Facebook Twitter

საქმე №ას-176-2019 15 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე-პ.ჯ–“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ხ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ე-პ.ჯ–ს" (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ყოველწლიურად 500 ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 17 იანვრიდან, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 ლარის ანაზღაურება სამი წლის 2015, 2016, 2017 წლებში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო; სარჩელი 1500 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს;

4.2. ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ხუთი საყრდენი ბოძი, რაზეც გადის მოპასუხის კუთვნილი ქვესადგურებიდან გამომავალი 10 და 35 კვტ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები;

4.3. „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ზემოხსენებული ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა მოიცავს მოსარჩელის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679,17 კვ.მ. ტერიტორიას;

4.4. ამ მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, 500 ლარია.

5. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მოპასუხეს, რომ მოსარჩელე ვალდებულია კომპენსაციის გადახდის გარეშე ითმინოს საკუთრებით სარგებლობა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე მოსარჩელის ნაკვეთს უძრავი ქონების საჯარო კომუნიკაციებთან დასაკავშირებლად, ე.ი. აუცილებელ გზად იყენებს. სსკ-ის 180.1. მუხლით კი, იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიეცეთ. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი ანიჭებს მოპასუხეს სხვისი საკუთრებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტსა და სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესებზე“, რომელთა თანახმად, მოპასუხემ სხვისი ქონებით სარგებლობისათვის საფასური უნდა გადაიხადოს.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის გადახდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან კავშირში არ არის. ამასთან, პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოპასუხის კუთვნილი ნაგებობა მოსარჩელის ნაკვეთზე ამ ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემამდე იყო განთავსებული, კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას არ გამორიცხავდა.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 325.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა სამართლიანობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა 1679,17 კვ.მ-ია. სასამართლოს აზრით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაკვეთს მოსარჩელე ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, მაგ.: ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოსაწყობად ან ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დასანთებად საერთოდ ვერ გამოიყენებს, ხოლო სხვა სახის საქმიანობისათვის, მათ შორის, მცენარეების, ხეების დასარგავად, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოსაწყობად მოპასუხის ნებართვა დასჭირდება. ფაქტიურად, მოსარჩელეს კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის უფლება მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. ამ ვითარებაში პალატამ მიწის საიჯარო ქირის პროპორციულად კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სავსებით სამართლიანად და გონივრულად მიიჩნია, ამასთან, აღნიშნა, რომ მოპასუხეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის განსხვავებული წესი სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საკასაციო საჩივარში მან ასევე იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართვის თაობაზე.

9. საკასაციო საჩივრის თანახმად:

9.1. სადავო ურთიერთობას არეგულირებს არა სსკ-ის 180-ე მუხლი, არამედ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილება. აღნიშნული წესი აწესრიგებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მესაკუთრეს შორის ურთიერთობებს, რომლის თანახმად, ქსელის მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება ისარგებლოს ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთით და ამ უფლების გამოყენებისთვის (ქსელის მფლობელი) არ არის ვალდებული გადაუხადოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რაიმე სახის კომპენსაცია;

9.2. ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ცალსახად ირკვევა, რომ მიწის დამუშავება და ერთწლიანი ნარგავებისაგან მოსავლის მიღება მოსარჩელეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ხოლო მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომის, სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან, მას შეუძლია განახორციელოს კომპანიის თანხმობით, რისთვისაც მას არასოდეს მოუმართავს და კომპანიისაგანაც შესაბამისად უარი და აკრძალვა არ მიუღია. ამდენად, მხოლოდ ქსელის მფლობელის დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა რაიმე სახის უფლებების დარღვევაზე;

9.3. ამასთან, ეს შეზღუდვები განპირობებულია ობიექტური მიზეზებით (მათ შორის, უპირატესად მესამე პირების, ელექტროენერგიის მომხმარებლების პატივსადები ინტერესებითა და უსაფრთხოების მიზნებით) და დადგენილია კანონით. ეს შეზღუდვები არ ეხება საკუთრების არსს - მესაკუთრე არ კარგავს ნაკვეთის გამოყენების საშუალებას გარკვეული პირობების დაცვით, ხოლო მოსარჩელის მიერ დეკლარირებული მიზნით (სიმინდის და ლობიოს მოყვანა) გამოყენება შეზღუდული საერთოდ არ არის;

9.4. №366 დადგენილებიდან ცალსახად ირკვევა, რომ სხვისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიურ კომპენსაციას კი არ ითვალისწინებს კანონი, არამედ - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (რა თქმა უნდა, თუ ასეთს ექნება ადგილი), რადგან შესაძლოა წლების განმავლობაში ისე იარსებოს ელექტროგადამცემმა ბოძებმა და ხაზებმა, რომ მათმა ექსპლუატაციამ არ შეზღუდოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და არც ზიანი მიაყენოს მას (მე-12 პუნქტით, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები); გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით. მე-13 პუნქტით, ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით. ხოლო მე-14 მუხლი განსაზღვრავს სწორედ კომპანიის მხრიდან სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, იგი ადგენს, რომ სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი);

9.5. გაურკვეველია, რის საფუძველზე განსაზღვრა სასამართლომ კომპენსაცია საიჯარო ქირის ოდენობით. რომელი მტკიცებულებით დაადგინა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შანსი იჯარით გაეცა მიწის ნაკვეთი და ვერ განახორციელა ეს იმის გამო, რომ მასზე ელექტროგადამცემი ბოძები იყო განთავსებული. რაში გამოიხატა მიუღებელი შემოსავალი, რა ქონებრივი დანაკლისი განიცადა მოსარჩელემ, რა სურდა განეხორცილებინა მას ამ მიწაზე და რა ვერ განახორციელა ეკომპანიის ბრალით;

9.6. მოსარჩელემ ქონება მიიღო იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის. შესაბამისად, თუ რაიმე სახის შეზღუდვა არსებობს, მან ეს ტერიტორია მიიღო ამ შეზღუდვით ისე, რომ პრეტენზია არ გააჩნდა და არც ჰქონდა ამის უფლება, ვინაიდან ჯერ ელ.ბოძები იყო განთავსებული და შემდგომ დაისაკუთრა მან მიწის ნაკვეთი;

9.7. საქმის განხილვაში მესამე პირად არ მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის უფლებებსა და ინტერესებს უდავოდ ეხება მიმდინარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, სს „ს.გ.ს.ე–ას“, შპს „ა.ე–ასა“ და, მეორე მხრივ, „ე-პ. ე.სა“ და სს „ე-პ.ჯ–ს“ შორის 2007 წლის 05 თებერვალს გაფორმებული „ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების“ 8.1. მუხლის შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე დაკისრებული კომპენსაციით კომპანიისათვის, რომელმაც შეიძინა უფლებრივად უნაკლო ნივთი, მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, იგივე საქართველოს მთავრობას, რომელიც ხელშეკრულებაში წარმოდგენილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელსაც ჯერ კიდევ 2018 წლის 09 ივლისს ეცნობა მიმდინარე დავისა და ამ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, 2018 წლის 10 დეკემბრის N4/67613 წერილით, გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს აღნიშნულ სასამართლო პროცესში. შესაბამისად, კასატორს დღემდე არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ სააგენტოს პოზიციის გათვალისწინებით, მოეთხოვა მისი ჩართვა საქმეში მესამე პირად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ შუამდგომლობის განხილვის, აგრეთვე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 406-ე [დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია], 407.1. [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები], 411-ე მუხლებზე [საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები] და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია შესაძლებლობას, ჩააბას მესამე პირი საქმეში (იხ. სუსგ საქმე №ას-795-760-2014, 10 მარტი, 2015 წელი).

13. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად დაარეგულირა სადავო ურთიერთობა სსკ-ის 180.1. მუხლით [თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს], რომელიც მოცემულ შემთხვევაში კანონის ანალოგიით გამოიყენება [სსკ-ის 5.1. მუხლი: კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია)].

18. სსკ-ის 180-ე მუხლის მიზანია მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაკისრებული აქვს მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების (რომლის მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება მომხმარებლებს) გატარების თმენის ვალდებულება.

19. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ ნორმატიულ აქტს - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“, იგი არ ითვალისწინებს განსახილველი დავის გადაწყვეტის საკითხს. ის, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის 4.14 მუხლით გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის ვალდებულება საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი, კავშირში არ არის და არ გამორიცხავს თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის გადახდას [ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინსტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-803-762-2013, 10 ოქტომბერი, 2014 წელი)]. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოაწესრიგა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი სსკ-ის 180.1. მუხლის საფუძველზე.

20. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა 1679,17 კვ.მ-ია და მისი წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, 500 ლარია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იხ. სუსგ საქმე №ას-803-762-2013, 10 ოქტომბერი, 2014 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის განსხვავებული წესი სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობა სამართლიანია და უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ე-პ.ჯ–ს“ შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „ე-პ.ჯ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. სს „ე-პ.ჯ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 იანვარს №64458001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი