებ და დაერთოს მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული პრინციპი ცნობილია, როგორც „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპი და იგი გათვალისწინებულია სსკ-ის 885-ე მუხლით. აღნიშნული პრინციპის დარღვევა, სსკ-ის 887-ე მუხლთან ერთად გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია. სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმაზე, კერძოდ, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აღნიშნული ნორმა ავსებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ (სუსგ საქმე Nას-781-996-08);
31.14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე N2ბ/3772-14 (შესულია კანონიერ ძალაში) აღნიშნულია, რომ „მართალია კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, თუმცა გარანტი მაინც ვალდებულია ბენეფიციარისთვის თანხის გადახდამდე, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეამოწმოს თანხის გადახდის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლები და გარანტიის ვადა“;
31.15. საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა სახელშეკრულებო ბონდების უნიფიცირებული წესები - URCB N758, რომელიც ცალსახად განმარტავს გარანტიას, როგორც ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ და აქცესორულ უფლებას. ამასთან, ბენეფიციარის მოთხოვნის უფლებას უკავშირებს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევას. თითოეულ შემთხვევაში გარანტის ვალდებულება დამოკიდებულია (აქცესორულია) პრინციპალის ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებაზე და ამგვარი დამოკიდებულება შეუზღუდავია - საავანსო უზრუნველყოფის, ხელშეკრულების შესრულების, სატენდერო და ხარისხის გარანტიებისათვის. URCB საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც დოკუმენტურ ურთიერთობას. კერძოდ, იგი უნდა იქნეს გაცემული წერილობითი ფორმით. ამასთან, მისგან გამომდინარე მოთხოვნა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა იქნეს გათვალისწინებული პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
31.16. URCB საგარანტიო მოთხოვნის წარდგენისას მტკიცების უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს ბენეფიციარისათვის და მოთხოვნის საფუძვლის არსებობას პირდაპირ უკავშირებს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევას. შესაბამისად, მისი აქცესორული ბუნება, რომელიც თავად წესების ძირითად ტექსტშია განმარტებული, გარანტიის მოთხოვნას უკავშირებს ძირითადი ვალდებულების არსებობას. გარანტი ვალდებულია მოახდინოს მოთხოვნის სათანადო და სრული შემოწმება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უარი უთხრას ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც წერილობითი სახით უნდა იქნეს გადაცემული;
31.17. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, რომ არ არსებობდა ბენეფიციარის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, ადგილი არ ქონდა გარანტიის ამოქმედების წინაპირობას. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა 887-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ გარანტის მიერ არ უნდა მომხდარიყო ბენეფიციარის მოთხოვნის შესწავლა და უპირობოდ მოეხდინა თანხის გადარიცხვა, რაც ეწინააღმდეგება უნიფიცირებული წესებით დადგენილ მოთხოვნებს და თვით სასამართლო პრაქტიკას;
31.18. სასამართლო პრაქტიკითაც დადასტურებულია, რომ გარანტი ვალდებულია ფორმალურად შეამოწმოს წარდგენილი მოთხოვნა. შესაძლოა გარანტიის პირობა დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებდეს, თუმცა აუცილებელია მოხდეს მინიმუმ იმის მითითება, რომ პრინციპალმა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
31.19. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საბანკო გარანტია რაიმე დამატებით პირობას არ ითვალისწინებდა და მოთხოვნა გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. საბანკო გარანტია, ითვალისწინებდა გარანტის ვალდებულებას, მოეხდინა საგარანტიო თანხის ანაზღაურება პრინციპალის მეირ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენა უნდა მომხდარიყო პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში. ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა არ შეიცავდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე მითითებას, ასევე არ ახლდა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
31.20. განსახილველი დავა, საბანკო გარანტიის ანაზღაურების არამართლზომიერი მოთხოვნის კლასიკური მაგალითია, როცა ბენეფიციარი, რომელმაც მიიღო შესრულება 2 დღიანი ვადაგადაცილების მიზეზით (ვადის გადაცილება არ მომხდარა პრინციპალის ბრალით) ცდილობს მთლიანი ხელშეკრულების შესრულების გარანტიის თანხის მიღებას. ფაქტია, რომ ხელშეკრულების არსებითი დარღვევა პრინციპალის მიერ არ მოხდარა. დადასტურებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო მოვალის მიერ ვადის გადაცილებისათვის. დადასტურებულია, რომ მოვალის მიერ ვადის გადაცილებას ბენეფიციარისათვის ზიანი არ მიუყენებია. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის არსის სწორად განმარტების შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს უზენესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. „შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის“. ამასთან, სასამართლო ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს: „შესრულების ნაკლი თუ უმნიშვნელოა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება სახეზე არ არის" (სუსგ საქმე Nას-959-2019; Nას-1115-2019).
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
33. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის, როგორც გარანტისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრების მართლზომიერება.
35. საბანკო გარანტიდან გამომდინარე ფულადი თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის/ბენეფიციარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი [საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე].
36. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხის/გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე, მოსარჩელის/ბენეფიციარის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნები გარანტიის პირობების შესაბამისად არ იყო წარდგენილი. კერძოდ, მასში არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, ასევე, არ ახლდა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
37. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია 25.02.2013წ. N1.1.1/30/87-3 და N1.1.1/30/87-1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. კომპანიამ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გზების შეკეთების სამუშაოები დადგენილ ვადებში განახორციელა. ხოლო, საბანკო გარანტიები ითვალისწინებდა გარანტის ვალდებულებას, საგარანტიო თანხის ანაზღაურება მოეხდინა პრინციპალის მირ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენა უნდა მომხდარიყო პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია და რაც, მოპასუხის მოსაზრებით, საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 880-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
39. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მიხედვით, საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის (იხ. სუსგ საქმე Nას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).
40. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ საქმე Nას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი; Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას (იხ. სუსგ საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).
41. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
42. საბანკო გარანტიების დამოუკიდებლობის პრინციპი ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სავაჭრო კომისიის მიერ შემუშავებულ „დამოუკიდებელი გარანტიებისა და რეზერვული აკრედიტივების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლში.
43. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპი ასევე განმარტებულია დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ (The Uniform Rules for Demand Guarantees) საერთაშორისო სავაჭრო პალატის N458 უნიფიცირებული წესების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ (The Uniform Rules for Demand Guarantees) საერთაშორისო სავაჭრო პალატის N758 უნიფიცირებული წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტში.
44. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება (იხ. სუსგ საქმე Nას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).
45. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით მოწესრიგებულია ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმა და მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის საკითხი. კერძოდ, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
46. სამოქალაქო კოდექსის 885-ე და 887-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მხოლოდ ფორმალური პროცედურის დაცვის მხრივ შემოწმებას და, შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარიც სწორედ ფორმალური პროცედურის დარღვევაზე მითითებით არის შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-960-925-2016, 27 სექტემბერი, 2017 წელი).
47. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სსკ-ის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი).
48. ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. „დოკუმენტურ ოპერაციას“ (იხ. სუსგ საქმე Nას-782-739-2015, 19 ოქტომბერი, 2015 წელი).
49. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მხოლოდ ფორმალური საფუძვლით შემოწმებას და პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა თავისთავად არ იწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).
50. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების თანახმად, გარანტმა იკისრა საგარანტიო თანხის ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე. კერძოდ, საქმეში არსებულ N FRI/13-019638 და N FRI/13-019637 საბანკო გარანტიებში მითითებულია შემდეგი: „ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 14 400/12 510 ლარზე და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველი მოთხოვნისთანავე“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23, 52). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნულ ჩანაწერში იგულისხმება გარანტისთვის ინფორმაციის მიწოდება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევისა და საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის თაობაზე და არა ამ გარემოების უტყუარად დადასტურება.
51. ამდენად, საკასაციო სასამართლო N FRI/13-019638 და N FRI/13-019637 საბანკო გარანტიების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა უპირობო და პირველივე მოთხოვნისთანავე გადასახდელი გარანტიები, რომელთა თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა წარმოშობს გარანტის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის საფუძვლის დამატებითი მტკიცების გარეშე.
52. შესაბამისად, წარმოდგენილი საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენას, რაც სამართლის დოქტრინაში ცნობილია „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპით (Principle of Strict Compliance). აღნიშნული პრინციპის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა ზუსტად შესაბამისი უნდა იყოს საბანკო გარანტიის პირობებთან და მასვე უნდა დაერთოს გარანტიაში გათვალისწინებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
53. „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპი გათვალისწინებულია დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ (The Uniform Rules for Demand Guarantees) საერთაშორისო სავაჭრო პალატის №458 უნიფიცირებული წესების მე-9 მუხლით, რომლის თანახმად, „ყველა დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია ან წარდგენილია საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მათ შორის მოთხოვნა, შემოწმებული უნდა იქნეს გარანტის მიერ გონივრული წინდახედულობის გათვალისწინებით, შეესაბამება თუ არა ისინი საბანკო გარანტიის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები არ შეესაბამება პირობებს, გარანტია უნდა იქნას უარყოფილი“.
54. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 25 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ გაიცა N FRI/13-019638 და N FRI/13-019637 საბანკო გარანტიები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით; დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ/ბენეფიციარმა 2014 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხეს/გარანტს და პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, კერძოდ, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხების ნაწილის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა; იგივე მოთხოვნით მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნა გარანტს გარანტიების მოქმედების ვადაში წარედგინა.
55. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული მოთხოვნები არ იყო წარდგენილი გარანტიების პირობების შესაბამისად. კერძოდ, მასში არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და არ ახლდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან საწინააღმდეგოს მეტყველებს საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ბენეფიციარის 31.01.2014წ. წერილი, სადაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ფულადი თანხის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ „მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები (წერილში მითითებულია კონკრეტული ხელშეკრულების ნომრები, მათ შორის ხელშეკრულებები N1.1.1/30-87-1 და N1.1.1/30-87-3), კერძოდ, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ მიცემული შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები გადაცილებუილ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით“. წერილში ასევე მითითებულია ხელშეკრულებების 13.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 74-75).
56. ამდენად, ზემოაღნიშნული წერილიდან ნათელია, რომ ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნაში მიუთითა თუ რაში გამოიხატებოდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები საბანკო გარანტიებით მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ წინაპირობებზე არ შეთანხმებულან. ხოლო, რაც შეეხება ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას, ბენეფიციარს არ ეკისრება საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი. გარანტი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის კვლევას არ ახდენს და კანონი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობას გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, გარანტი ბენეფიციარის მოთხოვნის შემოწმებას მხოლოდ ფორმალური წინაპირობების დაცვის თვალსაზრისით ახორციელებს.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ/ბენეფიციარმა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნა მოპასუხეს/გარანტს წარუდგინა საბანკო გარანტიებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნა წარუდგინა წერილობითი ფორმით, გარანტიის მოქმედების ვადაში და მასში კონკრეტულად მიუთითა თუ რაში გამოიხატებოდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რაც ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და გამორიცხავს გარანტის უარს გადაუხადოს პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა.
58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
61. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ა.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი